გამოქვეყნებულია: 30 აპრილი, 2010 - 18:43
ალეკო ცქიტიშვილი
კომპანია „უსახელოურის ვენახებმა“ მომხმარებელს საკმაოდ თამამი, შეიძლება ითქვას, სარისკო პრომო-აქცია შესთავაზა - მთელი აპრილის განმავლობაში, პარასკევს, შაბათსა და კვირას ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღვინო „უსახელოურის“ უფასოდ დაგემოვნება და ცხადია, შეძენაც. „ნებისმიერი მსურველი“ საკმაოდ თამამი განაცხადია, რადგან „გუდვილში“ იმდენი ადამიანი დაბოდიალობს, ყველამ რომ თითო ყლუპი „უსახელოური“ გასინჯოს, კომპანიის საცავში აღარაფერი დარჩება. თუმცა, სამწუხაროდ (და არა საბედნიეროდ), „უსახელოურის“ შესახებ მომხმარებელს ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია აქვს და მისი გასინჯვის სურვილიც მხოლოდ მას უჩნდება, ვისაც ყურმოკვრით რაღაც გაუგია ამ ღვინის შესახებ.
„ეს არის ის უსახელოური - სტალინის გიჟობა?! ვაიმე, მე მომიტანეს საჩუქრად სხვანაირი ბოთლით, 150 ლარი რომ ღირს, მაგრამ არ ვხსნი. ისე კი მაინტერესებს როგორია, თუ გამასინჯებთ“, – სთხოვს „უსახელოურის“ წარმდგენ გოგონას ბალზაკის ასაკის ქალბატონი. გოგონა ბოთლიდან ერთ ყლუპ ღვინოს უსხამს და თან უხსნის, რომ ეს „უსახელოური“ 150 ლარზე გაცილებით ნაკლები - 115 ლარი ღირს.
„უსახელოურის ვენახების“ მფლობელი, პაატა შარაშენიძე „მარანთან“ საუბრისას აზუსტებს, რომ კომპანიის საცავიდან ღვინის შეძენა 70 ლარად არის შესაძლებელი, ამის ზემოთ კი ფასს „გუდვილი“ და სხვა მაღაზიებიც უმატებენ, თავიანთი მოგებისა და გადასახადების გათვალისწინებით. მომავალ წელს აპირებს, ღვინო კიდევ ოცი ლარით გააიაფოს. წელსაც არ იქნებოდა ასეთი ძვირი, რომ არა 2009 წლის გაზაფხულის ყინვები ოყურეშში, რის გამოც ვაზი დაზიანდა და რთველის დროს ნავარაუდევი 5 ტონის ნაცვლად 1,5 ტონა ყურძენი დაიკრიფა. საბოლოოდ ამ მოსავლიდან სარეალიზაციოდ მხოლოდ 985 ბოთლი „უსახელოური“ ჩამოისხა. დღესდღეობით მარაგში არც ისე ბევრი ღვინოა დარჩენილი. 2009 წლის მოსავლიდან 330 ბოთლი მარტო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა.
ცნობები ამპელოგრაფიიდან
უსახელოური ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად – ზუბი-ოყუშერის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.
ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჯიშის გავრცელება მხოლოდ ცაგერის რაიონში, ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუება და სახელწოდების ამ რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მიღება უდავოდ ადასტურებს ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას. ბოტანიკური ნიშნები და ბიოლოგიური თვისებები მიგვითითებს ჯიშის გარეულ ვაზებთან დიდ მსგავსებაზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ უსახელოური არც ისე შორეულ წარსულში უშუალოდ ტყიდან უნდა იყოს შემოტანილი კულტურაში. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, ვაზის ჯიში უსახელოური შორეულ წარსულში გადმოუტანიათ სოფ. უსახელოდან და ფართოდ გაუვრცელებიათ ლეჩხუმში. ეს და ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი ნათლად ადასტურებს აკად. ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ შეხედულებას, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმში მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან.
განსაკუთრებით მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს უსახელოური იძლევა მისი გავრცელების ძირითად რაიონში, სახელდობრ: ცაგერის რაიონის სამხრეთ ნაწილში მდ. ცხენისწყლის ორივე ნაპირზე განლაგებულ სოფლებში, რომელთაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია: ზუბი, ოყურეში, ისუნდერი, ოფიტარა, მახურა, ლაჩეფიტა და ლაძგვერი. ლეჩხუმის მეღვინეობას სწორედ უსახელოურმა გაუთქვა სახელი. ლეჩხუმის წითელი ღვინო, ვაჭრობაში „მანდარიას ღვინოს“ სახელწოდებით, უწინ ფართოდ იყო ცნობილი ქუთაისისა და წულუკიძის რაიონის სოფლებში და საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი თითქმის არ ჩამოუვარდებოდა მასზე უფრო ცნობილ ხვანჭკარას ღვინოს თავისი ღირსებით.
ლეჩხუმში უსახელოურის რთველს ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყებენ, რაც ორი კვირა გრძელდება და მთავრდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ეს ვადა ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად ცვალებადია. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ხარისხოვანი ღვინის მისაღებად უსახელოური უნდა დაიკრიფოს 23-26% შაქრიანობისა და 6,0-80% მჟავიანობის დროს, ხოლო სუფრის წითელი ღვინისათვის 20-22% შაქრიანობისა და 8-90% მჟავიანობისას.
უსახელოური იძლევა მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ და ინტენსიურად შეფერილ, შინაარსიან, ენერგიულ, სასიამოვნო არომატისა და გემოს სუფრის წითელ ღვინოს. უსახელოურის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხასიათდება ლამაზი ლალისფერი ან მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით. სუფრის ღვინო მწიფე შინდისფერია, აქვს ხილის არომატი და სრული ჰარმონიული გემო. ღვინო საკმაოდ მდიდარია შედგენილობით. აღსანიშნავია მისი მაღალი ალკოჰოლიანობა, რაც ზოგიერთ ნიმუშში 13–14 გრადუსს აღწევს. ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს მისგან მაღალხარისხოვანი სადესერტო ტიპის ღვინის მიღების შესაძლებლობას. საჭიროა ჯიშის ამ მიმართულებითაც ფართოდ გამოცდა.
უსახელოური, სტალინი და სსრკ
ცნობილია, რომ ი. ბ. სტალინს წითელი ღვინო უყვარდა, მაგრამ კერძოდ რომელ ღვინოს უფრო ეტანებოდა, ამაზე ორი ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ბელადი სადილობისას „ხვანჭკარას“ წრუპავდა და ზედ ტელეფას ბატკნის ხორცს აყოლებდა. ამ „რაჭულ ვერსიას“ ლეჩხუმელები უარყოფენ და სტალინის საყვარელ ღვინოდ „უსახელოურს“ ასახელებენ.
ზოგიერთი დაუფიქრებელი მარკეტოლოგი სტალინის სახელს „უსახელოურის“ სარფიანად გაყიდვის კონცეფციას მიაბამდა და კარგადაც გააბუქებდა. პაატა შარაშენიძე კი თავის ღვინოსთან დიქტატორის სახელის დაკავშირების კატეგორიული წინააღმდეგია. მერე რა, რომ მისი ბაბუის (დედის მხრიდან), ოყურეშელი ქიშვარდი მამარდაშვილის „უსახელოური“ სტალინმა მართლაც გასინჯა და კმაყოფილების ნიშნად ულვაშზე ხელი გადაისვა. პაატა შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ სისხლიანი რეპრესიების დირიჟორის სახელის ხსენება მისი ღვინის რეპუტაციას მხოლოდ ავნებს!
ისე კი, ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – 1949 წელს მომხდარა. ქიშვარდი მამარდაშვილი ცაგერის რაიონში საუკეთესო ღვინოს აყენებდა. იმ წელს მას რაიკომიდან ესტუმრნენ და გააფრთხილეს, რომ მისი ღვინო კრემლში, სტალინისთვის უნდა გაეგზავნათ. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ კრემლის ემისრებმა ქიშვარდი ბაბუას ჭურიდან „უსახელოური“ ჯერ 120–ლიტრიან კასრში გადაიტანეს, მერე კასრი მანქანის ძარაზე, წყლიან ავზში მოათავსეს, რათა გრძელ გზაზე ღვინო ჭანჭყარისგან არ შეწუხებულიყო და მოსკოვისკენ შორეულ გზას გაუყენეს. მომდევნო წელს პედაგოგთა რაიონულ კონფერენციაზე ქიშვარდი მამარდაშვილი რაიკომის მდივანმა ცალკე გაიხმო და უთხრა – შენმა ღვინომ ძალიან გვასახელა, სტალინმა სუფრაზე ჭიქა მაღლა ასწია და თქვა: აი, ეს არის ღვინოო.
შესაძლოა, სტალინის ასეთმა მაღალმა შეფასებამ განაპირობა საბჭოთა პერიოდში უსახელოურისადმი ყურადღების გამოჩენა, რასაც თან დაერთო მეცნიერთა ჯგუფის მიერ შედგენილი საუკუნის ნაშრომის „საქართველოს ამპელოგრაფიის“ გამოცემა და ვაზის ჯიშის - უსახელოურის კვლევა მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტის საცდელ-საკოლექციო სადგურებში. გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაწყდა, რომ უსახელოურის ვენახები გაეშენებიათ ოყურეშში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფართობზე, რომელსაც ადგილობრივები ცხაკურს ეძახიან. ეს ტერიტორია მანამდე სრულიად აუთვისებელი იყო და საბჭოთა აგრონომებმა მის კულტივირებას დიდძალი ენერგია შეალიეს. ყამირი ძნელი მოსარჯულებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ იქ ვენახის გაშენება ვერ შეძლეს. თუმცა, ამ პერიოდს მაინც უკავშირდება უსახელოურის ჯიშის გადარჩენა და მისადმი ინტერესის ზრდა. ოყურეშში პირველადი გადამუშავების ქარხანაც კი აშენდა, სადაც მოსახლეობიდან უსახელოურის ყურძენს საკმაოდ მაღალ ფასად იბარებდნენ.
ძველი დიდების დაბრუნება
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უსახელოურს კარგა ხანს ყურადღებას აღარავინ აქცევდა, რის გამოც ეს უნიკალური ვაზის ჯიში განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. პაატა შარაშენიძე ერთ-ერთი პირველი ენთუზიასტია, რომელმაც უსახელოურის გადარჩენა და ძველი დიდების დაბრუნება გადაწყვიტა. მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ 2001 წელს „უსახელოურის ვენახების“ პირველი ზვრებისათვის ოყურეშში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი - ჯაბელი შეირჩა. ამას ცოტა ხანში მოჰყვა 4 500 კვ/მ-ის ვენახის გაშენება ე. წ. გორაზე. ამდენივე ფართობზე ახალი ვენახი გაჩნდა სამამარდაშვილოში. ოყურეშში სულ რამდენიმე ასეთი ადგილია, სადაც ვენახის გაშენებაა შესაძლებელი. ეს ადგილები იმდენად ცოტაა, რომ სულ მალე მათი სახელები, შესაძლოა, ღვინის ყველა მოყვარულმა დაიმახსოვროს.
ამპელოგრაფიას თუ ვერწმუნებით, უსახელოური პირველ ნაყოფს 4-5 წლის ასაკში იძლევა, მაგრამ პაატა შარაშენიძე ამბობს, რომ მის ვენახებში პირველი ყვავილი ვაზმა 6-7 წლის ასაკში გამოიტანა. მანამდე კი თითოეულ ნერგს, როგორც იტყვიან, შვილივით უვლიდნენ. ბოლოს, როცა ღვინო „უსახელოური“ ბოთლებში ჩამოისხა, ეს ყველაფერი ეტიკეტზე ვრცლად გადმოიცა: „უასახელაური ქართული ვაზის უძველესი ჯიშია, რომელიც მხოლოდ ლეჩხუმში, ძირითადად, სოფელ ოყურეშში, ასევე ზუბსა და ისუნდერში ხარობს. გასული საუკუნის 70-იან წლებში უსახელოურის სერიული ჩამოსხმა შეწყდა. ხოლო 80-იანი წლებიდან ეს უნიკალური ვაზის ჯიში გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან იგი მცირემოსავლიანია და მისი მოვლაც ძალზე შრომატევადია. მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა შეძლო ამ იშვიათი ჯიშის ვენახის შენარჩუნება. 2001 წლიდან ჩვენმა კომპანიამ სოფელ ოყურეშში დაიწყო უსახელოურის ვენახების გაშენება. დღეს ჩვენ მიერ ამ ჯიშის 10 600 ძირია გახარებული. ორმოცწლიანი ინტერვალის შემდეგ ამ ჩამოსხმით უსახელოურის სრული წარმოება განახლდა. ვეცადეთ, თქვენთვის გადმოგვეცა უსახელოურის პირვანდელი, განსაკუთრებული გემო, ამიტომ იგი ქიმიურად დაუმუშავებელი და გაუფილტრავია, რის გამოც მოსალოდნელია მცირეოდენი ლექი. იმედია, ჩვენ მიერ ამგვარი ტრადიციული მეთოდით წარმოებული ღვინო თავის დამსახურებულ ადგილს დაიკავებს როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ბაზარზე. დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვებ.გვერდზე: www.usakhelauri.ge. დამზადებულია საქართველოში. 2009 წლის მოსავლით ჩამოსხმულია 985 ბოთლი“.
„თავიდან ღვინის ჩამოსხმას არ ვგეგმავდით. მხოლოდ ყურძნის გაყიდვა გვინდოდა, მაგრამ როცა მოსავალი ვერ გავყიდეთ, გადავწყვიტეთ, ყურძენი ღვინოდ გვექცია. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის დაყენება ოჯახში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამას სპეციალიზებული მაცივრები სჭირდება, რომ ყველა ტექნოლოგიური პროცესი სწორად წარიმართოს. ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით კლასიკური განათლების მქონე მეღვინეს, რომელმაც ღვინის ჩამოსხმა ითავა. ჩვენ მას ღვინის გაწებვაზე და ფილტრაციაზე სასტიკი უარი ვუთხარით, რადგან გვინდოდა, ხალასი ფერი და სასიამოვნო არომატი ბოლომდე შეგვენარჩუნებინა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა“, - ამბობს პაატა შარაშენიძე.
როგორც იტყვიან, მაგალითს დიდი ძალა აქვს. ოყურეშში უკვე ყველა ხვდება, რომ უსახელოური არა მარტო კარგ ღვინოს, არამედ დიდ მოგებასაც იძლევა. „უსახელოურის ვენახების“ გარდა, სოფელში ვენახებს სხვა ღვინის კომპანიები თუ უბრალოდ, შეძლებული ადამიანებიც აშენებენ. ახლა სოფელში თითქმის ყველა ადგილი დაკავებულია და რაკი სხვა გამოსავალი აღარ არის, მიწის შეძენის მსურველები ისუნდერის, ზუბისა და სხვა სოფლების ტერიტორიების ათვისებაზე ფიქრობენ. კატასტროფულად გაძვირდა მიწის ფასი, ხოლო გაშენებული უსახელოურის ვენახის შეძენა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ. ცნობისათვის - 1 ძირი ვაზის ფასი 20 ევროა, შესაბამისად, თითოეული ძირის დათვლით იყიდება მთელი ვენახიც. 1 კგ უსახელოური 10-12 ლარი ღირს და თუ შეძენის მსურველებმა დროზე არ მიუსწრეს, ამ ფასადაც ვეღარ ყიდულობენ.
ამ პროცესების პარალელურად, ღვინო „უსახელოურის“ ფასი ქართულ ბაზარზე საგრძნობლად იკლებს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ „თელავის ღვინის მარნის“ „უსახელოური 2007“ ღვინის მაღაზიებში 150 ლარი ღირდა (სხვათაშორის, ამ კომპანიამ ღვინო იმ წელს „უსახელოურის ვენახების“ მოსავლიდან ჩამოასხა). კონკურენციის გაზრდის შემთხვევაში, ფასი კიდევ უფრო დაიკლებს. მით უფრო, რომ საქმე გვაქვს ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოსთან, რომლის დაძველება ვერაფერს შემატებს მის ღირსებას და შესაბამისად - ფასს.
პირველი შეფასება
უსახელოურზე, ოყურეშზე, იქაურ ტრადიციებსა და თანამედროვე პრობლემებზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს, რასაც ერთი საგაზეთო სტატია არ ეყოფა. „მარანი“ ამ თემას კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება, მანამდე კი გვინდა, მომხმარებელს ღვინო „უსახელოურის“ პირველი შეფასებაც მოვაწოდოთ.
რამაზნიკოლაძე, „ღვინის კლუბის“ წევრი, „სლოუ-ფუდის“ წარმომადგენელი საქართველოში: „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „უსახელოურის ვენახების“ ღვინო ახალგაზრდა ვენახებიდანაა დაწურული, იგი საოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ პაატა შარაშენიძემ ყურძნის გაყიდვის ნაცვლად ღვინის დაყენება გადაწყვიტა, ცნობილ მეღვინეს დაუკავშირდა და მშვენიერი შედეგიც მიიღო.
ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ბატონი პაატა ვენახის მოვლისას ბიომეთოდებით ისარგებლებს, ეს მას არა მარტო ეკოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოების საშუალებას მისცემს, არამედ გარემოს დაბინძურებისაგანაც დაიცავს და მიწაც აღარ გამოიფიტება. ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვიდოდა ამ მოსავლის ღვინო მამაპაპური წესით, ქვევრში რომ დაეყენებინათ. ბაბუამისი ხომ იმ მხარეში საუკეთესო მეღვინედ ითვლებოდა, როდესაც ღვინოს ქვევრში აყენებდა. კარგი იქნება, უსახელოურის ჯიშის ვაზის გადარჩენასთან ერთად, ღვინო „უსახელოურის“ დაყენების საუკეთესო ქართული ტრადიციებიც აღორძინდეს.
მართალია, უსახელოურის ღვინო მაღალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ ჩემი აზრით, მისი ფასი დღეს ბაზარზე მაინც მაღალია. ახალი ვენახების გაშენება და ღვინის დაყენების ძველი თუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მომავალში მის ფასს აუცილებლად დაასტაბილურებს“.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი