Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ProWein 2014 - ქართული ღვინისადმი ინტერესი გაიზარდა

ნანა კობაიძე

23-25 მარტს გერმანია მეოცედ მასპინძლობდა ProWein-ს.  ღვინისა და ალკოჰოლურ სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მათ შორის ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ. ქართველების მონაწილეობა მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა. 14 წელია წარმატებული ქართული კომპანიები ProWein-ზე თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ და მსოფლიო ღვინის ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ.

რა ხდება ღვინის საერთაშორისო ბაზარზე? როგორია არსებული რეალობა, როგორ ვითარდება თანამედროვე მეღვინეობა, რა ტენდენციები იკვეთება, როგორ იცვლება მომხმარებლის და მწარმოებელთა გემოვნება – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ღვინით დაინტერსებული ადამიანები ძირითადად ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე იღებენ. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კომპანიები სტუმრობენ და საუკეთესო პროდუქციას წარმოადგენენ, რაც შედარებით იოლს ხდის ვითარების ანალიზს. მსოფლიოს ღვინის კალენდარში არაერთი საინტერესო გამოფენაა ჩანიშნული, რომელთა შორის ProWein ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა დიუსელდორფში პირველად 1994 წელს გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიური სახე მიეცა და დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და ავტორიტეტულ გამოფენად მიიჩნევა. აქ თავს იყრიან ღვინის კომპანიები, ამ სფეროს სპეციალისტები, დისტრიბუტორები, იმპორტიორები და ექსპორტიორები, სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფართო სპექტრი. აქვე ხდება კომპანიათა პროდუქციის დეგუსტაციაც.

წლიდან წლამდე იზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვიც და წარმოდგენილი პროდუქციის რაოდენობაც. მაგალითად, 2001 წელს ProWein-ს 35 ქვეყნის 2520 კომპანია სტუმრობდა, 2009-ში - 41 ქვეყნის 3058 ექსპონენტი, 2013-ში ამ რიცხვმა 48 ქვეყანას და 4783 კომპანიას მიაღწია, წელს კი 36 ათას მეტრზე განლაგებულ საგამოფენო სივრცეში 50 ქვეყნის 5 ათასამდე კომპანიის პროდუქციის ნახვა და დაგემოვნება შეიძლებოდა.

ქართული დელეგაცია დიუსელდორფში პირველად 2000 წელს გაემგზავრა. იმ პერიოდში ქვეყანა, რომელიც მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას ითვლის, სულ რაღაც 5 კომპანიით იყო წარმოდგენილი. მათ შორის გახლდათ "თბილღვინო" და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი. "2000-2003 წლები საკმაოდ დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა. მახსოვს, მომსვლელები გაკვირვებით უყურებდნენ სტენდს წარწერით - "საქართველო". მათთვის აღმოჩენა იყო, რომ შეიძლებოდა ამ პატარა, უცნობ რეგიონს ღვინო ეწარმოებინა" - იხსენებს ის. სამაგიეროდ, 14 წლის შემდეგ ქართულ პავილიონთან სრულიად განსხვავებული სურათია. დღის განმავლობაში უამრავი დამთვალიერებელი მოდის, რის გამოც ქართველი ორგანიზატორები "გაფართოებაზე" ფიქრობენ. "ბოლო წლებში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იმდენად მზარდია, რომ არსებული სტენდი აღარ გვყოფნის, ამიტომ აუცილებლად ვფიქრობთ გაფართოებაზე" - ამბობს ასოციაცია "ქართული ღვინის" აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას და გამოფენაში მონაწილე კომპანიებს, წელს ქართული დელეგაციის ოფიციალურ ნაწილს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და ასოციაცია "ქართული ღვინის" აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი წარმოადგენდნენ. სტენდთან მისულ სტუმრებს 16 ქართული კომპანიის პროდუქციის ნახვა და დაგემოვნება შეეძლოთ. ესენი იყვნენ: "მეღვინეობა ხარება," "შატო მუხრანი," "სარაჯიშვილი," "ქინძმარაული," "შუხმანის ღვინოები," "ბაგრატიონი 1882," "ბესინი," GWS, "კახური ტრადიციული მეღვინეობა," "კახური," "თბილღვინო," "დუგლაძის ღვინოები," "თელიანი ველი," "ქართული ღვინო," "ვაზიანი" და "ვაინმენი." ორგანიზატორთა თქმით, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პროდუქციის ხარისხია. იმის გამო, რომ გამოფენის ქართულ ნაწილს ორგანიზებას ასოციაცია "ქართული ღვინო" უწევს, გარკვეული უპირატესობა ასოციაციის წევრებს მიენიჭათ, რაც თავისთავად გულისხმობს მათ ღვინოთა მაღალ ხარისხს. ეს კარგად გამოჩნდა გერმანიაში, სადაც 16-ვე კომპანიის წარმომადგენელი ორნახევარი სამუშაო დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მართავდა შეხვედრებს არსებულ თუ შესაძლო პარტნიორებთან და ახალი ბაზრების მოძიებასაც ცდილობდა.

გამოფენა მასში მონაწილე თითქმის ყველა ქართული კომპანიისთვის სხვა ქვეყნების ბაზარზე გასვლის მშვენიერი შესაძლებლობა აღმოჩნდა. "ჩვენთვის  ProWein-ს  ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ გავიცანით არაერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორი, რომლებთანაც დღესაც ვთანამშრომლობთ. მაგალითად, პარტნიორები ლიტვიდან, ბელორუსიდან, დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. ლიტვა და ბელორუსი იმიტომაც აღვნიშნე, რომ მაინც პოსტსაბჭოთა ბაზრებია, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები გამხდარიყვნენ,  ProWein-ზე დაგვჭირდა წასვლა" - ამბობს კომპანია "თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, ამ გამოფენაზე განწყობა უმეტესად ოპტიმისტური და საქმიანია, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების თემატიკა ყოველთვის სასიამოვნო არ არის. მაგალითად, უკრაინელ და ბელორუს პარტნიორებთან ამ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და სტაგნაციაზე მოუხდათ საუბარი, რამაც მათ და არა მხოლოდ მათ ღვინის ბიზნესს პრობლემები შეუქმნა. თუმცა საერთო ჯამში ProWein  ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე გამგზავრება ქართული მხარისთვის არცთუ იაფი სიამოვნებაა, ჩიტი ბრდღვნად ღირს. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ქართული ღვინის სახელმა მსოფლიოს წამყვანი ღვინის ქვეყნების ოჯახში რეგულარულად გაიჟღეროს. ამას გარდა, სწორედ ამ უწყვეტი 14-წლიანი მონაწილეობის შედეგია ის, რომ უცხოელი მწარმოებლები და ღვინის ექსპერტები ქართულ სტენდს გაოცებით აღარ უყურებენ. ასოციაცია "ქართული ღვინის" აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის თქმით, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპერტებსა და მწერლებში, რომლებიც გავლენიან დასავლურ გამოცემებში მუშაობენ. წლევანდელ გამოფენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონა დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა აზრი და ნაწერი ამათუიმ ღვინის რეიტინგს განსაზღვრავს, ამიტომ მათი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

კიდევ ერთი საინტერესო "დეტალი" წლევანდელი ProWein-იდან: გამოფენის ფარგლებში დაასახელეს გერმანული გამოცემა Meiniger-ის მიერ ორგანიზებული ღვინის საერთაშორისო კონკურსის, Mundus Vini-ს გამარჯვებულები, რომელთა შორის სამი ქართული კომპანიაც აღმოჩნდა. "შატო მუხრანის," "კორპორაცია ქართული ღვინისა" და GWS-ის ღვინოებმა მედლები დაიმსახურა (სამვარსკვლავიანი შეფასების სისტემიდან თითო ვარსკვლავი მიიღო).

ProWein 2014 დასრულდა. ქართული დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა იმ იმედით, რომ მომავალ გამოფენაზე დიუსელდორფში კიდევ უფრო გაზრდილი შემადგენლობითა და საინტერესო პროდუქციით წარდგება და ქართულ ღვინოს დამფასებელთა ახალ არმიას შესძენს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული