Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფასები არ იზრდება

ბოლო ხანებში საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი  რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სირთულეებს ქმნის მთელი რიგი შიდა და გარე ეკონომიკური  ფაქტორების ერთობლიობა -  ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება, მაღალალკოჰოლურ სასმელებზე (ჭაჭა, ბრენდი და სხვ.), სახელმწიფოს მხრიდან სააქციზო გადასახადების გაზრდა და გაყიდვების რაოდენობის   მკვეთრი შემცირება  ძირითად საექსპორტო სახელმწიფოებში (რუსეთი, უკრაინა).  

აღნიშნულმა ვითარებამ განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა ერთი მხრივ - ღვინის მწარმოებლები, მეორე მხრივ  კი - მომხმარებელი. კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდნენ ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკით. მათმა გარკვეულმა ნაწილმა, გაითვალისწინა რა საქართველოს მოქალაქეთა დაბალი მსყიდველობითუნარიანობა, გადახედა უკანასკნელი წლების საფასო პოლიტიკას. ეს კი, ცხადია, დადებითად აისახა ღვინის ადგილობრივი მომხმარებლის ბიუჯეტზე.

1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მაღალალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა, რამაც ამ პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობა, დაახლოებით, 1-2 ლარით.  აღნიშნულ რეგულაციებს არ ექვემდებარება ღვინის წარმოება, იმპორტი და ექსპორტი. ღვინის აქციზის გადასახადი არ გაზრდილა, როგორც ჩანს, იმ დამატებითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მეღვინეობის სფეროს წინაშე დღესდღეობით მოიაზრება. 

ღვინო საქართველოში, ძირითადად, ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. შესაბამისად, საკუთრივ პროდუქტის  წარმოებაზე პირდაპირ არ აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის უარყოფითი დინამიკა. რაც შეეხება პროდუქტის შეფუთვას, მასშტაბური წარმოების შემთხვევაში, ეს პროცედურა  არცთუ მცირე ხარჯებს ითვალისწინებს უცხოურ ვალუტაში. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, ღვინის ფასები არ მომატებულა.

ღვინის სარეალიზაციო ობიექტების („ღვინის გალერეა“, „ღვინის მარანი“, „ღვინის დრო“, „ქართული ღვინის ლეგენდა“, „სარჩო“, „ვინტაჟი“) გაყიდვების მენეჯერები ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავენ, რომ  ღვინის ახლადმიწოდებულ პარტიებზე ფასების მატება არ შეინიშნება, პირიქით,  ზოგიერთმა მწარმოებელმა, მაგალითად კომპანიებმა - „ბადაგონი“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ რამდენიმე დასახელების ბოთლის ღვინოზე ფასები შეამცირეს, რაც არ შეეხება ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელებების ღვინოებს. როგორც მაღაზიები ადასტურებენ, მცირედით მოიმატა  მხოლოდ კომპანია “Chateau Mukhrani“-ის რამდენიმე დასახელების ღვინის ფასმა. 

ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში, ღვინის ფასების მომატება საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. ცალკე აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიები უფრო მეტად უწევენ ანგარიშს ადგილობრივ კონიუნქტურასა და ლოკალურ საბაზრო მოთხოვნას. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.