გამოქვეყნებულია: 7 იანვარი, 2009 - 16:56
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მტკიცებით, ვაზის გაჩეხვის პროგრამის გაგრძელება თავად გლეხებზეა დამოკიდებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძემ განუცხადა, თავად გლეხობამ უნდა გადაწყვიტოს, გაჩეხავს თუ არა ვაზს ყვარელსა და დედოფლისწყაროში.
მისივე თქმით, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზსა და დედოფლისწყაროში ყურძნის მოყვანა არარენტაბელურია და სოფლის მეურნეობის სამინისტრომAაღნიშნული პროგრამა სწორედ გლეხების დასახმარებლად დაიწყო.
“სახელმწიფო მათ საქმეებში ძალით ვერ ჩაერევა და გლეხობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, გაჩეხავს თუ არა ვაზს. თუ აღარ გაჩეხავენ, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არარენტაბელური ვაზის გაჩეხვისთვის საკომპესანციო თანხების გაცემას შეაჩერებს“, _ განაცხადა ალეკო ცინცაძემ და დასძინა, რომ დედოფლისწყაროს და ყვარლის რაიონებში ადგილობრივმა მოსახლეობამ რენტაბელური პროდუქციის მოყვანას უნდა მიჰყოს ხელი.
მთავრობის პროგრამის თანახმად, გლეხს ერთი ჰექტარი ვენახის გაჩეხვისთვის საკომპენსაციოდ 2000 ლარი ეძლევა.
საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა: „ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა და ეს უნდა აღდგეს. დღეს კი, მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ.“
IPN
თქვენი კომენტარი