Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი: ჩვენი ფუნქციაა, დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  2015 წლის თებერვლიდან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის მასშტაბები გაზარდა.  ამასთან დაკავშირებით „ღვინის საინფორმაციო ცენტრს“ ესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ბატონი ზაზა დოლიძე.

 

ბატონო ზაზა, რატომ გახდა საჭირო და რას ითვალისწინებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  ხარისხის კონტროლის ახალი მექანიზმები?

სურსათის ეროვნული სააგენტო აქამდეც უზრუნველყოფდა ღვინის ხარისხის კონტროლს, მაგრამ არა ასე მასშტაბურად. ღვინის სარეალიზაციო წერტილებში - მაღაზიებსა და რესტორნებში - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში - ღვინოზე მონიტორინგი გაძლიერდება. ჩვენი მონაცემებით, ალკოჰოლური  სასმელების ბაზრის, დაახლოებით, 30-35 %-ს  ჩამოსასხმელი ღვინო შეადგენს და ეს საკმაოდ სოლიდური წილია.  ჩვენი  ფუნქციაა, დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები. არ დავუშვათ ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის არსებობა, შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტად იგრძნობოდეს სახელმწიფოს მონიტორინგი ღვინის წარმოება-რეალიზაციის საქმეში. სწორედ ამიტომ 2015 წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ სარეალიზაციო წერტილებიდან აღებული სინჯების რაოდენობა, რაც გასულ წელს  125-ს შეადგენდა, წელს კი - 400-ს.  ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.

რომელი უწყებები იქნებიან ჩართულნი ხარისხის კონტროლის პროცესში და რა მექანიზმებით განხორციელდება ხარისხის კონტროლი?

ღვინის ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი იქნება ორი უწყება  - ღვინის ეროვნული სააგენტო, რომლის საქმიანობის ძირითადი აქცენტია საექსპორტო პროდუქციის მონიტორინგი და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის კომპეტენციაშიც უფრო მეტად მოიაზრება ადგილობრივი ბაზრის კონტროლი. სურსათის ეროვნული სააგენტოდან მონიტორინგის პროცესში ჩართული იქნება ორი - ინსპექტირებისა და სურსათის - დეპარტამენტი.  ინსპექტირების დეპარტამენტი წლის მანძილზე გეგმიურად ამოწმებს პროდუქციის წარმოების პროცესს, სურსათის დეპარტამენტი კი - აკონტროლებს პროდუქციის ვადებს, შენახვის პირობებს და ა.შ. აღნიშნული დეპარტამენტების წამომადგენლები ღვინის ნიმუშებს აიღებენ სარეალიზაციო წერტილებიდან, დალუქული მასალა გადაეცემა ლაბორატორიას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვიმოქმედებთ ადეკვატურად. 

რა პრინციპით, ან მეთოდოლოგიით შეირჩევა საკონტროლო ობიექტები?

პროდუქცია შემოწმდება როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მონიტორინგი განხორციელდება ერთი მხრივ,  რეგიონული პრინციპით, მეორე მხრივ - ტურისტული აქტივობების სტატისტიკაზე დაყრდნობით. როგორც აღვნიშნე, წელს შემოწმდება 400 ნიმუში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სულ მალე მათი რიცხვი 600-მდე გავზარდოთ.

პროდუქცია ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის რომელიმე კონკრეტულ, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებზე, თუ ეს პროცედურა ფალსიფიკაციის შემთხვევების გამოვლენასაც ითვალისწინებს? 

კონტროლი ხორციელდება, როგორც უვნებლობის კუთხით, მაგალითად, ხომ არ შეიცავს სასმელი მავნე საღებავებს, ან ჯანმრთელობისთვის ზიანისმომტან სხვა ნივთიერებას, ასევე, ყველა იმ პარამეტრის მიხედვით, რომელიც კანონით არის დადგენილი. ეს, რა თქმა უნდა, გამოავლენს ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც. 

ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულია. ითვალისწინებს თუ არა ეს პროცესი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას?

დიახ და აქამდეც ასე ხდებოდა - თუ სადმე ფალსიფიცირებულ პროდუქტს აღმოვაჩენდით, კანონმდებლობა  გვავალდებულებდა, გადაგვეცა ასეთი შემთხვევები შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა მათ გაეგრძელებინათ შემდგომი მოკვლევა. ჩვენი კომპეტენცია აქ მთავრდება.

როგორ ფიქრობთ, კონტროლის გაძლიერება  უზრუნველყოფს  ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხის განვითარებას? ეს პროცესი ბოთლის ღვინოზე მოთხოვნას ხომ არ გაზრდის

ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ ბაზრის მოწესრიგებას და განვითარებას, რაზედაც ორიენტირებულია ღვინის მწარმოებელი, რომელიც ყიდის არამარტო ბოთლის, არამედ - ჩამოსასხმელ ღვინოს. ამჟამად დამუშავების პროცესშია ჩამოსასხმელი ღვინის ეტიკეტირების წესი, რომელიც, დღესდღეობით არ არის სათანადოდ მოქნილი, ამ ეტაპზე ძალიან რთულია ჩამოსასხმელი ღვინის მოცულობის კონტროლი. ახალი წესი გაამარტივებს ჩამოსასხმელი ღვინის მიკვლევადობასაც, ისევე, როგორც გამარტივდა ბოთლის ღვინის მიკვლევადობა. ჩვენი მიზანი არ არის ჩამოსასხმელი ღვინის ბოთლის ღვინით ჩანაცვლება. ჩვენი მიზანია, ჩამოსასხმელი ღვინო იყოს იმ სტანდარტის შესაბამისი, რაც კანონით არის დადგენილი. გასულ კვირაში უკვე 15-მა  რესტორანმა გაიარა ამ მიმართულებით ხარისხის კონტროლი  და მათი რეაქცია ამ პროცედურებზე საკმაოდ ადეკვატური იყო.  

რაიმე ზომები ხომ არ გატარებულა სახელმწიფოს მხრიდან  იმისათვის, რომ ახალი ინიციატივა წარგედგინათ ღვინის მწარმოებელთათვის, მაგალითად, ხომ არ ჩატარებულა სამუშაო შეხვედრები, საგანმანათლებლო სემინარები, ან სხვა ღონისძიებები?

ეს რეგულაცია არანაირ შინაარსობრივ სიახლეებთან არ არის დაკავშირებული გარდა იმისა, რომ ღვინის ხარისხის  კონტროლი უფრო ინტენსიური ხდება. როგორც მოგახსენეთ, სინჯების კვლევა აქამდეც მინდინარეობდა და ვმოქმედებდით შედეგების შესაბამისად. 

ვინ ისარგებლებს ახალი ინიციატივებით?

საქართველო ღვინის ქვეყანაა. ადამიანს თუ სურდა ალკოჰოლური სასმელის მიღება, უპირატესობას ყოველთვის ღვინოს ანიჭებდა და  არ ეწეოდა  მის ფალსიფიკაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ კულტურის აღდგენა, რომელიც ჩვენში ტრადიციულად იყო. 

დღეს ამ პრობლემის უკან ბევრი დამატებითი საკითხი იკვეთება - ქარხნები, გლეხები, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ. მოთხოვნა ბაზარზე, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდია. ამ მხრივ მართლაც გამორჩეული იყო 2014 წელი. როგორც ვიცი, სანერგეები შეკვეთებს მთელი წლით ადრე იღებენ. ამ ფონზე,  ვფიქრობთ, რომ  სახელმწიფოს ვალია, შეუნარჩუნოს გლეხებს მოტივაცია და შექმნას ჯანსაღი ბაზარი მათი პროდუქციის რეალიზაციისთვის. 

 

ესაუბრა ქეთო ნინიძე 

02.03.15

 © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული