Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

40 ღვინო ღვინო, რომელსაც ელოდით

"ახალი ღვინის ფესტივალისათვის" მთელი საქართველოდან საუკეთესო 40 ოჯახური  ღვინო შეირჩა

ლევან სეფისკვერაძე

რამდენიმე დღის წინ, ღვინის კლუბში დასრულდა 2011 წლის "ახალი ღვინის ფესტივალზე" წარსადგენი ე.წ. ოჯახური ღვინოების დეგუსტაცია-შერჩევა. როგორც იცით, “ახალი ღვინის ფესტივალი 2011“ ხვალ, 14 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე მეორედ იმართება და ღვინის კლუბელები ფესტივალის სტუმრების მისაღებად დიდ სამზადისში არიან. ფესტივალზე მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრ გლეხსა და ღვინის მოყვარულს გაუჩნდა, თუმცა სანამ ფესტივალზე მოხვდებოდნენბ მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოები ღვინის კლუბის წევრების მიერ შიდა დეგუსტაციებზე გაისინჯა და ფესტივალზე მხოლოდ ის ღვინოები დაიშვა, რომელიც ხარისხობრივად აკმაყოფილებდნენ ზოგად კრიტერიუმებს. დეგუსტაციები მიმდინარეობდა მაჩაბლის 16 ნომერში მდებარე ღვინის კლუბ “შალაში“ და “საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში“, სადაც ღვინის კლუბი ბოლო დროს სხდომებსა და ლექციებს რეგულარულად მართავს.

მონატრებული ჯიშების გახსენება

შიდა დეგუსტაციაზე ღვინის კლუბელების მიერ სულ შეირჩა 31 მეღვინის მიერ დაყენებული ღვინის 40 ნიმუში. აქედან, კახეთის რეგიონიდან წარმოდგენილია 24 ნიმუში, ქართლიდან - 6, გურია და იმერეთიდან 4-4, ლეჩხუმიდან კი ორი ეგზემპლარი. ფესტივალზე წარსადგენი ოჯახური ღვინოების დეგუსტაციის შემდეგ, ღვინის კლუბელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ღვინის ხარისხი საკმაოდ გაუმჯობესდა და ამას ყველაზე კარგად 14 მაისს ფესტივალზე მისული ქართული ღვინის მოყვარულები შეაფასებენ.

იაგო ბიტარიშვილი, "ახალი ღვინის ფესტივალის" დირექტორი: ”ჩვენ რაც ყველაზე მეტად გვახარებს, არის ის, რომ წელს იმ მეღვინეებმაც გამოთქვეს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი, რომლებიც შარშანდელ "ახალი ღვინის ფესტივალშიც" იღებდნენ მონაწილეობას. წელს მეღვინეები უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდნენ ღვინის ხარისხის კონტროლს და უფრო მაღალხარისხიანი ღვინოები იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი. ზოგი ღვინო შარშანდელ ფესტივალზე საერთოდ ვერ გავიდა. ღვინის მხრივ წელს გაცილებით უკეთესი ხარისხია. როგორც ჩანს, გლეხებს ამ ფესტივალმა გაუჩინა ერთგვარი სტიმული, რომ უფრო მეტად მოენდომებინათ და უფრო კარგი ღვინო წარმოედგინათ. ზოგი გლეხი წინასწარ ემზადებოდა და გათვალა, რომ ფესტივალში უნდა მიეღო მონაწილეობა".

საქართველოში "ახალი ღვინის ფესტივალზე" უფრო მასშტაბური და დემოკრატიული ღონისძიება პრაქტიკულად არ არსებობს. აქამდე სადმე სხვაგან გინახავთ, რომ გლეხებს მთელი საქართველოდან ჩამოჰქონდეთ ღვინო იმისთვის, რომ თავიანთი ნახელავი საზოგადოებას გააცნონ? ამ ფესტივალით ძალიან ბევრ გლეხს მიეცა საკუთარი ღვინის წარმოჩენის საშუალება. ძნელია ნახოთY ღონისძიება, სადაც ასეთი მრავალფეროვნება შეიძლება იყოს. მრავალფეროვნებაა უპირველესად ყურძნის ჯიშების მხრივ. დღეს თბილისში წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შევიდეს მაღაზიაში და ის ყველა ღვინო იშოვნოს, რაც აღნიშნულ ფესტივალზე იქნება.

მისული სტუმრებისათვის ღვინის კლუბელთა მიერ შეთავაზებული განსაკუთრებული სიურპრიზი იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ადამიანს რომელიმე საღვინე ყურძნის ჯიშის შესახებ (მშობლისგან, ახლობლისგან თუ წინაპრისგან) გაუგია, მაგრამ აქამდე არ მისცემია მისი გასინჯვის საშუალება. ფესტივალზე ხალხს საშუალება მიეცემა ასეთი "ნანატრი" ჯიშები გასინჯონ.

რამაზ ნიკოლაძე, ღვინის კლუბის წევრი, "სლოუ ფუდის" წარმომადგენელი საქართველოში:”ხარისხის მხრივ ფესტივალზე წარმოდგენილი შარშანდელი და წლევანდელი ღვინოების შედარებაც არ შეიძლება. წელს ღვინის რაოდენობა უფრო მეტიც არის და ხარისხიც საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. ამის მიზეზი ის არის, რომ მეღვინეებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს ღვინოს. გასული წელი გაზაფხულიდან დაწყებული – შემოდგომის ჩათვლით, სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ოჯახური ღვინის ხარისხი მაინც გაუმჯობესდა. მეღვინეებს დაჭერილი აქვთ თავისი ხარისხი და მეთოდურად აუმჯობესებენ. როდესაც ღვინო უკეთესია, მომხმარებელიც უკეთესისაკენ იცვლება. ისეთმა ხალხმა მითხრეს, რომ ფესტივალზე მოდიან - რომლებიც აქამდე ღვინით საერთოდ არ იყვნენ დაინტერესებულნი. მაგალითად, ერთ-ერთმა ნაცნობმა მითხრა – ძალიან მაინტერესებს ღვინისა და კერძის შეხამებაო. იმ ადამიანს აინტერესებს, რომელ ღვინოსთან რომელი კერძის მიყოლებაა უმჯობესი. მინდა ვთქვა, რომ ფესტივალზე ასეთ თემებზეც იქნება დაინტერესებული ადამიანებისთვის საუბარი.

მოკლედ, თანდათან წინ მივდივართ. რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს... ჯერ კიდევ შიდა დეგუსტაციაზე, განსაკუთრებით მომეწონა ზაქრო პეტრიაშვილის ახმეტის მწვანე, რომლის განსაკუთრებულობა ყველამ აღნიშნა და ამ ღვინის გემო დეგუსტაციის შემდეგაც ბევრს გაგვყვა. ასევე საინტერესო იყო ქართლის ჯიშები. განსაკუთრებით თეიმურაზ საურის გორული მწვანისა და ჩინურის კუპაჟი. წითელი ღვინოებიდან კი, გრემელი ლუკა ლუარსაბიშვილის საფერავს გამოვყოფდი".

ლეჩხუმიდან სანიორემდე

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: "ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ის, რომ კახური ღვინის მოყვარულთა თვალსაწიერს ძალიან გააფართოვებს წლევანდელი ფესტივალი. ნამდვილად გამორჩეული კახური ღვინოები გვექნება ამ ფესტივალზე წარმოდგენილი, ეფექტურებიც და ღრმაც, და რაც მთავარია, სხვადასხვანაირი... ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან ავიწროვებენ კახური ღვინის თვალსაწიერს, არადა კარგ კახურ ღვინოებს მკვეთრი ინდივიდუალობა გამოარჩევთ და თუკი ღვინოს მივცემთ საშუალებას, იგი იდეალურად ასახავს ადგილწარმოშობას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ახმეტის რაიონის მწვანეებს (ორნაირად არის ეს ღვინო დაყენებული), ასევე სოფელ ჭიკაანში კობა ქვაჭრელიშვილის მიერ დაყენებულ ხიხვის, ქისისა და რქაწითელის კუპაჟს. ქისი და მწვანე ერთად ხშირად არის ხოლმე წარმოდგენილი, მაგრამ ხიხვი, ქისი და რქაწითელის კუპაჟი მეტად საინტერესო ექსპერიმენტია.

ასევე საინტერესოა არატრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები. მაგალითად: სოფელ სანიორედან წარმოდგენილი ღვინოებია გამოსაყოფი. ასევე გამოვარჩევდი ივანე გრემელაშვილის შალაურულ რქაწითელს. კახურ ღვინოს განსაკუთრებულად იმიტომ ვცემ პატივს, რომ იგი, ერთის მხრივ, არ შორდება ფესვებს და ამასთან, საშუალებას გაძლევს აღმოჩენები გააკეთო გემური თვალსაზრისით. საფერავის ღვინო როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. წელსაც გვაქვს რამდენიმე ძალიან გამორჩეული საფერავი. მაგალითად: თელიანის მიკროზონიდან წარმოდგენილია ზურაბ თოფურიძის კაბერნე-საფერავი. ასევე, მშვენიერი ღვინო წარმოადგინა გრემელმა – ლუკა ლუარსაბიშვილმა".

ბოლო ათი წლის მანძილზე, მეღვინეობის თვალსაზრისით ძალზედ გააქტიურდა მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო. ადრე ყველა ნახევრადტკბილ ქინძმარაულს აყენებდა იქაური საფერავიდან, ახლა კი საკმაოდ შეიცვალა სიტუაცია და ღვინოც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ეს ეხება როგორც დიდ კომპანიებს, ასევე ოჯახურ მარნებსაც. მალხაზ ხარბედიასთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ გლეხებიც თამამად გამოვიდნენ "დიდ ასპარეზზე" და მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დიდ რაოდენობას ვერ აწარმოებენ, ზოგიერთი გამორჩეულ ღვინოსაც აყენებს. ღვინო რაც არ უნდა მცირე რაოდენობით დამზადდეს, თუ ის კარგია და განსაკუთრებული, მას ბევრი რამე შეუძლია შეცვალოს, პირველ რიგში კი ადამიანების დამოკიდებულება ღვინისადმი.

იაგო ბიტარიშვილი: "ღვინის ხარისხი წელს გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინო ნელ-ნელა იძენს პოპულარობას. გლეხებშიც შეინიშნება ქვევრისაკენ შემობრუნების ტენდენცია, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მომხდარიყო და სასიხარულოა, რომ ახლა დაიწყო. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფესტივალზე წარმოსადგენი ღვინოებიდან ყველაზე მეტად თავი დამამახსოვრა ზაქრო პეტრიაშვილის ღვინომ. ეს ღვინო გახლავთ კახური ტექნოლოგიით დაყენებული კახური მწვანე. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ამ მშვენიერი ღვინის ავტორს და მსურს კიდევ ერთხელ გავსინჯო მისი ღვინო. ასევე ძალიან მომეწონა ლეჩხუმელი სერგო არჯევანიძის უსახელაური. მე ვთვლი, რომ უსახელაური ძალიან საინტერესო ჯიშია და კარგია, რომ ეს ჯიში იღებს ფესტივალში მონაწილეობას. მე ქართლიდან ვარ და ჩემი ვენახებიც ქართლშია. რამდენიმე ქართლური ღვინოც ძალიან მომეწონა, მაგრამ მაინც ზემოთ დასახელებულ ორ ღვინოს გამოვყოფდი და გირჩევთ, თქვენც დააგემოვნოთ ეს ღვინოები”.

გაზრდილი ინტერესი

ღვინის კლუბის წევრებისთვის ღვინის სიყვარულის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ღვინოსთან დაკავშირებული სათანადო ცოდნაც, რაც ერთ და ორ დღეში ვერ ამაღლდება. ღვინის კლუბის პრეზიდენტი – მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ კლეხებთან ერთად, კლუბელებიც ბევრ რამეს სწავლობენ. როგორც დასაწყისში ვთქვით, ფესტივალის შიდა დეგუსტაციებზე რამდენიმე ღვინომ დაბალი შეფასება მიიღო და ვერ მოხვდა ფესტივალზე.

მალხაზ ხარბედია: "წლევანდელ დეგუტაციებზე დაწუნებული ღვინოების უმთავრესი პრობლემა იყო ღვინის დაავადებები. წარმოდგენილ ნიმუშებს შორის ასევე აღმოჩნდა ერთი-ორი ღვინო, რომელიც არ შეესაბემებოდა ჯიშს. ანუ, ღვინოს დასახელებაში სულ სხვა რამ ეწერა და რეალურად იყო ჩვეულებრივი ადესას ტიპის ჰიბრიდი. დანარჩენი ყველა დაწუნებული ღვინის პრობლემა იყო დაავადებები, რომელებიც ძირითადად მეღვინის გულგრილობის ბრალია. ღვინოები ძირითადად დაავადებული იყო: ე.წ. მქროლავით, დაჟანგვით, არატიპიური ტონით, შმორით და სხვა... ღვინის კლუბის წევრები დაწუნებული ღვინის ავტორებს ვურჩებთ, რომ მომავალში მეტი ყურადღება მიაქციონ ღვინოს და დაშვებული შეცდომები გაითვალისწინონ".

ფესტივალის ორგანიზატორები შარშანდელ ”ახალი ღვინის ფესტივალთან” შედარებით უმთავრეს წინსვლად იმას მიიჩნევენ, რომ შარშან კლუბელებს ღვინის ნიმუშების მოსაძიებლად რეგიონებში სოფელ-სოფელ სიარული მოუწიათ, წელს კი, ღვინოების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შემდეგ, საოჯახო ღვინის ავტორები თავად დაუკავშირდნენ ფესტივალის ორგანიზატორებს. ადრე ღვინის კლუბის წევრებს შორის არსებობდა საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება და რამდენიმე მათგანი ფიქრობდა, რომ ინტერნეტის, ანდა გაზეთის საშუალებით ფეხტივალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბევრი გლეხი არ გამოეხმაურებოდა, მაგრამ წარმოდგენა უმალ შეიცვალა, როდესაც წლევანდელი ფესტივალისადმი ინტერესი პირიქით – კიდევ უფრო გაიზარდა.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ "ახალი ღვინის ფესტივალზე" სამწუხაროდ წარმოდგენილი არ იქნება რაჭვული ღვინო. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მხოლოდ ორმა რაჭველმა მაღვინემ წარმოადგინა საფესტივალოდ ღვინო, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ დაავადებული აღმოჩნდა. მომავალ წელს ღვინის კლუბი ქუთაისში თავისი ფილიალის გახსნას გეგმავს, ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს დასავლეთის მიმართულებას და იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია-აჭარა და სამეგრელო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული