ახალზელანდიელებმა ახალი პროექტი წამოიწყეს და თუ ის წარმატებით განხორციელდა, სულ მალე ქვეყანა დაბალკალორიული და დაბალალკოჰოლური ღვინოების უპირველესი მწარმოებელი გახდება.
ძალიან ბევრ სახელმწიფოში დღითიდღე იზრდება მოთხოვნა დაბალკალორიულ ღვინოზე. სწორედ ამიტომ, ახალზელანდიელებმა გადაწყვიტეს, 14 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი განახორციელონ, რომელიც დაბალკალორიული და დაბალალკოჰოლური ღვინის მოთხოვნის კაპიტალიზებას ისახავს მიზნად.
ასეთი ღვინოები ახალ ზელანდიაში უკვე მონათლეს “ლაიფსტაილად” (Lifestyle Wines), სამომავლოდ კი ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათადადაც შეიძლება იქცეს.
ორგანიზაცია New Zealand Winegrowers-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფილიპ გრეგანი განმარტავს, რომ “ლაიფსტაილის ღვინოების” ძირითადი მომხმარებლები ქალბატონები არიან. თუმცა მას ის მამაკაცებიც ყიდულობენ, რომელთათვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი უმთავრესია. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ღვინოების ძირითადი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთია.
“ეს ორი ქვეყანა ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ათვისებული ბაზარია. ძირითადი მომხმარებლები ქალები არიან, რომელთათვისაც მხოლოდ ფასი არ არის მნიშვნელოვანი.”
Lifestyle Wines ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც ახალზელანდიელებმა მეღვინეობის მიმართულებით წამოიწყეს, ამიტომ ის სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ამით გაიზრდება ახალზელანდიური ღვინის ექსპორტი, საიდანაც სახელმწიფოს დღეისათვის წელიწადში 1 მილიარდი დოლარი მოგება აქვს. ამ პროექტის წყალობით კი 2023 წლისათვის ქვეყანაში ექსპორტიდან შემოსული მოგება 232 მილიონი დოლარით გაიზრდება.
ბატონი გრეგანი დარწმუნებულია, რომ “ლაიფსტაილის ღვინოები” სწორედ მათ ქვეყანასთან გახდება ასოცირებული, ახალზელანდიურ მაღალხარისხიან ღვინოს კი მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. “ჩვენ ხალხს შევთავაზებთ იმ პროდუქტს, რომლის კეთებაც უკვე ძალიან კარგად ვიცით, ოღონდ ამიერიდან ეს პროდუქტი იქნება ნაკლები კალორიისა და ნაკლები ალკოჰოლის შემცველი. გვჯერა, რომ ეს სწორედ ის არის, რასაც ხალხი ითხოვს და ელის,” – განმარტავს ფილიპ გრეგანი.
2013 წლის ივნისში ორგანიზაცია Wine Intelligence-მა წარმოადგინა 8 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. ღვინის მომხმარებელთა 38% დაბალალკოჰოლურ ღვინოს (10,5% და ქვემოთ) ანიჭებს უპირატესობას. მათი გაანგარიშებით, ეს არის 80 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც, ძირითადად, ამერიკასა და გერმანიაში ცხოვრობენ. თუმცა მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ დაბალალკოჰოლურ ღვინოებს ბაზარზე დასამკვიდრებლად საკმაო დრო დასჭირდებათ.
“ღვინის მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი არა მხოლოდ არ ყიდულობს ასეთ ღვინოს, არამედ ასეთი ღვინის წარმოების იდეასაც კი არ მიესალმება. დაბალი ხარისხი და მწირი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები – ეს არის უმთავრესი ბარიერი, რომელიც ჯერ კიდევ გადასალახი აქვთ ახალზელანდიელ მეღვინეებს. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალზელანდიელი მეღვინეები გადალახავენ ამ დაბრკოლებას და სულ მალე ვიხილავთ უმაღლესი ხარისხის “ლაიფსტაილის ღვინოებს”.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი