Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სოფელი - „ღვინის კლუბის“ ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის

„ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას. კონსულტაციები მცირე და საშუალო მარნებს დაეხმარება თავიანთი მეურნეობები აქციონ ტურისტებისთვის მიმზიდველ საწარმოებად, შექმნან ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის მიმზიდველი პროდუქტები/სერვისები და ჩაერთონ ამ რეგიონებში არსებულ ღვინის მარშრუტებში.

შექმნილია მობილური სამუშაო ჯგუფი (ექსპერტები მევენახეობის, მეღვინეობის, მარკეტინგის, ტურიზმის დარგში), რომელიც ამ სამ რეგიონში უკვე მუშაობს 20-მდე სოფელში. ეს გახლავთ შესარჩევი ეტაპი და რამდენიმე დღეში ის მარნებიც გამოვლინდებიან, რომლებიც გააგრძელებენ პროექტთან თანამშრომლობას. ადგილზე ჩატარდება სასწავლო და კვლევითი, საველე სამუშაოები, ტრენინგები და სხვ. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში ენო და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - ნატურალური პროდუქტის შექმნა მცირე და საშუალო მარნების გამოვლენისა და მათი ტურისტულად მიმზიდველ მეურნეობებად გარდაქმნის, მარნების სხვადასხვა ტურ-ოპერატორებთან დაკავშირებისა და ღვინის მარშრუტებში ჩართვის გზით. უშუალოდ ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება ვენახში ჩასატარებელი ყველა ოპერაციის მართვა – სხვლა, წამლობა, მწვანე ოპერაციები. ღვინის დადუღება და პირველადი დავარგება.

ამავე დროს პროექტში მოგვიანებით ჩაერთვებიან უკვე ცნობილი მარნების მფლობელები, რამდენიმეწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული მევენახე-მეღვინეები, რომლებიც პროგრამაში ჩართულ მარნებს დაეხმარებიან, თავიანთი საქმიანობა ღვინის ტურისტებისთვის საინტერესო მეურნეობებად გარდაქმნან.

პროექტი ასევე გულისხმობს მარკეტინგულ და გაყიდვებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ბაზრების მოძიებას, პიარ–კამპანიებს, მცირე ბაზრობებს, „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობას, ღვინის მარშრუტებში ჩართვას და ა.შ.

პროექტი „ღვინის სოფელი“ „ღვინის კლუბის“ 11 წლიანი გამოცდილების შედეგია და მასში ის მარნები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა საქმიანობაც უკვე კარგადაა კლუბისთვის ცნობილი.

პროექტს გაუძღვებიან: მალხაზ ხარბედია (ღვინის კლუბის დამფუძნებელი), გიორგი ბარისაშვილი (მევენახეობისა და მეღვინეობის მკვლევარი), ვანო შიუკაშვილი (მეღვინე), ნათია გაჩეჩილაძე (პროექტის მენეჯერი), ნიკოლოზ გრძელიშვილი (ოპერატორი), მამუკა მაისურაძე (ჯი ვინოს დამფუნძლებელი), იაგო ბიტარიშვილი (მევენახე-მეღვინე), თამუნა კურტანიძე (ტურიზმის სპეციალისტი), მამუკა ტყეშელაშვილი (მხატვარი, დიზაინერი) და სხვ.

მალხაზ ხარბედია: „ჩვენი გამოცდილებით, რომელიც „ახალი ღვინის ფესტივალის“, ამ სახალხო ღვინის დღესასწაულის მანძილზე დაგვიგროვდა, ყოველწლიურად ათეულობით ახალი მარანი გამოდის დიდ ასპარეზზე, თუმცა ძალზე ბევრი ჩრდილში რჩება. ყოველწლიურად ფესტივალში მონაწილეობის სურვილით რამდენიმე ასეული მარანი მოგვმართავს, რომელთაც საკონკურსოდ შემოაქვთ თავიანთი ღვინოები. შარშან, მაგ. „ახალი ღვინის ფესტივალის“ შესარჩევ ტურში 700-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, პოტენციალი უზარმაზარია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ახლოდან შესწავლა და ხელშეწყობა. ჩვენი პროექტის იდეა სწორედ ასეთი კვლევების აუცილებლობიდან იშვა.

უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ასეთი მცირე მწარმოებელი წლების მანძილზე ვერ გაცდა რუტინულ მდგომარეობას და ვერ ახერხებს რეალურ განვითარებას. ბევრისთვის ხელმისაწვდომი არაა ცოდნა და რაც მთავარია, მისი პროდუქტი  ვერ აღწევს მომხმარებლამდე, მომხმარებელი კი (და მათ შორის ტურისტი) არ ფლობს არანაირ ინფორმაციას მათ შესახებ.

მიგვაჩნია, რომ არსებობს ძალზე მნიშვნელოვანი ჯაჭვი მცირე მარნების განვითარებისთვის. განათლება - მედია - ღონისძიებები, ჯაჭვი, რომელიც ძალზე გაუადვილებს გზას დამწყებ მევენახე-მეღვინეებს, მათ ვისაც სურთ, მოხვდნენ ბაზარზე და ვისი პროდუქციაც იმსახურებს მედიის და პირველ რიგში, მომხმარებლის თუ ტურისტის ყურადღებას. ამისთვის კი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა საჭიროა ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, პროდუქტის, რომელზეც პასუხისმგებელი იქნება არამხოლოდ ახალბედა მეწარმე, არამედ გამოცდილ ადამიანთა ჯგუფიც, რომლებიც მას არამხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგისა და ა.შ. ცოდნას მისცემენ, არამედ დაეხმარებიან ასპარეზზე თამამად გამოსვლაში (მედია, ღონისძიებები).“

„ღვინის სოფელის“ პირველი ეტაპი 2021 წლის მაისამდე გაგრძელდება და იგი მიზნად ისახავს მომავალში საქართველოს ყველა ღვინის რეგიონი მოიცვას.

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენოტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



გამარჯობათ,ძალიან საჭირო და აუცილებელი პროექტია მცირე მარნებისა და დამწყები მევენახე-მეღვინეებისთვის. სამეგრელოში როდის გვესტუმრებით? ძალიან გვჭირდება კვალიფიციური კონსულტაციები მეღვინეობასა და გაყიდვებში.


მოგესალმებით, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. მომავალში აუცილებლად ვაპირებთ სამეგრელოში და დასავლეთის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ღვინის რეგიონებშიც ამ პროექტის გაგრძელებას. წლის განმავლობაში გამოჩნდება, რომელ რეგიონებში უფრო მეტი პოტენციალი და დაინტერესება იქნება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული