Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინისა და ვენახის თემატიკა მუზეუმების კვირეულზე

ქეთო ნინიძე

1977 წლიდან 18 მაისს მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს (IMD) აღნიშნავს, რაც დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებისა და ფორმატის მრავალფეროვანი თემატური ღონისძიებების  ერთდღიან, ორდღიან (შაბათ-კვირა), ან ერთკვირიან პროგრამას მოიცავს. მუზეუმების კვირეულის დამაარსებელი და ორგანიზატორია ICOM (International Council of Museums) - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არსებობის დღიდან, 1946 წლიდან, ხელს უწყობს და იცავს არამატერიალურ და მატერიალურ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. 

გასულ წელს IMD-ში მონაწილეობდა 140 ქვეყნის 35 000 მუზეუმი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. საქართველო აქტიურადაა ჩართული IMD-ის პროგრამაში და იზიარებს  მუზეუმების საერთაშორისო დღის აქტუალურ თემასა და  სლოგანს - „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის“ („Museums for a sustainable society“). საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი თითოეული სტრუქტურული ერთეული საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელ ვიზიტორებს სთავაზობს საინტერესო ინტერაქტიულ პროგრამას, რაც მთელი კვირის მანძილზე (17-24 მაისი) იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეში. ჩვენ კი - ჩვენს ერთგულ მკითხველებს იმ გამოფენების შესახებ მივუთითებთ, რომელთა საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, თვალი მიადევნონ მევენახეობა-მეღვინეობის რვაათასწლოვან ისტორიას საქართველოში. 

ათასწლეულების განმავლობაში ღვინო ქართული კულტურის სარიტუალო-საკრალური სფეროსა და ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი საყრდენი იყო. შესაბამისად, სამუზეუმო გარემოშიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი ეთმობა მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის რეპრეზენტაციას, რაც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ფუნქციურად და ფორმალურად მოდიფიცირდებოდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა ფონდებსა და კოლექციებში განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია, სწორედ, ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, რაც შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო იყოს როგორც მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მკვლევართათვის, ტურისტული ორგანიზაციებისა და, განსაკუთრებით, ღვინის ტურიზმის სფეროში დაკავებულ პირთათვის, ისე - ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელსაც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის ისტორიის საკითხები აინტერესებს. 

მუზეუმების კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმი მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რამდენიმე გამოფენას - „არქეოლოგიური საგანძური“ (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი) და  „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ. VIII ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე“ (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი), „შუა საუკუნეების არქეოლოგია“ (სიღნაღის მუზეუმი) და „სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიცია“ (სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი).  

გამოფენაზე „არქეოლოგიური საგანძური“ წარმოდგენილია ქართლის, კახეთის, ვანისა და თრიალეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მდიდრულ ყორღანულ სამარხებში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები. ექსპონატებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა სარიტუალო და ყოფითი დანიშნულების ჭურჭელი (სასმისები, თასები, ფიალები, ძირწვეტიანი საღვინე ჭურჭელი, და დოქები), რომლებიც ძვ. წ-ის VIII ათასწლეულიდან ახ. წ-ის III საუკუნეებამდე პერიოდებით თარიღდება. ამავე გამოფენაზე განსაკუთრებით საინტერესოა ვანის # 24 სამარხში აღმოჩენილი სარტყელი, რომელიც ძვ.წ-ის IV საუკუნის დასასრულით თარიღდება და მასზე გამოსახულია სარეცელზე წამოწოლილი მამაკაცი ფიალით ხელში, მუსიკოსებისა და მერიქიფის თანხლებით.

გამოფენაზე „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ. VIII ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგვიდგენს სხვადასხვა მასალის (თიხა, ბრინჯაო, მინა და სხვ.), მოცულობისა და ტიპის უძველეს  ჭურჭელს - ცხვრისა და ხარის ფორმის საღვინეებს, დოქებს, დერგებს, თასებს,  ფიალებს, რიტონებს, სასმისებს, ბოთლებს, საწურ და სამაჭრე ჭურჭლებს, ფეხსაცმლის ფორმის სასმისებს, ამფორებს, უძველესი ქვევრის ნაწილებს, ქვევრის ფორმის მასიურ ჭურჭლებს ყურძნის გამოსახულებით აგრეთვე, სასხლავებსა და ძვ. წ-ის ურემს - ექსპონატებს - ნეოლოთიდან გვიანანტიკურ ხანამდე.  

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მუზეუმის მეორე სართულზე, არასაექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილი ათასხუთას ლიტრიანი ქვევრი, რომელზეც გამოსახულია ირმებზე ნადირობის სცენები, ცხოველები და ფრინველები. ქვევრი ძვ. წ-ის III საუკუნით თარიღდება და აღმოჩენილია 1967 წელს, მცხეთაში, სამადლოს ნაქალაქარზე. 

მსგავსი დანიშნულების ოდნავ მოგვიანო პერიოდის (IV-XVIII სს) ექსპონატებს წარმოგვიდგენს სიღნაღის მუზეუმის შუა საუკუნეების ექსპოზიცია. გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტები მოპოვებულია ხორანთაში, ნეკრესში, გავაზში, არემსა და ჭერემში. სიღნაღის მუზეუმში დაცულია წინარექრისტიანული პერიოდის - II-III საუკუნეებით დათარიღებული უნიკალური წარწერა „ჭური მე დავრგე“, რომლის შესახებაც ფუნდამენტური გამოკვლევა ეკუთვნის არქეოლოგ ლევან ჭილაშვილს. წარწერა მეცნიერთა ყურადღებას იპყრობს არაერთი ასპექტით - მის მიხედვით დასტურდება ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ ტერმინ „ჭურსა“ და „ქვევრს“ შორის განსხვავება არა სივრცული (დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველო), არამედ - დროითია („ჭური“ „ქვევრზე“ ადრინდელი ტერმინია). ვრცლად ამ საკითხების შესახებ იხილეთ „მარანის“ ძველი პუბლიკაცია

მუზეუმების კვირეულის წლევანდელი თემატური ჩარჩო - „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის“ - კიდევ ერთხელ შეგვახსენებს კულტურული, ეკო- და ენოტურიზმის განვითარების აუცილებლობას, რისი ხელსაყრელი ნიადაგი და მდიდარი პოტენცია საქართველოში უდაოდ არსებობს. ამგვარ პროექტებში ინტეგრირებული იქნება ის მნიშვნელოვანი კომპონენტები - გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სიღარიბის დაძლევა, რაც, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებას კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის პირობებში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული