Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ბარისაშვილი. სტუმარ-მასპინძლობა საქართველოში, ნაწილი II, სტუმრისადმი დამოკიდებულება

(მოკლე მიმოხილვა)

სულხან-საბას ლექსიკონში ტერმინ „მასპინძლის“ განმარტებაში ვკითხულობთ: „მასპინძელი – სახლისა და ლხინის უფალი“. (იქვე) „სტუმარი არს კაცი, ვინა სხვისას მივიდეს, ხოლო მასპინძელი იგი, ვისას სტუმარი მივიდეს“. (სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, თბილისი 1991 წ. გვ. 446). 

ქართველ კაცს სტუმარმასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა თხემით ტერფამდე აქვს გასიგრძეგანებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერის უმთავრესი ნიშან-თვისებაა. ჩვენში სტუმარი ღვთის კაცად, ღვთის გზავნილად ითვლება. მასპინძლის, როგორც „სახლისა და ლხინის უფლის“ უმთავრესი მოვალეობა მოსული სტუმრისა, თუ სტუმრების პატივისცემაა. უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება ოჯახის ავკარგიანობის მთავარ განსაზღვრებად ითვლებოდა. ესე იგი, კარგ ოჯახად ითვლებოდა არა მდიდარი, მრავალშვილიანი, სახნავ-სათესიანი და საქონლიანი ოჯახი, არამედ ისეთი, რომელიც სტუმრისადმი პატივისცემითა და, ზოგადად, სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. უნდა ითქვას, რომ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ძირითდი საგანი სტუმრისათვის, არა მრავალფეროვანი კერძების მომზადება, არამედ უმთავრესად მისი ღვინით გამასპინძლებაა. ვფიქრობთ, რომ ამ ყოველივეს ეს ხალხური ლექსი გადმოსცემს ყველაზე კარგად: „კაცსა სტუმარი ეწვიოს, / სტუმარი არ ნახულისა, / დააპოს ურმისა მორგვი / ზაფხულის შენახულისა, / დასწვას ფიწალი, ორთითი, / ცეცხლი დაანთოს გულისა, / ოთხკუთხივ ბოლი ავიდეს, / დასვას და ანადიმოსა, / ატლასის კაბა ჩააცვას / და ცხენსაც შესვას პილოსა, / ყველა ტყუილად ჩაუვლის, / თუ კი არ ასმევს ღვინოსა."

ძველად ყველა ოჯახს წინდაწინ ჰქონდა გათვლილი, თუ სად უნდა მიეღო და მოესვენებინა მოსული სტუმარი. ზემოაჭარის ზოგიერთ სოფელში ერთ ასეთ საინტერესო ფაქტს ვხვდებით. კერძოდ, ეზოკარში შორი გზიდან მომავალი მგზავრებისათვის აშენებული იყო სპეციალური სათავსო, სადაც მგზავრისათვის მუდმივად მოიძებნებოდა სასმელ-საჭმელი, ხოლო პირუტყვისათვის - თივა. ამ სპეციალურ სათავსოში ღამღამობით ინთებოდა ჭრაქი, ან სანთელი. გაშლილი იყო საწოლი და მგზავრისათვის იქ ყოველდღიურად შეჰქონდათ ღვინო და საჭმელი. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამას აჭარლები აკეთებდნენ არა საკუთარი მოკეთე-მოყვრებისათვის, არამედ სრულიად უცხო მგზავრებისათვის, სრულიად უსასყიდლოდ... ხშირად ამგვარ სათავსოში დილით შესული მასპინძელი შემთხვევით იგებდა, რომ ღამით იქ უცნობი მგზავრი ყოფილა და დილით ადრე წასულა. 

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ისეთ ოჯახში, საიდანაც რძალი უნდა შემოსულიყო, წინდაწინ, გაუფრთხილებლად იგზავნებოდა უცხო ადამიანი, რათა მას რძლის ოჯახი გამოეცადა სტუმარ-მასპინძლობაში და სტუმართმოყვარეობაში. ზეპირსიტყვიერმა გადმოცემამ ერთი ამგვარი ლამაზი ჩანახატი შემოგვინახა, როდესაც საქართველოს მთის ერთ-ერთ სოფელში კაცს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ეწვევა. სანამ მეგობრები საუბრობენ, მასპინძელი თავის მეუღლეს ვახშმის მომზადებას სთხოვს. ცოტა ხანში სტუმარ-მასპინძელი ტაბლას მიუჯდება. აქ კი დიასახლისი მეუღლისაგან დიდ საყვედურს იღებს იმის შესახებ, თუ რატომ იყო სუფრა გაშლილი ორ კაცზე. იგი მეუღლეს ეუბნება – სტუმარი რომ შემოგვესწროს მაშინ უნდა დაიწყო მისთვის თეფშისა და ჭიქის მოტანაო?...   

მთის ხალხში სტუმარ-მასპინძლობის საგანზე ყველაზე ნათლად ვაჟას გენიალური პოემა – „სტუმარ-მასპინძელი“ მეტყველებს, რომელიც ამავე საგნის შესანიშნავ ძეგლად უნდა ჩაითვლოს უთუოდ. ქართულ სუფრასთან განსაკუთრებული ადგილი უკავია, როგორც სტუმრის, ისე მასპინძლის სადღეგრძელოს. ახლადშექმნილი ოჯახის დალოცვისას ხალხი ნეფე-დედოფალს სხვა სურვილებთან ერთად სტუმრიანობასაც უსურვებდა. 

თუ დავაკვირდებით, სტუმარმასპინძლობის ელემენტებს, თვით, ქართული საერო არქიტექტურაც კი მოიცავს. გარკვეულწილად და კონკრეტულად ის, რომ სახლში მთავარ ოთახს – „ზალას“, სხვანაირად სასტუმრო ოთახი ეწოდება. სტუმრისავე უაღრესად დიდ პატივისცემად უნდა ითვლებოდეს ის გარემოება, რომ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც განსაკუთრებული სტუმრებისათვის სუფრა მარანთან, ან მარანშიც კი იშლებოდა. დასავლეთ საქართველოში, და უპირატესად იმერეთში, ეს ტრადიცია დღემდეა შენარჩუნებული, რომლის დროსაც წელიწადის თბილ პერიოდში სუფრა „ჭურისთავებზე“ იშლება. ეს ადგილი კი წმინდა ადგილად ითვლება. ამგვარ ფაქტებს აღმოსავლეთშიც ვხვდებით.

ამის შესახებ საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ პერიოდულ გამოცემაში: „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიიასთვის, XXIII“.  თბილისი, 1987წ. „ქართლში ახლაც განსაკუთრებულ პატივისცემად ითვლება სტუმრის მიღება ზამთრობით კერასთან ახლოს, ხოლო ზაფხულობით მარანში, სადაც დღეს ღვინის გარდა ერბოს, ჭირნახულს და მთელი წლის სარჩოს ინახავენ. აქ ყოველ კარგ მევენახე-მეღვინეს ცალკე აქვს გამოყოფილი სასტუმრო ქვევრი სასტუმრო ღვინით...“

 უპირატესად, აღმოსავლურ მარნებში, უმრავლეს შემთხვევაში, გვხვდება ბუხარი, რაც ქართული მარნის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. ამ შემთხვევაში ბუხარს აქვს, როგორც ესთეტიკური, ისე პრაქტიკული დატვირთვაც. როდესაც წელიწადის ცივ პერიოდში მარანში ტარდება რომელიმე ტექნოლოგიური სამუშაო და ასეთ დროს მოდის სტუმარი, ვინაიდან დაწყებული საქმის მიტოვება არ შეიძლება, რაც ძირითადად ღვინის გადაღებას უკავშირდება, სტუმარს პირდაპირ მარანში შეიპატიჟებენ და მისთვის ბუხრის პირას გაიშლება სახელდახელო სუფრა... 

ქართლ-კახურ მარანს (ამისი შესანიშნავი მაგალითია თადეოზ გურამიშვილის მარანი სოფელ საგურამოში) წინა მხრიდან რიგ შემთხვევებში მიშენებული აქვს ერთგვარი აივანი, სვეტებიანი ღია კორიდორი, გადახურვით, რაც საჩრდილობლად და წვიმის წყლისაგან დასაცავად იყო განკუთვნილი, მაგრამ იგივე ნაგებობა სტუმრებისათვის სუფრის გასაშლელი ადგილიც იყო. ასერიგად ქართული სამარნო არქიტექტურაც მოიცავდა სტუმარმასპინძლობის ელემენტებს. 

ორი სიტყვით შევეხოთ დასავლეთ საქართველოსთვის, კონკრეტულად კი რაჭა-ლეჩხუმის მხარეებისათვის დამახასიათებელ ეზო-კარის შესასვლელს. (ამ ტიპის შესასვლელ კარებს ვხვდებით არა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმში). ვგულისხმობთ ქვის სვეტებიან, მოჩუქურთმებულ, გადახურულ შესასვლელ კარს. სვეტებზე ძალზე ხშირად ჩუქურთმების სახით სტილიზებული  ვაზისა და ყურძნის მტევნების გამოსახულებებია გამოყვანილი. ასევე შეიძლება იყოს ღვინის სასმისები, თუ საღვინე ჭურჭელი; ზოგჯერ კი ქვის სვეტებზე გამოსახულია ოჯახის უფროსი, დოქით, ან ყანწით ხელში და მისთ. ერთი სიტყვით, ეს, ერთგვარი, გზავნილია, რომ შესასვლელ კარს მიღმა ცხოვრობს სტუმართმოყვარე ოჯახი. 

ქვაში ამოკვეთილი ყურძნის მტევნების, დოქებისა, თუ ღვინის სასმისების რელიეფური გამოსახულებები გვხვდება არა მხოლოდ შესასვლელ კარებზე, არამედ საცხოვრებელი სახლის კედლებზეც. 

როგორც ითქვა, რაჭა-ლეჩხუმური კარი გადახურულია. საქმე ის გახლავთ, რომ ამგვარი გადახურვა, შესაძლოა, არა სტუმრობასთან, არამედ სხვა მიზეზთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა საქმისათვის მოსულ ადამიანს ოჯახში შესასვლელად არც კი ეცალოს. ამისათვის მან მასპინძელი გარეთ, ეზოს კართან უნდა გამოიხმოს და სათქმელი იქ უთხრას. ეზოს კარის გადახურვა კი წვიმისაგან დროებით თავის შესაფარებლადაა მოწყობილი. მასპინძელმაც და მომსვლელმაც, ორივემ, კარგად იციან, რომ ეზოს კარის შეღება უკვე ნიშნავს ოჯახის კარის შეღებას, რაც, თავის მხრივ, ასევე სტუმარმასპინძლობის წესის აღსრულებას ექვემდებარება. ეს ყოველივე კი ეზოს კარმა შესანიშნავად დაარეგულირა. თუმცა ერთგვარი გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მოიძებნა. კერძოდ ის, რომ ეზოს შესასვლელი კარის გადახურვაში, მაგალითად იმერეთში დატანებულია ერთგვარი თვალი, სადაც მუდმივად ინახება ბოთლით არაყი და მშრალი ხილი. ეს კი იმისათვის, რომ მასპინძელმა, თუნდაც, ორიოდე წუთით მოსული კაცი ოჯახისა და გზის დაულოცავად არ გაუშვას. ამგვარ ფენომენს მხოლოდ საქართველოში თუ შევხვდებით...

ეზო-კარის, დაახლოებით, ამგვარივე შესასვლელს ვხვდებით, მაგალითად, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოშიც, ასევე, საინგილოში, სადაც მას „დარუზა“ ეწოდება. საინტერესოა, რომ შესასვლელი კარის იმგვარ ტიპს, როგორც ეს საინგილოშია, კახეთში თითქმის ვერსად ვხვდებით. 

სტუმართმოყვარეობა, როგორც ითქვა, ქართველი კაცის ბუნების ნაწილია. იგია ჩვენი ერის დამახასიათებელი ნიშანი, რითაც იგი ნამდვილად გამორჩეული ერია. ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია, ასევე, ღვინის სასმისი. საქართველოში არაერთი სახეობა არსებობს სასმისებისა, რითაც ლოცავენ შემოსწრებულ სტუმარს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, ამგვარი სასმისით ღვინო მხოლოდ შემოსწრებულმა სტუმარმა მიირთვას. საერთოდ, ქართულ სუფრასთან თამადა ყოველთვის ამბობს შემოსწრებული სტუმრის სადღეგრძელოს, რასაც სუფრის დანარჩენი წევრებიც იზიარებენ. მაგალითად, იმერეთში, ოჯახში მოსახმარი ღვინის წლის განმავლობაში ყოფნა-არყოფნის საკითხიც, ისევ და ისევ, სტუმართან იყო დაკავშირებული, სადაც დღემდე ასე ამბობენ - ამ შემოდეგზე მშვიდად ვარ, სტუმრის საყოფი ღვინო დავაყენეო... 

ასერიგად, სტუმარმასპინძლობის საგანს ქართულ ყოფაში, საქართველოს მთასა, თუ ბარში მთავარი, ცენტრალური ადგილი ეკავა მუდამ, რაზეც, როგორც ზემოთაც აღინიშნა, უამრავი ფაქტი მეტყველებს. მართალია, ძველი ქართული წესისაგან განსხვავებით, მერიქიფეობას დღესდღეობით სუფრის რომელიმე წევრი იტვირთავს, რაც, ერთი მხრივ, საპატიო მოვალეობადაც ითვლება, მაგრამ ასევე, ნიშანდობლივია, რომ მთელს საქართველოში, სადაც კი ღვინოს მიირთმევენ, მოსულ სტუმარს ღვინოს არამც და არამც არ დაასხმევინებენ. ეს გარემოება დიდ სირცხვილად ითვლება ოჯახისათვის...

ქართულ სტუმართმოყვარეობაზე და, საერთოდ, სტუმარმასპინძლობაზე არაერთ უცხოელ მოგზაურს, ისტორიკოსსა თუ სხვა პროფესიის ადამიანებს დაუწერიათ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სტრაბონი, არქანჯელო ლამბერტი, გიულდენშტედტი, ბარონი დე ბაი, ქრისტეფორო დე კასტელი, შარდენი, ალექსანდრე დიუმა და სხვანი და სხვანი სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ ქართველთა ამ განსაკუთრებული ნიჭის შესახებ. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ყოფიერების ეს, ცოტა არ იყოს მინავლებული ადათი კვლავ აღორძინდება და თავის სიმაღლეზე დადგება.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა 2015 წ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული