Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უცხოური ვაზის ჯიშები საქართველოში

ლევან სეფისკვერაძე

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ადგილობრივ აბორიგენულ ვაზის ჯიშებთან ერთად, უცხური ვაზის ჯიშებიც გააშენეს. ამ ჯიშების უმეტესობა საქართველოში მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. თუმცა, უცხოური ვაზის ჯიშების მასობრივი გაშენება, ჩვენთან გასულ საუკუნეში დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი ევროპული ვაზის დიდი უმრაველესობა ისეთ ჯიშებს წარმოადგენს, რომელთაგან საუკეთესო და ცნობილი ცქრიალა ღვინოები დგება.

უცხოურმა, ძირითადად ფრანგულმა ვაზის ჯიშებმა განსაკუთრებულად იმერეთსა და ქართლში გაიხარა. თუმცა, ევროპული ვაზის ჯიშები ასევე წარმატებით გაშენდა კახეთში, ქვემო ქართლში, ლეჩხუმში, სამცხეში, აჭარაში, გურიაში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი. ევროპული ვაზის ჯიშებისაგან დაწურული ერთ-ერთი ღვინო, სახელწოდებით “მუხრანულა”, ბოთლში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ისხმებოდა. განსაკუთრებულად დიდ მოწონებას კი, იმერეთში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო იმსახურებდა. ცქრიალა ღვინისათვის საუკეთესოდ მიჩნეული უცხოური ვაზის ჯიშებით გაშენებული ვენახების უმეტესობა სწორედ იმერეთში მდებარეობდა.   

ალიგოტე

საქართველოს მთიან რეგიონებში როდესაც ახალი ვენახის გაშენებას იწყებენ, პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ინტერესდებიან, თუ ვაზის რომელმა ჯიშებმა შეიძლება გაიხაროს ყველაზე კარგად. ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში ალიგოტე, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია. ალიგოტე მაღალი ხარისხის თეთრ სუფრის ღვინოს იძლევა. მისგან ასევე მზადდება ხარისხიანი ცქრიალა ღვინო. ჯიში ნაადრევი მწიფობით გამოირჩევა.

საქართველოში ალიგოტე პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში, სამუხრანბატონოში შემოიტანეს. მცხეთის რაიონში ჯიშმა ძალიან გაამართლა. თუმცა ალიგოტეს უფრო დიდ ფართობებზე გაშენება მაინც საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ცქრიალა ღვინოების მასობრივად წარმოება დაიწყეს, იმერეთის მთელ რიგ რაიონებში (თერჯოლა, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგოული) გაშენებულმა ალიგოტემ მევენახეებს სასურველი შედეგი მისცა.

ალიგოტეს ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მაღალმთიან რაიონებში გაშენების პერსპექტიულობაა. გასული საუკუნის 55-60-იან წლებში, ალიგოტეს ვენახები მაღალმთიან გურიაში და ზემო აჭარაშიც (ჩოხატაურის, ქედასა და ხულოს რაიონები) გააშენეს. მცირე რაოდენობით ალიგოტე ასევე გაშენდა ლენტეხში და თიანეთის რაიონის ქართლ-კახეთის მოსაზღვრე სოფლებში. იმ პერიოდში საქართველოში არსებობდა არასწორი წარმოდგენა, რომ თითქოს აღნიშნულ რაიონებში ვენახების გაშენება უპერსპექტივო საქმე იყო. თუმცა, ალიგოტემ ეს მცდარი წარმოდგენა დაამსხვრია. თიანეთის რაიონის სოფელ სიონშიც კი, სადაც კლიმატი მკაცრი და დიდთოვლიანი ზამთრით ხასიათდება, ალიგოტემ საშუალო ხარისხის მტევნის გამოსხმა და მწიფობა მოასწრო.

“საქართველოს ამპელოგრაფიაში” არსებული მონაცემებით, 1953 წელს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ალიგოტეს ვენახები 540 ჰექტარზე იყო გაშენებული. 60-იანი წლებისათვის ალიგოტეს ვენახების ფართობები უფრო მეტად გაიზარდა. ვენახების დიდი ნაწილი ზემო იმერეთში გააშენეს. დღეს სამწუხაროდ არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რა ფართობებზე შემორჩა ალიგოტე. თუმცა, ეს ჯიში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც გვხვდება და როგორც ცქრიალა, ასევე თეთრი სუფრის ღვინის დასამზადებლად საკმაოდ საინტერესო საღვინე ჯიშად არის მიჩნეული.

შარდონე

ალიგოტეზე არანაკლებ საინტერესო ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია შარდონე, რომელიც მევენახეობაში ასევე ცნობილი იყო, როგორც “თეთრი პინოსა” და ”პინო შარდონეს” სახელით. თუმცა, ფრანგმა ამპელოგრაფებმა ჯერ კიდევ 200 წლის წინ დაამტკიცეს, რომ შარდონე ვაზის სრულიად დამოუკიდებელი ჯგუფია და “პინოთა ჯგუფს” საერთოდ არ განეკუთვნება. შარდონე ერთ-ერთი პირველი უცხოური ჯიშია, რომელიც საქართველოში მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. ამ ჯიშის მთავარ ნაკლოვანებად თავიდანვე მისი მცირემოსავლიანობა მიიჩნიეს და არცთუ უსაფუძვლოდ... სწორედ ამიტომ, თავიდან შარდონემ პინოსგან განსხვავებით, საქართველოში ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. თუმცა, უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, შარდონემ თანდათან უფრო მეტი ქართველი მეღვინე და მევენახე დააინტერესა.

შარდონე ცქრიალა ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო მასალას იძლევა და ქართველი მეღვინეები ამ ჯიშს პირველ ყოვლისა სწორედ ცქრიალა ღვინის დასამზადებლად იყენებდნენ. წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან, შარდონე უკვე გვხვდება: კასპის, მცხეთის, ხარაგოულის, ზესტაფონის, ბაღდათის, გორისა და ასპინძის რაიონებში. ჯიშმა განსაკუთრებული თვისებები მაინც ზემო იმერეთში გამოამჟღავნა, რამაც ამ ჯიშზე სამეცნიერო კვლევებს სწორედ იმერულ ვაზის ჯიშებთან შეჯვარებით დაუდო სათავე. მევენახეობის მკვლევარმა, ი. მიროტაძემ, ზესტაფონში, საქარას საცდელ სადგურზე, შარდონესთან შეაჯვარა ცნობილი იმერული ჯიში ციცქა და ერთობ საინტერესო ჰიბრიდი მიიღო. ჰიბრიდი, რომელსაც სახელად ”ციცქაXშარდონე 48” ეწოდა, გამოირჩეოდა დიდი მოსავლიანობითა და ნაადრევი სიმწიფით. თუმცა, ეს ჰიბრიდი შემდგომში ფართოდ მაინც არ დანერგილა ქართულ მევენახეობაში.

მიუხედავად იმისა, რომ შარდონეს ვაზის დიდმოსავლიან ჯიშად ვერ განვიხილავთ, ამ ფრანგულ ჯიშს დაწურვის დროს, საკმაოდ დიდი გამოსავლიანობა ახასიათებს. შარდონეს სრულყოფილი მტევანი საშუალოდ 140 გრამს იწონის, რაც საკმაოდ დადებითი მონაცემია. ამპელოგრაფების კვლევის შედეგად ირკვევა, რომ შარდონეს გახარება აღმოსავლეთ საქართველოზე მეტად, იმერეთში, კერძოდ კი ზემო იმერეთშია რეკომენდირებული. ჯიშმა განსაკუთრებით კარგად ვაჭევის, ფუთის, საზანოს, ცხრაწყაროსა და ქვედა საქარას მიკროზონებში იხარა. შესაბამისად, დღეს შარდონე ძირითადად სწორედ ზემო იმერეთშია გავრცელებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სანამ საქართველოში უცხური ვაზის ჯიშებს შემოვიტანთ, მანამდე აუიცილებელია ამ ჯიშების საფუძვლიანი შესწავლა და მხოლოდ რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ არის მიზანშეწონილი ჯიშების ჩვენს ქვეყანაში გავრცელება.

ნოდარ ჩხარტიშვილი: ”დასავლეთ საქართველოში კარგად გრძნობს თავს, ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზი - შარდონე. ბოლო პერიოდში შემოიტანეს მერლო, თუმცა, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მერლო სხვა ჯიშებისაგან გასხვავებით განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალს არ იძლევა ჩვენს მიწაზე. უცხოეთიდან პერიოდულად შემოჰქონდათ ხოლმე სუფრის ყურძნის ჯიშები, რადგან ამ მხრივ ქართული სორტიმენტი საკმაოდ მწირია. როდესაც უცხური ვაზის ჯიშები შემოაქვთ, მთავარია ყველამ გაითვალისწინოს, რომ სანამ ამ ჯიშებს გავახარებთ, მანამდე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჯიშების შესწავლა და მათზე დაკვირვება. ბრმად არ უნდა ჩავყაროთ არც ერთი ვაზის ნერგი, რადგან ამან ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში შესაძლებელია ბევრი უკუჩვენება გამოიწვიოს.”

პინო

ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ვაზის ფრანგული ჯიში პინო, ვარიაციებისა და კლონების სახით, არაერთ ფორმას შეიცავს, რომლებიც ასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდნენ. არსებობს: თეთრი პინო, შავი პინო, იისფერი პინო, ნაცრისფერი პინო, საფერე პინო, ოქროსფერი პინო, ადრეული პინო და სხვა... მათ შორის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმულია შავი პინო, რომელიც დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გაშენებული და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

როგორც ჯიშის სახელიდანაც ვხვდებით, შავი პინო (პინო შავი) წითელყურძნიან საღვინე ჯიშებს განეკუთვნება. ეს ჯიში ძირითადად მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოებისათვის გამოიყენება. თუმცა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, შავი პინოსაგან კლასიკური ევროპული წესით დაყენებულ სუფრის წითელ ღვინოსაც ამზადებენ.

შავი პინო საქართველოში გასული საუკუნის ათიან წლებში, ე.წ. საუფლისწულო უწყებამ შემოიტანა და ჩვენი ქვეყნის სამ რეგიონში: ქართლში, იმერეთსა და კახეთში გააშენეს. თავდაპირველად, საქართველოში პინოს სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად იყენებდნენ. თუმცა, შემდეგ, როდესაც საქართველოში ცქრიალა ღვინის წარმოების ტრადიციაც ჩამოყალიბდა, პინოს ჯიშის ყურძენი ქართული ცქრიალა ღვინის ერთ-ერთი მთავარი ნედლეული გახდა. 1942 წლის სტატისტიკით, საქართველოში ცქრიალა ღვინისათვის რეკომენდირებულიო ჯიშებით გაშენებული ვენახები სულ 1300 ჰექტარს მოიცავდა. აქედან, დაახლოებით 600 ჰექტარი შავ პინოს ეკავა.

წინა საუკუნის 40-იანი წლებისათვის, პინო ასევე თეთრიწყაროს, დმანისის, ხულოს, ქედას, ლენტეხისა და ასპინძის რაიონებშიც გააშენეს. შავმა პინომ ასევე კარგად გაიხარა თბილისის მთიან ზონებშიც. თუმცა, შემდეგ წლებში, შავი პინოთი გაშენებული ვენახების ფართობები მკვეთრად შემცირდა. ქართველი ამპელოგრაფების აზრით, პინოს ვენახების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ჯიშის მცირემოსავლიანობა იყო. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი აქცენტი პირველ რიგში მაღალმოსავლიან და დიდმოსავლიან საღვინე ყურძნის ჯიშებზე კეთდებოდა.

კაბერნე სოვინიონი

ნოდარ ჩხარტიშვილი: ”ვაზის უცხოური ჯიშები წინასწარი შესწავლის საფუძველზე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში შემოიტანეს. ეს ჯიშები სხვადასხვა ადგილზე იყო შესწავლილი. დაკვირვებები წარმოებდა ისეთ ჯიშებზე, რომლებიც ხარისხობრივად არ ჩამორჩებოდა ქართულ ჯიშებს. მაგალითად კაბერნემ კახეთში დადებითი თვისებები გამოამჟღავნა და წინანდალში თელიანის ველზე განსაკუთრებულად კარგი შედეგები მოგვცა. მაგრამ, იმერეთში ამ ჯიშმა ვერ გაამართლა.

ხამაგიეროდ, პინომ და შარდონემ შიდა ქართლში და იმერეთში გაამართლა. განსაკუთრებით პინოს ჯგუფის ვაზმა, სახელად პინო შავი, რომელიც საუკეთესო ჯიშია ცქრიალა ღვინის დასაყენებლად. ქსნის ხეობაში და მუხრანში საინტერესო თვისებები აჩვენა ალიგოტემ. ალიგოტე იმდენად კარგად შეერწყა ქართულ მევენახეობას, რომ გლეხებმა ჯიშს სახელი “მუხრანულა” დაარქვეს და ერთი პერიოდი საბჭოთა კავშირის დროს, ამ სახელით ალიგოტეს ჯიშისგან ღვინოც კი ისხმებოდა”.

კაბერნე სოვინიონი ამპელოგრაფთა აზრით, ერთ-ერთი ყველზე ძველი ფრანგული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშია. საქართველოში ეს ჯიში გასული საუკუნის დასაწყისში ყირიმიდან გავრცელდა და როგორც 1960 წელს გამოცემულ “საქართველოს ამპელოგრაფიაში” ვკითხულობთ, 1953 წლის აღწერით, საქართველოში იმ პერიოდში კაბერნე სოვინიონი 443 ჰექტარზე იყო გაშენებული. კაბერნეს ჯიშის ვაზი დღეს საქართველოში ძირითადად წინანდალში, ყვარელსა და ნაფარეულშია გავრცელებული. თუმცა, ცალკეული ნიმუშები სხვა მიკროზონებშიც გვხვდება.

ცნობილი რუსი ამპელოგრაფი, პროფესორი, გ. გოგოლ-იანოვსკი საქართველოში კაბერნეს გავრცელებასთან დაკავშირებით წერდა: “მხოლოდ კახეთში, სუფრის ღვინოების ამ საუკეთესო რაიონში, მოგვცა კაბერნემ შედარების საშუალება ბორდოს კარგ სამარკო ღვინოებთან. კაბერნეს ღვინომ თელიანისა და ნაფარეულის მესამეული პერიოდის ქვიან დანალექებზე გამოამჟღავნა მაღალი ღირსება: მდიდარი შეფერვა, ნაზი ბუკეტი და გამშვენიერება ხანგრძლივი შენახვისას.”

კაბერნე სოვინიონი საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება და სხვადასხვა გათვლებით, კაბერნეს მოსავლიანობა ღვინოზე გაანგარიშებით ჰექტარზე 50-60 ჰექტოლიტრს აღწევს. ამ ჯიშის სხვა მახასიათებლები იმდენად მაღალია, რომ კაბერნეს მთელს მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მევენახეობით ცნობილ ქვეყანაშია გაშენებული.

უცხოური საღვინე ჯიშებისაგან დამზადებულ ღვინოებს ქართული ღვინის კომპანიები დღესაც წარმატებით აყენებენ. ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა არასოდეს ყოფილა საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვაზის ჯიშებიც ქართულ ჯიშებზე არანაკლები ყურადღების ქვეშ იყო. უცხოური ჯიშების ჩვენს ქვეყანაში არსებობა შედარებებისათვის უმთავრესი და მნიშვნელოვანია.   

© ღვინის კლუბი/Weekend



1) თუ და სად შეიძლება ალიგოტეს ნერგების შეძენა? მინდა ვცადო და ბაზალეთთან მდებარე ნაკვეთში დავრგო (960 მ. ზღვის დონიდან). 2) რიზლინგის მოყვანა თუ უცდიათ საქართველოში?


რა მაგის პასუხია, მაგრამ მაგ ადგილას ანანურაც წავა და ჯვარიც. ჯვარი განსაკუთრებით, რადგან მაღალ ადგილებსაც და ყინვებსაც შეგუებული ქართლის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. საგურამოს სანერგეში აქვთ ეს ჯიშები და თუ ვერ იშოვეთ მე მაქვს ჯვარი და ლერწები შემიძლია მოგცეთ.


მადლობა! როგორი ღვინო დღება ჯვარისგან?


კარგი


თიანეთში, სიონში თუ შეიძლება ანანურას და ჯვარის გაშენება. მომატებული ტენიანობაა. სიმაღლე 1100 მეტრია.


ძალისის ტერიტორიაზე მინდა რამდენიმე ძირის ჩაყრა მგალობლიშვილის შავი და კლარჯულასი .ივარგებს? საგურამოს მეურნეობაში თუ აქვთ ეს ჯიშები.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული