Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

განსაკუთრებული და უხვმოსავლიანი რთველი იმერეთში

ლევან სეფისკვერაძე

იმერეთში რთველი უკვე დასრულდა. მიმდინარე წელი ამ რეგიონის მევენახეებისთვის ნამდვილად არ ყოფილა ცუდი. ეს განსაკუთრებით იმ ფონზე ჩანს, როდესაც მევენახეები შარშანდელ და შარშანწინდელ საკმაოდ რთულ წლებს იხსენებენ. როგორც იცით, ზესტაფონში შარშან ნაადრევმა ყინვებმა ბევრ მევენახე-მეღვინეს გაუფუჭა მოსავალი, ზაფხულში კი მავნებელმა დაავადებებმა დიდი კვალი დაატყო მთელი წლის მოსავალს. წლევანდელ რთველს ადგილობრივი მევენახე-მეღვინეები მთლიანობაში დადებითად აფასებენ, თუმცა პრობლემებზეც საუბრობენ..

დავით კაპანაძე, მევენახე-მეღვინე, “ტყლაპის მარანი“: “ჩვენთან, ზესტაფონის სოფელ ქვემო საზანოში მოსავლიანობის კუთხით წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მცირე მოსავალი მივიღეთ. თუმცა ხარისხს არ ვუჩივით. შაქრიანობის დაგროვება მოასწრო ყურძენმა 21-22 პროცენტამდე, რაც ჩვენი ყურძნისათვის (ციცქა, ცოლიკოური) მისასალმებელია. ოცხანური საფერეც 22% შაქრიანობაზე დავკრიფეთ (წვიმიანი ამინდის მოლოდინი იყო დიდი). საბედნიეროდ სეტყვა ნაკლებად არის ხოლმე ჩვენთან. გვალვა წელს არ ყოფილა, მეტწილად წვიმიანი ამინდი იყო, თუმცა არც ისეთი, რომ პრობლემები შეგვქმნოდა. მთლიანად იმერეთში ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ კარგი მოსავალი იყო და რთველი წელსაც (შარშანდელივით) ადრე დაიწყო“.

მიუხედავად იმისა, რომ მევენახეობა ქვემო იმერეთის პრაქტიკულად ყველა სოფელშია განვითარებული, ღვინისთვის საუკეთესო პროდუქტის მომცემი ვაზით განსაკუთრებით ცნობილი სოფლებია: სვირი, დიმი, საზანო, ობჩა, ახალთერჯოლა, ფერსათი, ვანი, საკუთრივ ბაღდათი და მისი შემოგარენი და სხვა... იმერეთში მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციის უწყვეტობის მიუხედავად, სამწუხაროდ რეალობის ნაწილია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი კოლმეურნეობების კუთვნილი ვენახების უდიდესი ნაწილი დღეს განადგურებულია და შესანიშნავი ფერდობები ტყუილად ცდება. ასევე, ბევრ ოჯახში ვერ გაქრა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ფესვგადგმული, შაქარ-წყლით ღვინის გაბევრების მავნე ტრადიცია, ბევრია ვენახის არმქონე ოჯახი და სხვა... თუმცა დადებითი ტენდენციებიც თვალშისაცემია.

ლაშა გურული, ახალთერჯოლელი მევენახე-მეღვინე, მარან “ლაშა გურულის მარან ენკენის“ მფლობელი: “ წლევანდელ რთველს დადებითად შევაფასებ. ხარისხიანი ყურძენი მივიღეთ. ჯამში 4 ტონის რაოდენობის. ამინდების მხრივ კარგი წელი იყო. ინტენსიური გვალვები არ ყოფილა. წვიმები კი იყო რთველამდე ერთი თვით ადრე საჭიროზე მეტი, თუმცა არსებითი გავლენა ყურძნის ხარისხზე არ მოუხდენია. სეტყვა ჩემთან არა, მაგრამ იყო ჩემი პარტნიორი მევენახის ვენახში სოფელ ზედა საზანოში, ვისგანაც ვახდენ ნაწილი ყურძნის შესყიდვას. ამან სამწუხაროდ გავლენა მოახდინა მოსავლის რაოდენობაზე და საერთო ხარისხზეც. ზოგადად რთველი 2019 იმერეთისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ბევრმა მეურნემ აღნიშნა, რომ იმაზე გაცილებით მეტი მოსავალი მიიღეს, ვიდრე მოელოდნენ. ეს ითქმის სამივე დიდ რაიონზე - თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი. ღვინის დუღილის პროცესი ამჟამად დასასრულს უახლოვდება და ღვინოების ხარისხიც ჩემთან იმედისმომცემია“.

ბოლო პერიოდში ძალიან ცნობილი და პოპულარული გახდა ქალაქ ბაღდათში არსებული “გაიოზ სოფრომაძის მარანი“, რომელიც რამდენიმე დასახელების იმერულ ღვინოს ბუნებრივი მეღვინეობის წესების დაცვით აწარმოებს და ეს ღვინოები საქართველოს გარდა, ევროპაშიც იყიდება. ამ მარნის წარმომომადგენელი, გოგა სოფრომაძე ამბობს, რომ მათთვის წლევანდელი წელი უხვმოსავლიანი იყო.

გოგა სოფრომაძე, “გაიოზ სოფრომაძის მარნის“ წარმომადგენელი: “იმერეთისთვის დამახასიათებელი კლიმატიდან გამომდინარე, სულ ახლახანს დასრულებული რთველი იყო ბარაქიანი და უხვმოსავლიანი. ჩვენ მივიღეთ 13 ტონამდე ყურძენი და ყურძნის რვა ჯიშიდან ცხრა სხვადასხვანაირი ღვინო გვექნება. წელს ამინდი შეიძლება ითქვას მეტწილად ნალექიანი იყო, მაგრამ მოსავლის აღების პერიოდი მთვარის კალენდრით მშრალი გახლდათ. ზაფხულში ზოგიერთი სოფელი დაისეტყვა, თუმცა ჩვენ გადავრჩით. ზოგადად წლევანდელი წელი იყო ნორმალური და წინა წლებთან შედარებით უხვმოსავლიანი“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში ვენახი და მარანი აქვს ამერიკელ მეღვინე ქალს, ენეკ პეტერსონს, რომელიც ნატურალურ ღვინოს ასევე ყოველგვარი მინარევებისა და ფილტრაციის გარეშე ამზადებს. ღვინის მიყვარულებში "ენეკის" ღვინო დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს.

ენეკ პეტერსონი, მევენახე-მეღვინე: “წლევანდელი წელი ნამდვილად დავაფასე, რადგან ძალიან კარგი ყურძენი მომივიდა. თუმცა რთველამდე უცნაურად მწიფდებოდა და მეშინოდა, რომ ვერ მივიღებდი იმ ხარისხის მოსავალს, რაც მინდოდა. ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა. წელს მოსავლის რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მანამდე ოდესმე ყოფილა. პრობლემა ის იყო, რომ სიცხის გამო ზაფხულში რაღაც რაოდენობის ყურძენი დაიწვა. წელს მშრალი ზაფხული იყო და ამიტომ ადრე მოვრჩი ვენახის შეწამვლას“.

იმერეთის მეღვინეობაში ბაღდათის მუნიციპალიტეტი უდავოდ გამორჩეულია. ბაღდათში უკვე არის წარმატებული მცირე მარნების რამდენიმე მშვენიერი მაგალითი. თუნდაც ის რად ღირს, რომ უკვე საკმაოდ ცნობილი აბულაძეების საოჯახო ვენახი და მარანი სოფელ ობჩაში მდებარეობს, რომელიც ასევე ცნობილ სახელობით ღვინოს - “ბაიას ღვინოს“ აწარმოებს. ცოტა ხნის წინ ღვინის მოყვარულთა რუკას დაემატა, ჭრელაშვილების ოჯახის მიერ სოფელ დიმში შექმნილი ახალი მარანი “ღვინის ფერდობი“ და სადეგუსტაციო სივრცე. ოჯახის უფროსი, თემურ ჭრელაშვილი ცნობილ ადგილობრივ ცოლიკოურს ქვევრში აყენებს და ჭრელაშვილებს იმედი აქვთ, რომ მათი ხარისხოვანი ღვინით მომავალში ბევრი ადამიანი დაინტერესდება.

ხარისხიანი ღვინის დაყენების კუთხით თავს არც ზესტაფონელები, თერჯოლელები და ვანელები ირცხვენენ. ზესტაფონის სოფელ კვალითში მდებარე “არჩილ გუნიავას მარნის“ მფლობელი არჩილ გუნიავა ღვინოს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ყიდის და ეს იმ პირობებში, როდესაც დიდი ვენახები არ გააჩნია. გუნიავა წლევანდელი რთველით კმაყოფილია და ამბობს, რომ წელს ყურძენი სასურველ პერიოდში დამწიფდა.

არჩილ გუნიავა, მევენახე-მეღვინე: “წლევანდელი რთველი განსხვავებული იყო ბოლო წლებისაგან პირველ რიგში იმით, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად დამწიფდა ყურძენი ჩვეულ ვადებში და ჩვეული შაქრიანობით. რთველი დავიწყეთ სექტემბრის ბოლოს კრახუნათი, რომელიც გამოირჩეოდა ზომიერი შაქრიანობით (20-21%) და ცოტა მომეტებული მჟავიანობით. ცოლიკოურის და შემდეგ ციცქის სიმწიფეც ძველ, ჩვეულ დროს დადგა - ოქტომბრის შუა რიცხვებში. ამის მიზეზი წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურა და ნალექების შედარებით თანაბარი განაწილება უნდა ყოფილიყო.

- სეტყვას, ნაადრევ ყინვებს ან გვალვას ხომ არ შეუწუხებიართ?

- შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე წელს პირველად არ შევუწუხებივართ გვალვას. ჩემსკენ არც სეტყვა ყოფილა, განსხვავებით მეზობელი სოფლისგან, თუმცა არც იქ დაუზიანებია დიდად. ჭრაქისა და ნაცრის მხრივაც არ იყო კატასტროფული მდგომარეობა. მაის-ივნისში კი გაჩნდა ეს დაავადებები, მაგრამ სწორი და დროული წამლობებით ადვილად დავძლიეთ. საერთო ჯამში შეილება ითქცას, რომ ხარისხის დამაკმაყოფილებელი წელი იყო. რაც შეეხება რაოდენობას - ამდენი მოსავალი დიდი ხანია იმერეთში არ უნახავთ. ყველა აღიარებდა, რომ მოსალოდნელზე 50-60-70%-ით მეტი ყურძენი მოუვიდა“.

გიორგი მელაძე თბილისელი ღვინის ენთუზიასტია, რომელმაც მეგობრებთან ერთად წელს მოსავალი იმერეთის რამდენიმე სოფელში მოიწია და ღვინოც ახლადშექმნილ “სამეულის მარანში“დააყენა. გიორგი იმერეთის სხვადასხვა სოფელში ჩატარებულ რთველზე საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს.

გიორგი მელაძე, ღვინის ენთუზიასტი: "იმერეთისთვის წელი ძალიან კარგი და ზომიერი იყო. იყო მცხუნვარე მზეც და წვიმებიც. აგვისტო-სექტემბრის პირველ ნახევარში სამჯერ იწვიმა კარგად და მარცვალი სავსე იყო. რთველობისკენ უკვე მზემ იმუშავა და კრახუნას შაქრიანობა 24%-ზე ავიდა. პირველი სვირის თავში, ფერდ ადგილებზე. ჩვენ რამდენიმე ადგილი გვაქვს შეგულებული და 1.5 ტონამდე ავედით წელს. დავკრიფეთ მოუვლელი ვენახები და კმაყოფილები ვართ კრახუნას მოსავლით. ცოლიკაური არ იყო კარგი შაქრიანი და მომავალ წელს ობჩის ვენახებში უნდა ვცადოთ. სეტყვა იყო და შემდგომში კარგად მოვიკვლევ დასეტყვილ ადგილებს. მოსავალს იმერლები წელს არ უნდა უჩიოდნენ, ბევრს ქონდა დატვირთული ვენახი და შაქრიანობა ვერ აკრიფა ყველგან. ჩვენ რთველი დავიწყეთ 19 სექტემბერს და მაგალითად სოფელ ზედა საქარაში 12 ოქტომბერს დაკრიფეს. მაგ დროს ღამეები უკვე გრილი იყო".

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვენახის მქონე იმერელი მეღვინეების დიდი ნაწილი წლევანდელ რთველზე საუბრისას ყურძნის მაღალშაქრიანობას უსვამენ ხაზს. იმერეთისთვის ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის და ყოველთვის ჭირდა რთველის იმ დროს დაგეგმვა, როდესაც ყურძენიც შაქრიანობის პიკზე იქნებოდა და მოსავლის რაოდენობის შენარჩუნებაც იქნებოდა შესაძლებელი. წელს ეს როგორც ჩანს მოხერხდა. წლევანდელი იმერული ღვინის ხარისხზე კი გაზაფხულზე ვილაპარაკოთ.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული