Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახური რთველი დიდი წვიმებისა და გვალვის შემდეგ

ლევან სეფისკვერაძე

საქართველოს უმთავრეს მეღვინეობის მხარეში - კახეთში რთველი ერთ დროს და ერთ დღეს ცხადია არ იწყება. კახეთის მხარეები კლიმატურად და მდებარეობით ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მაგალითად, როდესაც დედოფლისწყაროელებს მოსავალი უკვე დაბინავებული და ჩაწურული აქვთ, ყვარლელებს შეიძლება დაკრეფილიც არ ჰქონდეთ. თუმცა, სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის შუა რიცხვები მაინც ის პერიოდია, როდესაც მთელს კახეთში რთველი უკვე დასრულებულია და მემარნეები ღვინის კარგად გამოზამთრებაზე ზრუნავენ.

ახალი ღვინის პირველ ჭაშნიკამდე ჯერ საკმაო დროა და რთულია წლევანდელი ღვინის სავარაუდო ხარისხზე ვისაუბროთ. თუმცა, 2022 წლის კახეთის რთველი და რთველამდე განვლილი მთელი წელი გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ წლევანდელი ღვინო გასული წლებისგან სრულიად განსხვავებული უნდა იყოს. განსხვავებული პირველყოვლისა მოსავლის წლიდან გამომდინარე.

სტატიაზე მუშაობის დროს ვიხელმძღვანელეთ რეგიონული პრინციპით და გავასაუბრეთ მევენახე-მეღვინეებს, რომლებიც ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და მიკროზონებში იწევენ. კახელი მევენახეების უმეტესობა ამბობს, რომ აპრილიდან-ივნისის ბოლომდე გახშირებულმა წვიმებმა და ამის თანმდევმა ვაზის დაავადებებმა ვენახებს დიდი პრობლემები შეუქმნა.

პრობლემური იყო ივლისი-აგვისტოც. თუკი მთელი გაზაფხული წვიმდა, ზაფხულის ბოლოს თელავში, ახმეტაში, გურჯაანსა და სიღნაღში ერთი წვეთი წვიმაც კი არ ჩამოვარდნილა. გვალვის გამო მევენახეებმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს. იყო ვაზის ხმობის შემთხვევები. ერთ-ერთმა მევენახემ ისიც კი გვითხრა, რომ პრობლემური წლის გამო მის ვენახს დამწიფება ისე გაუჭირდა, მთელი მოსავლის ქარხნისთვის ჩაბარებას აპირებდა. თუმცა, მოსავალს საბოლოოდ მაინც ვერ შეელია და ახლა მისი ღვინო ქვევრებში დუღს.

„ღვინის კლუბის“ ძველი მეგობარი, გიორგი იორამაშვილი ერთ-ერთი იშვიათი ახალბედა მევენახეა, რომელიც 2022 წლით კმაყოფილია. მას წელს მოსავალი არ აუღია იმ მატივი მიზეზით, რომ ახმატის სამ სოფელში ვენახი წელს გაზაფხულზე გააშენა. გიორგი ამბობს, რომ ახალშენი ვენახისთვის გასული წელი შესანიშნავი იყო.

გიორგი იორამაშვილი, დამწყები მევენახე-მეღვინე: „მე საწუწუნო არაფერი მაქვს. ახმეტაში მთელი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისში დიდი წვიმები იყო და რაც ჩავყარე ყველა ძირმა ვაზმა შესანიშნავად გაიხარა. გასაოცარია, მაგრამ ვაზის ხმობის ერთი შემთხვევაც კი არ მქონია. იგივეს ამბობენ სხვა მევენახეები, რომლებმაც წელს ჩაყარეს ვენახი. კახური იშვიათი ჯიშებით ვარ დაინტერესებული და ქისტაურში და არგოხში ცნობილი და გავრცელებული კახური ვაზის ჯიშების გარდა, ახმეტის წითელი, ღრუბელა და მცვივანი გავაშენე. იმედია ყველაფერი ისე კარგად გაგრძელდება, როგორც დაიწყო“.

სამაგიეროდ გვალვას უჩივიან ქიზიყელები. მევენახე-მეღვინე დავით მოსულიშვილის ვენახები სოფელ ხორნაბუჯში, ისტორიულ ქიზიყში მდებარეობს. დათო ამბობს, რომ მათთან რთველი ნორმალურად ჩატარდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გვალვის გამო ყურძნის სიმწიფის პერიოდი ერთი კვირით ადრე დადგა.

დავით მოსულიშვილი, მარანი „დანო“: „2022 წელი ნორმალურად შეიძლება შეფასდეს. მავნე ორგანიზმების გავრცელების მხრივ დიდი პრობლემები არ გვქონია. ცოტა გვალვამ შეგვაწუხა, თუმცა განსაკუთრებით არაფერი, თუ არ ჩავთვლით ახალშენ ვაზს, სადაც დანაკარგი გვაქვს.

წელს გვქონდა ვარდისფერი რქაწითელის პირველი მოსავალი, რომლის ღვინო გაზაფხულზე გვექნება. ასევე წელს გვაქვს პირველი „პეტნატის“ მცდელობა და ვატარებთ ექსპერიმენტს. ამ ცქრიალა ღვინოში 80% იქნება რქაწითელი, დანარჩენი კი მწვანე, ბუერა, გრძელმტევანა, ხიხვი და ქისი“.

დედოფლისწყაროდან გადავინაცვლოთ სიღნაღში. ტიბაანელი მევენახე-მეღვინე შალვა ნატროშვილი ამბობს, რომ წელს გვალვების გამო მისი მთავარი მოტივაცია მოსავლის მიღებაზე მეტად ვაზის გადარჩენა იყო. შალვა ვენახს ბუნებრივი მევენახეობის პრინციპებით უვლის და მისი აზრით, სწორედ ამ პრინციპების დაცვა დაეხმარა იმაში, რომ ვენახი სრული ხმობისგან გადაერჩინა.

შალვა ნატროშვილი, „შალვა ნატროშვილის საოჯახო მარანი“: „მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი საკმაოდ რთული, გვალვიანი წელი იყო, წლევანდელი რთველი მაინც შედგა. ტიბაანის მიკროზონაში ივლის-აგვისტოში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. წვიმა საერთოდ არ ყოფილა ამ პერიოდში. სიმართლე გითხრათ, მოსავალზე იმდენად აღარ ვფიქრობდი, რამდენადაც ჩემი მთელი ყურადღება გადატანილი მქონდა ვაზის გადარჩენაზე. სექტემბერში წვიმებიც მოვიდა, ვაზიც გადარჩა და მოსავალიც გვაქვს. წლის სირთულიდან გამომდინარე, რთველი 2022 წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის 80% უკვე დაბინავებული გვაქვს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ბუნებრივი მეთოდებით მოვლილი ვაზი უფრო გამძლე და ამტანია გარემო პირობების მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის ხასიათზე და მის სიჯანსაღეზე“.

გვალვამ შეაწუხა გურჯაანელებიც. სოფელ ახაშენთან, ცნობილ ფაფრის ველზე მევენახეებმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს. თუმცა, ამ პრობლემას გადაურჩა მარანი „ფაფარი ველი“, რომლის მფლობელი ნუკრი ქურდაძე იმასაც კი ამბობს, რომ 2022 წელი მათთვის განსაკუთრებულად კარგი იყო.

ნუკრი ქურდაძე, „ფაფარი ველი“: „ზოგადად ფაფრის მინდვრებზე გვალვამ ძალიან შეაწუხა ვენახები. ჩვენთან გაუძლო და საფერავის რეკორდული რაოდენობა მივიღეთ. რთველი 21 აგვისტოს დავიწყეთ და შაქარი უკვე მაშინ 25-26 იყო.

ჩვენთვის ერთ-ერთი კარგი წელი იყო. ალბათ სამ საუკეთესო ვინტაჟში შევა. მაგრამ ეს ზოგად სურათს სამწუხაროდ არ ასახავს. ვიცი რომ კახეთში 2022 ძალიან რთული წელი იყო“.

საგარეჯოში როგორც წესი მთელს კახეთში ყველაზე გვიანაა რთველი. თუმცა, მეყურძნეები (ადამიანები, რომლებსაც მეღვინეობასთან არაფერი აკავშირებთ და მხოლოდ ყურძნის მოყვანაზე და გაყიდვაზე არიან სპეციალიზებული) თბილისთან ტერიტორიული სიახლოვის გამო საგარეჯოში ხშირად ძალიან ადრე კრეფენ ბოლომდე მოუწეველ ყურძენს. ამის გამო, სახელდახელოდ მოწყობილ თბილისის ყურძნის ბაზრობებზე სრულიად მკვახე ყურძენსაც ხშირად შეხვდებით.

როდესაც მცირე მარნის, "ჯუსოს" წარმომადგენელ ლაშა ხვედელიძეს გავესაუბრეთ, მათთან რთველი ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული. თუმცა, საგარეჯოელები გასულ წელს მაინც დადებითად აფასებენ და განსაკუთრებულად ხარისხიანი მოსავლის იმედიც აქვთ.

„ჯუსოს მეღვინეობის" ვენახები საგარეჯოში, მდინარე იორისა და თვალთხევის პირზე მდებარე კოსტაფეს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ლაშა ხვედელიძე, „ჯუსოს" მარანი: „რთულია იმაზე საუბარი, როგორი ღვინო იქნება და რა ხასიათიs იქნება. თუმცა იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ წელს დაავადებების მხრივ ძალიან კარგი წელი იყო. თითქმის საერთოდ არ ყოფილა ჩვენთან ვენახის სოკოვანი დაავადება, რაც მევენახისთვის დამეთანხმებით ძალიან ბევრს ნიშნავს. აგვისტოში კი იყო გაუსაძლისი სიცხე, მაგრამ წესით შაქარი და მჟავიანობა მაინც დაბალანსებული უნდა იყოს".

განვლილ ზედმეტად ცხელ და გვალვიან ზაფხულზე სწუხან თელაველებიც. გვალვის გამო იქაც ბევრმა დაკარგა მოსავლის რაოდენობა და ხშირი იყო ვენახის ხმობის შემთხვევებიც. კონდოლელი მევენახე-მეღვინე გიორგი ღვარძელაშვილი გვეუბნება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში და მიმდებარე სოფლებში ვინც შეძლო და ვენახი მორწყა, იმათ მოსავლის კუთხით შედარებით კარგი სიტუაცია აქვთ. თუმცა უმეტესობამ ეს ვერ მოახერხა.

გიორგი ღვარძელაშვილი, „ღვარძელაშვილის მარანი“: „რთველი ნორმალურად მიდის, მაგრამ ეს წელი იყო ძალიან ცუდი, იქიდან გამომდინარე, რომ მოსავალი არის დაბალი ხარისხის. მთელი წელი დიდი სიცხის და გვალვის გამო ვაზის ძირები ხმებოდა. ვინც ჩვენსკენ წელს მოახერხა და ვენახი მორწყა, შედარებით კარგი მდგომარეობა აქვთ. მათ ასე თუ ისე მიაღწიეს შაქრიანობასაც, სიმჟავესაც და რაღაც ბალანსი ეჭირათ. თუმცა, უმეტესობამ სხვადასხვა მიზეზებით ვერ შევძელით მორწყვა და რთული სათქმელია საბოლოოდ რა იქნება. სიმართლე რომ გითხრათ, წლევანდელი წლით არ ვარ კმაყოფილი და დანარჩენი ღვინოში გამოიხატება“.

მევენახე ირაკლი ზუმბაძე წლევანდელი რთველის მთავარ პრობლემად მუშახელის სიმცირეს და რთველის სუბსიდირებას ასახელებს.

ირაკლი ზუმბაძე, შპს „აკურა“: „ჩვენს შპს-ს ბევრი ვენახი აქვს და ყურძენს ვყიდით კიდეც. წელს ნორმალური მოსავალი გვქონდა. ჩვენი ყურძენი ხარისხით, წამლობის ჯერადობით, ვენახის მოვლის პრინციპით, აგრონომიული მიდგომებით, გლეხების ყურძენს ნამდვილად უწევს კონკურენციას. 27 აგვისტოს დავიწყეთ კრეფა და რთველის პროცესი ახლაც გრძელდება. ესაა რთული და პრობლემური პროცესი, რადგან კვლავ დიდი პრობლემაa მუშახელის კუთხით. ადრე არ ჭირდა მუშახელი, მაგრამ ახლა უკვე რთულია მუშის შოვნა. ასევე არ მესმის რა საჭიროა რთველის სუბსიდირება. კარგ ყურძენს დაწესებულ ფასზე ძვირადაც კი ვყიდით და რატომ უნდა მიგდეnდეს სახელმწიფო ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ უხარისხოც გაიყიდოს?“.

2022 წლის რთველის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ქალი მევენახე-მეღვინე თაკო ჟურულიც, რომელსაც მარანი და ვენახები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში აქვს

თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს მარანი“: „18 სექტემბერს დავკრიფეთ ჩვენი ყურძენი _ ძირითადად რქაწითელი, ცოტა კახური მწვანე და ძალიან ცოტა იყალთოს წითელი. არასდროს ასე ადრე რთველი არ გვქონია - 7 ოქტომბერს დავკრიფეთ შარშან, 29 სექტემბერს შარშანწინ, 20-ში იმის წინ. ყოველი წლის მოსავალი და ყოველი მოსავლით დაყენებული ღვინო მახსოვს. და ყოველი წლის ღვინის ავკარგიანობას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, სწორედ რთვლის თარიღს ვუკავშირებ. ჩემს ჩანაწერებშიც ასეა, რომ ყველაზე კარგი ღვინო მაშინ დადგა ჩვენს მარანში, როცა ყურძენი დაიკრიფა სიმწიფის ზღვარზე, ასე ვთქვათ განვითარების პიკში, არც უმწიფარი და არც გადამწიფებული, ანუ ყველასთვის ცნობილ და სასურველ „სრულ სიმწიფემდე“ არმისული.

თუმცა ყოველთვის ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა, შესაბამისად გვქონია წელიწადები, მაგალითად 2018, როცა არ გაგვიმართლა, დაგვიკრეფია რქაწითელი ჩვენთვის დაგვიანებით, 25-ზე მაღალი შაქრით და შემდეგ ვეღარ მოგვივლია ღვინისთვის.

არასდროს არ ვარ კმაყოფილი არც რთვლის თარიღით, არ ქვევრების მომზადებით, სულ ვღელავ და ვფორიაქობ. ქვევრების იდეალურ სისუფთავეს ეჭვის თვალით ვუყურებ, ვთვლი, რომ ბოლომდე არ მოვინდომე, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა, შემდეგ რთვლის დღეც დგება და ყოველ ჯერზე მგონია, რომ ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან უნდა დამეკრიფა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ დღეს. თუმცა როცა მკრეფავები გამოჩნდებიან და მარანში პირველი ყუთები შემოვა, ყველა ნერვიულობა გვავიწყდება“.

განვლილ წელს მაინცდამაინც არც ყვარლელები და ლაგოდეხელები ემადლიერებიან. თუმცა, ყველა მევენახე-მეღვინე ამბობს, რომ წლის მოსავლის რაობა საბოლოოდ ყველაზე კარგად ღვინოში გამოჩნდება და საამისოდ 2023 წლის გაზაფხულამდე მოგვიწევს მოცდა. გაზაფხულზე კახელები ზამთარგამონატარებ ქვევრებს გახსნიან და ახალი ღვინის პირველი ჭაშნიკიც იქნება.

ერთი ისაა, რომ მემარნეებისგან განსხვავებით, ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნახსენებმა მეყურძნეებმა წელსაც გვარიანად იხეირეს და ნებისმიერი ხარისხისა თუ საღვინე ღირებულების ყურძნის დიდი ქარხნებისთვის ჩაბარება შეძლეს. ეს ცხადია განპირობებულია იმით, რომ ბოლო სამი წელია ისევ აღდგა კახეთში რთველის სუბსიდირების ტრადიცია და როგორც მცირე მარნების, ასევე „ღვინის კლუბის“ მრავალი მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო უარს მაინც არ ამბობს ყოველ წელს რთველის სუბსიდირებაზე. წელს ბიუჯეტიდან კახური რთველის დაფინანსებაზე 150 მილიონი ლარი გამოიყო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული