Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი – პირველი დღეები

ნინა ახლოური 

     21 ივნისს თბილისში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა. ამ დღეებში ჩვენი დედაქალაქი პარალელურად უმასპინძლებს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მერვე გენერალურ ასამბლეასაც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი იმართება. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ის პირველად 1962 წელს გაიმართა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაშინდელ ადგილობრივ თუ უცხოურ პრესაში.
     20 ივნისს კონგრესსა და ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 55 ქვეყნიდან სამასამდე დელეგატი (მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მეღვინეობის დარგში, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ) ესტუმრა. მათ შორის იმყოფება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ივ ბენარდი, ასევე ამავე ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ფედერიკო კასტელუჩი. ამავე დღეს მოხდა სტუმრების დაბინავება და ოფიციალური მიღება სასტუმრო რედისონში, ამასთან რუსთაველის თეატრში პოსტერების განთავსებაც.
 
     კონგრესის მთავარი ლოზუნგია "შეეხე ისტორიას". "ჩვენს პლანეტაზე მევენახეობის ერთდროულად ისტორიული და გეოგრაფიული აკვანი, გვეპატიჟება შემდეგი თემის ირგვლივ: "ვაზი და ღვინო, მსოფლიო მემკვიდრეობა: ტრადიცია და ინოვაცია. საქართველო, რომელმაც უახლოეს პერიოდში მოახდინა მრავალათასწლოვანი ტრადიციით მდიდარი მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის რესტრუქტურიზაცია ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის მიზნით, იქნება ემბლემატური მასპინძელი ქვეყანა, ტრადიციასა და ინოვაციას შორის არსებული კავშირების შესახსენებლად, რომლებიც ქმნიან მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის სიმდიდრეს" - ნათქვამი იყო ივ ბენარდის მოსაწვევ სიტყვაში. აქედან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მასპინძელ ქვეყნად არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც ჟან ჯუბანმა, რომელიც ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ, აღნიშნა: "ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგის წარმოამდგენლებისათვის, რომ დღეს აქ, მსოფლიოში ღვინის უძველეს სამშობლოში იმყოფებიან. ბოლოს ღვინის კონგრესი აქ 1962 წელს ჩატარდა და ახლა მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორ განვითარდა საქართველოში ღვინის წარმოების ტექნოლოგია".
 
     კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ კერესელიძემ, ასევე გაამახვილა ყურადღება ისტორიული პარალელების ფაქტორზე. ამასთან მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს, როგორც მეღვინეობის და მევენახეობის უძველესი კერის აღიარება. მანამდე გიორგი სამანიშვილმა, რომელიც კომისიის წევრია, აღნიშნა, რომ ეს კონგრესი ერთ-ერთი საფეხურია იმისათვის, რომ ჩვენში მეღვინეობის დარგი განვითარდეს.
 
     სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა საქართველოზე არჩევნის შეჩერების მიზეზები განმარტა თავის მოსაწვევ სიტყვაში: "კონგრესისათვის საქართველოს კანდიდატურა შეირჩა არა მარტო იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ღვინის აკვნად მიიჩნევა, არამედ იმიტომაც, რომ მას ბევრი სხვა რამის შეთავაზება შეუძლია სტუმრებისათვის. საქართველო გამოირჩევა შესანიშნავი ლანდშაფტით, წარმტაცი და მრავალფეროვანი ბუნებით. საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი მშვენიერი ბუნებრივი გარემოს მქონე მდიდარი კლიმატური ზონებით და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, სადაც თითოეულ სტუმარს აქვს ისტორიის შეხების შესაძლებლობა."კონგრესის გახსნის დღეს მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მიზეზებსა და ასევე იმ შედეგებზე, რომლებსაც საქართველო კონგრესის ჩატარების შემდეგ ელის:  "ჩვენ გვაქვს განსხვავებული მეთოდი, როგორც წარმოების, ასევე შენახვის, ამ შემთხვევაში ქვევრს ვგულისმობ – სწორედ ამ უნიკალურმა თვისებამ მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. შედეგად ველოდებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ღვინის ტურისტის ჩამოსვლას და ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. ასევე, მეორეს მხრივ, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას მთელს მსოფლიოში."
     კონგრესის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანა გოდაბრელიძემ კომიტეტის ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კონგრესისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ეროვნული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების შერჩევას, ვინაიდან უცხოელებს ყველაზე მეტად ჩვენი ტრადიციული მეღვინეობა აინტერესებთ.
     ღვინის მსოფლიო ფორუმი 21 ივნისს რუსთაველის თეატრში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. თავდაპირველად, მან სიხარული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველო ასეთი მნიშვნელობის კონგრესს მასპინძლობს და მიესალმა დამსწრე საზოგადოებას ქართველი ხალხის სახელით. "ქართული ღვინო არის არა მხოლოდ ისტორიული ფაქტი, არა მხოლოდ მუზეუმში გამოფენილი რამდენიმე ათასი წლის ქვევრები, ის არის დღევანდელი რეალობა და დღევანდელი კონგრესი ემსახურება ჩვენი ღვინის პოპულარიზაცისა და მის წარდგენას დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხაDპრეზიდენტმა.
     სააკაშვილმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტებზე. მან აღნიშნა, რომ ჩვენი პროდუქტების გენმოდიფიცირება დაუშვებელია, რადგან შეიძლება ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ დიდი მიწა, შეძლონ ამის “გადახარშვა”, ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ და საჭიროა თითოეული კვადრატული მეტრის ძალიან სწორად გამოყენება. ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა ჩვენს სოფლებში სწავლული სპეციალისტებისა და აგრონომების შეყვანა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იწყება ახალ პროგრამა, რაც გულისხმობს ყოველ წელს ასი აგრონომის ინგლისურში მომზადებასა და შემდეგ მათ საზღვარგარეთ გაშვებას სასოფლო - სამეურნეო ტექნოლოგიების შესასწავლად, მათ შორის მეღვინეობის დარგშიც. მან გაიხსენა, რა იაფფასიან და უხარისხო ღვინოებს აწარმოებდა კალიფორნია,  როდესაც ის ამერიკაში ჩავიდა განათლების მისაღებად, ახლა კი კალიფორნიული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რაც მეცნიერების დამსახურებაა. ასეთი წარმატება იქნა მიღწეული "იქ, სადაც ამის ტრადიცია არ არსებობდა. ეს არის გაკვეთილი ჩვენთვის, რომ დრო არ ჩერდება და მუშაობს შენს წინააღმდეგ, როცა შენ ჩერდები". ასე დაასაბუთა სააკაშვილმა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა მეღვინეობის სფეროში.
     პრეზიდენტმა ასევე ვრცლად ისაუბრა ემბარგოსა და მის შედეგებზე, შედარებით ანალიზზე პუტინისა და შაჰ-აბასის დამაქცევარ პოლიტიკას შორის. აქვე აღნიშნა, რომ მართალია, შაჰ-აბასმა ჩვენს ქვეყანაშ ვაზი ამოძირკვა, პუტინის მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ მაინც უფრო ეფექტიანი იყო, რადგან ჯერ მთლიანად მიაბა ქართული ღვინო რუსულ ბაზარს, შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით აკრძალა მისი გავრცელება. თუმცა მან აქვე ისაუბრა ემბარგოს დადებით შედეგზეც, კერძოდ კი იმაზე, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ყოველთვიურად უმჯობესდება.
     გახსნითი ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა ხელოვნების მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც მოეწყო გამოფენა ღვინის თემაზე. წარდგენილი იყო ქვევრებისა და ღვინის სხვადასხვა სახის ჭურჭლის ექსპონატები. გამოფენამ უცხოელი სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია. საღამოს კი მათ საპატივსაცემოდ გაიმართა გალა კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში.
     მომავალ დღეებში დაგეგმილია კომიტეტის სხდომა, შეხვედრები ტექნიკურ საკითხებზე, ასევე ტექნიკური ხასიათის ვიზიტი კახეთის რეგიონში და გალა სადილი წინანდლის საგვარეულო მუზეუმში 1962 წლის ტრადიციის განახლების მიზნით. 25 ივნისს გაიმართება გენერალური ასამბლეა და ოფიციალური დასკვნითი ცერემონიალი. 26 ივნისიდან იწყება გასვლითი ტურები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
     კონგრესის ერთ-ერთმა ფრანგმა მონაწილემ, ჟილ მასონმა გამიზიარა თავისი მოწონება იმის თაობაზე, თუ რა კარგად არის ორგანიზებული ყველა ღონისძიება. იმედია, ეს კონგრესის მსვლელობის ბოლომდე გასტანს და უცხოელ ექსპერტებზე დადებით შთაბეჭდილებას მოვახდენთ არა მხოლოდ ჩვენი მეღვინეობით, არამედ კარგი მასპინძლობითაც.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.