გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი, 2008 - 00:02
ნიუ-იორკსა და სიეტლში 3-დან 8 დეკემბრამდე “ქართული ღვინის დღეები“ გაიმართება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და „ქართული ღვინის დღეებს“ დაესწრება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბოლო დროს ამერიკაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნილება გაიზარდა და ამერიკელი ღვინის ექსპერტების, ბიზნეს–წრეებისა და რესტორნების მფლობელთა ყურადღების ცენტრში მოექცა.
ქართული ღვინის დღეებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს სომელიეებმა, ამერიკის რესტორნების და საცალო ქსელის წარმომადგენლებმა, ღვინის დისტრიბუტორებმა, ამერიკის წამყვანმა გამოცემებმა Seattle Times, New York Times, Wine Enthusiast, Food&Wine Magazine.
პრეზენტაციაზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ქართული კომპანიები: „თბილღვინო“, „სარაჯიშვილი“, „მილდიანი“, „ვინოტერა“, „თელიანი ველი“, „ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბაგრატიონი 1882“.
ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ფართომასშტაბიანი გამოფენა აშშ-ში პირველად ტარდება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, “ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი”, USAID და AgVANTAGE.
რადიო “კომერსანტი”
თქვენი კომენტარი