Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახში დასაქმებულები და დამსაქმებლები

ლევან სეფისკვერაძე

ვინ ქმნის ღვინოს? ღვინოს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მეღვინეები ქმნიან, რომლებიც ღვინოს, როგორც პროდუქტს ამზადებენ. თუმცა, ვენახში დასაქმებული ადამიანების გარეშე მეღვინეობა ისევე წარმოუდგენელია, როგორც ავტომობილი საწვავის გარეშე.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვენახში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება სხვადასხვანაირია. თუკი ამ საკითხს ზოგადად განვიხილავთ და მთელი ქვეყნის მონაცემებს ავიღებთ, დავასკვნით, რომ, საქართველოში ვენახში მომუშავე ადამიანს დღიურ გასამრჯელოდ დაახლოებით 15-დან 30 ლარამდე უხდიან. როგორც მევენახეთა შორის ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, მუშახელის დაქირავება განსაკუთრებით იაფი ქართლში ჯდება. დღიური მუშა კასპის რაიონის სოფლებში, რომელიც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დღის მანძილზე ვენახში ე.წ. მწვანე სამუშაოებს ჩაატარებს, დაახლოებით 15 ლარს ითხოვს დღეში. ქართლში ვენახის შესაწამლად დაქირავებული მუშები 20 ლარს ითხოვენ, მაშინ როდესაც ამავე სამუშაოში ქვემო იმერეთში საშუალოდ 25 ლარია დაწესებული.

მიშა მებონია, მცირე მარნის “მებონიას ვენახების“ მფლობელი: ”ქვემო ქართლში, სადაც ჩემი ვენახებია გაშენებული, გასხვლა–გაფურჩქვნაზე სადღაც 15–დან 20 ლარამდე ღირს ადამიანის დაქირავება დღეში. ფასი დაახლოებით 3 წელია არ შეცვლილა. მანამდე 50% გაიზარდა, ანუ 4 წლის წინ სხვა ფასები იყო. დაქირავებული ადამიანების მუშაობის ხარისხი განპირობებულია ჩემს შემთხვევაში ინდივიდუალური ურთიერთობით. თუ უცნობი მუშა ავიყვანე, მაშინ მისი დამოკიდებულება საშუალოა, ანუ არც მთლად გულგრილია და არც გადაყოლილია ვენახზე”.

მევენახე და მეღვინე მალხაზ ჯაყელს ვენახები კახეთში, საგარეჯოს რიონის სოფელ ხაშმში აქვს. მისი თქმით, ვენახში შრომის კუთხით აზერბაიჯანელი მუშები განსაკუთრებით მუყაითები არიან და მათ შრომას განსაკუთრებულად აფასებს. თუმცა, ვენახში სამუშაოდ როგორც წესი მაინც ხაშმელ (ადგილობრივ) მუშებს ქირაობს.

მალხაზ ჯაყელი, კომპანია “ჯაყელების ვენახები და ღვინოების” თანამფლობელი: ”დაქირავებულ მუშებს გასხვლაზე 25 ლარს ვუხდი, დანარჩენ მწვანე ოპერაციებში კრეფა და ა.შ. მუშის დაქირავების საფასური 20 ლარია. მესამე წელია ან მრივ ფასები არ შეცვლილა და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად არ გაძვირდება. 2001 წელს 8 ლარი იყო მუშის დაქირავების დღიური თანხა, მერე 10 ლარი, ამის მერე 15 ლარი და ა.შ. სიმართლე რომ გითხრათ, უკვე ამდენი წელია მეღვინეობას მივსდევ და ჩემი დამხმარე მუშებით მაინცდამაინც კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ზარმაცობენ. გაცილებით მომგებიანია სართიჭალიდან აზერბაიჯანელი მუშების გადმოყვანა - უკეთაც მუშაობენ და სულ რაღაც 15 ლარს იღებენ. თუმცა მაინც ყოველთვის ვცდილობ, რომ ადგილობრივი გლეხები დავასაქმო”.

რაჭაში და ლეჩხუმში დღიურ მუშას დაახლოებით 30 ლარს უხდიან, თუმცა იმის გამო, რომ ამ კუთხეებში ვენახების ფართობები არც ისე დიდია, დაქირავებული შრომა ნაკლებად გამოიყენება და კონკრეტული ოჯახები თუ მცირე მარნები საკუთარი შრომითი რესურსებით გადიან ფონს.

პაატა შარაშენიძე, კოპანია “უსახელოურის ვენახების” მფლობელი: ”ლეჩხუმში, სოფელ ოყურეშში (სადაც ჩვენი ვენახებია) მუშების დაქირავების  საკითხებს ჩემი კომპანიის ადგილობრივი მოწილეები წყვეტენ და მე საბოლოო თანხებს მეუბნებიან ხოლმე. ფასები აქამდე არ გაზრდილა, მაგრამ გაისისთვის ალბათ გაიზრდება, რადგან სოფელში ყველა ყურძენი გაიყიდა და გლეხობა ვენახებს უფრო გულდასმით მოეკიდება. რაც შეეხება დღიურ მუშას, ჩვენ გვყავს ბრიგადირი, რომელსაც გარკვეულ სამუშაოების შესასრულებლად ვუხდით თანხას. ისე ეს გარიგება ინდივიდუალურია და ყველამ მისი შეხედულებებისამებრ უნდა გადაწყვიტოს. მაგალითად მე მევენახობა-მეღვინეობის ამბავში უმთავრესად ნდობას მივიჩნევ და ვფიქრობ, რომ ეს საქმე იმ ხალხთან ერთად უნდა გააკეთო, ვისაც ენდობი”.

გურიაში (განსაკუთრებით ზემო გურიაში) ბოლო პერიოდში სასიხარულო ტენდენციები შეინიშნება. სულ უფრო მეტი ადამიანი აშენებს ჩხავერის ვენახებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, გურიაში ადგილობრივი ხარისხიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ვენახები მაინც ვერაა სასურველი რაოდენობის და დაქირავებული შრომა ამ კუთხის ვენახებშიც იშვიათად გამოიყენება. გურიაში, როგორც მწვანე სამუშაოებზე, ასევე რთველში, ადგილობრივი გლეხის დაქირავება დაახლოებით 20-30 ლარი ჯდება, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ფასები დაუბალანსებელია და კონკრეტული დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

იმერეთში, მდებარე მცირე მარნის, “არჩილ გუნიავას მარნის“ მფლობელი, მეღვინე არჩილ გუნიავა საკუთარ ვენახში ყველაფერს თავის ხელით, ოჯახის წევრებთან ერთად აკეთებს და როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ზედმეტი მუშახელის დახმარებას არ საჭიროებს. იგი იმასაც ამბობს, რომ მის სოფელში მუშების დაქირავების ტრადიცია უბრალოდ არ არსებობს.

არჩილ გუნიავა, მევენახე–მეღვინე: “იმ საქმეს, რაც ვენახის მოვლას უკავშირდება, სულ ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესი მიზეზი ისაა, რომ პატარა ვენახი მაქვს და თავადაც კარგად მივხედავ. გარდა ამისა, მირჩევნია თავად გავაკეთო ყველაფერი. რადგან სხვას ვერ მივანდობ ამ საქმეს. ამას გარდა ასევე უნდ ვთქვა ისიც, რომ ჩვენთან მუშების ვენახში დაქირავების ტრადიცია არაა. როგორც ჩანს ყველაფერს მაინც ნდობის საკითხთან მივყავართ...“

საქართველოს პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, როგორც ვენახის მფლობელებმა, ასევე ამ ვენახებში დასაქმებულებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მევენახეობის გავითარებაზე და ამ დარგში წინსვლაზე.

გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე: “ყურძნის კრეფა, დაწურვა, გასხვლა და სხვა, მთლიანობაში არის ე.წ. სეზონური სამუშაო. თუმცა თუკი დასაქმებულის ვენახში მუშაობას ერთ ციკლად წარმოვიდგენთ და მუდმივ სამუშაოდ განვიხილავთ, ეს უკვე სეზონურობას ცდება და უნდა გავარჩიოთ ვინ არის სეზონურად მომუშავე და ვინ მუშაობს ვენახს მოვლის მთელი ციკლის მანძილზე. ამ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობის მიხედვით სეზონურად  მომუშავეებს სხვა უფლებები აქვთ და მუდმივად დასაქმებულებს კი სულ სხვა. მაგალითისთვის, სეზონურად მომუშავეებთან შესაძლებელია მოკლევადიანი კონტრაქტის დადება და ეს კანონითაა დაშვებული. ხოლო ის ხალხი, ვინც მთელი წლითაა დასაქმებული, მათთან კანონით აუცილებელია გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება.

აქვე განსხვავება არის შვებულებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ მაგალითად იმას, რომ ყველა კატეგორიას ერთნაირი უფლება აქვს ბიულეტენზე. თუკი კაცი იქირავე და ვენახში მუშაობისას ცუდად გახდა, ნებისმიერ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მას უმკურნალოს საბოლოო გამოჯანმრთელებამდე. (ასევე მისცეს ერთთვიანი ანაზღაურება) ფაქტია, რომ შრომის სტანდარტები ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს და აუცილებელია, რომ როგორც ვენახის მფლობელებმა, ასევე ამ ვენახებში დასაქმებულებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მევენახეობის გავითარებაზე და ამ დარგში წინსვლაზე. ხარისხიან მოსავალს მხოლოდ მოტივირებული და პირობებით კმაყოფილი ვენახში მომუშავე ადამიანი მიაღწევს“.

რთველში დასაქმებული მუშახელის ხელფასი მთელს მსოფლიოში სხვადასხვაგვარია. მაგალითად: ჩილეში – საათში 2,5 დოლარს იხდიან; ორეგონის შტატი – საათში 10 დოლარს, ავსტრალიაში - საათში 20 დოლარზე მეტს; საფრანგეთში - საათში 9 ევროა დაწესებული, თუმცა ფაქტობრივად დამქირავებელი 16 ევროს იხდის. 7 ევრო სხვადასხვა გადასახადსა და სოციალურ პროგრამაზე მიდის.

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, პროფესინალების ნაკლებობა ითვლება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც ღვინის ხარისხზე და ევროპულ ღვინოსთან ხარისხობრივ შესაბამისობაზეა საუბარი. თუმცა, სამწუხაროდ ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ ამ დარგში უმთავრესი სწორედ მევენახეობაა და ხშირ შემთხვევაში ვენახის მომვლელი ადამიანების შრომისა და პროფესიონალიზმის ხარისხი განსაზღვრავს შემდგომში ღვინის ხარისხს. ამიტომ, ღვინის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ღვინოს ვენახიდან მარნამდე ქმნიან. ქართველი ნატურალისტების ერთ–ერთი საყვარელი გამოთქმისა არ იყოს: ღვინო ვენახიდან იწყება!

© vinoge.com



საინტერესო სტატია. ისე მაინტერესებს იმ სტუდენტების დასაქმებას ვინც მაგალითად აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობას ან მეღვინეობას სწავლობს, რატომ არ ხდება? მაგალითად თუ ვინმე მიწას ყიდულობს და ვენახის გაშენება უნდა, ხომ შეიძლება სტუდენტი დასაქმდეს (მაგალითად სტიპენდია მიეცეს, სწავლის დროს) და ამასთან შანსი მიეცემა, თავის დარგში უკვე სტუდენტობისას გამოცდილება მიიღოს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.