Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორი იყო 2012 წელი ქართველი მეღვინეებისათვის

ლევან სეფისკვერაძე

2012 წელი ქართველი მევენახეებისა და მეღვინეებისათვის მთლიანობაში მეტად რთული წელი იყო. ეს პირველ რიგში კახელ მევენახეებს ეხებათ, რომლებიც თავსდამტყდარი სტიქიური უბედურებებით განსაკუთრებულად დაზარალდნენ. თუმცა, მევენახეებსა და მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ კახეთის ორ რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურებები წლევანდელი ღვინის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება.

“ხარებაში” წარმატებები ახარებთ

2012 წელი ქართული ღვინის კომპანიებისათვის ღვინის ახალი ნიმუშების შექმნითაც გამოირჩა. ქართული ღვინის ზოგიერთმა ნიმუშმა საერთაშორის აღიარებაც მოიპოვა, რაც თავის მხრივ, ჩვენი მეღვინეობის წინსვლაზე მეტყველებს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ეს წარმატებები მრავალი მოუგვარებელი პრობლემის მიუხედავად იქნა მიღწეული. ქართულმა მეღვინეობამ ხომ ღვინის წარმოებისა და ხარისხის კუთხით სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.

“მეღვინეობა ხარება” ქართულ ღვინის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა. ”მეღვინეობა ხარება“ აწარმოებს 30-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინოს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ქართული ტრადიციული მეთოდებითა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით დამზადებული საინტერესო ღვინოებია.

კომპანიის საკუთრებაშია 750 ჰექტარზე მეტი ვენახი, რომელიც გაშენებულია საქართველოს ტრადიციული მევენახეობის რეგიონებში: კახეთში (90%), იმერეთში (9%), და ლეჩხუმში (1%). მეღვინეობა ხარება ძირითადად იყენებს ქართულ ენდემურ ვაზის ჯიშებს, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, ქისი აღმოსავლეთ საქართველოდან და ოცხანური საფერე, ხიხვი, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელაური დასავლეთ რეგიონებიდან.

ხარებას წარმომადგენელის, ქალბატონ ნანა მარანელის განმარტებით, კომპანიის საკუთრებაშია 2 ღვინის საწარმო: პრემიუმ ტიპის ღვინოების წარმოებაზე სპეციალიზირებული საწარმო თერჯოლაში (დასავლეთ საქართველო) და ვაჩნაძიანში (აღმოსავლეთ საქართველო) არსებული საწარმო,  რომელიც ძირითადად ორდინალურ ღვინოებს აწარმოებს. კომპანია ასევე ფლობს ღვინის დასაძველებლად განკუთვნილ გვირაბს, რომელიც ყვარელში მდებარეობს. კლდეში ნაკვეთი გვირაბი 7.5 კილომეტრის სიგრძისაა და მთელი წლის მანძილზე სტაბილურ ტემპერატურას ინარჩუნებს.

ნანა მარანელი:“2012 წელი მთლიანად ქართული მეღვინეობისათვის რთული წელი იყო, რადგან სეტყვამ და ქარიშხალმა ვენახებს დიდი ზიანი მიაყენა. ჩვენი კომპანიის ვენახები სტიქიურ უბედურებას ნაწილობრივ გადაურჩა, თუმცა, ზარალი ჩვენც მოგვადგა. ამიტომ, წელს იმერეთში უფრო კარგი მოსავალი მივიღეთ, ვიდრე სხვა რეგიონებში. წელს, ჩვენმა “საფერავმა ხილის ტინებით” დიდი აღიარება მოიპოვა როგორც ქართულ “ვინექსპოს” გამოფენაზე, (დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა) ასევე სინგაპურში. ჩვენი ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის, თუმცა რუსეთის ღვინის ბაზრის პერსპექტივა მაინც გვახარებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართულმა ღვინის კომპანიამ უარი არ უნდა თქვას ისეთ ტრადიციულ და საინტერესო ბაზარზე, როგორიც რუსეთია.

მომდევნო 2013 წელს, ყვარელის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ჩვენს მფლობელობაში მყოფი ქარხნის რეორგანიზაციას ვაპირებთ. ამ ქარხანაში მომავალი წლის შემოდგომისათვის, მრავალნაირ კახურ ღვინოს დავაყენებთ. ზესტაფონში მდებარე ქარხანას კი იმერული ყურძნის ჯიშებისაგან დასაყენებელი ღვინისათვის გამოვიყენებთ.”

მეტი ქვევრი ჩარდახს!

2012 წელი, მეტ-ნაკლებად წარმატებულად უნდა შეფასდეს მცირე მარნებისათვის. ქართლის სოფელ ჩარდახში, მეღვინე იაგო ბიტარიშვილის მარანი, ხუთ წელიწადზე მეტია ქართლის ჩინურს აწარმოებს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყიდის. 2012 წელი ფირმა “იაგოს ღვინისათვის” მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმით იყო, რომ წელს სხვა საექსპორტო ქვეყნებს დაემატა მეღვინეობით განთქმული ისეთი ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთი.

ამავე დროს საწარმოსათვის საკმაოდ წარმატებული და შედეგიანი იყო ღვინის ტურიზმის მიმართულება. მიმდინარე წელს, მარანი, შეიძლება ითქვას, გადატვირთული იყო ღვინის ტურისტებით. იაგო ბიტარიშვილმა წელს ასევე გაზარდა კუთვნილი ქვევრების რაოდენობა და ახალი ქვევრები შეიძინა. ჩარდახში ყურძნის მოსავალი გასულ წელთან შედარებით ცოტა იყო, მაგრამ ხარისხიანი.

იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე: “ზოგადად ბოლო წლებში დადებითი და პოზიტიური პროგრესია ქართული ღვინის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. მიმდინარე წელს გაცილებით მეტი ღვინო გაიყიდა, ვიდრე ადრე. საწარმოები ორიენტირებული და უფრო მოქნილები გახდნენ ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ანუ ქართულმა საწარმოებმა დაიწყეს ისეთი ღვინის და ისე მიწოდება, როგორც ამას მოითხოვს ესა თუ ის სპეციფიური ბაზარი. 2013 წელს მშვიდობა თუ იქნა, აუცილებლად კიდევ უფრო გავაძლიერებ ღვინის ტურიზმის მიმართულებას, ასევე მომხმარებელს შევთავაზებ ახალ ღვინოებს, რომელთა დაკონკრეტებისაგან ჯერ თავს შევიკავებ.

2012 წლის ღვინოდ, მინდა ჩემი ერთ-ერთი აღმოჩენა - ”ღვინის კერას" ციცქა-ცოლიკოური დავასახელო. ეს ღვინო განსხვავებულია ყველა იმ ციცქა-ცოლიკაურისაგან, რომელიც აქამდე შემხვედრია ბაზარზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ღვინო არის იმერეთის სოფელ ობჩაში ერთი ჩვეულებრივი გამრჯე და მშრომელი ხალხის - ღვალაძეების საკუთარ მარანში, ტრადიციული მეთოდებით დაყენებული. ამ ღვინოს აქვს ყველა ის ღირსება, რაც უნდა ქონდეს ღვინოს, რომელმაც შეუძლია რომ აღგაფრთოვანოს!”.

წელს ყურძნის ხარისხით იმერეთი პირველია!

ბოლოს არც მახსოვს როდის გაშუქდა ოჯალეშის რთველი სამეგრელოში. 2012 წელი ამ მხრივაც განსაკუთრებული იყო... მეგრულ მეღვინეობას ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა, თუმცა ღვინის კლუბის წევრს, ზაზა გაგუას იმედი აქვს, რომ მეგრული ნატურალური ღვინის სიმცირე აუცილებლად დაიძლევა და ნატურალური ოჯალეში შემდეგ წლებში მაინც გამოჩნდება ქართული ღვინის ბაზარზე. წელს ზაზა გაგუამ და მისმა მეგობრებმა, მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში, ადგილობრივი გლეხებისაგან რამდენიმე ასეული კილოგრამი ოჯალეში შეიძინეს და სასიხარულოა, რომ 2013 წელს გასამართ “ახალი ღვინის ფესტივალზე” ღვინის მოყვარულებს, ნატურალური ოჯალეშის გასინჯვის საშუალება მიეცემათ, რაც მეგრული ვაზისა და ღვინის ცნობადობას მომავალში კიდევ უფრო მეტად აამაღლებს.

ზაზა გაგუა: “ძალიან ძნელია, დღეს სამეგრელოში მოწეული ყურძნის რაოდენობაზე ისაუბრო, რადგან ვაზი სამეგრელოში ძალიან მცირე ფართობებზეა გაშენებული და გლეხებში ნატურალური ღვინის მოძიებაც ჭირს. თუმცა, დარწმუნებლი ვარ, რომ მდგომარეობა უკეთესისაკენ აუცილებლად შეიცვლება და მომდევნო წლებში მეგრული ღვინის შესახებ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც. ახლა მაისში, “ახალი ღვინის ფესტივალზე” მინდა ჩემი და ჩემი ახლობლების მიერ დაყენებული მეგრული ოჯალეში წარმოვადგინო და ხალხს საშუალება მივცე, თავად შეაფასონ ამ ჯიშისა და ღვინის განსაკუთრებულობა. მომავლის დიდი იმედი მაქვს!”

ქართველი მეღვინეები ჩვენთან საუბარში აღნიშავენ, რომ წელს იმერეთში ყურძნის განსაკუთრებულად კარგი მოსავალი მოვიდა. ზაფხულის თბილმა და მცირენალექიანმა პერიოდმა, ყურძნის შაქრიანობა შესამჩნევად გაზარდა და ეს ადგილობრივ მეღვინეებს იმედს აძლევს, რომ 2012 წლის მოსავლის ღვინოები გამორჩეულად კარგი იქნება.

რამაზ ნიკოლაძე, იმერელი მეღვინე, “ნიკოლაძეების მარნის” მფლობელი: “ჩემი მცირე მარნისათვის, 2012 წელი ერთმნიშვნელოვანდ წარმატებული იყო. შარშანდელი მოსავლის მთელი ღვინო უკვე გავყიდე ევროპაში და ახალი ღვინის განსაკუთრებულად მეიმედება. წელს ღვინის მოყვარულებს ჩემი აზრით საინტერესო სიახლე შევთავაზე. ეს გახლავთ ჭაჭაზე დაყენებული ცოლიკოური. ქვევრში კლერტთან ერთად, კახური წესით დაყენებული ცოლიკოური ქართულ ღვინის ბაზარზე ნამდვილად სიახლეა და იმედი მაქვს, რომ ეს ღვინო ბევრ ღვინის მოყვარულს დააინტერესებს. გასული წელი მთლიანობაში, დადებითად უნდა შეფასდეს. მოსავალიც კარგი მოვიდა და ბევრი საინტერესო ღვინოც გამოჩნდა ბაზარზე. იმედია, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.”

წლების გასაყარზე...

2012 წელი სულ მალე, ისტორიის კუთვნილება გახდება და მხოლოდ მომდევნო წლებში შეგვეძლება წელს მოწეული მოსავლიდან დაყენებული ღვინის ხარისხის ზუსტი განსაზღვრა. ახლა ქართველი მეღვინეებისათვის უმთავრეს საზრუნავს უკანასკნელი მოსავლის ღვინის მოვლა-პატრონობა წარმოადგენს. ზოგი მეღვინე გაზაფხულამდე არ აპირებს ქვევრის მოხდას, ზოგი ზამთარში ახალი ღვინის შენახვის პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს, ზოგი კი, უკვე აქედანვე იწყებს ღვინის ბოთლების შეძენა-მომარაგებას...

მომავალი 2013 წელი ბევრი მეღვინისათვისა და ქართული ღვინის კომპანიისათვის, სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთის ბაზრის გახსნის პერსპექტივის გამოც შეიძლება იყოს საინტერესო. საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ღვინის კომპანიებს იმის ვარაუდის საშუალებას ძლევს, რიმ სულ მალე შესაძლოა რუსეთის ბაზარი გაიხსნას, რაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნას აუცილებლად გაზრდის. მეღვინეების ნაწილი, რუსეთის ბაზრის გახსნის პერსპექტივას უარყოფითი კუთხით უყურებენ. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ რუსეთის ბაზრის ქართული ღვინისათვის გახსნა, ქართული ღვინის ხარისხს ერთმნიშვნელოვანად დაბლა დასწევს. თუმცა, ღვინის ექსპერტის, გიორგი სამანიშვილის აზრით: “რუსეთის ბაზრის გახსნა ის თემაა, რომელიც გარისკვად ნამდვილად ღირს!”

ღვინოსთან დაკავშირებული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის საინტერესოა. მართალ-მტყუანი ამ შემთხვევაში, უკვე შემდეგ წლებში გამოჩნდება. მანამდე კი სათანადოდ დავაფასოთ და წლევანდელი მოსავლის ღვინით გავაცილოთ 2012 წელი, რომელმაც ქართულ მეღვინეობაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ დატოვა. დაგვიტოვა რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლის იმედით...

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული