Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიკოლა ჟოლი - ბუნების თანაშემწე

ნანა კობაიძე

მის სავიზიტო ბარათს ასეთი წარწერა აქვს: "ნიკოლა ჟოლი – ბუნების თანაშემწე და არა მეღვინე". საკუთარ თავს მეღვინეს არ უწოდებს. მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში ამ ტერმინმა დევალვაცია განიცადა. დღეს ასე მოიხსენიებენ ადამიანს, რომელიც ღვინის დამზადების ქიმიო-ტექნოლოგიურ მეთოდებს ფლობს. სინამდვილეში მეღვინე ის არის, ვინც ღვინოს მარანში კი არა, ვენახში, ვაზზე ამზადებს. თანამედროვე სტანდარტებით თუ შევხედავთ, უცნაური ადამიანია, უარს ამბობს ტექნოლოგიურ მიღწევებზე, არ იყენებს ქიმიურ სასუქს, ყურს უგდებს კოსმიურ ენერგიებს, ვაზს კი ჰომეოპათიით მკურნალობს. თუმცა ეს მისი ახირება არაა. ძველების ხმას მიჰყვება, ვისთვისაც ბუნების ძალებთან თანხმობაში ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. დღეს ამ იდეებით შეპყრობილებს ბიოდინამიკოსებს უწოდებენ. ნიკოლა ჟოლი მათი ლიდერი და "სულიერი მამაა".  
 
ბიოდინამიკის თეორია ანთროპოსოფიური საზოგადოების დამფუძნებელს, თეოსოფოსსა და ფილოსოფოსს, რუდოლფ შტაინერს ეკუთვნის, რომელმაც ეს მეთოდი გასული საუკუნის დასაწყისში, 1924 წელს ჩამოაყალიბა. მისი მტკიცებით, მებაღეობა-მევენახეობაში უხვი და ჯანსაღი მოსავლის მიღება მხოლოდ ბუნებასა და კოსმოსთან კავშირითაა შესაძლებელი. სამყაროს კანონები, ვარსკვლავების განლაგება, წელიწადის დროთა და კლიმატის ცვლილება, ნიადაგის შემადგენლობა და გრუნტის წყლები - მხოლოდ ზოგიერთი ასპექტია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მიწის სასიცოცხლო ძალების აქტივიზაციისთვის შტაინერი ენერგეტიკულად გამდიდრებული ორგანული პრეპარატების გამოყენებას გვთავაზობს, მცენარეთა თესვისა და მოვლის პროცესში კი აუცილებელია გავითვალისწინოთ "მთვარის კალენდრის" რიტმები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბუნების მოსმენას ისწავლის, ადამიანი შეძლებს მიაღწიოს წარმატებას კოსმიური წონასწორობის დარღვევის გარეშე - ასეთია შტაინერისა და მისი მიმდევრების პოზიცია.
ბიოდინამიკის გამოყენებაზე მეღვინეობაში სერიოზულად 1980-1990-იან წლებში ალაპარაკდნენ, მას შემდეგ, რაც არაერთ მეურნეობას სერიოზულად დაუდგა ნიადაგისა და ვაზის ჯანმრთელობის საკითხი. საქმე ეხებოდა  მევენახეობის გადარჩენას, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სასუქების გამოყენებამ ვაზს სასიცოცხლო ენერგია გამოაცალა, ღვინის ხარისხი კი სერიოზულად დააზარალა. დიდ ქარხნებსა და მეურნეობებში მსგავსი ცდები წარმოუდგენელი იყო, პატარ-პატარა შატოების მფლობელები და პროგრესულად მოაზროვნე მეღვინეები კი სულ უფრო მეტად ატარებდნენ პრაქტიკაში შტაინერის პოსტულატებს. ნიკოლა ჟოლი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, რომელმაც ამ მიმართულებით სერიოზული ექსპერიმენტები განახორციელა და მალე ბიოდინამიკურ მოძრაობასაც ჩაუდგა სათავეში.
ბერძნულად bios  - "სიცოცხლეს" ნიშნავს, dynamis - "მოძრაობას, ძალას," ანუ, ბიოდინამიკა არის ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიების ამოძრავება. ბიოდინამისტები ამ ეფეტს სხვადასხვა გზით აღწევენ, რაზეც უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგითხრობთ, ახლა კი ისევ მაესტრო ჟოლის მივუბრუნდეთ.
1976 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლა ჟოლი იძულებული გახდა ამერიკიდან, სადაც ბანკირის წარმატებული კარიერა ჰქონდა, საფრანგეთში დაბრუნებულიყო და საოჯახო მამულისთვის მიეხედა. მის წინაპრებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ ვენახები ლუარის მხარეში, რომელიც ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში იყო განთქმული შესანიშნავი ღვინოებით. ჟოლი ხელახლა შეუდგა სწავლა-განათლებას, თუმცა ამჯერად პროფილი შეიცვალა და ბორდოში ენოლოგის დიპლომი აიღო. თავდაპირველად ვენახის მოვლას ტრადიციული, ქიმიური მეთოდებით შეუდგა. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ახალბედა მეღვინე რუდოლფ შტაინერის ნაშრომს გაეცნო, სადაც ავტორი ბიოდინამიკაზე საუბრობდა. მას შემდეგ ჟოლი ამ თეორიის ერთგული მიმდევარი გახდა და სხვებსაც იგივეს ურჩევდა. 20 წელიწადზე მეტია საკუთარ ვენახს ბიოდინამიკური მეთოდებით უვლის და შედეგიც სახეზეა - არაჩვეულებრივი თეთრი ღვინოები, რომლებიც თავის თვისებებს დიდხანს ინარჩუნებენ.
2000 წელს ნიკოლა ჟოლიმ დაარსა მოძრაობა "აპელასიონების აღორძინება" (La Renaissance des Appellations) და უკვე 10 წელია მისი უცვლელი ლიდერია. გამუდმებით მოგზაურობს მსოფლიოში და ბიოდინამიკის იდეების პროპაგანდას ეწევა. პლანეტის მთავარი ბიოდინამისტი მხურვალედ იცავს თავის შეხედულებებს. კონკრეტულად, რის აღორძინებას აპირებს იგი?
ნიკოლა ჟოლი: "თავდაპირველად "აპელასიონების აღორძინება" მცირე მეწარმეთა დასახმარებლად შეიქმნა, უბრალო გლეხების, რომელთაც ღვინის დამზადებას და გაყიდვას ვუადვილებდით. 20 წლის წინათ, როდესაც ასპარეზზე გამოვჩნდით, საკმაოდ მძაფრი იყო წინააღმდეგობა "ტრადიციულ" მეღვინეთა მხრიდან. სექტადაც კი მოგვნათლეს. მოგვიანებით ამბობდნენ, რომ "ბიოდინამიკა არის სოფლის მეურნეობა მდიდრებისთვის." სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია:  ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ბუნებას და სწორად გამოვიყენოთ მისი ენერგია. ისინი, ვინც ადრე დამცინოდა, დღეს სტრატეგიას მიწონებენ, თუმცა ბიოდინამიკის ფილოსოფიაში მაინც არაფერი ესმით".
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მეურნეობა, რომელიც ჟოლის მიერ დაარსებულ მოძრაობაში შევა? მოთხოვნები ასეთია: ორგანული მევენახეობის მეთოდებით მუშაობა მინიმუმ სამი წლის განმავლობაში; არავითარი საფუარი და ხელოვნური კონცენტრატები, ასევე, ტექნოლოგიები, რომლებიც სასმელს გემოს უცვლის. და კიდევ, ბიოდინამისტები ღვინოში ნამდვილ გემოს ეძებენ, თუ გნებავთ, ჭეშმარიტებას.
"კარგი ღვინო პირველ რიგში, ნამდვილი უნდა იყოს" - ასეთია ჟოლის პოზიცია, რომელიც ზოგადად ბიოდინამიკის არსადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რას ნიშნავს ნამდვილი ღვინო?
XX საუკუნის 30-იან წლებში ტერმინი appellation controlee ტერუარის გემოს აღნიშნავდა. 50-იან წლებში სოფლის მეურნეობამ დაკარგა გემოს მიღების საიდუმლო. დღეს ღვინის გურმანები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ჟოლოს ან იის არომატი, რომელიც სასმელში ძალიან მოსწონთ, ამათუიმ აპელასიონით კი არ არის განპირობებული, არამედ კონკრეტული ტექნოლოგიებით. "მოაშორეთ ღვინოს ტექნოლოგია და მისი უმეტესობა არ გაიყიდება" - ამბობს ჟოლი.
ბიოდინამიკაში მომუშავე ადამიანები ცდილობენ სასმელს ნატურალური გემო დაუბრუნონ. პირველ რიგში, ისინი უარს ამბობენ ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე, რომელიც წამლავს ორგანიზმს. ნიკოლა ჟოლი: "არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ევროპაში ღვინის წარმოებას მთლიანად ქიმიური მრეწველობა აკონტროლებს. კონცეფციაც კი არსებობს, რომელ დაავადებას რა ქიმიკატი შველის. სინამდვილეში აუცილებელია ადამიანი გათავისუფლდეს ქიმიისგან".
ეს არ ნიშნავს, რომ ბიოდინამიკოსები ზოგადად პროგრესს უარყოფენ. მათ აქვთ ტრაქტორები, მანქანები და მობილური ტელეფონები. "უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა იმის გამოყენება, რაც სიცოცხლეს ანადგურებს. მაგალითად, ჰერბიციდების. როდესაც ჰერბიციდით ნიადაგში არსებულ მიკროორგანიზმებს ებრძვით, ფესვი შიმშილობს, ზედაპირზე ამოდის და ქიმიური სასუქით იკვებება. როგორ ფიქრობთ, ეს პროგრესია? საფრანგეთში ამჟამად მიმართავენ ე.წ. სისტემურ დამუშავებას, რომლის დროსაც ქიმიური ნივთიერება უშუალოდ ყურძნის წვენში ხვდება, მერე კი ადამიანები მიირთმევენ. ყურძენი შეგიძლიათ საერთოდ არ გარეცხოთ, რადგან ყველაფერი მავნე მის შიგნითაა. ის, რასაც ადამიანები პროგრესს უწოდებენ, კლავს მათ. ჯანმრთელობა ღვთით ბოძებული საჩუქარია. ბიოდინამიკა ცდილობს გააძლიეროს მისი ეფექტი" - ამბობს ბატონი ჟოლი.
ეფექტის გაძლიერება სხვადასხვა გზით ხდება, უპირველესად კი თავად ვაზის ჯანმრთელობაზე ზრუნვით. ბიოდინამიკოსები ავადმყოფობას ტრაგედიად არ მიიჩნევენ. მათთვის ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც გარკვეულწილად მცენარის გაძლიერებასაც ეხმარება. დაავადებულ ვენახს ჰომეოპათიით მკურნალობენ. ეს არის გასაღები კოსმიური ძალებისკენ, რომლის გამოყენებაც ორგანიზმს შეუძლია. განსაკუთრებით დიდია მცენარეთა შესაძლებლობები. ასე მაგალითად, ჭინჭარი უნიკალური მცენარეა, რომელიც სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს. მისი არქეტიპი წყალს უკავშირდება. ჭინჭრის ნაყენის შესხურება ვაზის ლერწმებზე ცხელ ზაფხულში მცენარეს გახმობისგან იცავს. ჟოლი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისმა მეგობარმა ვენახი სწორედ ამ მეთოდით გადაარჩინა და შესანიშნავი, კონცენტრირებული ღვინო მიიღო. მომდევნო წელიწადს, რომელიც წვიმიანი გახლდათ, ჭინჭრის ნაყენმა არათუ უშველა ვაზს, გააუარესა კიდეც ღვინის ხარისხი. სასმელი წყალწყალა და ნაკლებსხეულიანი გამოვიდა.
არაჩვეულებრივი თვისებები აქვს ზღვის წყალმცენარეებს. კოლაგენის მაღალი შემცველობის გამო ისინი ახერხებენ იცოცხლონ ისეთ დამღუპველ გარემოში, როგორიცაა ზღვის წყალი. კოლაგენი შეუცვლელი ნივთიერებაა მზის მწველი სხივებისგან დასაცავად, ამიტომ ბიოდინამიკის "მამა" მისგან დამზადებული ხსნარით წელიწადში 3-4-ჯერ ვაზის დამუშავებას გვირჩევს.
ბიოდინამისტთა მტკიცებით, ვაზზე ცხოველებიც ზემოქმედებენ. განსაკუთრებით სასიკეთოა ცხენის, ცხვრისა და ძროხის გავლენა, რომლებიც სინათლისა და სითბოს სტიქიებს მიეკუთვნება. სასარგებლოა როგორც მათი მოძრაობა ვენახში, ასევე სასუქის სახით ამ ცხოველების ნაკელის გამოყენებაც. რთველის შემდეგ ჟოლი მეურნეობაში ყოველთვის უშვებს ცხვრებს, რომლებიც დაავადებულ მცენარეს მიირთმევენ და სარეველისგანაც ათავისუფლებენ. მიწის მოხვნა ცხენში შებმული გუთნით სასიკეთოდ მიიჩნევა ვაზისთვის, ამიტომ ამ მეთოდსაც ხშირად იყენებს, ძროხის ნაკელს კი მისსავე რქაში ათავსებს და მიწაში ფლავს. ბიოდინამიკოსთა აზრით, რქას განსაკუთრებული ენერგეტიკული დატვირთვა აქვს. მასში საოცარი ძალაა კონცენტრირებული, რის შესახებაც ჯერ კიდევ უძველესმა ხალხებმა იცოდნენ. ჟოლის მაგალითად ვიკინგები მოჰყავს, რომელთა საბძოლო მუზარადებზე უზარმაზარი რქებია დამაგრებული და ქართველებს, რომლებიც ღვინოს დღემდე ყანწიდან ვსვამთ. "ენერგეტიკული სასუქი" მიწაში მთელ ზამთარს ატარებს. "გაზაფხულზე ეს რქა მიწიდან ამოგვაქვს, ვიღებთ დარჩენილ ნაკელს და ანალიზს ვუტარებთ. ირკვევა, რომ მასში მიკრობთა ქმედუნარიანობა 70-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ნაკელში" - გვიამბობს ბატონი ჟოლი.
            ნებისმიერი პრეპარატი გამოყენებამდე დინამიზაციას განიცდის. ეს პროცესი ბიოდინამიკოსთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სასუქს წყლიან სათლში ხსნიან და მონოტონურად ურევენ თითო საათის განმავლობაში ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მიმართულებით. მიიჩნევენ, რომ ამ დროს ხდება სასიცოცხლო ძალების ამოძრავება, რაც განსაკუთრებულ პირობებს ქმნის მიკრობთა ცხოვრების აქტივიზაციისთვის. ეს უკანასკნელი ვაზის ჰარმონიული განვითარებისთვისაა აუცილებელი.  
            ბოლო წლებში ბიოდინამიკოსებს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ადამიანებმა დაიწყეს ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამიტომ სულ უფრო მეტად აფასებენ ნატურალურ პროდუქტებს, მათ შორის, ღვინოსაც. ნიკოლა ჟოლის თქმით, მათი წილი ბაზარზე ჯერ მხოლოდ 2%-ია, თუმცა სამომავლოდ ამ ციფრის გაზრდას ვარაუდობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ, დანებებას არ აპირებს: "ბევრს აშმაგებს ჩვენი არსებობა. ერთ წელიწადს ბორდოში მიმდინარე "ვინექსპოდან" შემომითვალეს, რომ თუ მე და ჩემი მეგობრები იქ გამოვჩნდებოდით, ყველაფერს დაგვიმსხვრევდნენ. რასაკვირველია, არაფრად ჩავაგდე მათი მუქარა და გამოფენაზე წავედი. თუ ასეთი ადამიანების პოზიცია გაიმარჯვებს, ჩათვალეთ, რომ ღვინოს სამუდამოდ დავკარგავთ".
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 


saintereso iyo, tumca zalian bevri kitxva gamichnda... :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული