ITB Berlin მსოფლიოს ყველაზე ფართომასშტაბიანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც 2023 წელს 7-9 მარტამდე ბერლინში გაიმართება.
ITB Berlin ყურადღებას გაამახვილებს B2B მომხარებელზე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ტუროპერატორები, სასტუმროს წარმომადგენლები, ქართული ღვინის კომპანიები. როგორც ადრე, ITB Berlin Convention გაიმართება გამოფენის პარალელურად, სესიები ITB.com-ზეც გადაიცემა და დაინტერესებულები ღონისძიების ნახვას სხვადასხვა ქვეყნიდანაც შეძლებენ. როგორც ვებ. გვერდზე ვკითხულობთ, ITB Berlin არის ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2023 წელს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბერლინის სატელევიზიო ანძის საგამოფენო დარბაზებში შეიკრიბებიან.
როგორც ვკითხულობთ, ღონისძიებაზე სტუმრებს ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებს შესთავაზებენ, წარდგენილი იქნება სხვადასხვა ღვინო და ქართული კერძები. ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა,რომ გამოფენის გახსნას 200-მდე საერთაშორისო მედია გააშუქებს. გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წამყვან საერთაშორისო კომპანიებს შეხვდება, ხოლო საქართველოდან 80-მდე კომპანია წარადგენს საკუთარ პროდუქციას.
ღონისძიებაზე ჩაერთვება აჭარის რეგიონის მთავრობა, თბილისის მერია, საქართველოს აეროპორტები და ა.შ. "ITB Berlin-ის ექსკლუზიურად B2B პროდუქტად პოზიციონირებით ჩვენ გვსურს ეს ფორმატი ვაქციოთ ტურისტური ინდუსტრიის გლობალურ კატალიზატორად" - აღნიშნავს დეივიდ რუცი, ITB Berlin-ის ხელმძღვანელი - "ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ იმაზეც, რომ ჩვენი "იმიჯი" გავაუმჯობესოთ, დავამყაროთ ახალი კავშირები და მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები. წარსულში საკმაოდ თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ გამოფენაზე უმეტესობა ცალსახა აქცენტს B2B აუდიტორიაზე აკეთებდა. ამიტომაც ITB Berlin-ის წლევანდელი აქცენტი სწორედ ამაზე გაკეთდება" - ვკითხულობთ hospitality net-ზე. როგორც რუცი აღნიშნავს, ახალი კონცეფცია ITB-ის საშუალებას აძლევს გამოიკვლიოს გამოფენის შემდგომი განვითარების გზები და აუდიტორიას დამატებითი შესაძლებლობების უფრო მეტი შანსი მისცეს.
რაც შეეხება გამოფენას, სავაჭრო გამოფენის ITB exhibitor Award-ზე იგეგმება სახელოვანი წარმომადგენლობის მოწვევაც.
ITB Berlin სტუმრებს ჯერ ღონისძიებაზე, შემდეგ კი საქართველოში ეპატიჟება. მათ გვერდზე აღმოაჩენთ ქართული კულინარიის, ღვინის, კულტურისა და ლანდშაფტის შესახებ ინფორმაციებს: "ეს ქვეყანა გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი იქნება." - ვკითხულობთ ITB Berlin-ის გვერდზე.
ღონისძიებაზე საქართველოს რამდენიმე ქალაქი წარსგება, მათ შორისაა ქუთაისი: "ჩვენც, რა თქმა უნდა, დიდ სამზადისში ვართ. მომზადებული გვაქვს ის მასალები, რომლებიც უნდა წარვადგინოთ ამ გამოფენაზე. ვგულისხმობ პოლიგრაფიას, ბროშურებს, რუკებს, სხვადასხვა გზამკვლევს და ა.შ. ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის" - აღნიშნავს მარი დევიძე, იმერეთის DMO აღმასრულებელი დირექტორი.
ტურისტულ შესაძლობებს აჭარაც წარადგენს: "ეს საქართველოს და ჩვენი რეგიონის ყველაზე დიდი და მასშტაბური მარკეტინგული პიარ-კამპანიაა, რომელსაც 180 ქვეყანაზე ექნება წვდომა. ეს კი საშუალებას მოგვცემს, საქართველო წარდგეს, როგორც უსაფრთხო, მდგრადი ტურისტული მიმართულების ქვეყანა" - აღნიშნავს თინა ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გამოფენაზე საქართველოდან 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ITB Berlin ჩვენი ქვეყნის ეროვნული პროგრამით 6 მარტს გაიხსნება, სადაც მონაწილეები სტუმრებს ჩვენს მრავალფეროვან კულტურასა და ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებზე სხვადასხვა საშუალებებით მოუყვებიან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი