Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საახალწო თემა - Prestige Cuvées

მოამზადა ნანა კობაიძემ

შამპანური დღესასწაულთან ასოცირდება. როდესაც ჩვეულებრივ მოკვდავთ რაიმე მოვლენის აღნიშვნა სურთ, უპირატესობას ამ ღვინოს ანიჭებენ. ცნობილი ბრენდების შეძენის საშუალება ყველას არა აქვს, ამიტომ მყიდველთა უმეტესობა ნაკლებცნობილ ან არავინტაჟურ შამპანურს ეტანება. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასი შამპანური ცხოვრების წესია. ისინი საუკეთესოთა შორის საუკეთესოს - "პრესტიჟულ კიუვეებს" ირჩევენ (prestige cuvées).

უინსტონ ჩერჩილი შამპანურ Pol Roger-ს ეთაყვანებოდა. მადონა და ჟერარ დეპარდიე უპირატესობას Krug-ს ანიჭებენ. ჯეიმს ბონდი Dom Pérignon-ს მიირთმევდა, თუმცა მოგვიანებით Bollinger-ზე გადაერთო. რუსეთის მეფე აღმერთებდა Louis Roederer-ის Cristal-ს, დღეს კი ამ ღვინის პროპაგანდას რეპერი პაფ დედი ეწევა...

პრესტიჟული კიუვეები, ასევე ცნობილი, როგორც Premium Vintage, Têtes de Cuvée ან "სპეციალური კიუვე" - საუკეთესო შამპანურია, რომლითაც კონკრეტული მწარმოებელი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს. ასეთ სასმელს უშვებენ როგორც შამპანურის დიდი სახლები, ასევე მცირე კომპანიებიც. ზოგიერთი მომხმარებელს ერთდროულად ორ рrestige сuvées სთავაზობს: ჩვეულებრივს და ვარდისფერს. მათ განსაკუთრებულ სახელწოდებას ურჩევენ და მხოლოდ საუკეთესო მოსავლის წლებში ამზადებენ, ამიტომ დიდი ნაწილი იმავდროულად ვინტაჟურიცაა, თუმცა ეს აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს.

ხშირადEეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ ღვინო рrestige сuvée-ა, თუმცა ამაზე სასმელის ფასი მეტყველებს. ასეთ შამპანურს 100 დოლარზე ნაკლებად ვერ იყიდით. ღირს კი ჩიტი ბრდღვნად? რასაკვირველია, და შევეცდებით აგიხსნათ - რატომ:

რა განსხვავებაა рrestige сuvée-სა სხვა შამპანურს შორის? განსხვავება ძალიან დიდია, თუმცა იმისთვის, რომ ინფორმაციას სისტემური სახე მივცეთ, გთავაზობთ ცხრილს, რომელიც Karen MacNeil-მა გამოაქვეყნა თავის წიგნში The Wine Bible:

 

არავინტაჟურ, ვინტაჟურ და рrestige сuvée-თა შედარება

 

 

არავინტაჟური

ვინტაჟური

рrestige сuvée

ვენახები(შამპანის ყველა ვენახს აქვს 80%-იდან 100%-მდე რეიტინგი)

ძირითადად 80%-90%-იანი რეიტინგით

ძირითადად 90%-100%-იანი რეიტინგით

მხოლოდ საუკეთესო ვენახებიდან, რომლებიც ისტორიულად 100%-ითაა შეფასებული

ყურძენი (გამოიყენება სამი ჯიში: შარდონე, პინო ნუარი და პინო მენიე)*

პინო მენიე თითქმის ყოველთვის შედის ასამბლაჟში

პინო მენიე ხანდახან შედის ასამბლაჟში

ცალკეულ გამონაკლისთა გარდა თითქმის არავინ იყენებს ასამბლაჟში პინო მენიეს

შერევა (შამპანური ყოველთვის რამდენიმე ღვინის ნარევს წარმოადგენს. მისი შექმნა მეღვინისგან განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს)

 

სხვადასხვა წლის

30-60 წყნარი ღვინო

 

ერთი წლის 30-60 წყნარი ღვინო, რომლებიც გამორჩეულად ითვლება

მხოლოდ საუკეთესო ვენახების საუკეთესო ღვინოთა ასამბლაჟი, რაზეც კი ხელი მიუწვდება მწარმოებელს. შესაძლოა ერთი ან სხვადასხვა წლის

დაძველება (კანონმდებლობით დაშვებული მინიმალური ვადა)

15 თვე ბოთლში

3 წელი ბოთლში

კონკრეტული ვადა არ არსებობს. მიღებულია 4-7 წელი. შესაძლოა, მეტიც

 

*ძალზე იშვიათად გამოიყენება მეოთხე თეთრი ჯიში petit meslier,თუმცა ძალზე დაბალი მოსავლიანობის გამო წარმოებიდან თითქმის ამოღებულია.

ამ ცხრილს შეიძლება დაემატოს პრესტიჟულ კიუვეთა სხვა განმასხვავებელი ნიშნებიც:

ბუშტუკები გაცილებით წვრილია, თხელი და უფრო დიდხანს "ცოცხლობს".

ასეთ ღვინოთა არომატი და გემო ბევრად ინტენსიურია, კომპლექსური და ელეგანტური;.

გაცილებით ხანგრძლივია გემოს დაბოლოება.

სასმელი უფრო დიდხანს ინახება. პიკი მოსავლის აღებიდან მეათე წელს ან უფრო გვიან დგება.

კიუვე - შამპანურის სტატუსური სახესხვაობაა, რაც მავანთათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

რატომაა рrestige сuvée ასეთი ძვირი?

ამ კლასის ღვინო საუკეთესო ვენახების (როგორც წესი, grand cru და premier cru) საუკეთესო ყურძნისგან მზადდება, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობს.

მწარმოებლის მარანში Рrestige сuvée შამპანურის სხვა სახეობებზე დიდხანს ძველდება - 5-8 წელი, ზოგჯერ უფრო მეტიც.

წარმოების მოცულობა, როგორც წესი, ძალიან მცირეა.

ამ კატეგორიის ღვინისთვის მწარმოებლები არაორდინარულ ბოთლებსა და შეფუთვას, რომელთაც ცნობილ დიზაინერებს უკვეთენ.

рrestige сuvée-ს ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი სკურპულოზური გადარჩევაა. თუ ვინტაჟური შამპანური არავინტაჟურს ყურძნის ხარისხით სჯობნის, рrestige сuvée-სთვის მთავარი საწყის ღვინოთა უმკაცრესი შერჩევაა, რასაც მეღვინის ფაქტორიც ემატება.

ამ კატეგორიის სასმელზე შამპანურის საერთო რაოდენობის 3-4% მოდის. შაქრის შემცველობით ისინი ბრუტებია. კიუვეთა ყველა მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მათი ღვინო კონკრეტულ კერძებთან დასაგემოვნებლადაა განკუთვნლი და არა როგორც აპერიტივი.

"ასეთ შამპანურს მყიდველთა 3-5%-ისთვის ვამზადებთ, რომლებიც კარგად ერკვევიან სასმელში და დროც აქვთ მის სათანადოდ შესაფასებლად" - ამბობს გამორჩეულ კიუვეებზე საუბრისას კომპანია Roederer-ის წარმომადგენელი ჟან-კლოდ რუზო. და მაინც, რომელი იყო პირველი პრესტიჟული შამპანური?

 

Louis Roederer, Cristal

1867 წლის 7 ივნისს პარიზის Café Anglais-ში "სამი იმპერატორის სადილი" გაიმართა, რომელსაც პრუსიის მეფე ვილჰელმ I, პრინცი ოტო ფონ ბისმარკი და რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II ესწრებოდნენ. ძვირფას სტუმრებს განსაკუთრებულ ღვინოებს სთავაზობდნენ: 1810 წლის მადერას, 1821 წლის ხერესს, 1847 წლის Châteaux d'Yquem, Château Latour-სა და Châteaux Margaux-ს.

სპეციალურად ამ დღისთვის ალექსანდრე II-მ Louis Roederer-ს Cristal-ის განსაკუთრებული პარტია ჩამოასხმევინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. სწორედ მას მიიჩნევენ პირველ პრესტიჟულ კიუვედ. იმპერატორმა, რომელსაც გამუდმებით მოწამვლის შიში ჰქონდა, სასმელისთვის გამჭვირვალე და ბრტყელძირიანი ბოთლები შეუკვეთა. ეს შესაძლებელს ხდიდა კარგად დაეთვალიერებინა მისი შიგთავსი, ბრტყელი ფსკერი კი შხამის კრისტალების აღმოჩენაში დაეხმარებოდა (იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მეფის მოწამვლის სურვილი გაუჩნდებოდა). ბოთლები ფლამანდელმა მეშუშეებმა ბროლისგან დაამზადეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი საზომით ეს შამპანური ზედმეტად ტკბილი გახლდათ, თუმცა მაშინ ასეთი მოდა იყო, რაც გარკვეულწილად ღვინის ხარვეზების შენიღბვას ისახავდა მიზნად.

შამპანური Cristal იმ წლებში მცირე რაოდენობით გამოდიოდა კონკრეტული შემკვეთისთვის, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. კომერციული პარტიებით მისი წარმოება 1945 წლიდან დაიწყო.

 

Moët & Chandon, Dom Pérignon

პირველი პრესტიჟული კიუვე, რომელიც დიდი რაოდენობით იწარმოებოდა და შედარებით ხელმისაწვდომიც იყო, კომპანია Moët & Chandon-ის Dom Pérignon გახლდათ. მისი გამოშვება 1936 წელს 1921 წლის, ანუ 15-წლიანი დაძველების მოსავლიდან დაიწყეს. ამ ღვინით კომპანიამ ბაზარზე ახალი სეგმენტი შექმნა, სადაც 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას. ეს ღვინო დღესაც ერთ-ერთი პრესტიჟული და გაყიდვადია მთელს მსოფლიოში. სუპერკლასის კიუვეს შექმნის იდეა, რომელიც ვინტაჟურ შამპანურზე ორჯერ ძვირი ღირდა, 1936 წელს ძალზე გაბედული ნაბიჯი იყო (საფრანგეთი ეს-ესაა გამოდიოდა დიდი დეპრესიის პერიოდიდან).

Dom Perignon ღვინოს Robert-Jean de Vogűe-მ დაარქვა. იდეა, საუკეთესო ღვინისთვის იმ ბერის სახელი ეწოდებინათ, რომელიც ამ სასმელის სათავეებთან იდგა, დიდხანს არსებობდა. მით უმეტეს, რომ Moët-მა 1823-25 წლებში შეიძინა სააბატო Hautvillers-ს კუთვნილი ისტორიული ვენახები. ეს ის ადგილებია, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა და მუშაობდა Dom Perignon. 1904 წელს ამ სახელწოდების სავაჭრო მარკა შამპანურის სხვა მწარმოებელმა Mercier-მა დაარეგისტრირა, თუმცა მისით არ უსარგებლია. 1927 წელს, როდესაც ამ ოჯახის წევრი ცოლად Chandon-ის წარმომადგენელს გაჰყვა, მზითევში მომავალი ბრენდის სახელიც ერგო.

კიდევ ერთი წარმატებული მარკეტინგული სვლა იყო Dom Perignon-ის ჩამოსხმა მწვანე ბოთლებში, რომლებიც XVIII საუკუნის ბოთლების ასლს წარმოადგენდა. ეს იდეა ბრიტანელ ჟურნალისტს, Laurence Venn-ს ეკუთვნოდა.

პრესტიჟული კიუვეს პირველი 150 ბოთლი შამპანურის გამორჩეულმა მოყვარულებმა შეიძინეს, რომლებიც ლონდონური Simon Bros & Co-ს მომსახურებით სარგებლობდნენ. სწორედ ეს კომპანია ახდენდა Moët-ის პროდუქციის იმპორტს გაერთიანებულ სამეფოში. სულ ბრიტანეთში 300 ბოთლი გაიგზავნა. ახალმა სასმელმა მაშინვე მიიპყრო მომხმარებლის ყურადღება. ხმამ მის გამორჩეულ გემოვნებით თვისებებზე მალე ამერიკაშიც ჩააღწია. 1936 წლის ნოემბერში 100 ყუთი კიუვე იმ პერიოდისთვის პრესტიჟულ ხომალდ Normandie-ზე დატვირთეს და ნიუ-იორკში ჩაიტანეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ 100 ბოთლი American Tobacco Company-ის დამაარსებელმა ჯეიმს ბუშანან დიუკმა შეიძინა. ამ ღვინის ნაწილი მემკვიდრეობით მის ქალიშვილს ერგო და ოჯახის სარდაფში ინახებოდა. 2004 წლის ივნისში ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე 3,75 მილიონ დოლარად გაიყიდა 17 ბოთლი დარჩენილი კოლექციიდან.

ამას მოჰყვა პრესტიჟული კიუვეები - Taittinger-ის სახლის Comtes de Champagne (1952 წლის პირველი მოსავალი), Grand Siècle Laurent-Perrier 1960 წელს და ა.შ.

სპეციალურ კიუვეთა მწარმოებლები ცდილობდნენ ისტორიული კავშირების მოძიებას თავიანთ პროდუქტთან და მის შემკობას მრავალსაუკუნოვანი მითის შარავანდედით - "ისტორიის" მქონე ღვინო ბევრად უკეთ იყიდებოდა. ასეთი გახლდათ Pol Roger-ის სახლის Winston Churchill, რომელიც წარმოებაში 1980-იანებში ჩაუშვეს და ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის სახელს ატარებდა. ასევე კომპანია Perrier Jouët-ის Belle Epoque, ჩამოსხმული ემალის ყვავილებით მორთულ ლამაზ ბოთლში. მწარმოებელთა ვერსიით, მსგავსი ბოთლი ჯერ კიდევ 1902 წელს შექმნა Emile Gallé-მ იმ დროს მოდური მხატვრული მიმართულების, art nouveau-ს სტილში. შემდეგ ის დაიკარგა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემთხვევით იპოვეს Perrier Jouët-ის სახლში. ბოთლი მუყაოს ყუთში იდო და მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული. სწორედ ის იქცა პრესტიჟული კიუვეს ნიმუშად, რომელიც წარმოებაში 1964 წელს ჩაუშვეს.

 

"კარგი" და "ცუდი" კავშირები

დღესდღეობით აშშ-ში პრესტიჟულ კიუვე Cristal-ს ყველაზე ხშირად რეპ-მომღერლები ყიდულობენ, თუმცა ამას მათ დახვეწილ გემოვნებაზე მეტად ფუფუნებისკენ ლტოლვის სურვილი განაპირობებს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ძვირადღირებული შამპანურია. როგორც კომპანია Roederer-ის ხელმძღვანელი, ფრედერიკ რუზო ამბობს, მისთვის "საოცარი და გაუგებარია" ამ ღვინის კავშირი რეპთან, სინამდვილეში კი თავისი პროდუქტის უფასო რეკლამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. შეკითხვაზე, ხომ არ დააზარალებს ეს "ურთიერთობა" მათი კომპანიის იმიჯს, ფრედერიკმა განაცხადა: "რომც არ მოგვწონდეს, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ? ავუკრძალოთ რეპ-კულტურის წარმომადგენლებს ჩვენი ღვინის ყიდვა? ვფიქრობ, სხვა პრესტიჟულ კიუვეთა წარმომადგენლებს ეს მხოლოდ გაახარებს."

საუკეთესო შამპანურსა და ზოგიერთ მიუღებელ პერსონას შორის კავშირის პრობლემა სხვა მწარმოებლების წინაშეც დგას. ასე მაგალითად, ზაირის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი მობუტუ, რომელიც სისხლიანი დიქტატორი და ჯალათი გახლდათ, ვარდისფერი Dom Pérignon-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ბუნებრივია, ამის შესახებ Moët & Chandon დუმილს ამჯობინებს, თუმცა არაფერი აქვს დასამალი Rémi Krug-ს, რომლის ღვინოთა დამფასებლებს შორის ჰემინგუეი და მხატვარი ფრენსის ბეკონი იყვნენ, ანუ "შემოქმედებითი ნატურები, რომლებიც მასების გავლენას არ განიცდიდნენ. მათ თავიანთი გემოვნება ჰქონდათ."

და რა თქმა უნდა, ასეთ ღვინოთა გამოსვლას შეუძლებელია არ გამოხმაურებოდა ცნობილი ავსტრიული კომპანია Riedel. მან გამოუშვა ბოკლების ნაკრები Riedel Vinum Champagne/Prestige Cuvee Glasses.

სხვა ცნობილი პრესტიჟული კიუვეები

შამპანურის სახლი

 

Рrestige сuvée

 

 

Bollinger        

 

Vieilles Vignes Françaises, R.D. (Récemment Dégorgé)

 

 

Cattier

 

Clos du Moulin

 

Deutz 

 

Amour de Deutz

Duval-Leroy  

 

Femme de Champagne, Fleur de Champagne

Charles Heidsieck      

 

 

Blanc des Millenaires

 

Heidsieck & Co Monopole   

 

Diamant Bleu

 

Jacquesson

Avize Grand Cru

 

Krug

Krug Collection, Clos du Mesnil

 

Lanson

 

Noble Cuvée

Laurent-Perrier           

Grand Siècle

 

Moët & Chandon

Dom Pérignon и Dom Pérignon Rose

 

Mumm           

Mumm de Cramant

 

Perrier-Jouët   

Belle Époque

 

Pol Roger

 

Sir Winston Churchill

Pommery       

 

Louise და Louise Rose

Ruinart           

Dom Ruinart Rose და Ruinart blanc de blancs

 

Salon  

 

Le Mesnil

 

Veuve Clicquot Ponsardin    

 

La Grande Dame და La Grande Dame Rose

 

 

აქვე გეტყვით, რომ ეს ჩამონათვალი სულაც არ არის სრული და იგი გამუდმებით იზრდება.

პრესტიჟული კიუვეები შამპანურ ღვინოთა კიდევ ერთი წახნაგია, ე.წ. "მერსედესი" "ფოლკსვაგენებსა" და "ოპელებს" შორის. ზოგჯერ ეპატაჟური, ზოგჯერ პრეტენზიული, ბოჰემურ წვეულებათა განუყოფელი ნაწილი, ღვინის კოლექციონერთა მუდმივი თანამგზავრი, ლამაზი ცხოვრების გემო, რომელიც ქედმაღლური ღიმილით გადმოჰყურებს პედესტალიდან "ღარიბ" შამპანელ ნათესავებს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.