ალეკო ცქიტიშვილი
წელს კახეთში რთველი უჩვეულოდ ადრე დაიწყო. ამის მიზეზი თითქმის სამთვიანი გვალვაა, რაც რეგიონს ზაფხულში ბუნების ნამდვილ რისხვად მოევლინა. წინა წლებში რთველი აგვისტოს ბოლოს ქიზიყის სოფლებიდან იწყებოდა. ყველაზე გვიან ყურძენს გარე კახეთში კრეფდნენ - ოქტომბრის შუა რიცხვებში. წელს კი გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში რთველი უკვე აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში დაიწყო.
რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების შემდგომ, უკვე მეორე წელია, კახეთში რთველი საპროტესტო აქციებისა და ხმაურის გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, წელს მევენახე გლეხები მაინც შეეცადნენ, გაეპროტესტებინათ ღვინის კომპანიების სავარაუდოდ შეთანხმებული მოქმედება საფერავზე 50 თეთრით ფასის დაკლების თაობაზე. რთველის დაწყებისას 1 კგ საფერავი 2,20 ლარი ღირდა. სექტემბრის პირველ დღეებში კი მოულოდნელად 1,50 ლარი გახდა, რამაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მევენახეთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეთა საპროტესტო აქციას განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ „საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი“.
ასეთი ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, სახელმწიფომ ყურძნის ფასების დადგენაში მონაწილეობა წელსაც მიიღო და რთველის პერიოდში კომპანიების სუბსიდირება განახორციელა. „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N1407 განკარგულებით, კახეთის რეგიონში მევენახეების (ფიზიკური პირების) მიერ მოწეული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, ღვინის კომპანიებზე გასცეს სუბსიდია შემდეგი ოდენობით: 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,35 ლარი, 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,35 ლარი; 1 კგ. საფერავისათვის - 0,15 ლარი.
სახელმწიფოს სუბსიდირება საერთოდ რომ არ განეხორციელებინა, წინა წლებთან შედარებით კახეთში ყურძნის ფასი მაინც ბევრად მაღალი იქნებოდა. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებამ კახეთში ღვინის კომპანიების გააქტიურება გამოიწვია. მძაფრი კონკურენციის პირობებში, ღვინის ქარხნებმა ურთიერთშეთანხმებას დიდხანს ვერ მიაღწიეს და რამდენიმე დღეში 1 კგ საფერავის ფასი 3 ლარამდე „გაექცათ“. რაღა თქმა უნდა, ამ საფასურში სახელმწიფოს წილი - 15 თეთრი სიმბოლურად გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს წელს კარგი შანსი ჰქონდა, ყურძენზე ფასების დადგენა მხოლოდ ბაზრისთვის მიენდო.
წელს კვლავ შეიცვალა თეთრი და წითელი ყურძნის ფასების გათანაბრების ბოლო წლების ტენდენცია. 1 კგ რქაწითელს ღვინის კომპანიები მევენახე გლეხებისგან 1,20 ლარად, ხოლო მწვანე კახურს 1,50 ლარად იბარებდნენ. საფერავს კი, თავდაპირველად - 2,20 ლარად, შემდეგ - 2,50 ლარად, სექტემბრის მეორე კვირაში კი - 3 ლარადაც. საფერავის ფასის ასეთი უპრეცენდენტო ზრდა, ერთი მხრივ, უკავშირდება გვალვას და საფერავის ჯიშის ყურძნის დეფიციტს, მეორე მხრივ კი, რუსეთის ბაზარზე წითელი ღვინოების (ძირითადად - ნახევრადტკბილის) მეტწილ პოპულარობას.
2014 წლის მოსავალს, ყურძნის ხარისხს და წლის ტენდენციებს ღვინის კომპანიები სხვადასხვანაირად აფასებენ, იმისდა მიხედვით, კახეთის რომელ რეგიონში აქვთ მათ ვენახები. თუმცა, ყველა მათგანს წელს ჰქონდა საერთო სატკივარი - გვალვა და უპრეცედენტოდ ადრეული რთველი. მეღვინეები აცხადებენ, რომ გვალვამ მოსავალი ძალიან შეამცირა, მაგრამ მიღებული ყურძნის ხარისხი კარგი ღვინოების დაყენების საშუალებას მაინც იძლევა.
მერაბ მათიაშვილის საოჯახო მარანს ვენახები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში აქვს. ეს ერთ დროს სახელოვანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის - „ტიბაანის“ მიკროზონაა. მერაბ მათიაშვილი დამწყები მეღვინეა. თუმცა, მისი ღვინოებით უკვე დაინტერესდნენ იაპონელი დისტრიბუტორები. გვალვის შედეგად, წელს შარდანდელზე ორჯერ ნაკლები მოსავალი მიიღო, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მოწეული ყურძენი კარგია და თუკი ღვინის დაყენების პროცესი კარგად წარიმართა, ღვინოც მაღალი ხარისხის იქნება. რთველი 5 სექტემბერს ჰქონდა.
კომპანია „შუმის“ ვენახები კახეთის სამ მუნიციპალიტეტშია (თელავი, გურჯაანი, ყვარელი) გაშენებული. მოსავლის ნაწილით კომპანია აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს - „წინანდალს“, „მუკუზანს“, „ქინძმარაულს“. კომპანიის გენერალური დირექტორის, აკაკი ცოფურაშვილის თქმით, სამივე მუნიციპალიტეტში „არანორმალური სიცხეების გამო რთველი არანორმალურად ადრე დაიწყო“. კომპანიამ რთველის სეზონი 1 სექტემბერს გახსნა ნაფარეულიდან, 5 სექტემბერს ყურძნის კრეფა გააგრძელა ყვარელში, შემდეგ დღეებში კი - მუკუზანსა და წინანდალში. შედარებისთვის: წინა წლებში „შუმი“ ნაფარეულში რთველს სექტემბრის შუა რიცხვებში, ზოგჯერ - თვის ბოლოსაც კი იწყებდა.
კორპორაცია „ქინძმარაულის“ ვენახები ძირითადად, ყვარელშია გაშენებული, მათ შორის - „ქინძმარაულის“ მიკროზონაში. თუმცა, კომპანია ყურძენს იბარებს მევენახე-გლეხებისაგან კახეთის სხვა რეგიონებიდან. კომპანიამ რთველი სექტემბრის პირველ კვირაში დაიწყო. ამ პერიოდში მოწეულ ყურძენს კორპორაცია „ქინძმარაული“ დაბალი საფასო სეგმენტის ღვინის - „ალაზნის ველის“ დასამზადებლად გამოიყენებს. ადგილწარმოშობის დასახელების მშრალი წითელი ღვინის „ყვარლის“ დასაყენებლად კი რთველს 15 სექტემბრიდან იწყებს. უფრო გვიან - სექტემბრის ბოლოს დაიკრიფება საფერავი ნახევრადტკბილი ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ღვინის - „ქინძმარაულის“ დასამზადებლად.
ნუგზარ ქსოვრელი, კორპორაცია „ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი: „როგორც წესი, ჩვენი რთველი 1 თვე გრძელდება და ეს წელსაც ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, რთველი ადრე დავიწყეთ. საკმაოდ რთული წელიწადი იყო - გვალვა ჯერ კიდევ ზამთრიდან დაიწყო. გაზაფხული თითქოსდა წვიმიანი იყო ივნისის ჩათვლით, მაგრამ ნალექების რაოდენობა მაინც არ იყო საკმარისი გვალვისგან მიყენებული დანაკლისის შესავსებად. ივლისი და აგვისტო კი იყო საერთოდ უნალექო და ძალიან ცხელი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ისეთი გვალვა ყოფილა, ყურძნის განვითარების ფიზიოლოგიური პროცესები გაეჩერებინა. ყურძენმა სასურველი შაქარი დაიგროვა, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ რთველი უნდა დავიწყოთ. ყვარელში ჯერ კიდევ ველოდებით კლერტისა და წიპწის დამწიფებას, მჟავიანობის სასურველ კონდიციებს, ხოლო „ქინძმარაულისათვის“ - კიდევ უფრო მაღალ შაქრიანობას“.
სექტემბრის შუა რიცხვებისათვის გეგმავს რთველს ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, რომელიც კახურ ღვინოებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში გაშენებული ვენახიდან აყენებს. ბექა გოცაძის თქმით, გვალვის გამო ყურძენი ადრე დამწიფდა და წინა წლებთან შედარებით, მოსავალს ორი კვირით ადრე მოიწევს.
რეგიონში რთველი ტრადიციულად გარე კახეთში დასრულდება, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ყურძნის კრეფა აქ თითქმის ერთი თვით ადრე იწყება. როგორც „ჯაყელების ღვინოების“ მეღვინე, მალხაზ ჯაყელი ამბობს, სოფელ ხაშმში საფერავის რთველს კომპანია 20 სექტემბრიდან დაიწყებს: „ასე ადრე რთველი არასოდეს მქონია. ძირითადად ოქტომბრის შუა რიცხვებში, ზოგჯერ ოქტომბრის ბოლოსაც კი ვკრეფდით საფერავს. მართალია წვიმიანი გაზაფხული იყო, მაგრამ ზაფხულის უნალექო გვალვამ ყურძენი მალე დაამწიფა. წლევანდელი წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ვაზის დაავადებებს არ შევუწუხებივართ. ამიტომ ყურძენი ჯანსაღია და მისგან მაღალი ხარისხის ღვინის დაყენებას შევძლებთ“.
მევენახეთა დაკვირვებით, გვალვამ ვაზის ქართულ ჯიშებზე სხვადასხვანაირად იმოქმედა. ეს კარგად გამოჩნდა ღვინის კლუბისა და „ქართული ვაზის ფონდის“ მხარდაჭერით ბაკურციხეში გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშების ვენახში. აგვისტოს ბოლოსთვის ვაზის რამდენიმე ჯიშმა, როგორიცაა - ხიხვი, მწვანე კახური და ღვინის თეთრი, ისეთი მაღალი შაქარი დაიგროვა, რომ მევენახეებმა ამ ვაზის ჯიშების ყურძნისგან ტკბილი ღვინის დაყენება გადაწყვიტეს. სიცხეებმა ყველაზე მეტად დაჩაგრა მწვანე კახური, ალბათ იმიტომ, რომ მისი მარცვლები შედარებით თხელკანიანია. საფერავი ბუდეშურისებრისა და საფერავის მარცვლები საგრძნობლად შემჭკნარი იყო. გაუჭირდა კახურ მცვივანსაც. უფრო მდგრადი აღმოჩნდა რქაწითელი და ქისი. ყველაზე უკეთ კი ვარდისფერი რქაწითელი გამოიყურებოდა, რომელსაც სავარაუდოდ, კარგი პოტენციალი აქვს საგვიანო რთველისათვის.
საერთო შეფასებით, კახეთის რეგიონის მოსავლის რაოდენობასა და გარკვეულწილად ხარისხზე, უმთავრესი გავლენა წელს გვალვამ იქონია. ალაგ-ალაგ, რამდენიმე სოფელს წლის სხვადასხვა პერიოდში სეტყვამაც დაარტყა, მაგრამ 2014 წლის მთავარი თემა სეტყვა არ ყოფილა. სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როგორ დააზღვიონ ვენახები სეტყვისგან და ბუნების სხვა სტიქიებისგან. ეს მოლაპარაკება, ალბათ, გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგრამ აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ გვალვისგან ვენახებს არც ერთ ქვეყანაში არ აზღვევენ და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. საქმე ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიებს, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ შეფასება, რამდენად იქონია გავლენა გვალვამ მოსავალზე და შეიძლებოდა თუ არა მოსავლის დანაკარგის გადარჩენა, მევენახეებს ვენახები რომ მოერწყათ.
ამდენად, ისღა დაგვრჩენია, კახელ მევენახეებს მომავალ წლებში დაბალანსებული ამინდები, სეტყვისგან და სხვა სტიქიებისგან დაზღვეული ვენახები და ხვავრიელი რთველი ვუსურვოთ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი