ავსტრია ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა ევროპაში. აქ იპოვით ძალიან ბევრი სტილისა და სხადასხვა ღირებულების ღვინოს. მათი ძირითადი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებია blaufränkisch, zweigelt და St Laurent, თეთრებში კი ყველაზე ხშირად შეხვდებით grüner veltliner-სა და riesling-ს. ყველაზე მეტად Grüner veltliner-ის ღვინოა ექსპორტირებული, რომლისგანაც ძალიან ხალისიანი, ცინცხალი თეთრი ღვინოები იწურება მწიფე ვაშლის არომატებითა და თეთრი წიწაკის ნოტებით.
ავსტრიული ღვინის ექსპორტზე the Drinks Business წერს, როგორც ვკითხულობთ, მათი ექსპორტის ნიშნულმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ექსპორტის ღირებულებამ ახალი მაქსიმუმი, 231 მლნ. ევრო შეადგინა, ეს კი ჩრდ. ამერიკისა და ჩრდ. ევროპის ბაზარზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. Statistics Austria-ს მონაცემებით, ქვეყანამ 2022 წელს 67,7 მლნ. ლიტრი ღვინო გაიტანა ქვეყნის გარეთ. 2021 წელთან შედარებით ექსპორტი 6,4%-ით გაიზარდა, რაოდენობასთან ერთად კი საშუალო ფასის მაჩვენებელიც გაზრდილია,რაც ლიტრზე 3,42 ევროს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მოცულობა ბოლო 20 წლის განმავლობაში მერყეობდა, 2020 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა გატანილი ღვინის რაოდენობა, რადგან ავსტრიული ღვინის ხარისხის შესახებ სხვა ქვეყნებშიც ამაღლდა ცნობიერება.
ავსტრიული ღვინის CEO-მ კრის იორკმა ეს წინსვლა აღნიშნა: “საექსპორტო ბაზარზე ასეთი წარმატება, განსაკუთრებით კი რეკორდული საშუალო ფასი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინის ინდუსტრიისთვის. ინფლაციის ამჟამინდელი ტალღა ძალიან ეხება ჩვენს მევენახეებსაც, რის გამოც უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათი დამატებითი შემოსავლის გაზრდაზე”
როგორც ის აღნიშნავს, განსაკუთრებით თეთრ ღვინოზეა მუდმივად მზარდი მოთხოვნა. მოთხოვნა გაზრდილია Sekt-ზეც (ცქრიალა ღვინოზეც) თითქმის 20%-ით. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ჯერ კიდევ უჭირავს ავსტრიული ღვინის მთლიანი გაყიდვების ყველაზე დიდი წილი (40,5%), შვეიცარიაში ექსპორტი 9%-ითაა გაზრდილი.
ავსტრიული ღვინო მართლაც ტრანსატლანტიკური გახდა, როგორც იორკმა განმარტა: „უკვე გასულ წელს VieVinum-ზე, ავსტრიის უდიდეს ღვინის ბაზრობაზე, შევამჩნიეთ, რომ ჩვენს ღვინოებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა კანადა, აშშ., და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები. ამ ბაზრებზე მომხმარებლები მოითხოვენ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოებს და მათში საკმაოდ კარგ თანხას იხდიან. ეს კი ჩვენთვის შესანიშნავია."
აშშ სიდიდით მესამე საექსპორტო ბაზარია, სადაც ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კანადამ კი, მეხუთე უმსხვილესმა საექსპორტო ბაზარმა, ღირებულების 46.7%-იანი ზრდა განიცადა 10.7 მლნ ევრომდე, რაც შვიდჯერ მეტია ხუთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდანაც ექსპორტი 2022 წელთან შედარებით 28%-ითაა გაზრდილი. ექსპორტის შესამჩნევი ზრდაა სომხეთში, ტაჯიკეთსა და თურქეთში, მათ შორის დანიასა და სლოვაკეთში. ჩვენი ექსპორტის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენსავე სტატიაში წაიკითხავთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი