Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წლევანდელი რთველი გვიანი მოსავლის მხარეებში

სამეგრელოს, გურიის, მესხეთისა და აჭარის 2023 წლის რთველის მიმოხილვა

ლევან სეფისკვერაძე

გურია, სამეგრელო, მესხეთი და მთიანი აჭარა საქართველოს ის კუთხეებია, სადაც ჩვენს ქვეყანაში კახეთიდან დაწყებული რთველის ბოლო აკორდი დგება. ყურძნის დაკრეფის, ანუ საბოლოო მოსავლის მიღების ზუსტი თარიღის განსაზღვრა თავიდან ცხადია შეუძლებელია და ეს უპირველეს ყოვლისა წლის მანძილზე ბუნებაში განვითარებულ  მოვლენებზე და კლიმატზეა დამოკიდებული. თუმცა, ზემოთდასახელებულ ოთხ კუთხეში რთველი მაინც ყოველთვის ყველაზე გვიან ტარდება და ადგილობრივ მევენახეებს ბევრი პრობლემების გადალახვა უწევთ ყურძენი სრულ სიმწიფემდე რომ მიიყვანონ. 

ზოგადადაც  როდესაც ქართლში, კახეთში, იმერეთში თუ რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი უკვე დაბინავებულია და ქვევრებში დუღს, ანუ მთელს დანარჩენ საქართველოში ყველას „თავი ქუდში აქვს“, გურულები, მესხები, აჭარლები და მეგრელები სწორედ მაშინ ფიქრობენ რთველამდე დარჩენილ ყოველ დღეზე იმის შიშით, რომ მოსავალი ცუდმა ამინდმა ან გვიან  შემოდგომას შემორჩენილმა დამშეულმა ფრინველებმა არ გაუნადგურონ.   

დასახელებულ ოთხ კუთხეში მოსავლის წელი ერთნაირი არ ყოფილა. ვაზის დაავადებების მართალია ყველგან მძლავრობდა, თუმცა მაგალითად გურიაში ასე თუ ისე მოსავლის გადარჩენა მოხერხდა, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად მესხეთზე, სადაც მოსავლის ფაქტობრივად 95% განადგურდა. მეგრელებმაც რთული წელი გამოიარეს და როგორც მარტვილელი და წალენჯიხელი მევენახეები ამბობენ, მოსავლის დაახლოებით 40-50% დაკარგეს. არ ულხინდათ აჭარლებსაც, რომლებსაც მთა მტირალას გამო ისედაც მუდმივად აწუხებდათ ნალექების სიჭარბე. წლევანდელმა წვიმებით გაჯერებულმა გაზაფხულმა და ზაფხულმა კი დიდი გასაქანი მისცა ვაზის სოკოვან დაავადებებს და პირველყოვლისა ჭრაქს. 

ყინვა, ჭრაქი და ქარი მესხების თავის ტკივილია

მხოლოდ ერთი წინადადებით რომ აღვწეროთ, მესხეთში ძალიან ცუდი წელი იყო. ყვავილობა ფაქტობრივად ვერ შედგა, რადგან ყვავილობის პერიოდში გადაბმულად წვიმები წაეწყო. ამას დაემატა ქარიანი დღეები და ქარმა ახლადგამოტანილი ვაზის ყვავილი ერთიანად გაანადგურა. ჯერ 9, შემდეგ კი 12 მაისს მთელს მესხეთში და განსაკუთრებით ადიგენსა და ახალციხეში იყო ნაგვიანევი ყინვა, რამაც ძლივს გაშლილი კვირტი დააზიანა. მერე კი გამოვიდა საგვიანო კვირტები, თუმცა სათანადოდ ჩამოყალიბება ვეღარ მოასწრო.

გიორგი ნათენაძე, მესხი მევენახე-მეღვინე: „ადიგენის მუნიციპალიტეტში იყო ადგილები, სადაც ალაგ-ალაგ ვენახები ქარს და წვიმას გადაურჩა, თუმცა ზაფხულის დასაწყისში მოსულმა  სეტყვამ მაინც მოუღო ბოლო. მესხი მევენახეები ამბობენ, რომ 2023 იყო ჭრაქის წელი და ვერ იხსენებენ სხვა წლებს, როდესაც ჭრაქს ვაზი ასე დაეზიანებინოს. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ  მესხური კულტურული ჯიშების 95% დაზიანდა და გაფუჭდა.

საშინელმა ამინდებმა და პირველყოვლისა ჭრაქმა მთელს მესხეთში დააზიანა ვენახები. ხალხს მოსავალი ფაქტობრივად არ აუღია. განსაკუთრებით ტერასებზე გაშენებულ ვენახებზე მწყდება გული, რადგან 10 ჰექტრიან ვენახში როდესაც მხოლოდ 1.5 ტონა ყურძენს კრეფ, შეგიძლია თქვა რომ მოსავალი არ მიგიღია. რაც დაიკრიფა, იმ ყურძნის ხარისხიც ძალიან საეჭვოა, თუმცა, საბოლოო პროდუქტის ანუ ღვინის ხარისხს ყველაზე უკეთ მომავალი წელის გაზაფხული გვიჩვენებს“. 

გურიაში შედარებით კარგი წელი იყო

შარშანდელისგან განსხვავებთ გურია 2023 წლის გაზაფხულზე ყინვას არ შეუწუხებია, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც გახსოვთ 2022 წელს ყინვამ გურია მოსავლის მესამედი გაანადგურა. ამ კუთხეში ასევე დიდი პრობლემაა ჭრაქი და ნაცარი, რაც გამუდმებულ წვიმებს უკავშირდება. ეს პრობლემა გურულებს ზაფხულის დასაწყისში ჰქონდათ და მან ვენახებს გარკვეული ზიანი მიაყენა. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი გურიაში მზიანი და თბილი იყო. ამიტომ ვინც ჭრაქს და ნაცარს გადაურჩა იმათ მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს. შემოდგომის შუაში ამინდები ოზურგეთსა და ჩოხატაურში კარგი იყო. ამან უზრუნველყო ის, რომ გურიაში ნაადრევი რთველი არ გახდა საჭირო. გურიაში მთაში ადრე თუ მოთვა და აცივდა, ფრინველები ქვევით ჩამოდიან და ეს მევენახეებს აჩქარებთ, რომ ყურძენი მოკრიფონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მთელი მოსავალი დაკარგონ. ყურძენმა არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ რეალურ სიმწიფემდე მივიდა. აღსანიშნავია, რომ წელს გურიაში ჩხავერის ფასი გაიზარდა და 6-დან 10 ლარამდე იყო. 

ვახუშტი მენაბდე, გურული მევენახე-მეღვინე „მენაბდის მარანი“: „წელს ყველაზე მეტი მოსავალი ავიღეთ, რაც კი აქამდე აგვიღია. ეს იმითაც არის გამოწეული, რომ ჩვენი ვენახი ჯერ ახალგაზრდაა და წლიდან-წლამდე ემატება მოსავალი. ყურძნის ხარისხი კარგი იყო. შაქრიანობამ 22 პროცენტს მიაღწია. იმის გამო რომ თბილი შემოდგომაა, ეს გურულებს ძალიან დაგვეხმარა დუღილშიც. მიწის ტემპერატურის სითბომ ხელი უფრო მეტად ქვევრში ღვინის დამყენებელ მეღვინეებს შეგვიწყო. წელს უფრო ინტენსიური ფერის ჩხავერის ღვინოს ველით, რადგან ყურძნის კანის შეფერილობა მუქი იყო და ეს ისევ და ისევ მზიანი დღეების დამსახურება იყო“.

ჭრაქი სამეგრელოსაც უტევდა

სამეგრელოც წვიმის და წვიმის თანმდევი სოკოვანი დაავადებების გამო გაწვალდა. მარტვილსა და წალენჯიხაში მაისში დაწყებული წვიმები ზაფხულის შუამდე გაგრძელდა, რამაც ჭრაქი განსაკუთრებულად გააძლიერა და როგორც მეგრელმა მევენახეებმა გვითხრეს ყველაზე მეტად ახალგაზრდა ვენახებს გაუჭირდათ. მეგრელმა მევენახეებმა წელს მოსავლის 40-50% დაკარგეს და არც აღებული მოსავლის ხარისხით არიან  კმაყოფილი. წალენჯიხაში ზოგიერთ ადგილზე გაზაფხულის დასაწყისში ნაადრევი ყინვის გამო ვენახებს პრობლემები შეექმნა, თუმცა ჭრაქთან და ზოგადად სოკოვან დაავადებებთან შედარებით ყინვისგან მიყენებული ზიანი აღარაფრად  მოსჩანს.

გელა გვასალია, მევენახე მეღვინე წალენჯიხიდან: „გასული წელი ძალიან რთული იყო. ადრეული გაზაფხულიდან მოყოლებული ხშირად წვიმდა. მთელი წელი შენარჩუნდა ტენიანი ამინდი, რამაც ყურძნის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა. იყო ჭრაქის შემთხვევები. ჩემი ნაცნობი მევენახეების (წალენჯიხა, ზუგდიდი) თითქმის ნახევარმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა, ზოგმა მთლიანად. ძალიან გაუჭირდა ჩემს ახალშენ ჭვიტილურსაც. ზაფხულის ბოლომდე მიწა ფაქტობრივად არ გამშრალა. ოჯალეშის მოსავალს რაც შეეხება, იყო საშუალო ხარისხის და მცირე რაოდენობის. მომიწია მტევნების და მარცვლის სათითაოდ გადარჩევა. იმედი მაქვს წელს კარგი ღვინო გვექნება“.

აჭარული რთველი - ცოტა, მაგრამ ხარისხიანი

წელს ჩხავერის ძალიან ცოტა მოსავალი მიიღეს აჭარაში. ამის მიზეზი ისევ და ისევ კლიმატური პრობლემები იყო. ვაზის ყვავილობის პერიოდში ქედაში ტემპერატურა დაბალი იყო. აჭარლები ჩივიან - უგაზაფხულო და უშემოდგომო წლები გვაქვსო. დაახლოებით 15 ივლისამდე ტემპერატურა კრიტიკულად დავარდა. მერე კი საშინლად დაცხა და ამას მოჰყვა წვიმები, რამაც ბუნებრივია  სოკოვანი დაავადებები გააქტიურა. 

როგორც იცით, აჭარაში ახლა იდგამს ფეხს მეღვინეობა და ცოცხლდება სოფლის მეურნეობის ეს უძველესი დარგი. ახალშენი მცირე ვენახები ემატება შეახევს, ქედასა და ხელვაჩაურს, თუმცა მოსავლის რაოდენობა ჯერ კიდევ კრიტიკულად მცირეა. კარგი წლის შემთხვევაში მთელს აჭარაში დაახლოებით 120 ტონა ჩხავერი იკრიფებოდა, წელს კი 30 ტონამდე მოკრიფეს. წვიმების გარდა, ვაზი ნაგვიანებმა ყინვამაც გააფუჭა, თუმცა  ადგილობრივების თქმით, დაკრეფილი ყურძნის ხარისხი მაღალია და არც შაქრიანობით დაეწუნება.

ივერი ბიბინეიშვილი, მევენახე-მეღვინე აჭარიდან: „ზოგადად ძალიან ცუდი წელი გვქონდა და მოსავლის დიდი ნაწილი დაიკარგა, თუმცა უცნაური და სასიხარულო ისაა, რომ სადაც ვნახე, დაკრეფილი ჩხავერის ხარისხი მაღალია და ეს მაიმედებს რომ წელს აჭარაში მაღალხარისხოვანი ღვინო დადგება. შაქრიანობა ბევრგან 22-23 იყო, რაც ჩვენი კუთხისთვის დადებითი მაჩვენებელია. მცირე მოსავლის გამო ჩხავერის ფასები ძალიან გაიზარდა. წელს ჩვენებური ჩხავერის ფასი 8-12 ლარი იყო, რაც სარეკორდო ფასია. არადა, ადრე 5 ლარზე მეტი ჩხავერი არასოდეს ღირებულა. 2006 წელს როდესაც გავაშენე ვენახი, პირველი ვიყავი მთელს აჭარაში. მაშინ ქედაში ვერ ნახავდით ოჯახს რომელსაც 2-3 ვედროზე მეტი ყურძნის მოცემა შეეძლო. ახლა კი ვენახები უკვე შუახევშიც შენდება და მე ეს მომავლის დიდ იმედებს მაძლევს“. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.