Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო დღეს – 2018

ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. XXI საუკუნის დასაწყისს მომავალში ალბათ ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად შეაფასებენ ამ თვალსაზრისით, რადგან სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ქართულმა ღვინომ ხელახლა თავი, დარწმუნდა საკუთარ ძალებში. გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, კომპანიები და დასახელებები, რის გამოც გაცილებით მრავალფეროვანი გახდა ქართული ღვინო. უკანასკნელი წლების მანძილზე მთელმა რიგმა პრობლემებმაც იჩინა თავი, რომელიც შიდა თუ გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, თუმცა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობისას დაისახა ის გზები, გამოიკვეთა ის პრინციპები, რომელიც, იმედია მალე ახალ სულს შთაბერავს ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას.

დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული (1990-2000 წ.) განსაკუთრებით მძიმე იყო მეღვინეობის სფეროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი დასავლური ტიპის ღვინის საწარმოები, შემოვიდა მსხვილი ინვესტორი (კომპანია Pernod Ricard) და გაჩნდა ახალი ბაზრები, 2000 წლამდე საქართველოში არსებითად ძალების მოკრების პერიოდი იყო. XXI საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება ყურძენზე, განსაკუთრებით კი წითელ ყურძენზე, გაშენდა საფერავის ახალი ვენახები, სტაბილური გახდა ფასიც.

2005 წლისთვის იმატა ექსპორტმაც - თუკი 90-იან წლებში საშუალოდ 5 მილიონი ლიტრი ღვინო გადიოდა ქვეყნიდან, 10 წლის შემდეგ ეს რაოდენობა უკვე 40 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. სწორედ ამ დროს გამოცხადდა ქართულ პროდუქტებზე ემბარგო რუსეთში. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებებით აკრძალა ქართული ღვინო და მინერალური წყალი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისთვის და კონკრეტულად ღვინის სფეროსთვის, რადგან ყველაზე მეტი ღვინო სწორედ რუსეთში გადიოდა საქართველოდან.

ცალკე საუბრის თემაა ის, თუ რატომ გახდა ასე დამოკიდებული ჩვენი ღვინო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე? და რის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა უფრო ფართო ხედვები, რაც საშუალებას მოგვცემდა ქართული ღვინო არამხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის, არამედ ყველაზე საინტერესო და მკაცრ ბაზრებზედაც დაგვემკვიდრებინა. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, თუმცა ერთი რამ ცხადია, შედეგის მისაღწევად პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა ნოსტალგიური იმიჯი ახალი, ჯანსაღი მიდგომებით ჩაგვენაცვლებინა, სადაც თავის ადგილს დაიკავებდა თანამედროვე ტიპის ღვინოებიც და ტრადიციული, უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინოებიც. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. დიდი კომპანიების უმრავლესობა კვლავინდებურად რუსეთში ბაზარზე არჩევენ დამკვიდრებას, რაც მკვეთრად აისახება ღვინის ხარისხზეც და სტილისტიკაზეც.

ემბარგოს პირველი ორი წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ყურძენზე მკვეთრად დაეცა მოთხოვნილება, 2005 და 2007 წლის ძალზე უხვმა მოსავალმა კი თვალნათლივ დაგვანახა ის ხარვეზები, რომელთანაც უახლოეს მომავალში მოუწევდა ბრძოლა ქართულ მეღვინეობას. 2007 წლიდან, სახელმწიფო შეეცადა სუბსიდირებით გადაეჭრა საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, სექტორის განვითარებაზე ვერანაირ დადებით გავლენას ვერ ახდენდა.

რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველომ მალე მოიპოვა ალტერნატიული ბაზრები და ექსპორტი თანხობრივად 2006 წლის მაჩვენებელსაც მიუახლოვდა. 2013 წელს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა, რაც დიდი გამოცდა აღმოჩნდა, არამხოლოდ კომპანიებისთვის, არამედ მევენახე–გლეხებისთვისაც. 2013–2017 წლის რთველზე ჭარბი ყურძნის პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა (როგორც ყოველთვის არის ხოლმე ბოლო წლებში), თუმცა საკმაოდ არაჯანსაღი ისტერია ატყდა და ფასებიც არარეალური დადგინდა. მაგალითად, 2014 წელი გვალვიანი გამოდგა და საგრძნობლად შემცირდა მოსავალი, რის გამოც ფასი კიდევ უფრო გაიზარდა კახეთშიც და დანარჩენ საქართველოშიც (რეკორდულ 10 ლარს მიაღწია რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასმა). 2015 წელი მოსავლიანი, ხარისხიანი და განსაკუთრებული იყო. შეიძლება ითქვას, წლების მაძილზე ასეთი მოსავალი არ ყოფილა საქართველოში და რაც მთავარია, 2015 წელს გაცილებით მეტმა ოჯახურმა თუ მცირე მარანმა დააყენა თავისი ღვინო, რამდენიმე დიდმა კომპანიამ კი საგრძნობლად გაზარდა წარმადობა. კიდევ უფრო მეტი წინსვლა იყო ამ თვალსაზრისით 2016–2017 წლებში. გაჩნდა ათეულობით ახალი მცირე მარანი და ბევრმა მევენახემ უკვე თავად გადაწყვიტა ღვინის დაყენება, ნაცვლად იმისა, რომ ღვინის საწარმოებისთვის ჩაებარებინა ყურძენი.

რუსეთის ბაზარზე დაბრუნების დადებითი და უარყოფითი მხარეები ცხადად გამოჩნდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე. 2015 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ძირითადად ჩინურ ბაზარზე დამკვიდრებაზეა ორიენტირებული და ჩინური მხარეც ძალიან აქტიურობს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, მე–3 ადგილზე დამკვიდრდა.

ფართობი, ჯიშები, წარმოებული ღვინო

80-იანი წლების დასაწყისის მონაცემებთან შედარებით, დღეს საქართველოში ვენახის ფართობები ორჯერაა შემცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დიდ ფართობებზე გაშენდა ახალი ვენახები. 30 წლის წინ იგი 120 ათას ჰექტარს აღწევდა, დღეს კი დაახლ. 55 ათას ჰექტარზეა ვენახები გაშენებული. კლება ძირითადად 90-იან წლებზე მოდის, თუმცა, როგორც გითხარით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ისევ დაიწყეს ახალ ფართობებზე ვენახების გაშენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ უკანასკნელი რამდენიმე წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც, შეინიშნება შედარებით იშვიათი და განსაკუთრებული ჯიშების გავრცელების ტენდენციაც. ეს სულ მალე გაცილებით მრავალფეროვანს გახდის ქართული ღვინის ჯიშურ შემადგენლობას და ამის ცხადი ნიშნები უკვე 2015-2017 წლებში გამოჩნდა ბოლო ახალი ღვინის ფესტივალებზე.

საქართველოში გაშენებული ვენახების 70%-მდე კახეთზე მოდის, 20%-მდე იმერეთზე, დანარჩენი კი ქართლზე, რაჭა-ლეჩხუმზე, სამეგრელოზე და გურიაზე.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად რქაწითელის ჯიშის ყურძენია გავრცელებული, დღევანდელი მონაცემებით მას 27 000 ჰექტრამდე უკავია, შემდეგ მოდის საფერავი, რომელიც 15 000 ჰექტრამდეა გაშენებული, ცოლიკოური, დაახლოებით 7 000 ჰექტარი, ასევე - ციცქა, ჩინური, მწვანე კახური, გორული მწვანე, ალექსანდროული-მუჯურეთული, ქისი, ხიხვი, თავკვერი, კრახუნა, ძელშავი, შავკაპიტო, ოჯალეში, ჩხავერი.

საქართველოში იწარმოება დაახლოებით 150-280 ათასი ტონა ყურძენი, საიდანაც 150 ათას ტონამდე ღვინის კომპანიებში მუშავდება, 15 ათასი სუფრის ყურძნად და ყურძნისგან დამზადებული სხვა პროდუქტის დასამზადებლად მოიხმარება (ყურძნის წვენი, ჩურჩხელა და ა.შ), 100 ათას ტონაზე მეტს კი კერძო პირები იძენენ და საკუთარ, ე.წ. ოჯახის ღვინოს აწარმოებენ.

საქართველოში 18 ადგილწარმოშობის დასახელებაა რეგისტრირებული. აქედან 14 კახეთში (მანავი, კარდენახი, ტიბაანი, გურჯაანი, კოტეხი, ვაზისუბანი, კახეთი, მუკუზანი, ახაშენი, წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი, ქინძმარაული), და თითო-თითო ქართლში (ატენი), იმერეთში (სვირი), რაჭაში (ხვანჭკარა) და ლეჩხუმში (ტვიში). ამათგან ყველაზე დატვირთული რამდენიმე დასახელებაა: წინანდალს, მუკუზანს, ქინძმარაულს, ტვიშსა და ხვანჭკარას საკმაოდ ბევრი ღვინის კომპანია აწარმოებს. შედარებით მცირე რაოდენობით იწარმოება: მანავი, ახაშენი, ვაზისუბანი, ტიბაანი, გურჯაანი, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი. ბოლო წლებში თითქმის აუთვისებელია სვირისა და ატენის ადგილწარმოშობის დასახელებები და იგი ჯერ კიდევ ელის მწარმოებლებს.

ექსპორტზე ყველაზე მეტი ქინძმარაული გადის, შემდეგ კი მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, ხვანჭკარა, ტვიში, ყვარელი და ვაზისუბანი. როგორც ხედავთ ჩამოთვლილი ლიდერი 8  ადგილწარმოშობის ღვინიდან 4 ნახევრადტკბილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სტილის ღვინოებზე ძირითადი მოთხოვნა რუსეთის და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე მოდის. ნახევრადტკბილ ღვინოს ეტანებიან ჩინეთშიც.

ადგილობრივი ბაზარი

ადგილობრივი ღვინის ბაზარი დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება. ზოგიერთმა კომპანიამ, რომლებსაც წლების წინ მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაჰქონდათ ღვინო (ძირითადად რუსეთში), დღეს ქართული ბაზრის აქტიური ათვისებაც დაიწყეს. ბოლო წლებში ქვეყანაში 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო დარეგისტრირებული, ხოლო თავისი პროდუქციით ადგილობრივ ბაზარზე სულ 15-20-მდე კომპანია იყო ცნობილი. დღეს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

რაც დრო გადის, ქართველი ღვინის მწარმოებლები მით უფრო მეტად აცნობიერებენ ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელობას და გაყიდვების საერთო რაოდენობაც დღითიდღე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოთლის ღვინის წილი ჯერ კიდევ დაბალია. ბოლო 5 წლის მანძილზე ბოთლის ღვინის გაყიდვებმა პირველ რიგში ტურისტების გამო მოიმატა, თუმცა ადგილობრივებიც უფრო მეტად ეტანებიათ ასეთ ღვინოს, გაჩნდა ათეულობით ახალი ღვინის მაღაზია და ბარი, სადაც მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული ღვინო იყიდება.

ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისმება, აქ ხვდება დიდი კომპანიების მიერ წარმოებული დაბალფასიანი ჩამოსასხმელი ღვინო და ბევრი ე.წ. ოჯახური ღვინოც, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დიდი რაოდენობით იწარმოება საქართველოში.

სამწუხაროდ, ზოგიერთ რესტორანში ჯერ კიდევ გვხვდება უხარისხო, დაავადებული, ზოგჯერ კი სულაც ფალსიფიცირებული ჩამოსასხმელი ღვინო. ცალკე თემაა რიტუალური დანიშნულების წვეულებები, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. სადაც 400-500 კაციან სუფრებზე ხშირად გაუგებარი წარმოშობის სასმელი იხარჯება. ამ პრობლემების მოგვარება, ფალსიფიცირებასთან უფრო ეფექტური ბრძოლა და ხარისხიანი იაფფასიანი ჩამოსასხმელი ღვინის გაჩენა ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანწილად შეცვლის დარგის პრიორიტეტებსაც და ვფიქრობ, ჭარბწარმოების პრობლემაც მოიხსნება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხის მოგვარება კვლავინდებურად საფრთხის ქვეშ დადგა იაფფასიან ქართულ ღვინოზე რუსული ბაზრის დიდი მოთხოვნების გამო. 

ქართული ღვინის ექპორტი

ქართული მეღვინეობა ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ღვინის გაყიდვები განუხრელად იზრდებოდა და ამ თვალსაზრისით პიკური 2006 წლის დასაწყისი იყო. რუსულ ემბარგომდე რამდენიმე თვით ადრე 100-მდე კომპანიამ გაიტანა ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2007-2010 წლებში ექსპორტიორთა რიცხვმა 60-70-მდე დაიკლო, ბოლო, 2017 წლის მონაცემების მიხედვით კი, სულ 265–მა კომპანიამ და მცირე მარანმა გაიტანა ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 2013 წელს, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა რამდენიმე ისეთი კომპანიაც, რომელიც უმოქმედოდ იყო რუსული ემბარგოს წლებში, ან სპეციალურად რუსული ბაზრისთვის ჩამოყალიბდნენ. 2014 წლისთვის ისინი ლიდერის პოზიციებზეც გავიდნენ, კომპანიები, რომელთა ღვინოებს, როგორც წესი, თითქმის საერთოდ არ იცნობდნენ ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე და რომლებიც კონკრეტულად რუსეთის ბაზრისთვის იყო წარმოებული. 2018 წლის დასაწყისისთვის რამდენიმე ასეთი მსხვილი კომპანია კვლავინდებურად ფიგურირებს ექპორტიორთა სიაში.

ბოლო წლებში ქართული ღვინო გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და იგი მზად აღმოჩნდა ყველაზე გემოვნებიანი და სიახლის მაძიებელი მყიდველიც დააინტერესოს. დღეს სულ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი და ღვინით მოვაჭრე ყიდულობს ქართულ ღვინოს, კერძოდ კი ღვინოებს, რომლებიც განსაკუთრებული ინდივიდუალობით გამოირჩევიან და უნიფიცირებული თანამედროვე ბაზრის პირობებში ბევრისთვის იგი ერთგვარ თავშესაფრადაც იქცა. ეს პირველ რიგში ტრადიციული ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებულ ღვინოს ეხება, თუმცა გაყიდვების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და იმ ღვინის სახეობებზე მოდის, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო გავრცელებული.

2016–2017 წლის ქართული ღვინის ექსპორტი ასე გამოიყურება:

2016

  1. რუსეთი     27 222 076 მილიონი ბოთლი
  2. უკრაინა     5 811 050
  3. ჩინეთი      5 299 149
  4. ყაზახეთი  3 393 435
  5. პოლონეთი          2 329 820
  6. ლატვია      1 258 632
  7. ბელორუსია        1 174 362
  8. ესტონეთი 631 632
  9. ლიტვა       611 994
  10. აშშ    294 382
  11. გერმანია    292 454
  12. ყირგიზეთი         230 776
  13. კანადა       210 936
  14. იაპონია     159 654
  15. ტაჯიკეთი  123 192
  16. ჩეხეთი      119 648
  17. ინგლისი    97 226
  18. მონღოლეთი       92 172
  19. ისრაელი    85 380
  20. აზერბაიჯანი      80 592

2017

  1. რუსეთი     47 778 920
  2. უკრაინა     8 502 554
  3. ჩინეთი      7 585 407
  4. ყაზახეთი  3 322 867
  5. პოლონეთი          2 676 440
  6. ბელორუსია        1 827 130
  7. ლატვია      1 505 138
  8. ესტონეთი 525 212
  9. აშშ    457 920
  10. ლიტვა       416 874
  11. გერმანია    404 538
  12. ისრაელი    213 074
  13. კანადა       182 130
  14. მონღოლეთი       168 162
  15. იაპონია     155 100
  16. აზერბაიჯანი      141 294
  17. ყირგიზეთი         134 266
  18. საფრანგეთი        99 796
  19. ინგლისი    79 560
  20. თურქმენეთი      66 852

ბოლო 5 წლის მანძილზე ხუთეული თითქმის არ იცვლება. სტაბილურად პირველ ადგილზეა რუსეთი, ჩინეთი კი მეორე ადგილზე გადასვლას ცდილობს. კარგია, რომ რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ბელორუსია, ლატვიის გარდა ზრდა გვაქვს აშშ–ში, გერმანიაში, ისრაელში და საფრანგეთში, თუმცა კლება შეინიშნება დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში, ესტონეთში, კანადაში და იაპონიაში. იაპონიაში გასულ წელს და 2018 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხრივ და იმედია 2018 წელი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდება ქართული ღვინისთვის.

ექსპორტზე უფრო მეტად წითელი ღვინო გადის, დაახლოებით 70%, სადაც დიდი წილი ნახევრადტკბილ ღვინოებზე მოდის, თუმცა, როგორც გითხარით, სულ უფრო იზრდება მოთხოვნილება ექსკლუზიურ ღვინოებზეც. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, საფრანგეთში და გერმანიაში 2017 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით ნატურალური ღვინო გავიდა. ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება ამ ქვეყნებში.

ქართულ ღვინოს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, რის გამოც იგი საინტერესო შეიძლება გახდეს უცხოელი მყიდველისთვის. პირველ რიგში ესაა ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს ბევრ სიახლეს პირდება, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მობეზრდა გლობალიზებული გემოები და სიახლეს ეძებს. მეორე - საქართველოს სამართლიანად დაუმკვიდრდა ღვინის სამშობლოს ტიტული. აქ კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი კვალია აღმოჩენილი და რაც მთავარია, მეღვინეობის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში უწყვეტია, განსხვავებით მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის იმ ქვეყნებისგან, სადაც ასეთი არქაული ნაკვალევია აღმოჩენილი. აქედან გამომდინარეობს მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც ტრადიციულ ქართულ, მსოფლიოში უძველეს ტექნოლოგიას გულისხმობს, ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის დეკემბერში, Unesco-მ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ამ ფაქტმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი  ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბოლო წლების მანძილზე მკაფიოდ ჩამოყალიბდა ჩვენი ღვინის კულტურის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა, ტრადიციული, ქვევრის ღვინო, რომელიც მართალია მცირე რაოდენობით იწარმოება, მაგრამ სამაგიეროდ ღვინის მოყვარულთა უდიდესი ყურადღებით სარგებლობს და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მომავალს. მალე, იმედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება ქვევრის ღვინის არჩევანი, მეტი ცოდნა გავრცელდება მის შესახებ და უფრო მომთხოვნი ღვინის მოყვარულების რიცხვიც გაიზრდება, ვინც არამხოლოდ ქვევრის სახელით მოიხიბლებიან, არამედ ნამდვილი, მართალი, ჯანსაღი ქვევრის ღვინის გემოც ეცოდინებათ.

© მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის გზამკვლევი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული