Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ProWein 2009 და ქართული ღვინის პერსპექტივები

ნანა კობაიძე

29-31 მარტს გერმანიაში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ღვინის კომპანიები, მწარმოებლები, ენოლოგები და სომელიეები. წელს დიუსელდორფმა მეთხუთმეტედ უმასპინძლა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ProWein-ს, რომელიც ღვინის სამყაროს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფორუმად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ საუკეთესო პროდუქციას უყრის თავს, აქ ხშირად ხდება ღვინის მსოფლიო ტენდენციების განსაზღვრა, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება, მყარდება საქმიანი კონტაქტები. დიუსელდორფი ყველა ცნობილი ღვინის კომპანიის საგამოფენო კალენდარში შედის. ProWein ერთადერთი გამოფენაა, რომელიც მსოფლიო მევენახეობისა და მეღვინეობის ყოვლისმომცველ სურათს იძლევა.
დიუსელდორფში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია – ღვინოები, ცქრიალა ღვინოები და სპირტიანი სასმელები. მისი მნიშვნელოვანი შემადგენელია სადეგუსტაციო ზონა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მონაწილეებს იქ უფასოდ შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სასმელის დაგემოვნება და ღვინის სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა.
ProWein ექსკლუზიურად ამ სფეროს სპეციალისტებზეა გათვლილი, შემთხვევითი ადამიანებისთვის იქ ადგილი არ არის, ამიტომაც იწვევს ღვინის მწარმოებელთა უდიდეს ინტერესს. საქართველო ProWein-ზე უკვე ათი წელია მონაწილეობს. თავდაპირველად თავისი პროდუქცია ცალკეულ კომპანიებს გაჰქონდათ. ბოლო სამი წელია ქართული ღვინოები ერთიანი სტენდითაა წარმოდგენილი. წელს იქ 21 კომპანიის ნაწარმი გამოიფინა: "თელიანი ველი," "თბილღვინო," "თელავის ღვინის მარანი," "ქინძმარაულის მარანი," "ოროველა," "შატო-მუხრანი," "კახური," "შუმი," GWS, "ბადაგონი," "ვაინმენი," "ასკანელი ძმები," კორპორაცია "ქინძმარაული," "მილდიანი," "ტფილისის მარანი," "დუგლაძეები," "ვაზიანი," "ტიბანელი," "საქართველოს ღვინოები," "ბაგრატიონი" და "ბესინი." ქართული პროდუქცია მესამე დარბაზში, 08 სტენდზე იყო წარმოდგენილი და ხალხიც არ აკლდა.
წლევანდელ ProWein-ს 45 ქვეყნის 3000-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა, -  როგორც ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნები, ასევე ახალი სამყაროს წარმომადგენლებიც. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს გარდა მხოლოდ მოლდოვა მონაწილეობდა.
              ყველაზე დიდი პავილიონები ფრანგებს, იტალიელებს და გერმანელებს ჰქონდათ. ინტერესი ჩვენს სტენდთანაც იყო. ქართულ ღვინოს ProWein-ზე უკვე იცნობენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც რეგულარულად მონაწილეობს. კონტაქტებიც ძველი ურთიერთობების საფუძველზე მყარდებოდა. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი იყო 2007 წელი, როდესაც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების, GTZ-ის დახმარებით ქართული ღვინო ProWein-ზე მასშტაბურად წარმოჩინდა. მაშინ ჩვენი ქვეყანა პრესტიჟულმა გამომცემლობა Vinum-მა წარადგინა, ამ ჟურნალის რედაქტორმა, რუდოლფ კნოლმა კი ქართულ ღვინოს სოლიდური გამოცემის რამდენიმე გვერდი დაუთმო. საინტერესოდ გაფორმდა თავად სტენდიც. პავილიონის შესასვლელთან დააყენეს ლაით-ბოქსი თამადის პლაკატით. წარწერა: Der Trinkspruch, 700 vor christus სტუმრებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამას გარდა, ერთ-ერთ სტენდზე წარმოდგენილი იყო საქართველოში აღმოჩენილი 7000 წლის წინანდელი წიპწის ოქროს ასლი, რომლის ნახვაც დამთვალიერებელს გამადიდებელი მინის ქვეშ შეეძლო. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ძალზე ეფექტური იყო.
წლევანდელ პროვაინზე ასეთი მასშტაბური სარეკლამო კამპანია არ განხორციელებულა, არადა, სწორი წარდგინება ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როცა ქართული ღვინის კომპანიები ახალ ბაზრებს ეძებენ. კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტორია ღვინის პრესა, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში ბევრ რამეს განსაზღვრავს. პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გამოჩენა ქართული ღვინისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე გამოფენაზე გამარჯვება.
თუ ფრანგულ ან იტალიურ სტენდებთან კონკრეტული ღვინოების დასაგემოვნებლად მიდიოდნენ, ქართულ სტენდთან სტუმრები ყველაფერს სინჯავდნენ. სპეციალისტთა ნაწილმა იცოდა, რა ჯიშები მოდის ჩვენს ქვეყანაში და პირდაპირ საფერავსა და რქაწითელს ითხოვდა. ისინი კი, ვისაც Georgia  ამერიკის შტატი ეგონა, ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებულნი რჩებოდნენ. 
არსებობს კარგი ღვინოები და არსებობს დიდი ღვინოები. თქვენი ღვინო თავისუფლად ხვდება "დიდთა" კატეგორიაშიო - ეს სიტყვები ერთ-ერთმა უცხოელმა ენოლოგმა "შატო მუხრანის" წარმომადგენელს, თემურ გეგეშიძეს უთხრა. შეფასება შთამბეჭდავია, თუმცა, სამწუხაროა, რომ დიდი ღვინოების ქვეყანას მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ.
განსაკუთრებული ინტერესი იყო გერმანელების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართულ ღვინოს მათ ბაზარზე შესვლის დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა, სამუშაო ძალიან ბევრია. განსაკუთრებით, რეკლამისა და პრომოუშენის თვალსაზრისით.  მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქართული კომპანიები წლებია ამ ბაზარზე მოღვაწეობენ (მაგ, კომპანია "ტიბანელი," რომელიც თავის ღვინოს ძირითადად გერმანიაში ყიდის), მათი კლიენტების არეალი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობით, ძირითადად, რუსებითა და ყაზახებით შემოიფარგლება. ქართველი მწარმოებლები შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარეშე მათი საქმიანობა გერმანულ ბაზარზე ეფექტური ვერ იქნება. სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა, ჩიტი ბდღვნად ნამდვილად ღირს.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული