Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართველი მეღვინეები ერთმანეთის კონკურენტნი ვერასოდეს გავხდებით” - ინტერვიუ ირაკლი გვაზავასთან

ირაკლი გვაზავა მეღვინეა, 13 მაისს "ახალი ღვინის ფესტივალი 2023-ზე" წარადგენს თავის ღვინოებს, ინტერვიუში კი წინასაფესტივალო მოლოდინებზე, წარსულ გამოცდილებაზე, საყვარელ ღვინოსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

⁃ თუ ყოფილხართ ფესტივალის სტუმარი აქამდე, ყველაზე მეტად რა იყო თქვენთვის სასიამოვნო იქ ყოფნისას? რა შეგრძნებაა, როდესაც ახლა დახლის მეორე მხარეს იქნებით და თავად გაუმასპინძლდებით სტუმრებს?

- ვყოფილვარ სტუმარი არაერთხელ და ყველაზე სასიამოვნო რაც არის, წლიდან წლამდე იზრდება მცირე მემარნეთა როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლები. რაც შეეხება სტენდთან დგომას, მქონდა ბედნიერება, შარშან ვყოფილიყავი მასპინძლის ამპლუაში, ძალიან მაგარი განცდაა, როდესაც შენი შრომის შედეგს უზიარებ ფართო აუდიტორიას.

შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი წარსადგენი ღვინოები, მათი არომატები და გემური პროფილი? თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

დანართის სახით გიგზავნით ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ანოტაციებს თითოეული ღვინის შესახებ.

შეგიძლიათ გაგვიაზიაროთ მხიარული ან დასამახსოვრებელი ამბავი თქვენს ღვინოსთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით?

- უამრავი ფაქტია. თუმცა, ყოველ ჯერზე, ტრაგიზმნარევი იუმორით ვიხსენებ თითოეული მკრეფავის გაოცებულ სახეს, როცა ვეუბნები, რომ არ მსურს მის სამი წლის გაურეცხავ, ჭუჭყიან „ვედრაში“ ყურძნის კრეფა და ვაწვდი გარეცხილ, გაკრიალებულ, იქვე გოგირდ ნასხურებ პლასტმასის ყუთებს.

როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ? 

- ღვინის, ვაზისა და ჩემი ურთიერთობა, ითვლის სრულად ჩემ მეხსიერებას, ანუ 33-34 წელს. რაც თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ბებია-ბაბუებისა და მშობლების ვაზთან ურთიერთობა, მისი განსაკუთრებული საკრალური როლი ჩვენს ოჯახში და ის სიხარული, რომელიც უკავშირდებოდა ვაზის ნებისმიერ სიკეთეს, ახალი ზვარის გაშენება იქნებოდა ეს თუ უბრალოდ მოსავლის კარგი წელი. ვიყენებთ კარგად დავიწყებულ, ტრადიციულ ქართულ ღვინის დაყენების მეთოდებს, რაც გულისხმობს ქვევრის პოტენციალის სრულად გამოყენებას (დუღილის ტემპერატურის კონტროლი და ა.შ.), გარდა ამისა, აქტიურად ვიყენებთ დავარგების სტადიაში მუხის კასრებს, რომელიც შესანიშნავ შედეგებს გვაძლევს.

უდაბნოში რომ იყოთ და მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინის ნატვრა ან წაღება შეგეძლოთ, თქვენს რომელ ღვინოს წაიღებდით?

⁃ ოჯალეშს, 2020 ქვევრი+კასრი.

როგორ წარმოგიდგენიათ საუკეთესო სცენარი ფესტივალის დღეს, 13 მაისს?

⁃ ღვინის ბევრი მოყვარული და ღვინის ბევრი მცოდნე, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა საინტერესო საექსპორტო  ქვეყნებიდან მაგ. იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპა, ამერიკა, კანადა და ა.შ.

მსოფლიოში რომელ ცნობილ ადამიანს, თუნდაც მეღვინეს, მწერალს, ან მსახიობს ისურვებდით, დაეჭაშნიკებინა თქვენი ღვინო?

⁃ ღვინის კრიტიკოსი, James Suckling.

გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ან სასიამოვნო მოგონება ფესტივალზე წარსული გამოცდილებიდან, როდესაც მხოლოდ ფესტივალის სტუმარი იყავით.

⁃ 2022 წლის ფესტივალი, უჩა მაჭარაშვილის ფანტასტიკური, ძველი ქართული, გადაშენების პირას მყოფი „რკოს“ აღმოჩენა <3

რას ფიქრობთ სხვა მეღვინეებზე, რომლებიც თქვენთან ერთად იქნებიან ფესტივალზე, მათ კონკურენტებად უფრო აღიქვამთ, თუ თანამებრძოლებად?

⁃ ქართველი მეღვინეები ერთმანეთის კონკურენტები ვერასოდეს გავხდებით. ვფიქრობ, ქართული ღვინის ხარისხი, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავწიოთ ერთიანი შრომით, რათა შევძლოთ ქართული ღვინის დაბრუნება ღვინის ტრადიციული ქვეყნების გვერდით. დღეს ამ ნაწილში ძალიან გვიჭირს. შესაბამისად, ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი და ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს ქართული მეღვინეობის განვითარებაში, ვართ თანამებრძოლები.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რჩევები ან რაიმე საიდუმლო თქვენი ღვინის დეგუსტაციისას?

⁃ გარდა კლასიკურებისა, ყველა ჩემ ღვინოს სჭირდება დეკანტაცია მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად, ამასთანავე, კარგად შეხამებული საკვები.

რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- ყოველ წელს ვაკეთებ ძალიან ბევრ ექსპერიმენტს. შესაბამისად, მომავალშიც ვაპირებ ასე გაგრძელებას. ძალიან მომწონს ციცქა-ცოლიკოურის კუპაჟი (კლასიკურად) 80/20 თანაფარდობით, რაც ჩვენი მარნისთვის 2022 წლის საკმაოდ წარმატებული ექსპერიმენტია, ვინაიდან, გავრცელებული მიდგომით, პირიქით პროპორციაა (ანუ, ცოლიკოური მეტი, ციცქა ნაკლები) მიღებული. რაც შეეხება ფესტივალის როლს, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ქართული მეღვინეობის ხვალინდელი დღისთვის. ფესტივალი, თავად მცირე მემარნეებისთვის არის ძალიან კარგი გამოცდილება, რადგან, ისინი, პირდაპირ მომხმარებლებისგან იღებენ ინფომაციას სასურველი ღვინოების, გემოებისა და არომატების შესახებ, რაც უბიძგებთ ახალი ექსპერიმენტებისა და მეტი ხარისხისკენ.

და ბოლოს, რა არის ის, რასაც იმედოვნებთ, რომ სტუმრებს თქვენი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ დღის ბოლომდე გაჰყვებათ ან დაამახსოვრდებათ?

- ჩვენი ყველა ღვინო გამოირჩევა ინდივიდუალიზმით. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, სტუმრებს, სწორედ ეს ინდივიდუალიზმი მოხიბლავს და მისცემს იმის მოტივაციას, რომ მომავალში, ჩვენი ღვინოები, აუცილებლად გასინჯონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული