გამოქვეყნებულია: 24 დეკემბერი, 2009 - 23:34
ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961)
ქართლი ყველა მხრიდან შემოფარგლულია მთებით: ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება კავკასიონის ქედი, დასავლეთიდან – ლიხის მთა, სამხრეთიდან თრიალეთის ქედი და აღმოსავლეთიდან კავკასიონის ქედის საკმაო სიმაღლის კალთები. ქართლის მთელი ტერიტორია დასერილია მაღალი მთებითა და მათი განშტოებებით. ქართლის მთების უმეტესი ნაწილი ტყეებითაა დაფარული. მთებს შორის მოთავსებულია დიდი და მცირე ველები, რომლებიც წარმოადგენენ მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებს. მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორიის სიდიდით, ისე მევენახეობის ხვედრითი წონით გორის, წითელქალაქისა და მუხრანის ველები.
ქართლი ტერიტორიის რელიეფის თავისებურების გამო მკაცრი კლიმატით ხასიათდება. ამიტომ ვაზი გავრცელებულია უმთავრესად მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობებში ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო.
ქართლში ხშირი ქარები იწვევს ნიადაგის გაშრობას. ამის გამო ნალექები საკმარისი არ არის და ვენახების მორწყვა აუცილებელია. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 750 მეტრამდე სიმაღლეზე, მაგრამ უფრო ხარისხოვანი პროდუქცია მიიღება 500 მეტრის სიმაღლემდე.
ქართლის მევენახეობის ზონის დაბლობ ადგილებში უმთავრესად ალუვიური და წაბლა ტიპის ნიადაგებია, რომელნიც თავიანთი თვისებებით ვარგისია ხარისხოვანი ღვინოების წარმოებისათვის.
ქართლი ბუნებრივი პირობების თავისებურებით იყოფა სამ მიკრორაიონად:
ზემო ქართლი. აქ შედის ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის ადმინისტრაციული რაიონები. ეს ტერიტორია წინათ მესხეთში შედიოდა, სადაც როგორც მატერიალური კულტურის ძეგლები მეტყველებენ, მევენახეობა-მეღვინეობა მაღალ დონეზე ყოფილა, მაგრამ შემდეგ ისტორიული უკუღმართობის შედეგად მევენახეობა, განსაკუთრებით მეღვინეობა ძლიერ დაქვეითდა.
ეს რაიონი შემოფარგლულია მაღალი მთებით, ჰავა კონტინენტურია. ვენახების გაშენება შეიძლება მტკვრის და მისი შენაკადების ხეობებში. ამ უკანასკნელ ხანებში მესხეთის ზემოაღნიშნულ რაიონებში დიდი ყურადღება ექცევა ვაზის კულტურის მოვლა-გაშენებას. მოეწყო წრიოხის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა და იზრდება ვენახის ნარგაობათა ფართობი საკოლმეურნეო სექტორში. ვაზის ჯიშთა ასორტიმენტისა და ქარებისაგან დაცული ფერდობების შერჩევით მევენახეობის განვითარება პერსპექტიულია საქართველოს ამ ძველი კულტურის კერაში.
თავისებური ბუნებრივი პირობები აპირობებენ მეღვინეობის მიმართულებას ზემო ქართლში. აქ მიიღება შედარებით დაბალალკოჰოლიანი და მაღალმჟავიანი ღვინოები. ამის გამო შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ამ რაიონში მეღვინეობას უნდა მიეცეს შამპანურის წარმოების მიმართულება. ამჟამად არსებული მასალების მიხედვით აქ საყურადღებო ვაზის ჯიშებია: ალიგოტე, გორული მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, ჩინური და შავკაპიტო.
სათანადო ჯიშების შერჩევით აქ შეიძლება სუფრის ყურძნის წარმოებასაც მიექცეს ყურადღება, რადგან ამ ზონაში მდებარეობს ცნობილი საკავშირო მნიშვნელობის კურორტები.
შუა ქართლი სამხრეთ ოსეთით მეტად მნიშვნელოვანია ხარისხოვანი მეღვინეობის წარმოების თვალსაზრისით. აქ და განსაკუთრებით მცხეთის, გორის, კასპის, სტალინირის, ზნაურისა და ლენინგორის ადმინისტრაციული რაიონების მთელ რიგ მიკრორაიონებში მიიღება ნაზი და ხალისიანი ღვინომასალა როგორც შამპანურის, ასევე ევროპული ტიპის სუფრის თეთრი და წითელი ღვინოების დასამზადებლად.
მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით საყურადღებოა შემდეგი ხეობები: არაგვის, ქსნის, ატენის, ლეხურის, მეჯუდის, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონის.
1, არაგვის ხეობა. აქ ცნობილი პუნქტებია: საგურამო, წინამძღვარიანთკარი, ჭოპორტი და ბულაჩაური. ამ ხეობაში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ორი მთავარი მიკრორაიონია:
ა) საგურამოს მიკრორაიონი, სოფლებით – საგურამო, წინამძღვარიანთკარი, გალავანი, ნატახტარი და სხვ. იძლევა საკმაოდ მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს და თეთრ ღვინომასალებს შამპანურისათვის.
ბ) ბულაჩაურის მიკრორაიონი, სოფლებით - ბულაჩაური, ახატანი, ჭოპორტი, ჟინვალი და სხვ. იძლევა სუფრის მსუბუქ ღვინოებსა და შამპანურის ღვინომასალას.
ამავე ხეობაში არსებული ბაზალეთისა და მჭადიჯვრის მიკრორაიონების სოფლებში (ბაზალეთი, კობიანთკარი, მჭადიჯვარი, გრემისხევი, შუახევი და სხვ.) ჯერჯერობით მევენახეობას ფართო სამრეწველო ხასიათი არა აქვს, მაგრამ მომავალში სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებით აქ შეიძლება დამზადდეს საკმაოდ ხარისხოვანი ღვინომასალა ევროპული ტიპის ღვინოებისა და შამპანურის წარმოებისათვის.
2. ქსნის ხეობა ერთ-ერთი საუკეთესო კუთხეა ქართლში მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით, აქ საფერავი, რქაწითელი, ალიგოტე, გურული მწანე და ჩინური იძლევიან მაღალი ღირსების პროდუქციას. აღაიანსა და ვაზიანში საფერავიდან აყენებენ ევროპული ტიპის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს. რქაწითლიდან, ალიგოტედან, ჩინურიდან და გორული მწვანედან ხეობის მთელ რიგ მიკროუბნებში მიიღება მეტად ძვირფასი, მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი და შამპანურის ღვინომასალა. აქ მზადდება საკმაოდ სახელგანთქმული "ქართული ღვინო №9 მუხრანული"-ს სახელწოდებით. მეღვინეობის თვალსაზრისით ქსნის ხეობას ყოფენ ორ მიკრორაიონად:
a) მუხრანის მიკრორაიონი, სოფლებით – მუხრანი, ვაზიანი, აღაიანი, ძალისი, ქსოვრისი, წილკანი, წეროვანი, თეზი, ოკამი და სხვ.
b)ლენინგორის მიკრორაიონი, მთავარი სოფლებია: ლენინგორი, იკოთი, კორინთა, წირქოლი, ქვემობოლი, ზემობოლი, ოძისი და სხვ.
3) ლეხურის ხეობა. აქ მეტად საინტერესოა ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით სოფლები: საკორინთლო, სამთავისი, ჭალა, კასპი. რიგი წლების მანძილზე ამ ხეობაში ჩვენს მიერ დამზადებული საცდელი ღვინის ნიმუშები და შამპანური ღებულობდა მაღალ შეფასებას. რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური და გორული მწვანე მეტად პერსპექტიული ჯიშებია ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინოებისა და შამპანურის წარმოებისათვის.
4. მეჯუდას ხეობა ერთ-ერთი მეტად საინტერესოა ხარისხოვანი მეღვინეობის წარმოებისათვის. ამ მხრივ საყურადღებოა სოფლები: მეჯვრისხევი, ხელთუბანი, ახალუბანი, ფლავისმანი და სხვ. აქ ჩინურიდან და გორული მწვანედან მიიღება მაღალხარისხოვანი ღვინომასალები ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებლად და შამპანურის წარმოებისათვის.
5. დიდი და პატარა ლიახვის ხეობები. ვენახები გაშენებულია აღნიშნული მდინარეების მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე.
a) გორის მიკრორაიონი, სოფლებით – გარეჯვარი, ხელთუბანი, ტინისხიდი, აშენდა, ტყვიავი,, ნიქოზი, შინდისი და სხვ. აქ მეტწილად გავრცელებულია ვაზის ჯიშები: ჩინური და გორული მწვანე, რომლებიც იძლევიან საკმაოდ ნაზ, მსუბუქ და ხალისიანი მჟავიანობის ღვინომასალებს სუფრის თეთრი ღვინისა და შამპანურის წარმოებისათვის.
b) სტალინირის მიკრორაიონი – სოფლებით: სტალინირი, თამარაშენი, ქურთა, გუჯაბაური, ქართული ფრისი, ოსფრისი და სხვ. აქ მიიღება ხარისხოვანი ღვინომასალები სუფრის თეთრი ღვინოებისა და შამპანურის წარმოებისათვის.
მდინარე ლიახვის მარცხენა მხარეზე მთის კალთებზე მდებარე სოფლები: დიდი და პატარა ძარწემი, ქემერთი, მინდიანთ უბანი, ჩალის უბანი და სხვ. ურწყავია და იძლევა მაღალხარისხოვან ღვინომასალას შამპანურისათვის.
ამ მიკრორაიონში ძლიერ კარგ პროდუქციას იძლევა ვაზის ჯიშები: რქაწითელი, ჩინური და გორული მწვანე. საყურადღებო ჯიშია აგრეთვე შავკაპიტო.
გ) ერედვის მიკრორაიონი. აქ მიიღება მაღალხარისხოვანი ღვინომასალა, როგორც ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებლად, ისე შამპანურისათვის.
1946 წელს სოფელ ერედვიდან მიღებული ყურძნიდან ჩვენს მიერ დამზადებულ იქნა ვაზის ჯიშ გორული მწვანიდან საცდელი ღვინის ნიმუშები შამპანურისათვის, რომლებმაც მაღალი შეფასება მიიღეს როგორც ღვინომასალის, ისევე მზა შამპანურის დაჭაშნიკებისას.
ეს მიკრორაიონი იძლევა ნაზ, მსუბუქ, ხალისიანი მჟავიანობით ღვინოებს და უნდა ჩაითვალოს მეტად პერსპექტიულ კუთხედ შამპანურის წარმოების თვალსაზრისით.
6. ფრონეს ხეობა. ამ ხეობაში განლაგებული სოფლები: ერგეთი, არკნეთი, ხეთაგუროვი, დიდმუხა, ნული, ავნევი, ურბნისი, დვანი, ძლევისჯვარი, ბებნისი, ბრეთი და სხვ. იძლევიან სრულფასოვან სუფრის თეთრ ღვინოებს და ხარისხოვან მასალას შამპანურისათვის. აქ ძირითადად გავრცელებულია ვაზის ჯიშები: გორული მწვანე, ჩინური, ბუდეშური, თავკვერი და შავკაპიტო.
7. ოქონეს ფრონეს ხეობა. ამ ხეობაში მევენახეობის მთავარი სოფლებია: ზნაურკაუ, ხუნდის უბანი, ზემო ოქონა, ქვემო ოქონა და სუნისი. ძირითადად გავრცელებულია ვაზის ჯიშები: რქაწითელი, გორული მწვანე და თავკვერი. ეს მიკრორაიონი და განსაკუთრებით მისი ზედა ზონა იძლევა ხარისხოვან სუფრის თეთრ და წითელ ღვინოებს და საკმაოდ მაღალი ღირსების მასალას შამპანურისათვის.
8. ჩორათხევის ხეობა. აქ მევენახეობის თვალსაზრისით საყურადღებო სოფლებია: ალი, ახალსოფელი, ტკოცა, ციხისძირი და სხვ., სადაც მიიღება მასობრივი მოხმარების ღვინოები და შამპანურის ღვინომასალა. პერსპექტიული ჯიშებია: გორული მწვანე, ალიგოტე, პინო შავი, შარდონე და ძველშავი.
9. სურამის მიკრორაიონი, სოფლებით: სურამი, გვერდის უბანი, ოსიაური, ბეკამი, ტეზერი. აქ მიიღება მასობრივი მოხმარების ღვინოები და კონიაკის სპირტის ღვინომასალები. ამ ბოლო დროს ამზადებენ შამპანურის ღვინომასალებს. პერსპექტიული ჯიშებია: პინო, გორული მწვანე და ჩინური.
10. ტაშისკარის მიკრორაიონი მდებარეობს ლიხის მთის კალთებზე. მეღვინეობის თვალსაზრისით საყურადღებო სოფლებია ტაშისკარი და ქვიშხეთი. ვენახები ძირითადად ურწყავია. პერსპექტიული ვაზის ჯიშებია: ძველშავი, ალიგოტე, გორული მწვანე და ჩინური. მიიღება საკმაოდ მაღალხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინოები და შამპანურის მასალა.
11. ბორჯომის ხეობა მეღვინეობის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ვენახების ნარგაობაც მცირეა. აქ უფრო მიზანშეწონილია სუფრის ყურძნის ვაზის ჯიშების გაშენება ამ ტერიტორიაზე განლაგებულ ცნობილი კურორტების მოთხოვნილებისათვის.
მტკვრის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს:
12. ძეგვის მიკრორაიონი. ვენახები განლაგებულია ხეკორძულას ხეობის შემდეგ სოფლებში: ძეგვი, სასხორისი, ნიჩბისი, ხეორი და სხვ. ამ სოფლებში ვაზის ჯიშები: რქაწითელი, გორული მწვანე და ალიგოტე იძლევიან საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინომასალებს შამპანურისათვის და სუფრის თეთრი ღვინოების დასაყენებლად.
13. კავთისხევის ხეობა შუა ქართლში უნდა ჩაითვალოს მეტად მაღალხარისხოვანი მეღვინეობის მიკრორაიონად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან სოფლები: კავთისხევი, ქვემოხანდაკი, ზემოხანდაკი, წინარეხი და შუაუბანი. რიგი წლების მანძილზე ჩვენს მიერ აქ დაყენებულმა შამპანურისა და ევროპული ტიპის ღვინოების საცდელმა ნიმუშებმა თავი გამოიჩინეს სინაზით, სიმსუბუქით, სიხალისითა და სხვა მაჩვენებლებით. ხეობაში ძვირფასია მეღვინეობის თვალსაზრისით: გორული მწვანე, ჩინური და ალიგოტე. წითელყურძნიანი ჯიშებიდან საყურადღებოა თავკვერი და საფერავი.
14. თეძამის ხეობა. ვენახები განლაგებულია სოფლებში: მეტეხი, წითელქალაქი, ნიაბი და სხვ. ვაზის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე და ალიგოტე იძლევიან ნაზ, მსუბუქ, ხალისიან სუფრის თეთრ ღვინოებს და საკმაოდ მაღალხარისხოვან მასალებს შამპანურის წარმოებისათვის.
15. ატენის ხეობა – ეს ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი მიკრორაიონია ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით.
ეს ხეობა ორ ზონად იყოფა:
a) ზედა ზონა, რომელშიაც შედიან სოფლები: სიონი, დიდი ატენი, პატარა ატენი, გარდატენი, მიხანათ უბანი და სხვ. აქ გავრცელებულ ნიადაგებზე გაშენებულ ვენახებიდან დგება მაღალხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურის წარმოებისათვის და ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინების დასაყენებლად.
b)ქვედა ზონაში განლაგებულ სოფლებში: ხიდისთავში, ჯებირში, დეგეულაში და სხვ. მიიღება ხარისხოვანი ღვინომასალები შამპანურის წარმოებისათვის და სუფრის თეთრი ღვინოების დასაყენებლად.
თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებიდან ამ ხეობაში ძირითადად გავრცელებულია და მეტად პერსპექტიულია ჩინური და გორული მწვანე. ვხვდებით აგრეთვე ბუდეშურს, ალიგოტესა და რქაწითელს, რომელნიც აქ იძლევიან საკმაოდ მაღალხარისხოვან პროდუქციას. ამავე ხეობაში საფერავიდან და განსაკუთრებით თავკვერიდან მიიღება ზომიერი სხეულის, მსუბუქი და ჰარმონიული სუფრის წითელი ღვინოები.
ხეობა ცნობილია იმითაც, რომ აქ ძველთაგანვე მზადდებოდა საკმაოდ სახელგანთქმული, თავისებური დამახასიათებელი თვისებების მქონე ბუნებრივი ცქრიალა ღვინო "ატენურა".
16. ხვედურეთის მიკრორაიონში განლაგებულ სოფლებში: ქარელში, ყინწვისში, ზემოხვედურეთში, ქანდრებში და სხვ. ვენახების ფართობი მცირეა, ამიტომ მევენახეობა- მეღვინეობა ჯერჯერობით არასამრეწველო ხასიათს ატარებს. მომავალში მევენახეობას აქ უნდა მიეცეს მიმართულება უმთავრესად შამპანურის წარმოებისა და სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებლად.
ქვემო ქართლი
მევენახეობა-მეღვინეობა ქვემო ქართლში როგორც ხვედრითი წონით, ისე ხარისხობრივად მნიშვნელოვნად ჩამორჩება შუა ქართლს. წინათ ამ მხარეში, როგორც სარწმუნო წყაროებიდან ჩანს, ვაზის კულტურა და მეღვინეობა საკმაოდ განვითარებული ყოფილა, მაგრამ შემდეგში ისტორიული უკუღმართობის შედეგად იგი დაეცა. აქ უმთავრესი ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, ბუერა, თავკვერი და საფერავი. კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელია ვაზის კულტურის ზრდა-განვითარებისათვის. ნალექები საკმარისი არ არის, რის გამოც ვენახების მორწყვა აუცილებელია. ამ მხარეში ვაზი სათანადო აგროტექნიკურ პირობებში უხვმოსავლიანია, ვენახები უმთავრესად გაშენებულია მდინარე ხრამის აუზის – შუა და ბოლო ნაწილის და მისი შენაკადების მაშავერასა და ალგეთის ნაპირებზე.
მეღვინეობის თვალსაზრისით ქვემო ქართლი ორ ძირითად რაიონად იყოფა:
a) ბოლნისის რაიონი. ვენახები განლაგებულია მდინარე მაშავერასა და მისი შენაკადების ნაპირებზე შემდეგ სოფლებში: ბოლნისი, თამარისი, ხატის სოფელი, რატევანი, ბოლნის ხაჩინი, ბოლნის-ყაფანახჩი და სხვ. მოსავალი უხვი მოდის, მაგრამ გადაჭარბებული რწყვის გამო მიიღება მეტწილად მჩატე, სიმაგრით 8-9o-იანი, უსხეული ღვინო. სამტრესტის ბოლნისის ღვინის ქარხანაში ამზადებენ მასობრივი მოხმარების მსუბუქ, სასიამოვნო, ხალისიან, ევროპული ტიპის სუფრის თეთრ ღვინოებთან ერთად ყურძნის წვენს და კონიაკის სპირტის ღვინომასალებს. სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით აქ ზოგიერთ პუნქტში შეიძლება მივიღოთ კახური და ევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრის ღვინოები.
b)შაუმიანის რაიონი – ვენახების ძირითადი ნარგაობა განლაგებულია: შაუმიანში, ყულარში, გიაურ არხში და სხვ. ვენახების მდებარეობა, კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები ხელსაყრელია ხარისხოვანი სუფრის ღვინოების მისაღებად, მაგრამ აქაც ვენახებს გადაჭარბებულად რწყავენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ღვინის ღირსებას.
ამ რაიონში ძირითადად მიიღება მასობრივი მოხმარების და ზოგიერთ პუნქტში კი ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი ღვინოები. რაიონი პერსპექტიულია აგრეთვე საკონიაკე სპირტის ღვინომასალების და სუფრის ყურძნის წარმოებისათვის.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
თემა:
თქვენი კომენტარი