გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2009 - 08:00
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯია"-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-3 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo Georgia 09 გრძელდება.
მე-11 პავილიონის 38 საგამოფენო სტენდზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული 50-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. მათ მიერ გამოფენილი პროდუქციის ნუსხა ასეთია: ღვინო, შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, აქსესუარები და სხვ.
გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია," მხარდამჭერი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სწორედ ამ უწყების მინისტრმა გახსნა გუშინ ღონისძიება, რომელიც 6 ივნისს დასრულდება.
გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მიიღონ პროფესიონალთა კონსულტაციები და გასინჯონ წარმოდგენილი პროდუქცია.
გუშინ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის ექსპერტებთან, სადაც წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: რა სარგებელს მოუტანს საქართველოს მსოფლიო ღვინის სავაჭრო ჯგუფის წევრობა, ღვინის საიმპორტო რეჟიმი ამერიკაში, საგადასახადო და სავაჭრო ბიუროს როლი ამერიკაში ფალსიფიცირებული ღვინის შესვლისა და თავიდან აცილებაში და სხვ.
დღეს გამოფენის ფარგლებში ღვინისა და ვაზის დეპარტამენტის, "სამტრესტის" ორგანიზებით საერთაშორისო დეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა სახეობის სასმელი: წითელი მშრალი, თეთრი მშრალი და ნახევრდატკბილი წითელი ღვინოები. სულ – 52 დასახელება. საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები საზეიმო სადილზე მედლებითა და დიპლომებით დაჯილოვდებიან. გამოფენა ოფიციალურად ხვალ დასრულდება.
© მადიანი/vinoge.com
თქვენი კომენტარი