Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერი Rosé - Lukasi -ს ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე

ნანა კობაიძე

რამდენიმე დღის წინ კომპანია Lukasi-მ ახალი ღვინის - ჩხავერი Rosé-ს პრეზენტაცია გამართა. ვაზის ამ ჯიშისგან ბოთლის ღვინოს საქართველოში ძალიან ცოტა, პრაქტიკულად, ოთხიოდე მწარმოებელი ამზადებს. სასიამოვნოა, რომ მათ რიცხვს Lukasi-ც შეემატა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული ჯიში ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, კერძოდ გურიასა და ზემო აჭარაში. ჩხავერი გვიანი მოსავლით ხასიათდება - ვარდისფერმტევნიან ყურძენს ნოემბრის ბოლოს კრეფენ. მისგან სხვადასხვა ფერის ღვინო მიიღება - თეთრიდან მუქი ლალისფერის ჩათვლით. სოკოვანი დაავადებების - ჭრაქისა და ნაცრის მიმართ ნაკლებმა გამძლეობამ ამ ჯიშის გავრცელებაზე უარყოფითად იმოქმედა, განსაკუთრებით XIX საუკუნეში, თუმცა არც XX-ში ყოფილა მისი ვენახების რაოდენობა დიდი. წლების განმავლობაში ჩხავერი  ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლა, თუმცა ბოლო დროს მისმა ნარგავებმა შედარებით იმატა.

ჩხავერი ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში მოდის, მათ შორის ბახვში, ასკანაში, საჭამიასერში, იანოულში, ხიდისთავში, საყვავისტყეში, ბუკისციხეში. Lukasi-ს ღვინო სწორედ ბუკისციხური ჩხავერის პროდუქტია. კომპანიის წარმომადგენლებმა ოჯახ-ოჯახ შეაგროვეს ყურძენი და ევროპული წესით ვარდისფერი ღვინო დაამზადეს, რომელმაც პრეზენტაციაზე მოსული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპზე 300 ბოთლამდეა ჩამოსხმული. კომპანიის დირექტორის, ქეთი გერსამიას თქმით, დააკვირდებიან ამ ღვინის "მოძრაობას" ბაზარზე და ჩხავერთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსაც ამის მიხედვით დასახავენ. ვიმედოვნებთ, მათი გეგმები ამ ღვინის მოყვარულებს მხოლოდდამხოლოდ გაახარებს, მანამდე კი ამ კომპანიას და მის დამფუძნებლებს უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ.  

ეტიკეტით და მის გარეშე

 

ბოლო წლებში საქართველოში პატარა ღვინის საწარმოებისა და ოჯახური მარნების ზრდა შეინიშნება. Lukasi ერთ-ერთი მათგანია. კომპანია ქართულ ბაზარზე შარშან გამოჩნდა, თუმცა მანამდე იყო წარმატებული სტარტისკენ მიმავალი რამდენიმე წელი და კერძო მოხმარებისთვის ჩამოსხმული ღვინო.

Lukasi, რომლის დამფუძნებელი მამუკა დოლიძეა, პრემიალურ ღვინოებზეა ორიენტირებული. კომპანიის საქმიანობას მისი მეუღლე, ქეთი გერსამია უძღვება. მცირე რაოდენობა და მაღალი ხარისხი - ასეთია მათი დევიზი. წყვილი რამდენიმე წელია კახეთში, წინანდლის მიკროზონაში ვენახებს ფლობს და ღვინოსაც აყენებს, მაგრამ ამ ყველაფერს შარშანდლამდე ჰობის სახე ჰქონდა (ეს არ არის მათი ძირითადი საქმიანობა). ღვინოს ბოთლში ასხამდნენ, თუმცა ეტიკეტის გარეშე - ოჯახისა და ნაცნობ-მეგობრებისთვის. შარშან, როდესაც პროდუქციის რაოდენობა გაიზარდა, გაყიდვა სცადეს და წარმატებითაც - სასმელმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გადაწყვიტეს, ამ საქმეში უფრო სერიოზული ინვესტიცია ჩაედოთ და ნელ-ნელა გაფართოვებულიყვნენ, თუმცა "გონიერების" ფარგლებში. "ჩვენი მიზანი არ არის მასაზე გასვლა და ათეულათასობით ბოთლის ჩამოსხმა. გვინდა მცირე რაოდენობით მაღალი ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ" - ამბობს ქეთი გერსამია.

საფირმო საფერავი

ამ დრომდე კომპანია ბაზარზე სამი სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი: "წინანდლით," "ქისით" და "საფერავით." სამივე ევროპული ტექნოლოგიით მზადდება. პირველი მერცხალი ოჯახისთვის ჩამოსხმული "წინანდალი" იყო (2007 წლის მოსავალი), რასაც "ქისი" და "საფერავი" მოჰყვა. სამივე ღვინოში თანაბარი ინვესტიცია ჩაიდო და თითოეულის მიმართ პასუხისმგებლობაც ერთნაირია, თუმცა მათი რჩეული მაინც საფერავია. 2011 წლის მოსავლის საფერავმა ღვინის სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. შარშან გამართულ "ვინექსპოზე," სადაც კომპანია პირველად წარდგა ფართო საზოგადოების წინაშე, საერთაშორისო ჟიურიმ ამ ღვინოს ოქროს მედალი მიანიჭა. აი, რას ვკითხულობთ "Lukasi"-ს საფერავის შესახებ მალხაზ ხარბედიას "ქართული ღვინის გზამკვლევში:" "სახელგანთქმული ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი ყურძნისგანაა ეს ღვინო დაყენებული. დადუღების შემდეგ მუხაში ვარგდებოდა, რაც პირველივე სურნელებიდან იგრძნობა. მუხა კარგადაა შერწყმული საფერავის ჯიშურ არომატებს. ახალგაზრდა ღვინოა, ფერში ჯერ კიდევ ჟოლოსფერი ჭარბობს, პირველ სურნელებში კი შავი კენკრა (მაყვალი) დომინირებს. ადვილად ამოიცნობთ მუხის კვალსაც (მცირედი ვანილის ტონები). ძლიერი, ხასიათიანი ღვინოა, ძალზე ხანგრძლივი დაბოლოებით". ეს ღვინო რამდენიმე კონკურსზე გააგზავნეს და ყველგან მოწონება დაიმსახურა.

დახვეწილი და ხარისხიანი

"ჩვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია და მის მისაღებად მაქსიმალურ ინვესტიციას ვახორციელებთ: ღვინის დასაძველებლად ფრანგული მუხის კასრებს ვიყენებთ და დანადგარებიც საუკეთესო გვაქვს. წელს, მაგალითად, "ბუშერის" დანადგარი ჩამოვიტანეთ, რომლის მსგავსი საქართველოს არცერთ ღვინის კომპანიაში არ არის. ბოთლების დიზაინიც შევცვალეთ, ერთი სიტყვით, ვცდილობთ, ყველაფერი მაღალი დონის გვქონდეს" - ამბობს კომპანიის დირექტორი, ქეთი გერსამია. ბოთლების დიზაინი მართლაც დახვეწილია, ეტიკეტები, რომელიც თითოეულ სახეობას განსხვავებული აქვს, მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს ეკუთვნის. რასაკვირველია, ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კომპანიის მესვეურებს კარგად ესმით, რომ თუ ღვინო არ ვარგა, ვერანაირი შეფუთვა ვერ უშველის, ამიტომ საუკეთესო ყურძნის გამოყენებას ცდილობენ. პირველ რიგში, საკუთარ ვენახებს ითვისებენ, მაგრამ თუ მოსავალმა ხელი არ შეუწყო, ყურძენს სხვა ვენახებიდანაც ყიდულობენ. 2012 წელს ქისი საერთოდ არ ჩამოუსხამთ, რადგან მოსავალი არც ისე ხარისხიანი იყო, ამიტომ მხოლოდ საფერავით შემოიფარგლნენ, წელს კი კომპანიის ასორტიმენტს შარშანდელი მოსავლის ვარდისფერი ჩხავერი შემატეს. მართალია, მცირე რაოდენობით (300 ბოთლი), მაგრამ ამ შემთხვევაშიც შინაარსზე იზრუნეს. Lukasi-ს ღვინოთა ხარისხზე პასუხისმგებელი ზურაბ გოლეთიანი გახლავთ, პროფესიონალი მეღვინე. სწორედ ის უძღვება ტექნოლოგიურ პროცესებს.

დღესდღეობით კომპანია საკუთარ საწარმოს არ ფლობს. მხოლოდ დანადგარები აქვთ, მარანს კი ქირაობენ. სამომავლოდ აქტიურად ფიქრობენ ამ საკითხზე - მარნის და იქვე პატარა სასტუმროს მშენებლობასაც გეგმავენ, სადაც სტუმრები მათი ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ და ვენახებსაც დაათვალიერებენ.

კამერული საღამოები

ერთ-ერთი პრობლემა, რასაც პატარა და შედარებით ახალი კომპანიები ქართულ ბაზარზე აწყდებიან, არის ის, რომ ბარები და რესტორნები ძირითადად მსხვილ მწარმოებლებს აქვთ "დაკავებული" და ახალი მოთამაშის შესვლას აბრკოლებენ, თუმცა არის რამდენიმე ღვინის მაღაზია (მაგალითად, "ვინოთეკა") და რესტორანი, სადაც მათი პროდუქციის  დაგემოვნება შეიძლება.

იმის გამო, რომ ფსონს შედარებით მაღალშემოსავლიან სექტორზე დებენ, რომელსაც ღვინო ესმის და უყვარს, მყიდველის ნაკლებობას არ უჩივიან - ხარისხიან სასმელს კლიენტი ყოველთვის ჰყავს. "ყველა ღვინო ძალიან კარგად იყიდება, მაგრამ ჩვენი საფირმო სასმელი მაინც საფერავია, რომლითაც თამამად შეგვიძლია შევეჯიბროთ ნებისმიერ ევროპელ მწარმოებელს" - ამბობს ქეთი გერსამია. უცხოეთში მოგზაურობისას თავიანთი ღვინო სულ თან დააქვთ და საინტერესო რესტორანში მოხვედრისას ადგილობრივებს სთავაზობენ. როგორც აღმოჩნდა, ევროპელებს თეთრზე მეტად წითელი ღვინოები მოსწონთ, განსაკუთრებით კი საფერავი, ამიტომ სამომავლოდ ამ კუთხითაც აპირებენ განვითარებას. 

რაც შეეხება სარეკლამო კამპანიას, მიიჩნევენ, რომ მათ ღვინოებს კამერული პრეზენტაციები უფრო უხდება და შედარებით "მოკრძალებული" ღონისძიებებით შემოიფარგლებიან: სარესტორნო დეგუსტაციებით ან ვახშამით - მათივე ღვინოსთან ერთად. ლამაზი საღამოები გამოდის ხოლმე - ლამაზი ღვინის თანხლებით, რომლის არომატი დიდხანს მიჰყვება დამსწრე საზოგადოებას. "ჩხავერი როზეს" წარდგინებაც ერთი ასეთთაგანი იყო. იმედია, გაგრძელება იქნება.

© ღვინის კლუბი /Weekend



dzalian damainteresa tqvenma axalma gvinom, chxaverma. minda rom davagemovno, tuki ra tqma unda vishove, kutaishi dzneli sashovnia xarisxiani gvino, vnaxav populis qselshi tu gamochndeba shevidzen..


გამარჯობათ მაინტერესებს ძალიან სად შეიდზლება ამ ღვინის ყიდვა და რატომ არ აქვთ საკონტაქტო როგორც მისამართი ასევე ტელეპონი მითითებლი?


გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე .


sad sheizleba shevizinot es gvino ogond saferavi minda ,,,,karfurshi vkidulobdi magram iq saferavi agar aris

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული