Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქაჯავი

ფოტოზე გამოსახულია „შატო მერეს“ მარნის ინტერიერი

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში გათვითცნობიერებულ მევენახე-მეღვინეს ყურძნის დაწურვა  საწნახელში არასაკმარისად მიუჩნევია და სხვა საშუალების ძებნა დაუწყია ჭაჭაში დარჩენილი ტკბილის გამოწურვის მიზნით. ფეხით დაწურულ-დაჭყლეტილ ჭაჭაში გარკვეული რაოდენობით რჩება ყურძნის წვენი, რომლის შემჩნევა არც თუ ძნელი სექმეა, ხოლო მისი გამოწურვა უფრო რთული იყო. საჭირო გახდა ისეთი ხელსაწყოს მოწყობა, რომლის საშუალებითაც გამოწურული და მიღებული იქნებოდა ყურძნის წვენის ის რაოდენობა, რომელიც საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვის შემდეგ რჩებოდა ჭაჭაში. ამ მიზნის განსახორციელებლად შესაძლებელი იყო სხვადასხვა საშუალებათა გამოყენება. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული  ხალხური საწნეხი იარაღი „საქაჯავი“.

საწნეხი „მანქანები“ – საქაჯავები უძველესი დროიდან არის ცნობილი, ისინი გამოყენებული იყო ყურძნის წურვის პროცესში ეგვიპტეში, პალესტინაში, საბერძნეთში, რომში, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე, კავკასიასა და კერძოდ კი საქართველოში. თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის პრიორიტეტი ამ საქმეში, ძნელი გასარკვევია. სავარაუდოა, რომ ბერკეტიანი საქაჯავი მოწყობილობა სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთის დამოუკიდებლად გაჩნდა, რადგან მათი გამართვა ძალიან დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, ხოლო ხრახნიანი საქაჯავები გაცილებით მოგვიანო ხანაში არის წარმოქმნილი. დაახლოებით ძვ. წ. II საუკუნის მახლობლად, რადგან ტრადიცია ხრახნის გამოგონებას ცნობილ ბერძენ სწავლულს, ფიზიკოს არქიმედს მიაწერს. ყოველ შემთხვევაში ხრახნიანი საქაჯავები ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უკვე არსებობს და ყურძნის დაწურვის პროცესში გამოიყენება.

საქართველოში ჭაჭაში დარჩენილი ყურძნის წვენის მიღების პრიმიტიული საშუალება, ე. წ. „დაჯორგვა“ უნდა ყოფილიყო, რომელიც წინ უსწრებდა რთული საწნეხი საშუალების – საქაჯავის შექმნას. მათ პრინციპი საერთოც აქვთ, ორივე შემთხვევაში გამოყენებულია სიმძიმის მოქმედება ჭაჭაში არსებული წვენის გამოსაწურავად, პირველ შემთხვევაში ძალიან მარტივად, მეორე შემთხვევაში, ტექნიკურად რთულ საწნეხ მოწყობილობაში.
დაჯორგვა თანამედროვე ყოფაშიც არის შემორჩენილი. პირველყოფილი წნეხვის ეს წესი გურიაში დამოწმებული აქვს მ. გეგეშიძეს; სადაც საწნახელში დარჩენილ ჭაჭას ყავარს დაადებდნენ, დაჯორგვავდნენ, დატკეპნიდნენ-ო.
დაჯორგვის ასეთივე წესი შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანამდე ზემო იმერეთშიაც, აქ ყურძენს ფეხით წურავდნენ საწნახელში, ჭაჭას   საწნახლის უკანა ბოლოში შეაკალთავებდნენ, შემდეგ ფეხით კარგად დატკეპნიდნენ, რასაც „დაწრფელვას“ უწოდებდნენ. როდესაც ფეხით ჭაჭიდან წვენის გამოდევნა ძნელი გახდებოდა, თავს დაანებებდნენ. შემდეგ მას ზევიდან ფიცრებს ან ყავრებს დააფარებდნენ და დიდი რაოდენობით ქვებს დააწყობდნენ, ე. ი. დაჯორგავდნენ. საწნახელში ჭაჭას ასეთ მდგომარეობაში ტოვებდნენ ერთი ღამის განმავლობაში და იქიდან გარკვეული რაოდენობის ტკბილს იღებდნენ. ტკბილის რაოდენობა დამოკიდებული იყო ჭაჭის რაოდენობასა დაზევიდან დაწყობილი ქვების სიმძიმეზე. წესი თავისი არსით ძალიან პრიმიტიული ჩანს და იგი უძველესი დროიდან უნდა იყოს შემონახული, ასეთი ხერხით ჭაჭიდან ტკბილის გამოწურვისა წინ უნდა უსწრებდეს საქაჯავების შექმნას და მის გამოყენებას მეღვინეობაში. ამრიგად საქაჯავები ადამიანთა სამეურნეო-ტექნიკური აზროვნების შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროდუქტად მიგვაჩნია მეურნეობის დარგის აღნიშნულ სფეროში.

უძველესი საქაჯავების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე უფლისციხის საწნახელებთან არის ნავარაუდევი, სადაც საწნახლების გვერდით საგანგებო ფოსოებია ამოკვეთილი ჭაჭის შემდგომი დამუშავებისათვის.  ე. ი. ძვ. წ. მე-4–მე-3 სს საქართველოში არა მარტო საწნახლები გვაქვს, არამედ საქაჯავებიც, როდესაც ყურძნის წურვის პროცესში უკვე ტექნიკაა გამოყენებული. აღნიშნული საწნახელი და საქაჯავი ჯერ-ჯერობით უძველესად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსათვის. თუმცა სავარაუდოა, რომ როგორც საწნახელი, ისე საქაჯავი, აქ პირველად არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მათ არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე და გამოყენებას მეღვინეობაში ხანგრძლივი ისტორია და უძველესი ტრადიცია უნდა ჰქონოდა.

დ. ხახუტაიშვილს წნეხების შემოსვლა ხმარებაში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს მაგალითის მიხედვით, ტექნიკურ სიახლედ მიაჩნია და მას დაახლოებით ძვ. წ, II საუკუნიდან ვარაუდობს. ამის საბუთად მას ზენითის საწნახელთან აღმოჩენილი საქაჯავის „გირები“ მიაჩნია. ამ ფაქტთან დაკავშირებით  ერთხელ კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ოწინარიანი საქაჯავები, როგორც ჩანს, უძველესი დროიდან არსებობენ, ხოლო ხრახნილ-ბერკეტიანები კი გვიანი ხანის მოვლენაა. რომელი ტიპის საქაჯავისათვის არის განკუთვნილი ზენითის საწნახელთან აღმოჩენილი გირები, ამის შესახებ ავტორს არაფერი აქვს ნათქვამი.

ვინაიდან არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე საქაჯავები გარდა უფლისციხისა აღმოჩენილი არ არის, ამდენად განვიხილავთ იმ საქაჯავებს, რომლებიც კლდეში ნაკვეთ საწნახელებთან და თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშია შემორჩენილი.

ამ მხრივ საყურადღებოა ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მის გამოქვაბულ სათავსოებში შემორჩენილი საქაჯავები. ვარძიისკომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში სადღეისოდ სულ 9 საქაჯავია შემონახული. აღსანიშნავია, რომ ეს პრესები (როგორც კ. მელითააური უწოდებს) მარტო დარბაზებშია გამოკვევთილი. გამონაკლისს ერთი პრესი წარმოადგენს, რომელიც საუნჯეშია (85-ე გამოქვაბული) მოთავსებული. დანარჩენი წნეხები მოთავსებულია მე-9, მე-15, მე-17, მე-19, 32-ე, 86-, 169–ე და 195-ე გამოქვაბულებში. პრესების ყუთის ზომა საკმაოდ სტაბილურია. სიგრძე 40–50 სმ ფარგლებშია მოქცეული, სიგანე 30-დან 35 სმ მერყეობს, ხოლო სიღრმე 15–20 სმ აღწევს. აღნიშნული 9 პრესიდან  სამი ისეთ გამოქვაბულშია გამართული, სადაც მარნები იმყოფება, ოთხი კი მარნების მახლობლად.

ქვაბული ქალაქის კომპლექსში, სამრეკელოს ქვეშ მდებარე დარბაზში გამართულ საწნახელთან მოწყობილია საქაჯავი. ასეთი მოწყობილობა წარმოადგენს იატაკიდან რამდენადმე შემაღლებით, კედლის პირად ამოკვეთილ მომცრო ყუთს, რომელსაც ძირზე გარეთკენ ნახვრეტი აქვს გაჭრილი. ეს ნახვრეტიც იატაკიდან შემაღლებულია და მის წინ, იატაკში მცირე ორმოა ამოჭრილი. თვით ყუთის ზევით კი კედელში მრგვალი, მცირე ბუდეა ამოკვეთილი. დაწნეხვის განსახორციელებლად ყუთში ჭაჭის ჩაყრა და მისი ფიცრის ხუფით დახურვა იყო საჭირო, შემდეგ კი ამ ხუფზე დამწნეხი ძალის ზემოქმედება. ყუთის ზემოთ მოთავსებულ საკეტ-ბუდეში თუ ერთი ბოლოთი ჩამაგრებულ კეტს წარმოვიდგენთ, რომელიც ყუთის ხუფზე დამდგარ ძელაკზე იქნება დაყრდნობილი და მეორე ბოლოზე სიმძიმე ექნება ჩამოკიდებული, ნათელი იქნება აქ გამოყენებული დაწნეხვის მარტივი სისტემა. ჭაჭიდან გამოწურული ტკბილი ყუთის ძირას გაკეთებული ნახვრეტის მეოხებით აქ დადგმულ ჭურჭელში გროვდებოდა. მაშასადამე, როგორც კ. მელითაურის აღწერილობიდან ჩანს, ვარძიის ქვაბულ ქალაქში გამოყენებული ყოფილა ოწინარიანი სისტემის საქაჯავი.

ვარძიის მახლობლად მდებარე ჭაჭკარის კლდეში ნაკვეთი დარბაზის უკანა კედელში გამოკვეთილია საწნახელი და ნიში საქაჯავისათვის. ჭაჭკარშივე მოიპოვება გახვრეტილი ქვები, რომლებიც ბერკეტიანი საქაჯავისათვის არიან განკუთვნილი. საქაჯავის არსებობა სავარაუდოა ახჩიაშიც. საქაჯავისათვის განკუთვნილი გახვრეტილი ქვები, გირები ჩვენ თვითონ გვინახავს ასპინძას და ხერთვისს შორის მდებარე სოფლებში და ისინი ხშირ შემთხვევაში ყორეებშია ჩაშენებული.

აღნიშნული ადგილების გარდა საქართველოს სხვა რაიონებშიც გვხვდება ქვისგან გამოთლილი საქაჯავის ძირები ან ე. წ. „გობი“ ქვის ბრტყელ ზედაპირზე ოთხკუთხედი მოყვანილობის ღარია ამოკვეთილი, რომელშიც ყუთის თავები მაგრდებოდა, ხოლო ერთ მხარეს, რომელიც წაგრძელებულია, სადინარი ღარი ჰქონდა ამოკვეთილი, რომლითაც ტკბილი გადმოდიოდა და იქვე მიდგმულ თაღარში გროვდებოდა. ზოგიერთ ასეთ გობს თან ახლავს გახვრეტილი ქვები, ე. წ. „გირები“. ასეთი საქაჯავის ქვის „გობი“ და „გირები“ ჩვენ თვითონ გვინახავს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ჩხიკვთაში, მარტო გობი – სოფ. არდისუბანში. ასეთივე ქვისაგან გაკეთებული გობი, ალ. კალანდაძის მიერ კარსანიდან (მცხეთის რ-ნი) ჩამოტანილია თბილისში და სახელმწიფო მუზეუმის ქვის ფონდებში ინახება. მსგავსი გობი სოფ. დგვრისში (ცხინვალის რაიონი) ჰქონიათ ელიოზიშვილების ოჯახში. ასეთი ქვების გობებისა და გირების თარიღის დადგენა ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც არის. რადგან ისინი განცალკევებით არიან მიტოვებული. თუ მათი სამყოფელი ადგილების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი შუაფეოდალური ხანისა შეიძლება იყოს.

ოწინარიანი და ხრახნიანი საქაჯავები თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამოწმებულია რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. მაგრამ თანდათანობით გამოდიან ხმარებიდან და ადგილს უთმობენ თანამედროვე ტექნიკით გამართულ საწნეხ მ ანქანებს.

ზემოთ აღნიშნულიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლდეში ნაკვეთ საწნახლებს საქაჯავი მოწყობილობა გვერდშივე უკეთდებოდათ, სადაც მათ გასამართავად სპეციალური, საქაჯავისათვის განკუთვნილი, ყუთის მაგვარი ფოსოებია ამოკვეთილი. აღნიშნული საქაჯავები ოწინარიანი ტიპის უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი საქაჯავის რეკონსტრუქცია მოცემული აქვს კ. მელითაურს ვარძიის ქვაბული ქალაქის სამეურნეო დანიშნულების სათავსოების და ინვენტარის განხილვის დროს.

ბერკეტიან-ხრახნიანი და ბერკეტიან-ოწინარიანი საქაჯავები ხის საწნახელთან ჩანან დაკავშირებული, მ ათი გადატანა და მოწყობა ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილი შესაძლებელია. ამიტომ ზოგიერთი საქაჯავის ძირი (შობი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება, შესაძლებელია გაცილებით ადრეული ხანისა იყოს, რადგან მათი ხმარება ხანგრძლივი ხანითაა ნავარაუდევი. ძირითადად გავრცელებული უნდა ყოფილიყო საქაჯავების ხის ძირის (გობის) კეთებაც. ასეთმა ძირებმა (გობებმა), რა თქმა უნდა, ჩვენამდე ვერ მოაღწიეს უახლოეს წარსულიდანაც კი.

ჭაჭის დასაწნეხი ხალხური მანქანები საქართველოს თითქმისყველა კუთხეში გვხვდება, სადაც მევენახეობა-მეღვინეობას მისდევენ. ასეთი საწნეხი მანქანები შემდეგი სახელწოდებითაა ცნობილი: საქაჯავი (ქართლ-კახეთი), საქაჩავი-საქაჩველი (იმერეთი-გურია), წბერი, ჭახრაკი, საწბერავი (რაჭა-ლეჩხუმი), ხარხინი (სამეგრელო) და სხვა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული