ბრიტანეთმა შამპანი ჩააჩოჩა და უმაღლესი კლასის ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი გახდა, სკანდინავიაში შეუდარებელ სოვინიონს ამზადებენ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვაზს ჩეხავენ, რუსეთი კი ღვინის ზესახელმწიფოდ იქცა... კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში!
“კლიმატის ცვალებადობამ შეიძლება იმდენად დიდი გავლენა მოახდინოს, რომ ღვინის მწარმოებელ სახელმწიფოთა ჩამონათვალი საგრძნობლად შეიცვალოს,” - ასეთი სადაო განცხადება გაკეთდა კონფერენციაზე Digital Wine Communications Conference, რომელიც 25-27 ოქტომბერს ლა-რიოხაში ჩატარდა.
ღვინის ჟურნალისტმა სიუზან მასტაჩიჩმა (Suzanne Mustacich) კონფერენციაზე ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (Conservation International, CI) მონაცემები წარადგინა, რომელთა მიხედვითაც ახლო მომავალში ღვინის მსოფლიო რუკაზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ამ ორგანიზაციის ვარაუდით, დაახლოებით 30-40 წლის შემდეგ ევროპის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიისა და კალიფორნიის ღვინის მწარმოებელი რეგიონები ამ საქმიანობისათვის არახელსაყრელი გახდება. ვენახები გაშენდება უფრო ზომიერი კლიმატის ზონებში. ეს ბიზნესი განსაკუთრები მომგებიანი გახდება ჩრდილოეთ ევროპისათვის, “სკანდინავია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი 2050 წლისათვის უმსხვილეს ღვინისმწარმოებელ ქვეყნებად მოგვევლინებიან.” მასტაჩიჩმა მოხსენებისას საზოგადოებას პროფესორ რიჩარდ სელის (Richard Selley) გამოკვლევის შედეგებიც გააცნო. მეცნიერი ვარაუდობს, რომ 2080 წლისათვის დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთში საკმაოდ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება გახდება შესაძლებელი.
კონფერენციაზე იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ კლიმატის ტემპერატურის მატებით ყურძნის ჯიშების ტრადიციული “ნაკრების” ის გაგებაც შეიცვლება, რაც ღვინის მწარმოებელი რეგიონებისათვის არის დამახასიათებელი. საბოლოოდ კი ასეთი დასკვნა გამოიტანეს, რომ სხვადასხვა რეგიონის ღვინოების შეფასებისას ღვინის სამყაროს მოუწევს საკუთარ შეხედულებებს გადახედოს. მეღვინეებს კი ურჩევენ, მომავალზე დაფიქრდნენ, მზად დახვდნენ ტემპერატურის ცვლილებას და უნალექობას, რასაც, ცხადია, ნაადრევი რთველი მოჰყვება ხოლმე. გლობალური დათბობის თეორიას მიმდევარიც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. სიუზან მასტაჩიჩი პირველი არ არის, ვინც საზოგადოებას ასეთი განცხადებები, კვლევის შედეგები და პროგნოზები გააცნო. პროფესორმა გრეგორი ჯონსმა მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვალებადობას ეხებოდა, გლობალური დათბობის რუკა წარადგინა. მისი მონაცემებით XXI საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის უმთავრეს ღვინის მწარმოებელ რეგიონებში საშუალო ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. პროფესორის გათვლით, 2050 წლისათვის ტემპერატურა 1-5°С–ით გაიზრდება.
ცალკე განხილვის თემაა, კლიმატის ეს ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია თუ ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული. ერთი რამ კი ცხადია, დედამიწის ორივე ნახევარსფეროში მდებარე ღვინის რეგიონებში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ამას კი ღვინის სტილისა და ხასიათის გადასხვაფერება მოჰყვება ხოლმე.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი