Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის სიმართლეში დაყენება – ქიზიყი

“მამულიშვილი კაცი ხარ“, ვენახის პატრონს ეტყვიან ქიზიყში. მამულად ვენახი იგულისხმება თითქმის ყოველთვის.

აქ სუ სავენახე ადგილებია. არც სუ ჭყანტშია კარგი, არც მთაში, ეგრე შუა ადგილი, ცოტა ფერდა სჯობია, აგრე რო წყალი არ უნდა გუბდებოდეს. ხირხატში კაი ღვინო მოდის და ცოტა ლამში ბევრი მოდის, მაგრამ დაბალია.

ვენახი ახო ადგილზე უფრო კარგი გამოდიოდა, ან დიდი ხნის დაყამირებული ადგილი ქნებოდა. ფერდობსა და მზეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რო პირი ჩრდილში კარგა არ მაიწეოდა. პირი მზეში კი კარგა მაიწეოდა. უფრო ვაკე ადგილებს ვურჩევდით ვენახს, ოღონდ ძალიან ჭყანტი კი არ უნდა ყოფილიყო.

როცა ვენახი აშენება გვინდოდა, ჯერ გავჭრიდით შარებათ ორ ბარიპირზე (1/2 არშინზე); სიგრძე სამი-ოთხი ბარი ექნებოდა. შამადგომასა, ანუ ზამთარში რქას კიდენა სამ-ოთხს ერთ ადგილას ჩავაგდებდით. ზოგი იხარებდა, ზოგი არა. ერთ არშინ გამოუშვებდით კიდე. სამ-ოთხ ჩავაგდებდით და აგრე ბოლომდინ. მეორე ბარი ორ საჟენს იქით იქნებოდა. მემრე, ის რომ იხარებდა, მეორე-მესამე წელიწადს გადავაწვენ-გადმოვაწვენდით, გადავწიდნავდით, დავაყენებდით სიმართლეში. მოვაყოლებდით, ის იქიდან, ის აქადან ერთმანეთში გაიბმებოდა და აშენდებოდა ვენახი. მივაყოლებდით და ვბარავდით; სადაც ვაზი უნდა გადაგვეწვინა, იქ ორ ბარი პირ ამოვიღებდით და ვაზ ჩავაწვენდით, წვერს იქ ამოუშვებდით, საცა აკლდა. ერთი ვაზი ვინ იცის საიდან სად წავიდოდა. მიწაში გაცემული იყო სუ და კარგი იყო, ბევრ ღალას იღებდა, არცა გახმებოდა. ეხლა ნამყენია და ბოლოკივით უნდა ჩაურჭვა ერთ ალაგას. როცა გადავაბამდით, აშენდებოდა.

რქას, ჩასაგდებად რო გვინდა, ძველიანი უნდა ჰქონდეს, წინათ დიდი ჰქონდა, ეხლა ცოტა აქ, კობალი, იმასაც შუაზე სჭრიან. რქას ვარჩევდით საშუალოსას და იმ ვაზისას, რომელიც ნაქები იყო და დაგვარებული.

სამ წელიწად ვატონკებდით და მემრე ვაწვენდით. პირველ წელიწად ხო პატარა იქნებოდა, იხარებდა. მიწის ზევიდან ორი კვირტი ექნებოდა პირველათ. პირველ წელიწადსაც ისევ იქვე დავაყენებდით პატარას. მეორე წელიწადსაც ისევ დავაყენებდით ორ-სამ კვირტზე. თუ შნო ჰქონდა, აქათ-იქით გადავაწვენდით. მესამე წელიწადს მწკრივში გავასწორებდით, დავბარავდით და მეოთხე წელიწადს დავიწყებდით ავსებას. ექვს წლამდი უნდოდა იმის ავსებას.

თუ კარგა იხარა და თამამია, შეიძლება დავაკაოთ, თუ დაღალია, მაშინ ისევ დავატონკებდით, რო გათამამდეს. მეორე წელიწადს (გავსებიდან) დავაკავებდით - ექვს-შვიდ კვირტს მივცემდით და იქვე დავაკავებდით.

თუ კაი თამამი ვაზი იქნებოდა შეხედულებით, ზოგს ორ-სამ რქასაც ვაძლევდით, უფრო კი - ერთს. ნეკსაც ვაძლევდით. უნეკოთ არ შეიძლება. ნეკს ორი ან სამი კვირტი აქვს. ნეკს იმისათვის ვაძლევთ, რო შეიძლება გადაკავებულმა იქვე ახლო არ გამოიყვანოს სამამულე, მაშინ ნეკი გაიტანს სამამულეს. ნეკს სამამულეთ ვაძლევთ. სამამულე ის რქა არის, რომელიც მემრის უნდა დავაკავოთ.

ვენახს ჭიგვას უდგამდით (თხილსა, ჯაგისა), სარსაც უდგამდით. ჭიგვა გასხეპილი წვრილი ხეა, სარი - დახეთქილი მუხის მერქანი, ცილამპალი*. სარი, ანუ ჭიგო ჯაგისა, რცხილისა, იფნისა და ხეშავისაა მაგარი.

სვეს ვეძახით, იმითა ვყელამდით. ეხლაც ის არი. მხრალსაც ვხმარობდით და ვხმარობთ ეხლაც. მხრალი კაკლის ბაყილოსი და ფურცლის ნაკაფისაა. ვენახში ბაყილოები ყველას გვედგა მხრალისთვის.

ახვევა და გაფურჩვნა არ იყოო. თებერვალ-მარტში გავსხლამდით და აპრილში შავყელამდით, ყოტი რო გამოვიდოდა კარგათ. მემრე დავკეტამდით კარებს, რო შიგ არავინ შასულიყო თიბათვემდის. მემრე გავხსნიდით კარებს, შავიტანდით სათიბლებს, გაუთიბამდით ვაზები ძირებს, მტევნებს ეგრი ავწევდით ხოლმე და დავაწყობდით ნათიბზე. ბალახ ნაპირზე დავდგამდით ძირებათ. ისევ დავკეტამდით კარებს, რო შიგ არავინ შასულიყო. იყო ისევ დაცული ის კარები ენკენისთვემდი, სანამ მაიწეოდა კარგად. მემრე შავიდოდით, პატარ-პატარა სასხლავი დანები გვქონდა, ან კიდენა ნამგლით გავჭრიდით, რო შესულიყვნენ და დეეკრიფნათ. აქა-იქ გეზებ გავაკეთებდით ხოლმე, რო ხალხს გაეარნა. გაფურჩვნა და ახვევა არ უნდოდა. იშვიათად, ათ წელიწადში ერთხელ დავბარამდით. გათოხვა არ ვიცოდით.

თალარი ბოძებზეა დაყენებული, ზედ ხეებია გადებული.

ხეზე თუა გასული, იმას აშვებულს, ანუ შაშობილს ვეძახით. თითო-ოროლა იყო. ზემოთ ხევანსაც ეძახიან.

ვაზი დიდხანსა სძლებდა. ძველად მაინც ორი თაბა უნდა გემეეცვალნა ვაზს. მე ვენახი ამოვარდნა არ გამეგონა.

ვენახს სასუქს ვაყრიდით. ლეკები გამოდიოდნენ და იმათ ვაყრევინებდით. ვაყრიდით ეეგრე ოთხ წელიწადში ერთხელ, როცა გვქონდა. ბალახი შიგა ლპებოდა (Sic! იხ. ზემოთ, გარეთ გამოგვქონდა ნათიბიო).

* ქიზიყში უფრო მიღებულია სარი სახელწოდება გასხეპილი სწორე ხისათვის, ხოლო გათლილი, დახეთქილი მუხის გულისათვის - მერქანი, თუ ტყეში აქვს შემომპალი ცილა - ცილამპალი.

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

წიგნიდან: მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის. ტომი IV, ნაწილი III.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული