Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

8 000 მოსავლის წელი - ქართული ღვინო ექსპორტზე

ალეკო ცქიტიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში, რუსეთის ემბარგოდან მოყოლებული, ქართული ღვინის კომპანიები ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობენ. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რაშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ცდილობს, დაეხმაროს ღვინის დარგს. თუმცა, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება ახლაღა დაიწყო. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაზეც ანდაზა ამბობს - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

15 ივნისს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ საზეიმო მიღება გამართა და სტუმრებს საქართველოს ღვინის სექტორის საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმა გააცნო. დოკუმენტის პრეზენტაციისას ითქვა, რომ ეს არის პირველადი ვერსია, რასაც კიდევ შეიძლება დაემატოს ახალი ინფორმაციები და პერიოდულად განახლდეს. ასოციაცია „ქართულ ღვინოს“ კვლავაც შეგიძლიათ, მიაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები საექსპოეტო ბაზრების პრობლემატიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამოქმედო გეგმის შემდგომი სრულყოფისათვის.

დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობდნენ შემდეგი მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო  და ასოციაცია ქართული ღვინის წევრი მწარმოებელი კომპანიები. ინფორმაციების ფასილიტაცია და ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბება მოახდინა ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული პროგრამა CBI-ს დახმარებით.

დოკუმენტი მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზს, როგორიცაა - მიწოდება, პრიორიტეტული ბაზრების მოთხოვნა და წინააღმდეგობა. ამ ანალიზს  მოსდევს წინააღმდეგობების გადაჭრისა და საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელშიც საუბარია არსებული წინააღმდეგობების გადასაჭრელად საჭირო სამუშაოებზე. დოკუმენტის ავტორებს ეს კონკრეტული სამუშაოები გადანაწილებული აქვთ სახელმწიფო და კერძო სექტორებზე, ასევე უშუალოდ ასოციაცია „ქართულ ღვინოზე“, რომელიც თვითონვე კისრულობს გარკვეული სამუშაოების შესრულებას: საერთო ქოლგა-ბრენდის - „ქართული ღვინოს“ შექმნა და ბრენდირება; მნიშვნელოვანი გამოფენებისა და კონკურსების შერჩევა, ბიუჯეტის განსაზღვრა და ერთიანი ქოლგით მონაწილეობა; მარკეტინგის ფონდის შექმნა, სადაც შეგროვდება საჭირო თანხები; ქართული ღვინის, ისტორიის, მევენახეობის მხარეების, ვაზის ჯიშების და ღვინოების შესახებ ტექსტების დაწერა და ა.შ. 

დოკუმენტის შესავალში კომპაქტურად არის მოცემული ზოგადი ინფორმაცია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ მთავარი მესიჯებით, რომლებიც დარგს საერთაშორისო ბაზარზე პრომოუშენის დროსაც გამოადგება. მაგალითად, აქ ნახავთ ასეთ აბზაცს: „საქართველოში ღვინო 8000 წლის წინ მზადდებოდა. ამის გამო საქართველოს დამსახურებულად უწოდებენ „ღვინის სამშობლოს“. ამ 8000 წლის განმავლობაში იყო პერიოდები, როდესაც მევენახეობა-მეღვინეობა ძლიერდებოდა და საქართველო ღვინით მეზობელ ქვეყნებსა და მთელ მცირე აზიას ამარაგებდა. იყო პერიოდები, როდესაც ვენახები იჩეხებოდა და ნადგურდებოდა. მაგრამ არ ყოფილა წყვეტა და ქართული ღვინო, შეიძლება ითქვას „8000 მოსავლის წელს“ ითვლის“.

დოკუმენტის ავტორები შესავალში ასევე აღნიშნავენ, რომ ქართულ ღვინოზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის ბაზარმა: „მე-19 საუკუნიდან მოყოლებული რუსეთის იმპერიის, შემდგომში კი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ბაზარი ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზრად იქცა. ერთი მხრივ, ამ საკმაოდ დიდ ბაზარზე ქართულმა ღვინომ კარგად მოიკიდა ფეხი და კარგი რეპუტაცია შეიძინა. მეორე მხრივ, ამ ქვეყნებს გარეთ ქართული ღვინო ვერ გავიდა და შესაბამისად, დანარჩენმა მსოფლიომ იგი ვერ გაიცნო. მე-20 საუკუნის ბოლოს, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დააზარალა მევენახეობა-მეღვინეობის დარგი. 2000-იანი წლებიდან მეღვინეობა მოძლიერდა და ექსპორტიც საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა, 2006 წელს, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვამ დიდი დარტყმა მიაყენა ქართულ მეღვინეობას. ფინანსურ ზარალთან ერთად, დაიკეტა ქართული ღვინის უმნიშვნელოვანესი ბაზარი, რომელზეც ღვინის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდიოდა“.

საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ასოციაცია „ქართული ღვინის“ ხელმძღვანელმა თინა კეზელმა მადლობა გადაუხადა დონორებს - ჰოლანდიის საელჩოს საქართველოში და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებისათვის. „იმედი გვაქვს, ეს დოკუმენტი იქნება პირველი აგური იმ ხიდის მშენებლობისათვის, რომელიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ბაზრებთან დააკავშირებს“, - აღნიშნა თინა კეზელმა.

ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ლანგევეეკმა თავის გამოსვლაში შეკრებილ საზოგადოებას ჰოლანდიის მთავრობის პროექტის მიზნებზე ესაუბრა: „მსგავსი პროექტებით ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა ქვეყნებს ხელი შევუწყოთ ექსპორტში. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული პროგრამა CBI-ს საშუალებით, ვეხმარებით ქართული ღვინის ექსპორტს. ალბათ, ზოგიერთს გაუკვირდება - ერთი ქვეყანა მეორეს რატომ უნდა დაეხმაროს პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაზეო. ვუპასუხებ მათ, რომ ვაჭრობა ორმხრივი ძალისხმევაა და დამატებით რაც უფრო მეტი მხარე მონაწილეობს მასში, მით უფრო კარგია ყველასთვის. ამავე დროს, ჩვენ მოვაჭრე ერი ვართ. მართალია, ღვინოს არ ვაწარმოებთ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, საქართველომ ისეთივე წარმატებას მიაღწიოს ღვინის ექსპორტში, რაც ჰოლანდიურმა ლუდმა - „ჰეინეკენმა“ მიაღწია“.

საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმის ქვეთავი - „მიწოდების ანალიზი“ მიმოიხილავს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დღევანდელ მდგომარეობას: საქართველოს მევენახეობის მხარეებს და ტერუარებს; ვენახების საერთო ფართობს (როგორც ზოგადად, საქართველოში, ასევე მხარეების მიხედვით); ყურძნის ჯიშებს მევენახეობის მხარეების მიხედვით; ადგილწარმოშობის დასახელებების მიკროზონებს; ყურძნის წარმოება-გადამუშავების, ასევე - რთველისა და ყურძნის ჭარბწარმოების პრობლემებს; ღვინის მარნებისა და მწარმოებლების საქმიანობას; ღვინის დაყენების მეთოდებს; ადგილობრივი ბაზართან და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს.

დოკუმენტზე მუშაობისას ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ ჩაატარა რამდენიმე გამოკითხვა ასოციაციის წევრ ღვინის კომპანიებს შორის. გამოკითხვის მიზანი იყო გამოვლენილიყო ის ბაზრები, რომლებსაც კერძო სექტორი პრიორიტეტულად თვლის და სადაც მარკეტინგში ინვესტიციების ჩადება მიზანშეწონილად მიაჩნიათ. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ქვეყნების ბაზრები: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა. საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმაში მოცემულია ამ გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები სამუშაო ბარათების სახით, სადაც აღწერილია ზოგადი ინფორმაცია კომპანიებისთვის სასურველი საექსპორტო ქვეყნების შესახებ, ასევე - ამ ბაზრების დახასიათება, მარკეტინგული სტრატეგიის ზოგად მიმართულებები, სასურველი საექსპორტო პროდუქტების წინასწარი არჩევანი და სხვა. ამ ინფორმაციას თან ერთვის დასახელებულ ქვეყნებში საქართველოდან ღვინის ექსპორტის ბოლო წლების მონაცემები.

ქვეთავში - „წინააღმდეგობის ანალიზი“ ადგილი ეთმობა ექსპორტის პროცესში არსებული წინააღმდეგობების ჩამონათვალს. დოკუმენტის შექმნაში მონაწილე მხარეებმა ჩამოაყალიბეს იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უშლის ექსპორტის განვითარების პროცესს. ამ მხრივ, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ქვეყნის დაბალი ცნობადობა; ქართულიღვინის დაბალი ცნობადობა; ერთიანიმარკეტინგის ფინანსების არარსებობა; „ქართული ღვინის“ შესახებ ერთიანი შეთანხმებული ინფორმაციის არარსებობა; მეღვინეების გულწრფელი ერთიანობის არქონა; ექსპორტის (გაყიდვების) გამოცდილების ნაკლებობა; თანამედროვე განათლების კადრების ნაკლებობა; ბაზრების შესახებ ინფორმაციების ნაკლებობა; არსებულ ბაზრებზე ერთიანი მიდგომის არარსებობა; ტრანსპორტირების პრობლემები (მაღალი ფასი); ტრანსპორტირების გრუპაჟი (კონტროლირებადი ტემპერატურის ტრანსპორტი); სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ხელშეწყობა ექსპორტზე; ენების არცოდნა/კომუნიკაციის პრობლემა; ნიმუშების გაგზავნის სირთულეები (ძალიან მკაცრი წესები, დოკუმენტაცია ა.შ.).

გამოკითხვაში მონაწილე მხარეებმა წარმოადგინეს მოსაზრებები, რა გზით უნდა მოხდეს გარკვეული წინააღმდეგობების გადაჭრა. ეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილია ცხრილის სახით. ამ ნაწილში ჩანს, რომ ღვინის კომპანიები თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოსავალს ასახელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩამოთვლილი წინააღმდეგობების გადაჭრაში მთავარი როლის შესრულება შეუძლია: თავად კერძო სექტორს (კომპანიებს), ასოციაცია „ქართულ ღვინოს“ და სახელმწიფოს.

დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია „წინააღმდეგობებისგადაჭრისა და საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ასევე ღვინის კომპანიებთან კონსულტაციების გზით შემუშავდა. ამ ქვეთავში ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების განაწილება, თუ რა უნდა გააკეთოს შემდეგ ეტაპზე ცალკე კერძო სექტორმა, ცალკე ასოციაცია „ქართულმა ღვინომ“ და ცალკე სახელმწიფომ. ეს პასუხისმგებლობები ისეა გადანაწილებული, რომ შემსრულებლებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ. 

დოკუმენტი განხილვისათვის მოამზადეს ენოლოგებმა გიორგი სამანიშვილმა და გიორგი აფხაზავამ. როგორც გიორგი სამანიშვილმა გვითხრა, ამ გეგმის ავტორია ყველა ის მხარე, რომლებიც მონაწილეობდნენ მის შედგენაში: „მე და გიორგიმ, უბრალოდ, ფასილიტატორების როლი შევასრულეთ. საბოლოოდ, შეიქმნა დოკუმენტი, რომელზეც დარგმა კიდევ უნდა იმუშაოს. ანუ სამოქმედო გეგმის ავტორი რომელიმე პიროვნება კი არ არის, არამედ დარგი, რომელმაც ეს გეგმა მუდმივად უნდა განაახლოს და დახვეწოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრიორიტეტულ ბაზრებთან დაკავშირებით წარმოდგენები და მიდგომები შეიცვლება. მუშაობის პროცესში, მე მაგალითად, შევატყვე, რომ ზოგიერთი ბაზარი, ჩვენ რომ საინტერესო გვგონია, სინამდვილეში დიდად საინტერესო არ არის. ზოგადად, ნებისმიერ ბაზარს შესწავლა სჭირდება, სანამ იქ რამეს წარვადგენთ. ღვინო თავისით არ იყიდება, როგორც ახლა ბევრს ჰგონია, როცა უკრაინაში ღვინო მიაქვთ. უკრაინაშიც კი, სადაც ახლა საქართველოდან ღვინო ყველაზე მეტი რაოდენობით გადის, შეიძლება დროთა განმავლობაში პოზიციები დავთმოთ, თუ პროცესი თვითდინებაზე გვექნება მიშვებული და არაფერს გავაკეთებთ“.

გიორგი სამანიშვილის თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი თუ ისევ ძველებურად უყურადღებოდ დარჩება, შეიძლება ვერც ერთ ბაზარზე ვერ მოვიკიდოთ ფეხი, რადგან მსოფლიოში ღვინის დიდი ჭარბწარმოებაა. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ღვინის გაყიდვები შეიძლება, ისე გაჩერდეს, მსოფლიო ბაზარს არც შეეტყობა. საქართველოს ღვინის სექტორის საექსპორტო ბაზრების განვითარების სამოქმედო გეგმაც სწორედ იმიტომ მომზადდა, რომ ამიერიდან ყველაფერი გეგმაზომიერად გაკეთდეს და ექსპორტის განვითარებისათვის მეტი საერთო ძალისხმევა ჰქონდეთ როგორც ღვინის კომპანიებს, ისე სახელმწიფოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.