Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2024 - ასე ნანატრი კარგი მოსავალი კახეთში

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო წლებში რთველზე და განსაკუთრებით კახეთის რთველზე საუბრისას მევენახე-მეღვინეები უმეტესად აქცენტირებდნენ იმ პრობლემებზე, რაც მთელი წლის მანძილზე აწუხებდათ და საკუთრივ მოსავალზე, ყურძნის საღვინე პოტენციალზე და სამომავლოდ ღვინის ხარისხზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა. 2024 წლის კახეთის რთველის  მოსავალი კი თამამად შეიძლება შეფასდეს საუკეთესოდ როგორც რაოდენობრივად, ასევე მოწეული ყურძნის ხარისხის მხრივაც. ჩვენ ვესაუბრეთ კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მევენახე-მეღვინეებს და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ასეთი კარგი წელი მათ ბოლო დროს არც კი ახსენდებათ.

გურჯაანი

დავიწყოთ გურჯაანით. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზომიერად ცივი ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის წვიმებმა გააჩინა იმის საფრთხე და მოლოდინი, რომ შესაძლო იყო წვიმებს შარშანდელის მსგავსად კვლავ გაეაქტიურებინა სოკოვანი დაავადებები. მაისში რამდენიმეგან (კაჭრეთი, შიბლიანი, მელაანი, ბაკურციხე და სხვა) მცირე სეტყვაც იყო, თუმცა ზომიერად ცხელმა ზაფხულმა და ივლის-აგვისტში რამდენჯერმე მოსულმა მეტად საჭირო წვიმამ მოსავლის რაოდენობითი ზრდაც უზრუნველყო და გურჯაანელებმა მოსავლის რთველამდე უპრობლეოდ მიტანაც მოახერხეს. 

ნიკა ბიწკინაშვილი, მარანი „მართალი ღვინო“:ჩვენთან შაშიანში და ფაფრის ველებზე მოსავლის ხარისხი წელს ნამდვილად მაღალი იყო. რაოდენობითაც არაფერი გვაქვს საწუწუნო. რამდენჯერმე ძალიან შეგვაშინა ამინდმა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის მოსავლის ღვინო განსაკუთრებული იქნება. ჩემს სამეზობლოშც ანალოგიური სიტუაციაა და შარშანდელ და შარშანწინდელ ცუდ წლებს თუ გავითვალისწინებთ, ეს წელი მართლაც კარგი იყო“.

მიშა დოლიძე, „მარანი კასრელი“:ვაჩნაძიანშიც კარგი წელი იყო. სეტყვამ-აქა-იქ დააზიანა ვენახები, თუმცა რა შედარებაა შარშანდელთან! როგორც ვატყობ წელს მეღვინეებს გასაყიდი ყურძენიც ბევრი ექნებათ“.

მიშა დოლიძე ზემოთაღნიშნულ პროგნოზს ჯერ კიდევ ივლისის თვეში აკეთებდა, რომ კახეთში ბევრს ექნებოდა გასაყიდი ყურძენი და მართლაც ასე მოხდა. საოჯახო მარნებად სახელდებული კახელი მევენახე-მეღვინეების აბსოლუტურ უმრავლესობას ფიზიკურად არ ჰქონდა იმ მოცულობის ჭურჭელი, რომ მთელი მოსავალი მარანში დაეტიათ და წელს რქაწითელს, საფერავს, კახურ მწვანეს, ქისსა თუ ხიხვს ისეთ მარნებიც კი ყიდდნენ, რომლებიც აქამდე პირიქით - თავად ეძებდნენ ხარისხიან ყურძენს, ქვევრებისა თუ სხვა ჭურჭლის გადასავსებად.

თელავი

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ის მარნები, რომლებიც 2022 და 2023 წელს ჯერ სოკოვანმა დაავადებებმა, შემდეგ კი სეტყვამ და გვალვამ კატასტროფულად დააზარალა, წელს მოსავლას ვერ იტევდნენ და ბევრმა ცხოვრებაში პირველად გაყიდა ან გააჩუქა ყურძნის მოსავლის ნაწილი. 

წელს, ისევე როგორც შარშან, სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით რთველის ე.წ. სუფსიდირების პროგრამის შემდეგ რქაწითელის ფასი შარშანდელის მსგავსად (როდესაც მოსავალი თითქმის ბოლომდე განადგურდა) 0.8-1.0 ლარი იყო და ადგილობრივების გაოცებას იწვევდა ეკონომიკის ერთი შეხედვით უმარტივესი პრინციპების უცნაურად დარღვევა. თუკი ყოველ წელს ეროვნული ვალუტა უფასურდება, თუკი ერთ წელს მოსავალი განადგურდა და ყურძენს მევენახეც ეძებდა და დიდი ქარხნებიც, მეორე წელს კი დიდი მოსავალი მოვიდა, ხოლო სახელმწიფო სუფსიდირება ერთ კილოგრამ ყურძენზე იგივე მოცულობის დარჩა, მაშინ რატომ არ შეიცვალა ყურძნის ფასი 2023 და 2024 წელს? ეს უცნაური ამოცანა კიდევ კარგა ხნის მანძილზე იქნება თავსატეხი ყველასათვის.

თამარ ჟურული, „ჟუკა-სანოს მარანი“:თელავის სოფელ რუისპირში მცირე ფართობზე გვაქვს ვენახები გაშენებული და ბუნებრივი მევენახება-მეღვინეობის პრინციპებით ვუვლით. წელს ალბათ ყველაზე მეტ მოსავალს მივიღებთ, რაც აქამდე დავიკრეფავს. განსაკუთრებით მახარებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯიში - იყალთოს წითელი წელს როგორც იქნა სასურველი რაოდენობით მოვიდა და ჩვენი ღვინით დაინტერესებულ ხალხს შედარებით მეტ ასეთ გამორჩეულ ღვინოს შევთავაზებთ.  რაოდენობაზე არ გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ვუვლით იმხელა ვენახს, რასაც ორი ადამიანი ვახერხებთ და ყურძნის მოსავალიც შესაბამისად არასოდეს გვქონია ბევრი“.

გიორგი ღვარძელაშვილი, „ღვაძელაშვილის მარანი“: „კონდოლშიც მაგარი წელია თვალი არ ეცეს! სხვა კახელი მეღვინეებიც იგივეს მეუბნებიან და კარგი მოსავლის იმედიც მაქვს (საუბარი ჩაწერილია 2024 წლის ივლისში. ლ.ს.) ისეთ ცუდი წლები გამოვიარეთ, ახლა კარგი მოსავალი კახეთს ნამდვილად ჭირდებოდა. თქვენც კარგად იცით რამხელა შრომა და ხარჯების გაღება უწევს ადამიანს ვენახის მოსავლელად და თუ კარგ მოსავალი ვერ მიიღო - დაღუპულია! ასე რომ, ჩვენი მარნისგან მომავალი წლის გაზაფხულიდან საინტერესო ღვინოებს უნდა ელოდოთ“.

ახმეტა

ახმეტაში ნაკლებთოვლიანი ზამთარი იყო და გაზაფხულზე ნალექები ზომიერად მოვიდა. ვაზმა ყვავილობა დროულად დაიწყო და სოკოვანმა დავადებებმაც ვერ „გაშალეს მხრები“. აპრილის ბოლოს და მაისის შუა რიცხვებში ქისტაური, ზემო ხოდაშენი და ალვნები მცირედ დაისეტყვა, თუმცა ამას დიდი და განსაკუთრებული ზარალი არ გამოუწვევია. ახმეტაში ბოლო წლებში ბევრი ახალი ვენახი გაშენდა და ისე მოხდა, რომ ზოგან სამი და ოთხი წლის ვენახიდან ჭრაქის მომძლავრების გამო ერთი მტევანიც კი ვერ დაკრიფეს. წელს ახმეტელებიც იმედიანად არიან.

გიორგი იორამაშვილი: „უკვე მეოთხე წელია ახმეტის სოფელ ფიჩხოვანში ვენახები გავაშენე და ძირითადად საკუთარი ძალებით ვუვლი. შარშან დიდ მოსავალს არც ველოდი და ბევრი წვიმა თავიდან თითქოს კიდეც მაწყობდა ახალშენი ვენახის ზრდისთვის, თუმცა ისეთი ცუდი წელი იყო, რაიმე ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია. რეალურად წელს ველი მცირე რაოდენობით პირველ მოსავალს და იმედია ეს პირველი მოსავალი ისეთი იქნება, როგორიც მინდოდა და დაგეგმილი მქონდა. 

ახმეტაში ბოლო წლებში სავენახე მიწები ძალიან გაძვირდა და ბევრმა დაიწყო ახალი ვენახის გაშენება, რაც ძალიან სასიხრულოა, თუმცა თუ ცუდი წლები ერთმანეთს წაეწყობა, ახალბედა მევენახე ენთუზიაზმს დაკარგავს და თუკი მოსავალი დროულად ვერ მიიღო ფულიც მალე გამოელევა. ზედიზედ რამდენიმე კარგი წელიწადია საჭირო იმისთვის, რომ დარგი ფეხზე დადგეს და მევენახეებსაც ხალისი და მოტივაცია მიეცეთ“.

გიორგი ახმეტელი, მარანი „ჩარექაული“:სოფელ ზემო ხოდაშენში გვაქვს ვენახიც და მარანიც. ჩვენთანაც კარგი წელი იყო და როგორც რწაქაწითელს, ისე საფერავს, გაზაფხულიდან მოყოლებული, განსაკუთრებული  პრობლემა არ შექმნია. ორივე ჯიშის ყურძენს სულ ორ ტონამდე ვკრეფთ და იმედი მაქვს წლევანდელი მოსავლის ღვინო საუკეთესო იქნება“.

ყვარელი

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კახეთის სხვა მხარეები გვალვაში იხრუკებოდა, ყვარლის სოფლების უმეტესობას უწყლობის პრობლემა არ შექმნია და 2024 წლის ისედაც ნაკლებად მცხუნვარე ზაფხულს და გრილ შემოდგომას რასაკვირველია უარყოფითი გავლენა მოსავალზე არ მოუხდენია. ლეგენდარულ ქინძმარაულის მიკროზონაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ყურძენი დაგეგმილზე ადრე დამწიფდა და ზოგან კრეფა უკვე აგვისტოს ბოლოს დაიწყეს. განსაკუთრებით ის ადამიანები აქტიურობდნენ, რომლებიც ყურძნის დიდი ქარხნებისთვის ჩაბარებაზე არიან ორინტირებული. მცირე საოჯახო მარნებმა კი რთველისთვის ძირითადად სექტემბრის პირველი კვირა შეარჩიეს.

თამარ გერლიანი, მეღვინეობა „მალატი“:მიუხედავად იმისა რომ შარშანდელი ძლიერი სეტყვის მერე წელს ჩვენთან, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ვაზმა ცოტა ნაყოფი გამოიტანა,  სრულად შევინარჩუნეთ მოსავალი და ყურძენიც ძალიან მაღალი ხარისხის მივიღეთ, რაც იმის იმედს გაძლევს, რომ წლევანდელი ღვინო ხარისხის მხრივ წინა წლებზე უკეთესი იქნება.  ასე იყო ჩვენს გარშემოც, ზოგადად ყვარლის მუნიციპალიტეტში, თუმცა ზოგიერთ ვენახში რთველის წინა პერიოდში საფერავები ძალიან გაუფუჭდათ“.

ქიზიყი და გარე კახეთი

რაც შეეხება ისტორიულ ქიზიყს, (დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) საწუწუნო არც მათ ჰქონდათ. სოფელ ხორნაბუჯელი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მევენახე-მეღვინე დავით მოსულიშვილი ამბობს, რომ ასეთი კარგ წელი ბოლოს როდის იყო არც კი ახსოვს.  

დავით მოსულიშვილი, მარანი „დანო“: „2024 წელი უნდა ითქვას, რომ რაც მე მახსოვს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე. გაზაფხული კი გამოდგა ცოტა ჭირვეული, მაგრამ დაავადებებმა ვერ იმძლავრა გასული 2023-სგან განსხვავებით (2023 მოსავალი განადგურდა 100 %-ით). 17 სექტემბრს ჩვენი რთველი დამთავრდა. ვერ ვიტყვით, რომ ნაადრევი რთველი გვქონდა და ყურძენი ძალიან კარგი ხარისხის დავკრიფეთ. შაქრიანობა 22-23% იყო. მევენახეობის მხრივ სეზონმა კარგად ჩაიარა და ეხლა ვნახოთ რა ღვინო იქნება გაზაფხულზე. გვაქვს სიახლეები. დაგვემატა ახალი ჯიშები და გვაინტერესებს მათი შემდგომი პოტენციალი“.

გარე კახეთშიც კარგი წელი იყო. წელს დადებითად აფასებენ ლეგენდარული მანავისა და ხაშმის მიკროზონებში მცხოვრები მეღვინეებიც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხაშმის მიკროზონა, სადაც გვალვის გამო არამხოლოდ მოსავლის კლება, ვაზის ხმობაც ლამის ჩვეულებრივ ამბად ითვლება. წელს კარე კახეთში ნალექები ზამთარშიც და გაზაფხულზეც ჭარბად მოვიდა და ზაფხულშიც რამდენჯერმე სწორედ საჭირო დროს იწვიმა. ადგილობრივი ვენახები იმითაცაა გამორჩეული, რომ ბევრ წამლობას არ საჭიროებს და  2-3 წამლობაც კი სრულიად საკმარისი იყო. 

ისევე როგორ თელავსა და გურჯაანში, საგარეჯოს სოფლებშიც უხვი მოსავლის გამო ბევრმა მარანმა გაყიდა „ზედმეტი“ ყურძენი და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ რქაწითელის ფასი 1 ლარს, ხოლო საფერავის ფასი 2.5 ლარს არ აღემატებოდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული