Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახური რთველი 2019 ახალი და ნაცნობი ამბებით

ლევან სეფისკვერაძე

საქართველოში რთველი 2019 ტრადიციულად კახეთიდან დაიწყო და შესაბამისად ყურძნის კრეფა პირველად კახეთში დასრულდა. ადგილობრივი მევენახეები ყურძნის მწიფობის პერიოდს და მიღებული მოსავლის ხარისხს სხვადასხვაგვარად აფასებენ და ეს იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში სტიქიამ რამდენად დააზარალა მევენახეები.

კახურ რთველს ტრადიციულად თან სდევს ე.წ. მეყურძნეების (აქ აუცილებელია გავმიჯნოთ მევენახე-მეღვინეები და ე.წ. მეყურძნეები) პროტესტი, რომლებიც მათ მიერ მოწეული ყურძნის სიიაფესა და ხშირ შემთხევაში უხარისხობასაც კი საკუთარი თავის გარდა ყველას აბრალებენ - დაწყებული ხელისუფლებიდან და დასრულებული დიდი ქარხნების მფლობელებით. ამ ადამიანებისთვის რთველი საშინელი რუტინაა, რომელიც მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ წელს სახელმწიფო რას გამოიმეტებს და როგორი ფორმით მოხდება რთველის სუფსიდირება.

საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, რთულია ნახო კაცი, რომელიც უარს იტყვის რაიმეს ჩუქებაზე, გადაცემაზე, მიცემაზე. მით უმეტეს მაშინ, თუკი ამას სახელმწიფო აკეთებს. სახელმწიფო, როგორც ერთი მთლიანობა და “მუდმივი სიკეთის წყარო” და არა სახელმწოფო როგორც საერთო სალაროს განმკარგავი. მევენახეები ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან მიეჩვივნენ იმას, რომ სახელმწიფო საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევდა მათ მიერ მოწეული კარგი თუ უხარისხო ყურძნის გასაღებას, რამაც დარგის წინსვლას ხელი სულაც არ შეუწყო და მუდმივად დოტაციაზე ყოფნამ (რასაც შემდგომში რუსული მყიფე ღვინის ბაზრის გახსნაც დაემატა) მევენახეებს სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი დახმარების ბრმა ილუზიები გაუჩინა, რამაც რთველი სახელმწიფოს ერთ დიდ პრობლემად უქცია.

თუმცა კახური მეღვინეობა პირველ ყოვლისა მევენახეობაზე დგას და სულ უფრო მეტად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყურძნის მოსავლის გაბევრებისათვის (რაც შემდგომში ყურძნის ფასს მკვეთრად დაბლა სწევს) ათასგვარ ეშმაკობას არ ხმარობენ და მათი ინტერესი მხოლოდ ხარისხიანი ყურძნისგან კარგი ღვინის მიღებაა. 

თორნიკე ლომთაძე, "ლომთაძეების მარანი“: “სოფელ ველისციხეში მეოთხე წელია ვენახს მხოლოდ სპილენძით, გოგირდით და ბალახის ნაყენებით ვუვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადაპტაცია გაიარა ვაზმა და წელს ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავალი მოგვცა. სამ ადგილზე გვაქვს ვენახი, აქედან ერთი მაისში დაისეტყვა და თითქმის განახევრდა მოსავალი, ხოლო მეორე ვენახი სექტემბრის დასაწყისში დაისეტყვა. არ ქონდა შესაბამისი შაქრიანობა და მოკრეფა მოგვიანებით შევძელით, რის გამოც მოსავალი ნაკლები და თან დაზიანებული ავიღეთ. დაზიანებული მოსავალი ცალკე დავწურეთ და ვნახავთ რა შედეგს გამოიღებს ღვინოში.

გვალვას რაც შეეხებაб აგვისტოში წვიმა საერთოდ არ მოსულა და ვენახებს ძალიან გაუჭირდა, რის გამოც მარცვალი ვერ დაამსხვილა. წლევანდელი რთველი ჩვენთვისб შარშანდელთან შედარებითб მიუხედავად ჩამოთვლილი მიზეზებისაб მაინც უხვმოსავლიანი იყო. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ირგვლივ მოსავლიანობას არავინ უჩიოდა თუმცა ფასი არ მოსწონდათб ქარხანაში ჩასაბარებელი.

მაქსიმალურად ვცდილობთ ავუხსნათ ხალხს, რომ ქარხანაზე გათვლილი ყურძენი ვერასდროს იქნება ღირებული და ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ბიო მეთოდებზე გადასვლა, რომ ზომიერი მოსავალი მოიყვანონ, რაც გააუმჯობესებს ყურძნის ხარისხსაც და ფასსაც".

როგორც კახელები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარშანწინ ოფიციალურად გაცხადდა, სახელმწიფო კახეთის რთველს აღარ დააფინანსებდა, ფაქტია, რომ რქაწითელის ფასის 60-70 თეთრამდე დაცემამ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა წევანდელი რთველი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთში მიღებული მოსავლის აღრიცხვა მეტი სიზუსტით განახორციელეს, რაც აქამდე მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა.

ანა თავთეთრაშვილი, მევენახე-მეღვინე: “ჩვენი ვენახები აროს გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში. რთველი დავიწყეთ 12 სექტემბერს და ახლა მხოლოდ "სახლის ვენახიღა"დაგვრჩა დასაკრეფი. ოთხი ჯიშის ყურძენი გვაქვს - საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე და ალადასტური. ქისი ჯერ ორი წლისაა და მომავალში გვექნება. მოსავალი კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვალვა იყო. ჯამურად თითქმის 200 ტონამდე დავწურეთ საკუთარი ყურძენი.

- როგორც ჩანს წლევანდელ მოსავალს არ უჩივით...

- მიუხედავად კარგი მოვლისა, რქაწითელის ნაწილი დააზიანა თეთრმა პეპელამ, რამაც ყურძნის ხარისხზე იმოქმედა (როგორც ჩემი ძმა ამბობს, ერთ ზოლზე იყო გავრცელებული ყველა ვენახს არ შეხებია). ამიტომ დაზიანებული ყურძენი შინ არ დაწურა და სხვა ქარხანას ჩააბარა, რომელიც დაზიანებულ ყურძენს იბარებდა. ამ მხრივ თუ გვალვის მოქმედებას და ამ პეპელას ნაწილობრივ ზიანს გავითვალისწინებთ, რქაწითელის მოსავალი დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული წინა წელთან შედარებით.

საერთო ჯამში ჩვენ უკმაყოფილო არ ვართ, რადგან საკუთარ ყურძენს ჩვენივე მარანში ვაბინავებთ და საბედნიეროდ, წლებია მოვახერხეთ და მუდმივად ხარისხიანი ღვინის მიწოდებით ჩვენი ერთგული მომხმარებელი გვყავს. უდიდეს გამოწვევად რჩება კვლავაც შხამქიმიკატების და სასუქების ხარისხი. ეს ძალიან საყურადღებოა, რადგან არავითარი გარანტია არ არის, რომ ინსტრუქციის მიხედვით გამოყენების შემთხვევაშიც კი საღ და უსაფრთხო მოსავალს მიიღებ. ეს ძალიან გვაღელვებს. ძვირიან ვითომ შემოწმებულ სასუქებსაც რომ იყენებ კონსულტანტი გეუბნება, რომ კი აწერია მაგალითად 100 ლიტრზე 1 ლიტრი მაგრამ 2 ლიტრი უნდაო. ანუ ან ვადაგასულია, ან ჩვენთან პარაზიტებს და ვაზის დაავადებებს უკვე რეზისტენტობა აქვს ამ წამლების მიმართ.

ყოველი კილო ყურძნის მიღებას ესწრებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოდან წარმომადგენელი. თვითონ წონიდნენ და თვითონვე ტვირთავდნენ ვებ-გვერდზე. აბსოლუტური კონტროლი იყო შარშანდელთან შედარებით. შარშან მარტო საფერავი აკონტროლეს“.

გუჯა გოდერძიშვილი, “გოდერძიშვილების მარანი“: “ჩვენსკენ, სოფელ ბაკურციხეში გლეხები კმაყოფილები არიან მოსავლით, თუმცა ტრადიციულად კვლავ უკმაყოფილებაა ყურძნის ფასის გამო. წელს მართლაც კარგი წელი იყო. მოსავალიც წინა წლებთან შედარებით უკეთესი იყო როგორც ხარისხობრივად ისე მოცულობით. მცირე პრობლემები ზაფხულის გვალვამ შეუქმნა ვაზს, თუმცა მოსავალი მაინც გადარჩა. რთველის შემდგომ სითბოებმა საშუალება მისცა ღვინოს დროულად და ბოლომდე დადუღებულიყო. როგორც მე ვიცი ანალოგიური სიტუაცია იყო მთელ კახეთში“.

ვაჟა კასრელიშვილი, “მარანი კასრელი“: “ყვარელში ყურძენი ხარისხიანი მივიღეთ. ცოტა ახალგაზრდა ვაზს გაუჭირდა, გვალვამ შეაწუხა. დიდმა ვენახებმა უფრო გაუძლო და შემოდგომის წვიმებმაც მოუსწრო. საერთო ჯამში ალბათ სადღაც ასე 20 ტონა ყურძენი დავკრიფეთ. სეტყვას წელს გადავურჩით. ვინც ყურძენს აბარებს მათთვის წელსაც პრობლემები იყო. განსაკუთრებით რქაწითელს გაუჭირდა. 2-3 ქარხანა იღებდა და ხალხი ღამეებს ათევდა. საფერავის მიღებაც გვიან დაიწყეს“.

რთველის ლოგიკური გაგრძელება რა თქმა უნდა ღვინოა, რომლის ხარისხზეც მეღვინეები წელს დიდ იმედებს ამყარებენ. 2019 წლის რთველის მოსავლის ხარისხსა და ღირსებებს კი ტრადიციულად გაზაფხულზე გასამართი “ახალი ღვინის ფესტივალი“ გამოაჩენს, სადაც ღვინის მოყვარულებს სწორედ გასული წლის ღვინოების გასინჯვა შეუძლიათ. წლევანდელი კახური რთველის შედეგებიც ყველაზე უკეთ გაზაფხულზე გამოჩნდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ძირითადად გეთანხმებით. ზუსტად ამ პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა "ყურძნის ბირჟა". საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა რთულია მევენახის მდგომარეობა, ვისაც აქვს სურვილი, ხარისხიანი ყურძენი მოიწიოს და ადექვატურ ფასად გაყიდოს, იმ ფონზე, როდესაც ბევრი ცდილობს ხარისხის ხარჯზე მოსავლის მასა გაზარდოს და ამ გზით მოგება ნახოს. შედეგად, ყველა ყურძენი ერთიანად, ხარისხიანიც და უხარისხოც უმდაბლესი და უხარისხოს ფასში ბარდება ქარხანაში. იმედია, ბირჟა მომავალ წელს უფრო მეტ გამოხმაურებას პოვებს და რაც მთავარია, პირველ რიგში ხარისხიანი ყურძნის გამყიდველს დააკავშირებს სათანადო მყიდველს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული