„ღვინის საინფორმაციო ცენტრი“, ივლისის თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ექსპორტის ზრდის მიუხედავად, 2014 წელთან შედარებით, წელს საგრძნობლად დაიკლო 1 ბოთლი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასმა. მაგ. 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასმა 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით, 0,78 დოლარით ანუ 25%-ით იკლო. ანუ, თუკი 2014 წელს ეს ფასი შეადგენდა 3.13 დოლარს, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ერთი ბოთლის ფასი 2.35 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.
„ღვინის საინფორმაციო ცენტრმა“ რამდენიმე კომენტარს მოუყარა თავი ამ თემასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ კუბლაშვილი
მეღვინეობა ხარება, მთავარი მეღვინე & წარმოების დირექტორი
ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაშინ, როდესაც მსოფლიო ღვინის ბაზარზე არის ტენდენცია ღვინის ე.წ. საბაზისო საფასო სეგმენტის შემცირების და ზოგადად პრემიუმ საფასო სეგმენტის ზრდისა (ანუ ქართული ღვინის ფასების დაცემა ეწინააღმდეგება ზოგადად ამ ტრენდს, იხ. ილუსტრაცია).
გარდა ამისა, ზოგადად, ქართული ღვინის ხარისხმა აიწია, ცნობადობა იზრდება, კომერციულ ნაწილშიც მეტი გამოცდილება დაგროვდა და ფასები მაინც მუდმივად ქვევით იწევს.
საექსპორტო ბაზრებზე არის “უამრავი” კატეგორია, მაგალითად კატეგორია “მსოფლიოს ახალი ღვინის ქვეყენები”, ან “ შრალი წითელი ღვინოები" ან თუნდაც “კასრში დაძველებული შარდონეები” და ასე შემდეგ… ჩვენი კატეგორიაა “ქართული ღვინო” და შესაბამისად, შევდივართ საფასო კონკურენციაში სხვა კატეგორიებთან. მაგრამ როდესაც ჩვენს კატეგორიაში (“ქართულ ღვინოში”) ჩნდებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც “განწირულად” ყიდიან ღვინოს ლამის დემპინგურ ფასებში, სწორედ ეს იწვევს საერთო ფონის გაფუჭებას. ჩემის აზრით, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ახდენს ფასების დაცემას დროის ხანგრძლივ ჭრილში (მაგალითად თუ მე, როგორც იმპორტიორს, შემიძლია ვიყიდო A კომპანიისაგან “მუკუზანი” 3.5$, რატო გადავიხდი კომპანია B-ს მაღალ ხარისხიან “მუკუზანში” 4.5$, მაშინ როდესაც ჩემი მომხმარებელის 99% პროცენტი რეაგირებს ფასზე? ე.ი. რაღაც დროის შემდეგ კომპანია B-თვის პოტენციური იმპორტიორების რიცხვი ამ პოლიტიკით მცირდება ამათუიმ ქვეყანაში და ის იძულებულია ჩაცოცდეს შედარებით დაბალ ფასზე და აქ უკვე A ვეღარ უწევს კონკურენციას იგივე ფასით და დაბალი ხარისხით და იგი ისევ დაბლა წევს ფასებს და ა.შ.)
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ქართული ღვინის ექსპერტები უნდა შეთანხმდნენ, რომ კატეგორიის “ქართული ღვინის” ქვე-კატეგორიების (მაგ. “ჯიშური, პრიმერის ტიპის ღვინო, “ადგილწარმოშობა,“ქვევრში დაყენებული ღვინო”) EXW არ უნდა იყოს რაღაც გონივრული X თანხის დაბლა. ეს გამოიწვევს კატეგორიის და თავისი ქვე-კატეგორიების დაცვას გარე საექსპორტო ბაზრებზე (ფასთა წარმოქნის კუთხით) და შიგნიდან მის გაძლიერებას (ღვინის ხარისხის კიდევ უფრო აწევის კუთხით).
ქართულ ღვინოს საექპორტო ბაზრებზე წარმატებას მოუტანს არა იაფი და ძვირი, არამედ სწორი ფასები.
ქეთი ჯურხაძე
ღვინის სკოლა-სტუდია კაბისტონის ხელმძღვანელი, ღვინის ექსპერტი
ვფიქრობ ფასის ვარდნა გამოიწვია მარნების მომრავლებამ, რაც სამწუხაროდ ხარისხზეც აისახა. თუმცა იმედს ვიტოვებ, ბაზარი დაარეგულირებს ხარისხს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვინაიდან დაბალფასიანი ღვინის წარმოება ვერასდროს იქნება მხოლოდ კონკურენციის მიზეზი.
შალვა ხეცურიანი
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი
ფასის დაკლების მიზეზი ჩემი აზრით რუსულენოვან ბაზრებზე ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული. ამ ბაზრებზე (პირველ რიგში რუსეთში), მოთხოვნა შემცირებულია ზოგადად ღვინოზე და მათ შორის ქართულ ღვინოზეც, და მომხმარებელი უფრო დემოკრატიული ფასების სეგმენტში ინაცვლებს. სავარაუდოდ, ქართველი მწარმოებლებიც იძულებული არიან ფასები დაუწიონ, რათა შეინარჩუნონ პოზიციები ამ ბაზრებზე.
გამოსავალი? ოთხი მიმართულება (ამ ჩვენებას არ ვცვლი 1998 წლიდან):
1. დარგში შიდა რეგულაციების მოწესრიგება: აპელასიონების/ადგილწარმოშობების სისტემა, ქვევრის ღვინის წარმოების რეგულაცია, წარმოების ეფექტიანი კონტროლი/აღრიცხვიანობა რთველიდან ბოთლამდე.
2. მარკეტინგი: ერთიანი და მკაფიო მესიჯების ჩამოყალიბება და მათი ეფექტიანი მიწოდება სხვა და სხვა ბაზრებზე. ერთიანი მარკეტინგული პოლიტიკა.
3. განათლება: არა მხოლოდ ენოლოგიაში (რომელშიც მაინც არსებობს პრობლემები), არამეტ მევენახეობა, ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი, ინჟინერია და სხვა.
4. კოოპერაცია: მევენახეებისა და მცირე მეღვინეების კოოპერატივების შექმნის წახალისება.
გიორგი მარგველაშვილი
თბილღვინოს გენერალური დირექტორი
2014 წელი მართლაც განსაკუთრებული იყო გართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. თუმცა წლის ბოლოს, კერძოდ დეკემბერში რუსეთში განვიითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაცია მყარ ვალუტებთან შეფარდებით. შესაბამისად, ყველა იმპორტირებულ პროდუქტს, მათ შორის ქართულ ღვინოსაც, მნიშვნელოვნად გაეზარდა ფასი რუბლის ექვივალენტში. ქართული ღვინის იმპორტიორ კომპანიებს მოუწიათ წინასწარ განთავსებული შეკვეთების გაუქმება, რადგან მათთვის აღარ იყო ეკონომიურად მომგებიანი ღვინის იმდროინდელი ფასები ახალი გაცვლითი კურსის გამო. პრაქტიკულად, ყველა ქართველ მწარმოებელ მოუწია საექსპორტო ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, რათა მორგებოდა ბაზრის ახალ რეალობას.
უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლებისთვის ეს ძალზედ მძიმე ნაბიჯი იყო, რადგან 2014 წლის რთველზე დაფიქსირდა ყურძნის რეკორდულად მაღალი ფასი და იმ დროისთვის ქართული ღვინის თვითღირებულება აღწევდა თავის მაქსიმუმს, წინა წლებთან შედარებით. ბაზრის ტენდენციიდან გამომდინარე, ფასების იძულებითმა შემცირებამ მინიმუმადე დაიყვანა ქართველი მწარმოებლების მომგებიანობის მარჟები.
გარდა რუსეთისა, ანალოგიური მოვლენები 2015 წელს, ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის სახით ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. ეს ქვეყნები კი ერთად მოიხმარენ მთლიანი ქართული ღვინის ექსპორტის 80%-ზე მეტს. იმისათვის, რომ ქართულ ღვინოს შეენარჩუნებინა კონკურენტუნარიანობა, მწარმოებლებს მოუწიათ ფასების გადახედვა შემცირების კუთხით, სრულ ასორტიმენტზე.
ამ დროისთვის ფასების შემცირების ტენდენცია შეჩერებულა, ასევე შედარებით დასტაბილურდა გაცვლითი კურსის მაჩვენებლები ზემოთ ნახსენებ, სადღეისოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე. ქართველი მწარმოებლები ცდილობენ გაზარდონ თავიანთი ექსპორტის მაჩვენებლები ისეთ ბაზრებზე, რომლებთაც ნაკლებად ახასიათებთ ეკონომიკური რხევები და პოლიტიკური რისკები, როგორიცაა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, აშშ, კანადა, ჩინეთი და იაპონია.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი