Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის ახალი ქართული ჯიშები სტანდარტული სორტიმენტის გისოსებს მიღმა

ალეკო ცქიტიშვილი
 
ვაზის ქართული ჯიშების დაბრუნება მეღვინეობაში იმდენად შეუქცევადი პროცესია, რომ მალე იმედია ბაზარზე სტანდარტული სორტიმენტით განსაზღვრული ყველა ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტიც, წარსულში კარგად ცნობილი, მაგრამ ავბედით კომუნისტურ ეპოქაში უსამართლოდ მივიწყებული ჯიშების პერსპექტიულობა დღის წესრიგში აყენებს თვითონ სტანდარტული სორტიმენტის გადახალისებისა და გამრავალფეროვნების საკითხს.
 
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. მასში შეტანილია ის ჯიშები, რომელთა გამოყენებას სახელმწიფო ღვინის მწარმოებლებს სთავაზობს. მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როგორც კანონში, ისე სორტიმენტში ბევრი რამ ბუნდოვანი და გაურკვეველია. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის საკითხი – სორტიმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუ სავალდებულო? გაურკვეველია, აქვს თუ არა მეღვინეს ღვინის დაყენების უფლება ისეთი ვაზის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც სორტიმენტში შეტანილი არ არის. ჯერჯერობით ასეთი პრეცენდენტიც არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში მოსალოდნელია მეღვინეობაში რამდენიმე ისეთი ვაზის ჯიშის გამოჩენა, რომელიც სორტიმენტში ნახსენები არ არის. 
 
ჯიშური მრავალფეროვნების ბუმი ქართულ მეღვინეობაში რუსეთის ემბარგოს შემდგომ პერიოდს დაემთხვა. იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების პატივისცემით განსაკუთრებით ორი კომპანია გამოირჩევა – „ხოხბის ცრემლები“, რომელიც მხოლოდ ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს და „მეღვინეობა ხარება“, რომელსაც ორი მიმართულება აქვს –  ინდუსტრიული და „მონასტრის ღვინის“ სახელით წარმოებული ქვევრის ნატურალური ღვინოები. „ხოხბის ცრემლები“, უმეტესწილად, ქართლ-კახეთის ვაზის ჯიშებს იყენებს. ეს ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ჩინური, თავკვერი, შავკაპიტო, ცოლიკოური. „მეღვინეობა ხარებას“ მარაგში კი დასავლეთ საქართველოს ჯიშებიც საკმაოდ არის წარმოდგენილი: კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, ალადასტური, ოცხანური საფერე, უსახელოური, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, რქაწითელი, საფერავი.
 
მთლიანობაში, ყველა ქართული კომპანიის მარაგებს რომ გადავხედოთ და მონაცემები შევაჯამოთ, ამჟამად ქართულ მეღვინეობაში ვაზის 21 ქართული ჯიში მონაწილეობს და ყველა ეს ჯიში შეტანილია ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები: გორული მწვანე, კრახუნა, მწვანე კახური, რქაწითელი, ქისი, წულუკიძის თეთრა, ხიხვი, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური. ფერადყურძნიანი ვაზის ჯიშები: ალადასტური, ალექსანდროული, საფერავი, თავკვერი, მუჯურეთული, უსახელოური,  ოცხანური საფერე, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ჩხავერი. 
 
სტანდარტული სორტიმენტის 6 ჯიში ჯერჯერობით მეღვინეობაში არ მონაწილეობს. აქედან 3 თეთრყურძნიანი ჯიშია: აფხაზური ვაზის ჯიში ავასირხვა,  იმერეთის ტრადიციული ჯიში - კაპისტონი თეთრი და საბჭოთა აგრონომების მიერ გამოყვანილი მუსკატური რქაწითელი, რომელიც მხოლოდ სამეცნიერო კოლექციებშია დაცული. 3 ჯიში კი ფერადყურძნიანია: დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ძელშავი, კიდევ ერთი აფხაზური ჯიში - კაჭიჭი და საფერავი ბუდეშურისებრი.
„მეღვინეობა ხარება“ ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მიკროზონაში - სვირში საცდელად რამდენიმე ქართული ჯიშის ვენახებს აშენებს. ორ-სამ წელიწადში „ხარებას“ ძელშავისა და კაპისტონის ღვინოებიც ექნება.
კიდევ უფრო თამამი და რევოლუციური სიახლეები მოსალოდნელია მცირე მარნებისგან, რომლებისთვისაც ვაზის უსამართლოდ მივიწყებული ჯიშები ერთგვარი კოზირიცაა მსხვილ კომპანიებთან კონკურენციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს „იბერიელის“ აქტიურობა გურიაში. ამ მცირე მარნის „ჩხავერმა“ უკვე რამდენჯერმე მოიპოვა აღიარება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო ოქროს მედალი ნომინაციაში „თეთრი მშრალი დავარგებული ღვინო“ 2012 წლის ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსში „საქართველო – ღვინის სამშობლო“. 
 
შპს „იბერიელის“ ვენახები გაშენებულია ჩოხატაურის რაიონის სოფელ საყვავისტყეში. კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ თოფურიძე გურიის სხვა ჯიშების აღორძინებასაც გეგმავს. როგორც ღვინის კლუბის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, წელს მცირე რაოდენობით დააყენა გურიის ერთ-ერთი საუკეთესო ვაზის ჯიშის – სხილათუბანის ღვინო, რომელიც ამ ეტაპზე ჩხავერთან ერთად დაწურა. ზოგიერთი ცნობით, მე-19 საუკუნეში წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, სხილათუბანის ღვინო ქუთაისში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდებოდა და რაჭველი თავადის, ყიფიანის სახელგანთქმულ ღვინოებს უწევდა კონკურენციას. 
 
სხილათუბანის გარდა, ზურაბ თოფურიძე აპირებს მეღვინეობაში დააბრუნოს გურიისთვის კიდევ ერთი საამაყო წითელყურძნიანი ვაზის ჯიში - ჯანი. გურიის თეთრყურძნიანი ჯიშებიდან კი – საკმიელა. იგივე მიზნით ამ ჯიშების ვენახები ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში გააშენა თეიმურაზ შარაშიძემ, რომელმაც ამ ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები, შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან ჩამოასხას. 
 
უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ქართული ჯიშების მეღვინეობაში დაბრუნებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრი და მისი კოლექცია საგურამოში, სადაც დღეისათვის უკვე ვაზის 437 ქართული ჯიშია დაცული. 2010 წელს ღვინის კლუბმა ამ სანერგეში ვაზის 25 ჯიშის ყურძენი დაკრიფა და ერთი წლის თავზე საკუთარი ინიციატივით დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია მოაწყო. დეგუსტაციას მევენახეობა-მეღვინეობის გამოჩენილი სპეციალისტები დაესწრნენ. „მსგავსი დეგუსტაციები არის ერთადერთი სწორი გზა საკოლექციო ნაკვეთებში დაცული ჯიშების დღის სინათლეზე გამოსატანად და ფართო საზოგადოების წინაშე მათ წარსადგენად. ამ დეგუსტაციაზე გამოიკვეთა, რომ დროა, სამრეწველო სორტიმენტს დაემატოს რამდენიმე აბორიგენული ჯიში, როგორიცაა, მაგალითად: დანახარული, მგალობლიშვილი, საკმიელა, ახმეტის შავი და ახმეტის წითელი“, - განაცხადა აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა დეგუსტაციის შეჯამებისას.
 
ამავე დეგუსტაციაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ ღლონტის მიერ მცვივანი კახურისგან დაყენებულმა კახურმა ღვინომ. თეიმურაზ ღლონტი რამდენიმე წელია, კახურ მცვივანს იკვლევს და მის შესახებ სამეცნიერო მონოგრაფიებიც აქვს მომზადებული. მისი ინფორმაციით, ტრადიციული კახური მეთოდით კახური მცვივანის სრულ ჭაჭაზე დადუღების შემთხვევაში, მისგან საუკეთესო კახური ღვინო დგება. 
 
მე-19 საუკუნეში კახური მცვივანი კახეთში ფართოდ იყო გავრცელებული. დღესდღეობით იგი, ძირითადად, დაცულია ყვარელში, „კორპორაცია ქინძმარაულის“ ვენახებში გაშენებულ 100-მეტრიან რიგში, საიდანაც კვირტული გამრავლების გზით ყველა სამეცნიერო კოლექციაში გადაინაცვლა. 
 
ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დახმარებით, კახური მცვივანი უკვე რამდენიმე ენთუზიასტის ვენახშია გაშენებული. მათ შორის, აღსანიშნავია ბაკურციხეში ღვინის კლუბის შვილობილი არასამთავრობო ორგანიზაციის – ქართული ვაზის ფონდის ვენახი, სადაც 450 ძირი მცვივანი კახურია გაშენებული. ამ ვენახში დაკრეფილი ყურძნისგან დაყენებული ღვინის გასინჯვა უკვე მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. ქართული ვაზის ფონდის ვენახში მცვივანი კახურის გარდა კიდევ ცხრა ვაზის ჯიშის ვენახია გაშენებული, მათ შორის – სტანდარტულ სორტიმენტში შეტანილი საფერავი ბუდეშურისებრი.
 
ამ გაზაფხულზე მცვივანი კახურის ვანახის 1 ჰექტარზე გაშენებას თვითონ „კორპორაცია ქინძმარაულიც“ აპირებს. „ჩვენივე ვენახიდან აღებული კვირტებისგან მცვივანი კახურის ნამყენი ნერგები თელავში, კომპანია „ბესინის“ სერტიფიცირებულ სანერგეში გამოვიყვანეთ. წელს 1 ჰექტარს გავაშენებთ, მომავალ წელს – კიდევ 1 ჰექტარს. გვინდა, ეს ჯიში სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე მოვსინჯოთ. პირველ რიგში კი ქინძმარაულის მიკროზონაში, სახელგანთქმული ფიქალებით მდიდარ ხირხატ ნიადაგზე გამოვცდით. ჯიშს ეტყობა, რომ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მისგან კახური ტიპის ღვინოც კარგი გამოდის და ე. წ. ევროპული ტიპის ღვინოც“, – გვითხრა „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა. 
 
ღვინის კლუბის დეგუსტაციაზე ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის - დანახარულის ღვინომ. ამ ჯიშით კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მფლობელი ჯონ ვურდემანი დაინტერესდა. მცირე მარნის „იაგოს ღვინის“ მფლობელი, იაგო ბიტარიშვილი კი უკვე წელს 100 ძირ დანახარულს აშენებს თავის ეზოში, სოფელ ჩარდახში.  
 
იაგო ბიტარიშვილმა თავისი გეგმები გაგვიზიარა: „სახლის წინ გლეხური სტილის ვიწროკვლებიან ვენახში შარშან 300 ძირი შავკაპიტო გავაშენე. ასეთ ვენახში იძულებული ხარ, ყოველდღიურად იფუსფუსო, რადგან მასში ტრაქტორს ვერ შეიყვან და მთლიანად ხელით უნდა გააკეთო ყველაფერი. მე და მამაჩემს ვენახთან ასეთი ახლო ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. შავკაპიტო იმიტომ ავირჩიე, რომ მინდოდა, წითელყურძნიანი ქართლის ჯიში მქონოდა, ოღონდ – არა თავკვერი. თავკვერი ქართლში საკმაოდ არის გავრცელებული, შავკაპიტო კი იშვიათია. თანაც შავკაპიტოს ღვინო თავკვერისაზე ბევრად სხეულიანია, საფერავის ღვინოს ჰგავს. ასეთივე სხეულიანი ღვინო გამოდის დანახარულისგან. ამიტომ წელს 100 ძირ დანახარულსაც ვრგავ, რათა მერე შავკაპიტოსგან და დანახარულისგან კუპაჟი გავაკეთო. ვფიქრობ, საინტერესო ღვინო გამოვა“.  
 
ალავერდის მონასტრის მარანმა საცდელად კიდევ ერთი საინტერესო ჯიშის – ვარდისფერი რქაწითელის ღვინო დააყენა. წინასწარი შეფასებით, ვარდისფერ რქაწითელს კარგი პოტენციალი აქვს. თანაც ამ ჯიშის ყურძნის ვარდისფერი მტევნები განსაკუთრებული სილამაზით და ეგზოტიკურობით გამოირჩევა.
 
ასე რომ, უახლოეს წლებში ვაზის რამდენიმე იშვიათი ქართული ჯიშისგან დაყენებულ ღვინოებს გავსინჯავთ. ეს ჯიშებია: ძელშავი, კაპისტონი თეთრი, მცვივანი კახური, დანახარული, საფერავი ბუდეშურისებრი, ვარდისფერი რქაწითელი, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, კლარჯული, დანახარული.
 
უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ჯიშების აღორძინება მცირე მარნების მფლობელ ენთუზიასტების სიმრავლეზეა დამოკიდებული. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი თემებით იშვიათად ინტერესდებიან მსხვილი კომპანიები, რომლებსაც ინვესტიციების დაბანდება უკვე კარგად გამოცდილ ჯიშებში ურჩევნიათ. იმედია, ენთუზიასტები ისეთ პასიურ რეგიონებსიც გამოჩნდებიან, როგორიცაა – აჭარა, სადაც რამდენიმე საინტერესო აბორიგენული ჯიშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ცდილობს მათ დაბრუნებას მეღვინეობაში. ასევე - სამეგრელო, სადაც თვით ყველაზე გამოცდილი და სახელგანთქმული ვაზის ჯიშის - ოჯალეშის ღვინოც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.