მალხაზ ჯაყელი ღვინის იმპორტიორია ამერიკაში (Neki Selections), ქართული ღვინო ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში ჩააქვს. როგორც თავად გვიამბობს, საკმაოდ რთული გზა გამოიარა ღვინის იმპორტამდე, რაც არც თუ ისე მარტივი საქმეა. მალხაზი ინტერვიუში გვესაუბრება ამერიკელ მომხარებლებზე, მათ ხასიათზე, ჩვენი ღვინის მიმართ ინტერესსა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე.
- როგორ დაიწყო თქვენი და ღვინის ურთიერთობა და როგორ მოხვედით აქამდე?
- ღვინით სერიოზულად 35 წლის ასაკში დავინტერესდი. 1999-2000-ში ადგილობრივი გლეხის დაყენებული ხაშმის საფერავი გავსინჯე, მას შემდეგ კი მე და ჩემმა ძმამ პატარა ვენახის ყიდვა/გაშენება გადავწყვიტეთ ხაშმში. საბოლოოდ 6 ჰექტარი საფერავის ვენახი გავაშენეთ. მერე რაღაც ვეღარ წავიდა ჩვენი და ჩვენი გაშენებული ვენახის საქმე კარგად, ცოტა სევდიანი ისტორიაა და მოკლედ დავკარგეთ ეგ ჩვენი გაშენებული ვენახი, მე კი ამერიკაში წავედი, სადაც ჩემი ცოლი და შვილი უკვე ცხოვრობდა. აქ რომ ჩამოვედი, ბევრს ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და რითი მერჩინა თავი. მეღვინეობაც ვცადე ფინგერ ლეიკზე, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოვილაპარაკე მფლობელებთან, მე სრულ განაკვეთზე მუშაობა მინდოდა, გადასვლასაც ვაპირებდით საცხოვრებლად, მაგრამ არ გამოვიდა. ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი იმპორტზე, გადავწყვიტე საქართველოში ბინის გაყიდვა, თუმცა იმპორტს საკმაოდ დიდი სახსრები სჭირდებოდა და მივხვდი, არც ბინის ფული იქნებოდა საკმარისი და მარტო ამ დიდ საქმესთან გამკლავებაც გამიჭირდებოდა. სრულიად შემთხვევით მოხდა და ძალიან კარგ ხალხთან ერთად შევეჭიდე ამ ძნელ საქმეს რასაც ღვინის იმპორტი და დისტრიბუცია ქვია. ამერიკა ყველაზე დიდი და კარგი ბაზარია შეძლებული მომხმარებლით, იქაურები ყველაფერ ახალს იღებენ და კარგს აფასებენ, მაგრამ ასევე ძალიან ბევრია გამყიდველი და კონკურენციაც, შესაბამისად, უზარმაზარია. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი აქვთ, მთლიანობაში კი ნელი ნაბიჯებით, თუმცა მაინც იზრდება გაყიდვები ამერიკაში.
- კონკრეტულად სად, რომელ შტატებსა და ქალაქებში ყიდით ღვინოს?
- პირადად მე ვყიდი ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში. ამ ბოლო დროს გამომიჩნდა ორი დამხმარე, თანამშრომელი, სომელიეები და ძალიან გახარებული ვარ. ერთი ამერიკელია და მეორე ფრანგი, რომელიც 6 თვითაა ნიუ იორკში ჩამოსული. მანამდე ვცადე ამერიკელი ქართველები თუ ქართველი ამერიკელები მომეზიდა სამუშაოდ, მაგრამ არ გამომივიდა. ალკოჰოლის ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე კონტროლირებადი დარგია ამერიკაში, უამრავი რეგულაციებითა და სამდონიანი გაყიდვების სისტემით. იმპორტიორს და დისტრიბუტორს არა აქვს უფლება პირდაპირ მიყიდოს მომხმარებელს, ის არ შეიძლება ასევე ფლობდეს ალკოჰოლით საცალო (retail) ვაჭრობის ლიცენზიას. სხვა შტატში გასაყიდად ჯერ ამ შტატში დისტრიბუტორს უნდა მიყიდო ღვინო, შემდეგ მან უნდა გაყიდოს მაღაზიებსა და ბარ-რესტორნებთან, ეს უკანასკნელი კი საბოლოო მომხმარებელს, ღვინის მოყვარულს მიაწვდის შენს გამოგზავნილ პროდუქტს.
2021 წლის ბოლოს გამოჩნდა დაინტერესებული დისტრიბუტორი ვირჯინიიდან, რომელთაც ისეთივე არტიზანული და არაორდინალური ღვინოები შემოაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ ვთქვათ, ღვინის მიმართ ერთმანეთის დამოკიდებულებას ვიზიარებთ, ანუ ერთნაირი ღვინოები მოგვწონს. ისინი ასევე ყიდიან მერილენდში, ვაშინგტონში და ჩრდ. კაროლინაში.
შარშან ფინგერ ლეიკზე ჩატარდა საფერიკა, საფერავის ფესტივალი, დოქტორი ფრანკის მარანსა და ვენახში. დოქტორ ფრანკმა წინა საუკუნის სამოციან წლებში ჩემოდნით ჩამოიტანა საფერავისა და რქაწითელის ნერგები ამერიკაში უკრაინიდან, რომლებიც გავრცელდა თითა ტბების რეგიონში. აქ შემხვდა ძველი ნაცნობი მეღვინე და რესტორატორი Jeff Verj ორეგონიდან, პორტლენდიდან. ის საქართველოში იყო ჩამოსული 2013-2014 წლებში. მან დამაკავშირა თავის მეგობართან ორეგონში, რომელიც თვითონაც იმპორტიორია და ქართულ ღვინოსაც იცნობს. ჩვენი კონტაქტის შემდეგ კი სიამოვნებით გაამდიდრა თავისი პორტფოლიო ნეკის ქართული ღვინოებით. ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ შარშან ზაფხულიდან და ვიმედოვნებ წელსაც გავაგრძელებთ კომუნიკაციას.
- იქაური ბაზარი რამდენად იცნობს ქართულ ღვინოს?
- თან იცნობს და თან არა. წარმოიდგინეთ, რა ძნელია ეს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებით განებივრებული ხალხი გადმოიბირო და ქართული ღვინო შეაყვარო. ღვინის ბიზნესში ჩართულ ხალხს, სომელიეებს, ღვინის მყიდველებს, ყველა მაღაზიასა თუ რესტორანს ჰყავს ღვინის მყიდველი ან სასმელების დირექტორი, რომლიც იღებს გადაწყვეტილებას, რა ღვინო იყიდოს. ხანდახან ამ ფუნქციას ბარ-რესტორნებში სომელიეები ითავსებენ ხოლმე. ხშირად, თვითონ მაღაზიის ან ბარ-რესტორნის მფლობელია გადაწყვეტილების მიმღები. აი, ეს ხალხი, როგორც წესი, იცნობს ქართულ ღვინოს გაცილებით უკეთ, ვიდრე 5-7 წლის წინ იცნობდა. ჩვეულებრივი მომხმარებელი კი ჯერჯერობით ისევ ძალიან ცუდად იცნობს ჩვენს ღვინოებს.
მაინც ვფიქრობ, რომ იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, მეტ-ნაკლებად უკვე ნაცნობია ქართული ღვინო, ერთხელ მაინც გაუსინჯავთ ან გაუგონიათ მაინც. დარწმუნებული ვარ, ასე არ არის პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ალბათ მიხვდებით, რომ აქ არ ვსაუბრობ კომპაქტურად დასახლებულ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოსულებზე, რომლებიც ისევ „ალაზანსკაია დალინას“, ტკბილ ხვანჭკარა-ტვიშსა და ქინძმარაულ-ახაშენს ეძებენ იაფად.
- რა გზა უნდა გაიაროს ქართველმა მეღვინემ, რომ მისი ღვინო აშშ-ში გაიყიდოს? (საინტერესოა პროცედურები, რამე მოთხოვნები ან სტანდარტები არსებობს თუ არა, ბაზარზე თუ არის ვინმე ვინც ქარვტლე მეღვინეს რეალიზაციაში ეხმარება და ა.შ)
- პირველ რიგში, პროდუქტის ამერიკაში მოსახვედრად მისი ღვინით უნდა დაინტერესდეს რომელიმე იმპორტიორი. მოთხოვნები უამრავია და როგორც ზემოთ ვახსენე, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი ამერიკაში, ალბათ ყველაზე მეტად კონტროლირებადია მთელს მსოფლიოში. აქ თავს არ შეგაწყენთ ამ მოთხოვნებისა და სტანდარტების ჩამოთვლით. ეს გზა მეღვინემ იმპორტიორთან ერთად უნდა გაიაროს. თან გაითვალისწინეთ, რომ ფედერალური კანონების გარდა არსებობს 50 შტატი, 50 დამოუკიდებელი სახელმწიფო თავიანთი განსხვავებული კანონებით. მე ცოტა სხვა მდგომარეობაში ვარ, რადგან თვითონ მოვდივარ მევენახეობა-მეღვინეობიდან და ბევრს ვიცნობ. ნეკის პორტფოლიოში მეღვინეების უმეტესობა ჩემი ახლობელი და მეგობარია, მაგრამ მაინც ძალიან შეიცვალა ეს დარგი ჩემი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ და არც მე მაწყენდა წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოსვლა და ახალი ღვინოების გაცნობა.
ასე რომ, ალბათ ყველაზე ქმედითი და იაფიანი გზა, მეღვინისა და იმპორტიორის ერთმანეთთან შესახვედრად, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღებაა. ცხადია, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა გაცილებით უფრო ძვირია.
ასევე გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, რომ ნებისმიერი წარმატებული ექსპორტი, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკა, ბრიტანეთი თუ იაპონია, ხელს უწყობს და მეტ შანსს უჩენს მეღვინეს სხვა ქვეყნების იმპორტიორებიც დაინტერესდნენ მისი ღვინოებით.
- თქვენი აზრით ,რა არის საჭირო, რომ იქაურმა ბაზარმა უკეთ გაიცნოს ქართული ღვინო?
- ძალიან ბევრი მუშაობაა ჯერ კიდევ საჭირო, განსაკუთრებით ასეთი, მცირე მარნების, ტერუარული და არაორდინარული ღვინოების შემთხვევაში, რომელთა გაყიდვასაც მე ვცდილობ. მე ზოგადად არ ვარ კარგი გამყიდველი, მაგრამ ჩემ ღვინოს ძალიან კარგად და კარგ ფასადაც ვყიდდი და ახლა ვცდილობ ისეთი ღვინოები შემოვიტანო და გავყიდო, რომელიც მე და ჩემ მეგობრებს მოგვწონს და სიამოვნებით ვსვამთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხელშეწყობაც და ღვინის სააგენტოც ცდილობს დახმარებას, მაგრამ მეღვინეებსა და იმპორტიორებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.
- საინტერესოა, ქვევრისა და კლასიკური ტექნოლოგიით დაწურულ ღვინოს შორის რას ურჩევდით აქაურ მეღვინეებს, რომელი უფრო წარმატებით იყიდება ამერიკაში?
- რას ვეძახით წარმატებას? ცხადია, კონვენციური ღვინოები მეტი იყიდება და ალბათ მეტიც უნდა გაიყიდოს. ქვევრის ღვინოები განსაკუთრებული, ნიშური ბაზარია. ჩემი აზრით, ამ ღვინოებმა გაუკვალა ზოგადად გზა ქართულ ღვინოს საზღვრებს გარეთ, დასავლეთში. მათ გარეშე მეტად უჭირდა ქართულ ღვინოს და ვერ მივიდოდა თუნდაც იქ, სადაც დღეს არის.
- გვესაუბრეთ Vinexpo America 2023-ზე, (რამდენად დიდი იყო დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით რომელი, რა კატეგორიის ღვინოებით დაინტერესდნენ, რამდენად იცნობდნენ სტუმრები ქართულ ღვინოს)
- ჩვენ, Neki selection, მხოლოდ ოჯახური, არტიზანული, მცირე და საშუალო მარნების ღვინოები შემოგვაქვს და ამ ნიშაში ვმუშაობთ. მცირეს 10 ათას ბოთლამდე წარმოებას ვეძახით და საშუალოს 10 დან 50 ათას ბოთლამდე. ეს ღვინოები უნდა გამოხატავდნენ ადგილს (terroir) და მეღვინის, პატრონის ხასიათს. ასეთი ღვინოებით ინტერესდებიან ამერიკელები ნიუ იორკის ბარებსა და რესტორნებში და არა მარტო. მათთვის ახალი ჯიშები ძნელად წარმოსათქმელი სახელებით, ქვევრი, ტრადიცია, ქარვისფერი - საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს და მეორეჯერ გასინჯვის სურვილსაც აღუძრავთ.
Vinexpo America საჩვენო გამოფენა არ არის, ძირითადად ღვინის დიდი საწარმოები მონაწილეობენ, მაგრამ შარშანაც და წელსაც დავესწარი. ჯერ ერთი ბევრი ქართული კომპანიაა, აქ ვხვდებით ხოლმე იმპორტიორები, მეღვინეები და ერთგვარი “ნეთვორქინგია”.
წელს გაცილებით მეტი ხალხი იყო ვიდრე შარშან. აქვე ვიტყვი, რომ წელს იყო პატარა მარნებიც წარმოდგენილი, იმერული ღვინის ასოციაციის ღვინოები წარმოადგინა ქალბატონმა ქეთი ჯურხაძემ, ასევე იყო მარნები ქვემო ქართლიდან (ბოლნისიდან ასოციაცია). წელიწადში ორი დღის განმავლობაში, თითქოს, აქ არის ხოლმე საქართველო და მეც დიდი სიამოვნებით ვესწრები vinexpo-ს გამოფენას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი