Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“პირჩრდილში ყურძენი არ იწეოდა, პირმზეში კი კარგა იწეოდა.”

აქ სუ სავენახე ადგილებია. ვენახი ახო ადგილზე უფრო კარგი გამოდიოდა, ან დიდი ხნის დაყამირებული ადგილი იქნებოდა. პირჩრდილში ყურძენი არ იწეოდა, პირმზეში კი კარგა იწეოდა.

ვენახი არც სუ ქვევით ჭყანტშია კარგი, არც მთაში, ეგრე შუა ადგილი, ცოტა ფერდა ჲჯობია, იგრე რო წყალი არ უნდა გუბდებოდეს.

როცა ვენახი აშენება გვინდოდა, ჯერ გავჭრიდით შარებათ ორი ბარი პირზე. სიგანე სამი, ოთხი ბარი ექნებოდა. რქას კიდენა სამ ან ოთხს ერთ ადგილას ჩავაგდებდით, ზოგი იხარებდა, ზოგი არა. ერთ არშინ გამოუშვებდით, კიდე სამ ან ოთხს ჩავაგდებდით და აგრე ბოლომდინ. მეორე შარი ორ საჟენს იქით იქნებოდა.

მემრე ის რო იხარებდა, მეორე-მესამე წელიწადს გადავაწვენ-გადმოვაწვენდით, გადავწიდნავდით, დავაყენებდით სიმართლეში, მივაყოლებდით, ის იქიდან, ეს აქადან ერთმანეთში გაიბმებოდა და აშენდებოდა ვენახი.

საცა ვაზი უნდა გადაგვეწვინა, იქ ორი ბარი პირ ამოიღებდით და ვაზ ჩავაწვენდით. წვერს იქ ამოუშვებდით, საცა აკლდა. ერთი ვაზი, ვინ იცის, საიდან სად წავიდოდა. მიწაში გაცმული იყო სუ და ბევრ ღალას იღებდა, არც გახმებოდა.

რქას ვარჩევდით საშუალოსა და იმ ვაზისას, რომელიც ნაქები იყო და დაგვარებული.

სამ წელიწად ვატონკებდით და მემრე ვაწვენდით. პირველ წელიწად ხო პატარა იქნებოდა, იხარებდა.

მიწის ზევიდან ორი კვირტი ექნებოდა პირველათ. პირველ წელიწადსაც ისევ იქვე დავაყენებდით პატარას. მეორე წელიწადსაც ისევე დავაყენებდით ორ-სამ კვირტზე. თუ შნო ჲქონდა, აქათ-იქით გადავაწვენდით. მესამე წელიწადს მწკრივში გავასწორებდით და მეოთხე წელიწადს დავიწყებდით ავსებას. ექვს წლამდინ უნდოდა ამის ავსებას.

თუ კარგათ იხარა და თამამია, შეიძლება დავაკაოთ, თუ დაღალია, მაშინ ისევ დავატონკებდით, რო გათამამდეს. მეორე წელიწადს, გავსებიდან, დავაკავებდით, ექვს-შვიდ კვირტ მივცემდით და იქვე მოკლეთ დავაკავებდით.

თუ კაი თამამი ვაზი იქნებოდა შეხედულობით, ზოგს ორ-სამ რქასაც ვაძლევდით, უფრო კი –  ერთს. ნეკსაც ვაძლევდით, უნეკოთ არ შეიძლება. ნეკს ორი ან სამი კვირტი აქვს. ნეკს იმისათვის ვაძლევთ, რო შეიძლება გადაკავებულმა იქვე ახლო არ გამაიტანოს სამამულე. სამამულე ის რქა არი, რომელიც მემრის უნდა დავაკაოთ.

ვენახს ჭიგვას უდგამდით, სარსაც უდგამდით. ჭიგვა გასხეპილი წვრილი ხეა, სარი –  დახეთქილი მუხის მერქანი, ცილამპალი.

სვეს ვეძახით, იმითა ვყელამდით. მხრალსაც ვხმარობდით. მხრალი კაკლის ბაყილოსი და ფურცლის ნაკაფისაა. ვენახში ბაყილოები ყველას გვედგა მხრალისთვინ.

თებერვალ-მარტში გავსხლამდით და აპრილში შავყელამდით, ყოტი რო გამოვიდოდა კარგათ. მემრე დავკეტამდით კარებს, რო შიგ აღარავინ შასულიყო თიბათვემდის. მემრე გავსხნიდით კარეფს, შავიტანდით სათიბლებს, გაუთიბამდით ვაზები ძირეფს. ბალახ ნაპირზე დავდგამდით ძირებათ. ისევ დავკეტამდით კარეფს. იყო ისევ დაცული ენკენისთვემდინ, სანამ ყურძენი მაიწეოდა კარგათ.

ძველათ ვენახში იშვიათათ ვთესამდით ლებუასა და მაგვარ რამეებს, უფრო მინდორში ვთესამდით.

რთველი იგეთ დროს ვიცოდით, რო ხან თოვლიც მოგვივიდოდა.

ვკრეფდით საკრეფლებში, გოდრულებში, კასრებში და მემრე გოდრებში ვყრიდით და ვეზიდებოდით მარანში, იშვიათ კაცსა ჲქონდა ვენახში მარანი. ნავში ვყრიდით და ვწურამდით ფეხით. ნავი ხისა იყო, იშვიათ შაძლებულ კაც ქვიტკირისა ჲქონდა. ქვიტკირისას საწნახელ ვეძახოდით.

ენა / დიალექტი: შიგნიკახური (ქართული / კახური)

ჩაწერის ადგილი: ვეჯინი (საქართველო / კახეთი / გურჯაანი)

გამოცემა: გრიგოლ იმნაიშვილი, არამ მარტიროსოვი, ქართული ენის კახური დიალექტი

ჩაწერის წელი: 1935

მთქმელები: თედო გველიკოშვილი

ტექსტის ჩამწერი: სტეფანე მენთეშაშვილი

კორპუსული გამოცემის ავტორ(ები): მარინე ბერიძე, ლია ბაკურაძე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული