2016 წელს საქართველო რომ ღვინის ტურებით დაინტერესებულ მოგზაურთათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი გახდეს, ამის რეალური წინაპირობები არსებობს. პირველ რიგში, ის, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას 2016 წელს საქართველოში ჩაატარებს და სახელმწიფო ამისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. საერთაშორისო მედიის პროგნოზებიც ჩვენს მოლოდინებს ემთხვევა.
სულ ახლახანს ბრიტანულმა ჟურნალმა Condé Nast Traveller, რომელიც მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, მსოფლიოს ღვინის საუკეთესო დანიშნულების ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება: ვალე (შვეიცარია), მოზელი (გერმანია), ისრაელი, ეტნას მთა (სიცილია), რონის ველი (საფრანგეთი), პიემონტე (იტალია), უფლისწულ ედუარდის კუნძული (კანადა), სანტორინი (საბერძნეთი), საქართველოს რესპუბლიკა.
Condé Nast Traveller წერს: „საქართველო - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა და არა - ამერიკის შტატი, მსოფლიოს მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონი, ბოლო წლებში ღვინის ეპიცენტრი გახდა. ტრადიციული ქართული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ქვევრში - ნატიფი, ამფორის სტილის თიხის ჭურჭელში, მიწის ქვეშ ღვინის დადუღებას, შენახვასა და დავარგებას, დღესდღეობით მსოფლიოში ბუნებრივი ღვინის არაერთმა მწარმოებელმა მოსინჯა. „მიწა, ისტორია, კულტურა, სამზარეულო, ღვინო, ხალხი - ეს ერთ-ერთი უძლიერესი ღვინის გზა იყო, რაც ოდესმე გამივლია.“ - ამბობს პასკალინ ლეპელტიე, Rouge Tomate Chelsea-ის ალკოჰოლური სასმელების განყოფილების რედაქტორი.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი