მოამზადა ნანა კობაიძემ
ღვინის სამყაროსაც თავისი ცნობილი სახეები, ე.წ. სელებრითები ჰყავს - ვიღაც საკუთარ ღვინოს აწარმოებს, ვიღაც თავის სახელს ჩუქნის სასმელს, ზოგიერთი კი უბრალოდ, ბრენდის სახე ან მისი თაყვანისმცემელი ხდება...
მავანნი მიიჩნევენ, რომ ცნობილების გატაცება დადებით როლს თამაშობს და ისეთი ადამიანების დაინტერესებას იწვევს, რომელთაც ღვინო მანამდე არანაირ ემოციას არ აღუძრავდა. მავანთათვის კი ეს ყველაფერი მერკანტილური სვლა და საკუთარი პოპულარობით შემოსავლის გაზრდის დამატებითი წყაროა. ასეა თუ ისე, ღვინო არაერთი ცნობილი პიროვნების "მეორე ცხოვრებაა". დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.
ფრენსის ფორდ კოპოლას Rubicon Estate
ხუთგზის ოსკაროსანი რეჟისორი დიდი ხანია მეღვინეობითაა გატაცებული. პირველი ვენახები 1975 წელს, "ნათლიმამის" ჰონორარით შეიძინა. ეს იყო ამერიკული მეღვინეობის მამის, Gustave Niebaum-ის ასწლიანი ვენახი და უძრავი ქონების ნაწილი ნაპას ველზე, რეზერფორდში. როდესაც ფილმისთვის "აპოკალიფსი დღეს" ფული დასჭირდა, კოპოლამ ღვინის ბიზნესი დააბანდა და კინაღამ დაკარგა კიდეც. ვალებისგან "ნათლიმამა 3"-მა იხსნა. "დრაკულადან" მიღებული შემოსავლით მამულის დარჩენილი ნაწილი და ციხესიმაგრე Inglenook შეისყიდა. რეჟისორს ფრანგული შატოები ყოველთვის ხიბლავდა და მის რეკონსტრუქციაზე დიდი ფული და ენერგია დახარჯა. დღესდღეობით ის 2000 ჰექტარ ორგანულ სერთიფიცირებულ ვენახს ფლობს. თავდაპირველად მამულს Niebaum-Coppola Estate ერქვა, შემდეგ კი Rubicon Estate უწოდა თავისი საფირმო ღვინის პატივსაცემად.
გარდა Niebaum-Coppola Estate-სა, რომლის ბოთლიც 100-200 დოლარი ღირს, კოპოლა რამდენიმე "სახალხო" მარკას უშვებს. რეჟისორმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ მისი ღვინო ამერიკელთათვის მისსავე ფილმებივით ხელისაწვდომი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ 1970 წლიდან მოყოლებული სასმელის ფასი 10-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს. სასაჩუქრე ღვინოც კი, რომელიც რეჟისორის ქალიშვილის, სოფიას სახელს ატარებს (Sofia Blanc de Blancs), საცალო ქსელში 19 დოლარი ღირს.
უტიფარი და სექსუალური Whitesnake
ლეგენდარული Deep Purple-ს ყოფილმა წევრმა და შემდგომში როკ-ჯგუფ Whitesnake-ის სოლისტმა დევიდ კოვერდეილმა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საკუთარი ღვინის გამოშვება გადაწყვიტა. ამაში მეურნეობა De La Montanya winery-ის მფლობელი დაეხმარა, რომელიც Russian River Valley-ზე მდებარეობს. აი, როგორ აღწერს სასმელს თავად დევიდი: "სრულყოფილი, ცოტა უტიფარი ღვინო, რომელიც სავსეა სექსის ნელსურნელებით. გირჩევდით მიირთვათ თქვენი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელ და დასამახსოვრებელ წუთებში, ანდა მაშინ, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ცხელი აბაზანის მიღებას გადაწყვეტთ. ის სრიალაა, გველისებური, როგორც სიყვარული."
ქერათმიანი იოჰანსონი
2009 წელს ქერათმიანი ვარსკვლავი შამპანურის ცნობილი ბრენდის, Moët&Chandon-ის მუზა და სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ფოტოსესიისას სკარლეტს ხელში Moët&Chandon-ის ბოთლი უჭირავს და მერლინ მონროს იმიჯით პოზირებს.
შამპანური სახლის პრეზიდენტმა, დანიელ ლალონდმა თავისი არჩევანი ასე ახსნა: "Moët&Chandon-ს ყოველთვის წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ეს სარეკლამო კამპანია ელეგანტურობასა და გლამურთან გვაბრუნებს, რომლის განსახიერებადაც უდავოდ გვევლინება სკარლეტი." პასუხად მსახიობმა განაცხადა, რომ მისთვის ამ სახლის სახედ გახდომა დიდი პატივია, თუმცა გესლიანმა ბლოგერებმა ბრენდს მაშინვე მიანიჭეს "უტვინო ქერათმიანთათვის განკუთვნილი შამპანურის" ტიტული.
ჟერარ დეპარდიეს ვენახები
კინოს შემდეგ მეღვინეობა ჟერარის ცხოვრების მთავარი მოწოდებაა. მას მთელ მსოფლიოში აქვს ვენახები: საფრანგეთში – ლუარას ველზე, ბორდოში, ლანგედოკში, ასევე იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ალჟირში, მაროკოსა და ამერიკაში. პირველი მსხვილი შენაძენი 1989 წელს ლუარას ველზე მდებარე XVIII საუკუნის Château de Tigné და ვენახი იყო. დღეს აქ უზარმაზარი მეურნეობაა 100 ჰექტარი ვენახით, რომელიც წელიწადში მილიონ ბოთლ ღვინოს იძლევა.
მისი ღვინოები მსოფლიო ბაზარზე Gerard Depardieu-ს სავაჭრო ნიშნით გამოდის. მათ შორისაა ძვირადღირებული სასმელიც, მაგალითად, Taille Princess de Gérard Depardieu ლუარას ველიდან, რომლის ფასი 150 დოლარიდან იწყება, ასევე ბორდოული Gérard Depardieu Ma Vérité, რომელიც 100 დოლარი ღირს და პარკერის შკალით 88-90 ბალითაა შეფასებული. თუმცა ჟერარი შედარებით მოკრძალებული ღირებულების სასმელსაც უშვებს. მათ რიცხვშია Château de Tigné d'Anjou-ს ღვინოები - Cuveé Cyrano-ს ჩათვლით (სასმელს სახელი დეპარდიეს მიერ შესრულებული სირანო დე ბერჟერაკის როლის საპატივსაცემოდ ეწოდა), რომელთა ფასი 5-დან 20 დოლარამდე მერყეობს და მთელ მსოფლიოში მშვენივრად იყიდება.
კლაუდია შიფერის სახე და მკერდი
კომპანია Moët&Chandon-თან, რომელსაც ცნობილი ბრენდი Dom Pérignon ეკუთვნის, დიდი ხანია თანამშრომლობს ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი. 2007 წელს სარეკლამო კამპანიისთვის, რომელიც შამპანურ Dom Pérignon Oenothèque 1993-ის გამოსვლას უკავშირდებოდა, მან კლაუდია შიფერი მიიწვია. სუპერმოდელი შამპანურის ბოკალით ხელში სხვადასხვა ამპლუაში პოზირებდა. დიზაინერი იმდენად აღფრთოვანდა შედეგით, რომ დაარწმუნა კომპანია, Dom Pérignon Oenothèque 1995 სერიისთვის კლაუდიას მკერდის ფორმის შამპანურის ბოკალი გამოეშვათ. ასე გახდა კლაუდია შიფერი ბრენდის სახეც და მკერდიც.
AC/DC-ს გზა ჯოჯოხეთისკენ
როკის ლეგენდები ღვინის შექმნაში თავად არ მონაწილეობდნენ, უბრალოდ ავსტრალიელ მწარმოებელ Warburn Estate-ს საკუთარი სახელწოდება "ათხოვეს". ჯგუფის "ხელდასმით" გაბედნიერებულმა და მათი მსოფლიო ჰიტებით შთაგონებულმა კომპანიამ ერთის ნაცვლად ოთხი ღვინო გამოუშვა: AC/DC «Back in Black» Shiraz, AC/DC «You Shook Me All Night Long» Moscato, AC/DC «Highway to Hell» Cabernet Sauvignon და AC/DC «Hells Bells» Sauvignon Blanc.
ამ სერიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გამოსვლისთანავე დაიტაცეს როკ-ჯგუფის თაყვანისმცემლებმა, კოლექციონერებმა და ღვინის მოყვარულებმა, რომელთაც მხოლოდ კუმირების სახელით დამშვენებული სასმელის შეძენა კი არ სურდათ, არამედ მისი შედარება მათსავე კომპოზიციებთან.
Jay-Z-ის ოქროს ტუზი
რეპერ Jay-Z-ის არც საკუთარი ღვინო გამოუშვია და არც ვინმესთვის თავისი სახელის გამოყენების უფლება მიუცია, უბრალოდ, რაღაც პერიოდი ყველგან შამპანურ Armand de Brignac-ის მოოქროვილი ბოთლით ჩნდებოდა, რომელიც ყვავის ტუზით იყო დეკორირებული. ამ ღვინოს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა, Jay-Z ღამის კლუბებში უკვეთდა, პაპარაცების დასანახად ცნობილ ადამიანებთან ერთად სვამდა და კლიპშიც კი გადაიღო. მას სწრაფად გაუვარდა ამ ბრენდის ამბასადორის სახელი. სასმელს ფრანგული შამპანურის სახლი Cattier უშვებდა, მაგრამ ნიუ-იორკში მდებარე Sovereign Brands-ს ეკუთვნოდა. ამბობენ, რომ კომპანია რეპერს გარკვეულ თანხას უხდიდა ასეთი აქტიური რეკლამისთვის, თუმცა ოფიციალური ვერსიით Jay-Z უბრალოდ განაწყენდა შამპანურის ბრენდ Cristal-ის წარმომადგენელზე, რომელმაც მიზანშეუწონლად მიიჩნია სიმღერებში Cristal-ის ხსენება, ამიტომაც გადაერთო Armand de Brignac-ზე.
ღვინის კლუბი KISS
აღმოჩნდა, რომ არაერთი ღვინის საწარმო უშვებს სასმელს, რომლის ეტიკეტს მხოლოდ მუსიკოსთა გამოსახულება კი არა, ჯგუფ KISS-ის სიმბოლიკაც ამშვენებს. ჯგუფის წევრებმა თავიანთი სახელი "გაანათხოვრეს". შედეგად - მათ თაყვანისმცემლებს სხვადასხვა მეღვინეობის მიერ გამოშვებული KISS-ის ღვინოთა მთელი ხაზის შეძენა ხელეწიფებათ. არჩევანი შთამბეჭდავია: არსებობს სერიები მომღერალთა პორტრეტებით, ავტოგრაფებითა და სიმბოლიკით და თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ფანებს KISS Wine Club-ში ჩაწერა შეუძლიათ.
პერის ჰილტონის ცქრიალა ქილა
როდესაც პერის ჰილტონს "ქილის ღვინის" - RICH Prosecco-ს რეკლამაში გადაღება შესთავაზეს, "სასტუმროების დედოფალს" დიდხანს არ უფიქრია. სარეკლამო კამპანიისთვის პერისი გააშიშვლეს და ოქროსფრად შეღებეს, რაც იმდენად მოეწონა, რომ ამის შემდეგ ეს შუშხუნა სასმელი, რომელსაც შეცდომით "შამპანურს" უწოდებენ, მის სახელთან ასოცირდება. სარეკლამო კამპანიამ და შემდგომმა პრომოუშენმა იმდენად მოხიბლა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ქალბატონები, ბევრს დღემდე სჯერა, რომ RICH Prosecco პერისის საკუთარი ბრენდია.
მერაია ქერის ანგელოზი
როგორი უნდა იყოს ღვინო, რომელსაც ცნობილი მომღერალი თავისი სახელით უშვებს? პირველ რიგში, ალბათ, ცქრიალა და აუცილებლად - ვარდისფერი. კიდევ ერთი სირთულე სახელწოდებაა. რას იტყოდით "ანგელოზზე"? ურიგოდ არ ჟღერს. თუმცა საქმე ეხება არა საკუთარი ლეიბლით გამოშვებულ შამპანურს, არამედ უკვე არსებული ბრენდის გაქაჩვას. Angel Rose მერაია ქერისგან უკვე 13 წელია არსებობს და მომღერლის თქმით, "ძალიან, ძალიან კარგი შამპანურია."
Motörhead-ის შირაზი
კოლექტივის ფრონტმენი ლემი სწრაფად გაერკვა ჯიშურ უპირატესობებში და ჰევი-მეტალ-ჯგუფის ოფიციალურ ჯიშად ავსტრალიური შირაზი აირჩია. ამასთან, ავსტრალიურ ღვინის მეურნეობა Broken Back Winery-ს მხოლოდ ღვინო Motörhead Shiraz კი არ ჩამოასხმევინა, არამედ სპეციალურად ამ ღვინისთვის ბოკლებიც შეუკვეთა შესაბამისი სიმბოლიკით. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი აღწერს სასმელს, როგორც სავსე ღვინოს ალუბლის, ქლიავის, ვანილისა და მუხის არომატით, თავად ლემი ამბობს: "ჩემი რჩევაა – ფრთხილად იყოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ღვინო მატყუარაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
პიერ რიშარის სამოთხე
პიერ რიშარი ისეთი მსხვილი მეღვინე ვერ არის, როგორც მისი ცნობილი კინოპარტნიორი, თუმცა მეგობრისა და ღვინის გავლენას ვერც ის გაექცა.
1986 წელს ლანგედოკში ისე მოიხიბლა ადგილობრივი ვენახითა და პეიზაჟით, რომ Château Bel Évêque-ს მიდამოებში 14 ჰექტარი მიწა იყიდა. "ეს სამოთხეა! ღვინის სიყვარული სწორედ ამ ლანდშაფტმა გამიღვივა. ჩემი ღვინო აქაური მიწის, ტყის, ქარისა და მზის არომატს აერთიანებს. არაფერია მეღვინის შრომაზე მშვენიერი!" – ამბობდა მოგვიანებით მსახიობი.
პიერ რიშარი Château Bel Évêque მარკით რამდენიმე ღვინოს ამზადებს. "ეს უბრალო და მსუბუქი ღვინოა ყველანაირი ზედმეტობის გარეშე. იდეალურია, როდესაც ბურთის თამაშით დაღლილს წყურვილის მოკვლა გსურს, ან უბრალოდ, გცხელა" - ასე ახასიათებს მათ მსახიობი. სასმელი შედარებით იაფი – 10-15 დოლარი ღირს. რიშარი ღვინოს მცირე რაოდენობით უშვებს, თუმცა მის საქმიანობას გართობას მაინც ვერ დაარქმევ – ფრანგულ და ბელგიურ რესტორნებში წელიწადში რამდენიმე ათასი ბოთლი იყიდება.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი