გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი, 2012 - 11:17
ამ დღეებში მსოფლიოს საუკეთესო 50 ბარის რეიტინგი გამოქვეყნდა. რეიტინგის შედგენაში 40 ქვეყნის 150-ზე მეტი ყველაზე ცნობილი ბარმენი, ბარის მფლობელი და ალკოჰოლური ბრენდების წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბრიტანელებს შეუძლიათ სამართლიანად იამაყონ, რადგან სიის პირველი ხუთეული, მეორე ადგილის გამოკლებით, მხოლოდ ლონდონის დაწესებულებებმა შეავსეს. საპატიო პირველი ადგილი დაიკავა ბარმა The Artesian, რომელიც ლონდონის 5-ვარსკვლავიან სასტუმრო The Langham-შია განთავსებული. ამ ბარს საპატიო ადგილი კრეატიული კოქტეილების მენიუსთვის მიაკუთვნეს, რომელშიც ისეთი ეგზოტიკური ინგრედიენტებიც კი შედის, როგორებიცაა ჩინური ვარდის - ჰიბისკუსის ყვავილები, ქუნჯუთის ზეთი და სხვ. The Artesian-ის კოქტეილების მენიუს სხვაგვარად ინოვაციისა და კლასიკის ჰარმონიულ ნაზავსაც უწოდებენ. სულ რაღაც 19 ევროდ ამ ბარში შეძლებთ შეუკვეთოთ კოქტეილი Pink & Gold, რომელშიც ტეკილა Gran Centenario Plata, ლაიმი, ჩინური თეთრი ჩაის სიროფი, ვარდის ფურცლები და უკვე ნახსენები ჰიბისკუსის ყვავილები შედის. მეორე ადგილზე ნიუ-იორკის ბარი PDT გავიდა, მესამეზე კი კვლავ ლონდონური ელიტური ბარი Nightjar, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში, ერთ-ერთ სარდაფში მდებარეობს და მშრალი კანონის ეპოქის ვინტაჟურ სტილშია გაფორმებული. მეოთხე ადგილზე გასული ლონდონური ბარი The Connaught სასტუმროშია განთავსებული. აქ მარტინი სპეციალური ბორბლებიანი მაგიდებით მიაქვთ კლიენტთან. ამ ბარის რეიტინგი იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მათთან ნიჭიერ ბარმენთა ჯგუფი მუშაობს, მათ შორის კი გამორჩეულია მსოფლიოში აღიარებული ბარმენი, ლეგენდარული აგო პერონე. საუკეთესო ბარების ხუთეულს აგვირგვინებს სასტუმრო Savoy Hotel-ში განლაგებული American Bar. მისი სახელწოდების მიუხედავად, ისიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონშია განთავსებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბარი ლონდონში, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული ბარმენი - ერიკ ლორინცი მუშაობს. მეექვსე ადგილზე გავიდა ნიუიორკული ბარი სახელად Death & Co. მას სიდნეის ბარი Baxter Inn მოყვება. მერვე ადგილზე გასული ლონდონური ბარი 69 Colebrooke Row “კოქტეილების ტაძრად” არის წოდებული. დაწესებულება უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით არის გაფორმებული, თუმცა მთავარი აქ არა ინტერიერი, არამედ ის შესანიშნავი სასმელებია, რომლებსაც კლიენტებს სთავაზობენ. მეცხრე ადგილზეა ლონდონური Callooh Callay, ხოლო ათეულს კი ედინბურგული ბარი Bramble ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ დაწესებულებას სახელი ცნობილი კოქტეილის Bramble-ს შემქმნელის - რიჩარდ ბრადსელის პატივსაცემად ეწოდა. მის მიერ 1980-იან წლებში შექმნილი კოქტეილი მალევე მსოფლიო კლასიკად იქცა. მთლიანობაში 2012 წლის საუკეთესო ბარების რეიტინგში ლონდონი ლიდერობს – 50-ეულიდან 13 დაწესებულება ლონდონურია. მას ნიუ-იორკი მოყვება 8 დაწესებულებით. რეიტინგში ასევე შევიდა ბოსტონის, ლოს-ანჯელესის, ბარსელონას, მელბურნის, ჰამბურგის, მილანის, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენისა და პარიზის ბარები. საუკეთესოთა შორის ყველაზე ცუდი ბარის სახელი და რეიტინგში ბოლო ადგილი კეიპტაუნის ბარმა Asoka-მ მოიპოვა. აზიური ეგზოტიკისა და დასავლური კომფორტის ნაზავი ბარის ცენტრში უზარმაზარი ხე არის ამოსული. 49 ე ადგილზე გავიდა პარიზული ბარი Le Bar Du Plaza Athenee. მთავარი როლი მის წარმატებაში დიზაინმა ითამაშა - ამ ბარში ყველაფერი ფუფუნებით არის გაჟღენთილი. ბერლინის ბარი Stagger Lee (48 ადგილი) ავსტრალიელი მუსიკოსის - ნიკ ქეივის სიმღერის სახელს ატარებს და ველური დასავლეთის სალუნის სტილშია გადაწყვეტილი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი