ბრიტანელმა ბიზნესმენებმა, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ელიტური ღვინოების ინვესტიციაში ჩადებული დაახლოებით 160 მილიონი დოლარი დაკარგეს. ამ პერიოდის განმავლობაში ღვინის ინვესტიციებით დაკავებული თითქმის 50 კომპანია გაკოტრდა და კლიენტების ფულიც ფინანსურ “შავ ხვრელებში” გაუჩინარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია კომპანია Abbott Fielding-ის დირექტორმა, ნედიმ ეილიანმა მიაწოდა, რომელიც გაკოტრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ამ კომპანიების საქმიანობა ბოლომდე გამჭვირვალე და კანონიერი არ ყოფილა, ამიტომაც ინვესტიციები დაზღვეული არ აღმოჩნდა. ბიზნესმენებს ისღა დარჩენოდათ, ფულის (ნაწილის მაინც) ამოღების მიზნით, იმ ფირმებისთვის მიემართათ, რომლებიც ასეთი ორგანიზაციების გაკოტრების საკითხებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, კომპანია Bordeaux UK Ltd-ის ინვესტორები დაბანდებული თანხის – 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 16 მილიონი დოლარი) დაბრუნებას ცდილობენ. ეს კომპანია ჯერ კიდევ შარშან გაკოტრდა და თანხის სრულად ამოღება, რასაკვირველია, არ მოხერხდება - თითოეულ გირვანქა სტერლინგზე, მაქსიმუმ, 20 პენის ამოღება შეძლონ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი