Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უხუცესი გიგანტი ვაზები


ძეგლის მეგობარი - 1968, N16

აზირა მათიაშვილი
    ჩვენი ქვეყნის თბილი ზომიერი ჰავა და ნოყიერი ნიადაგი საუკეთესო პირობა იყო იმისათვის, რომ ქართულ მიწაზე გიგანტ ვაზებს გაეხარა. მართლაც საქართველო - ოდითგანვე ვაზის სამშობლოდ ითვლებოდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი გიგანტი ვაზები ბლომად უნდა ყოფილიყო.
    სამწუხაროდ, ბევრმა მათგანმა ჩვენამდე ვერც ფიზიკურად მოაღწია და ვერც რაიმე ცნობამ მათ შესახებ. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა შესწავლა ჩვენი ვალია. ისინი დიდ ინტერესს იწვევენ.
    სიღნაღის რაიონში, სოფ. ქვემო ბოდბეში - ლადო აბულაშვილის ეზოში დღესაც დგას საუკუნენახევარს მიტანებული კანზე ხავსმოკიდებული და შტამბ დაფუტუროებული ვაზი. 1966 წ. "აღმოვაჩინეთ" ბუნების საკვირველების ეს იშვიათი ნიმუში. მის მომვლელს ლადო აბულაშვილს ზუსტად აქვს გამოთვლილი მისი ასაკი - მისი თქმით - ვაზი 135 წლისაა.
    3-4 ათეული წლის წინათ ეს გოლიათი ვაზი ალბათ არაჩვეულებრივი სანახავი იქნებოდა. იგი აოცებდა მნახველს თავისი მსხმოიარობით და სიდიდით. თალარს სიგრძე 200 მ. ჰქონია. ორი მეტრი სიმაღლის ღვიის ხის ბოძებზე განლაგებული მისი ვეებერთელა ტოტებით მთელი ეზო, ორსართულიანი შენობა და მისი უკან მდებარე ფერდა მთლიანად ყოფილა დაფარული.
    ყველაზე საინტერესო ვაზის ცხოვრებიდან მისი რთველი იყო. კრეფა თურმე 2-3 დღეს გრძელდებოდა. 1950 წ. 10-12 გოდორზე ნალები ყურძენი არცერთხელ არ მოკრეფილა. იქაური გოდორი საშუალოდ 150 კგ. იწონის (ასე რომ 10 გოდორი ყურძენი ტონანახევარზე მეტია).
    ყურძნის ასეთი მოსავალი და ისიც ასი წლის ასაკში მყოფი ერთი ვაზიდან - მართლაც განსაცვიფრებელია!
    მოუვლელობის გამო დღეს იმის მესამედიც არ არის, რაც ამ 20-30 წლის წინათ იყო. ახლა ვაზს 130 კვ. მ. ფართობი უჭირავს და მასზე 2-3 გოდორი ყურძენი კიდევ იკრიფება.
    ამ ვაზის ჯიშის სადაურობა და წარმოშობა სადღეისოდ გაურკვეველია. ქვემო ბოდბეში მას ტყის ვაზს ეძახიან, რაკი ტყეში ნაპოვნი ვაზის რქისგანაა განვითარებული. მისი ნაყოფი აგვისტოში მწიფდება, წითელყუძნიანი საადრეო ჯიშია. ძირითადად სუფრის ყურძნად იყენებენ, თუმცა მისგან ღვინოც ბევრჯერ დაუყენებიათ. დამაჭრებული სასიამოვნო სასმელი ყოფილა, დაძველებისას კი გემოს კარგავდა და დიდხანს არ ინახებოდა.
    სიღნაღის რაიონის ცენტრში იროდი ქოქიაშვილის ეზოში იყო 160 წელზე მეტი ხნის ვაზი. პირველად სპეციალისტებმა იგი 1963 წ. სექტემბერში ვინახულეთ. ჭრილობებისგან საშინლად დასახიჩრებული და დაყავრებული შტამბის მიუხედავაც, ჩანდა რო დოდესღაც მძლავრად განვითარებული გიგანტი უნდა ყოფილიყო. მისი გარშემოწერილობა ნიადაგის ზედაპირთან 92 სმ შეადგენა, ხოლო 70 სმ სიმაღლეზე განშტოებული ღეროსი - კი 82 სმ.
    ვაზის ადრინდელი ძლიერების აჩრდილიღა იყო შემორჩენილი. მისმა მეპატრონემ იგი ფესვებიანად ამოგლიჯა და დასწვა.
    ასეთი ძველი ვაზების შესწავლისას გამოირკვა მეტად საინტერესო რამ, რაც ჯიშურ თავისებურებებს უნდა მიეწეროს. ზოგიერთ ჯიშს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ხეებზე მაღლარად განვითარებისა და მიუხედავად მოუვლელობისა, ვაზის ზრდა-განვითარება, მოსავალი და პროდუქტის ხარისხი სავსებით დამაკმაყოფილებელია. ძველად გურიასა და იმერეთში ვაზის ჯიში - ალადასტური - ძირითადად ასეთი მაღლარების სახით იყო წარმოდგენილი.
    სადღეისოდ, სოფ. დიხაშხოში (ვანის რაიონი) ხალხური თქმა არსებობს, "ალადასტური ხის მამულიაო". აღსანიშნავია ისიც, რომ იქაური მევენხეები ვაზის საყრდენზე დამაგრებულ პწკალს "პორჭყვს" ეძახიან. პორჭყვი ვაზის მარჯვენა ხელია და ხეზე სწორედ მისი საშუალებით მიდისო.
    სოფ. ყუმურსა და დიხაშხოში ბევრგანაა საუკუნეს გადაცილებული ალადასტურის ვაზები. უმეტესობა ხეებზეა ასული, ზოგან კი საკარმიდამო ნაკვეთებზე ეზოების გასალამაზებელ ხეივნებადაა წარმოდგენილი ან ღია მარნების დასაჩრდილებლად. შესანიშნავი მოსავალი მოდის ერთ ვაზისგან გარკვეულ ხეივანზე - 1960 წ. 350 კგ ყურძენი მოკრიფა იოსებ მამასახლისმა სოფ. დიხაშხოში. ალადასტური მოსავლიანი ჯიშია.
    ჭანდრის გიგანტი  - ასე უწოდებენ გურჯაანის რაიონში სოფ. ჭანდარში ზაქარია მანიჟაშვილის ვაზს. იგი ყოველწლიურად ნახევარ ტონამდე ყურძენს კრეფს 42 წლის ასაკში მყოფი ერთი ძირი ვაზის ხეივნიდან, რომელსაც 80 კვ. მ. ფართობი უკავია.
    ბევრის მთქმელია ზაქარია მანიჟაშვილის ვაზის გალაღებული ზრდა და მოსავლიანობა, რაც ფართო პერსპექტივებთანაა დაკავშირებული, მევენახეობის პრაქტიკაში ბუჩქის მიმართულებით ზრდის რაციონალური წესების დასადგენად.
    გარდა ამისა, ალბად, ძნელად მოინახება ვაზი, რომლის შესახებ ასე საგანგებოდ იყოს შემონახული ყოველგვარი ცნობა. ეს მუყაითი მევენახე განსაკუთრებულ დაკვირვებას აწარმოებს ვაზის ზრდაზე. ჩაწერილი აქვს ვაზის ისტორია, მოვლის წესები, ყურძნის მოსავლიანობა, სხვლის დროს დატოვებული სანაყოფე და სამამულე რქის რაოდენობა, მტევანთა რიცხვი და სხვა.
    თუმცა ვაზი შედარებით ახალგაზრდაა და საუკუნოვანი ვაზების გვერდით მისი დაყენება ცოტა ნაადრევია, მაგრამ თავისი მაჩვენებლებით იგი განსაკუთრებული ეგზემპლარია და მისი შესწავლა ინტერესმოკლებული არაა.
    აკად ივ. ჯავახიშვილის ცნობით, ძველად ბერძნებსა და რომაელებს კარგად სცოდნიათ ვაზის მძლავრად განვითარების თვისება. თავისი სიდიდით მათ ვაზი ხედ ჰქონიათ მიჩნეული და მის მერქანს სააღმშენებლო მასალად ხმარობდნენ. პლინიუსი მრავალ ფაქტს ასახელებს ერთი ვაზისაგან გამოკვეთილი ქანდაკების დამზადების შესახებ. რომაელი ბუნებისმეტყველების აზრით - წერს ივ. ჯავახიშვილი - ვაზის დიდ ღირსებას ისიც შეადგენს, რომ საერთოდ, არცერთ სხვა ხეს ვაზივით სამარადისო გამძლეობა არა აქვსო. მაგრამ ის მაინც ფიქრობდა, რომ ყველა ზემოაღნიშნული, მთლიანი ვაზის ხისაგან გაკეთებულ-გამოჭრილი საგნები გარეული ვაზისგან იყო გაკეთებული.
    უხუცესი ვაზების შესწავლა საინტერესოა, როგორც ბოტანიკოსისათვის, ისე მევენახისა და ისტორიკოსისათვის. ეს სახავს საუკეთესო პერსპექტივებს ვაზის ზრდის ისეთ პირობათა შესამუშავებლად, რაც უზრუნველყოფს ვაზის საექსპლოატაციო პერიოდის გახანგრძლივებასა და ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობის გადიდებას.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული