Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მხოლოდ ღვინის მყვირალა რეკლამებით ქართული მეღვინეობა ვერ განვითარდება“

ღვინის კლუბში მეღვინეობაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

ლევან სეფისკვერაძე

4 მარტს, ღვინის კლუბში, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ჩიჩუამ წაიკითხა ლექციას თემაზე, "მევენახეობა–მეღვინეობის განათლების პრობლემები საქართველოში". ლექციის დროს განხილული იყო მთელი რიგი მიზეზები, რაც ქართული მეღვინებობის დარგის განვითარებას უშლის ხელს. მან ასევე ისაუბრა პრობლემების მოგვარების გზებზე.

დავით ჩიჩუას შეფასებით, ქართული ვენახები ძალზე სავალალო მდგომარეობაშია. მისი აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ ცუდად მოვლილი ვენახებია, ვენახების ცუდად მოვლა კი საქართველოში იმით იწყება, როდესაც ადამიანი ვენახს აშენებს, თითქმის არასოდეს აკეთებს ნიადაგის ანალიზს. ვენახის გამშენებელთა დიდ ნაწილს არა აქვს სათანადო ცოდნა, თუ რა საფეხურები უსწრებს წინ ვენახის გაშენებას. ისინი უბრალოდ ყიდულობენ ნერგს, რგავენ, აკეთებენ პლანტაჟს და ჰგონიათ, რომ ვენახი უკვე გაშენებულია. არადა, სათანადო შესწავლისა და ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების გარეშე (ვენახის მოთხოვებთან შესაბამისობაში რომ მოვიდეს) ვენახის გაშენება უბრალოდ არასწორია. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთების შანსი მევენახეს აქვს ერთად-ერთხელ – ვენახის გაშენების წინ. წლების შემდეგ, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს პრობლემებს, ცხადია, უკვე გვიანია.

დავიჩ ჩიჩუა, მეღვინე, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორი: “ერთი ჰექტარი ვენახის გაშენება ჯდება დაახლოებით 15 ათასი ამერიკული დოლარი და როდესაც ქართველი მევენახე ამხელა ინვესტიციას დებს, აუცილებელია, რომ ყველაფერი სწორად დაგეგმოს და განახორციელოს. ვენახის გაშენების მეორე ეტაპზე არსებობს უკვე სხვა დიდი რისკი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად არაა ხოლმე გათვალისწინებული და ესეც იმის ბრალია, რომ არცთუ ბევრი კარგი და მცოდნე მევენახე გვყავს. საუბარია ვენახების გაშენებაზე საკუთარ საძირეზე. ბევრი მევენახე უბრალოდ არ ირთულებს საქმეს და ე.წ. ამერიკული საძირის ნაცვლად, ვენახს თავის ბუნებრივ საძირეზე აშენებს, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე დიდი შეცდომაა და დიდი საფრთხის შემცველიცაა (სხვათა შორის, ეს ევროპაში აკრძალულია). რა თქმა უნდა ფაქტია, რომ საკუთარ ფესვზე ვაზი თავისი ჯიშურობის გამოვლინებას 100%–ით ახდენს, რაც ძალიან კარგია, თუმცა დაავადებების მიმართ ასეთი ვაზი გამძლე საერთოდ არაა და ერთ დღეს მევენახემ ასე გაშენებული მთელი ვენახი შეიძლება უბრალოდ დაკარგოს. თავის დროზე საქართველოში არსებობდა 10–ზე მეტი ქართული საძირე ჯიში, რომლებიც შეტანილი იყო სორტიმენტში. ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე, საძირე ხშირად გადამწყვეტია ხოლმე. არასწორ საძირეზე დამყნობილი ვაზი შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს“.

დავით ჩიჩუას აზრით, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მევენახეების დიდი ნაწილი უბრალოდ ემპირიული ცოდნით საზრდოობენ და საერთოდ არ ითვალისწნებენ რამდენად რეალურია ვაზის მოყინვის საფრთხეები, ტენიანობა, ვაზის რიგების ექსპოზიცია (რომელ მხარეს უნდა იყოს ვაზი მიმართული მაგალითად: სამხრეთისაკენ თუ აღმოსავლეთისაკენ) და სხვა... როგორც წესი, ამ ყველაფრის ანალიზიც არ კეთდება.

დავით ჩიჩუა: “მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორი ვარ და სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ცოდნით შეიძლება მეც ვერ გავაშენო ვენახი. თუმცა ასევე სამწუხაროდ, იმ ადამიანებსაც ერთ ხელის თითზე ჩამოვთვლი, რომლებსაც საქართველოში საამისო ძირეული ცოდნა გააჩნიათ და სწორ კონსულტაციებს გაწევენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონსულტაცია არასოდეს არ ცვლის კონკრეტული მევენახის ცოდნას, რადგან ვენახის მოვლის დროს უამრავი გადაწყვეტილება ადგილზეა მისაღები და ეს გადაწყვეტლებები საერთო კონცეფციიდან უნდა გამომდინარეობდეს“.

პრობლემებია მეღვინეობის ინდუსტრიის მეორე მიმართულებაში – ღვინის წარმოებაშიც. დავით ჩიჩუას თქმით, ღვინის წარმოებაშის კუთხით საქართველოში საკმაოდ დიდი ტრადიციები არსებობდა. მეღვინეობა ისწავლებოდა რამდენიმე უმაღლეს სასწალებელში და ამან განაპირობა ის, რომ კარგი მევენახეების დეფიციტის ფონზე, დღეს საკმაოდ ბევრი კარგი მეღვინე გვყავს. თუმცა ისიც დასადგენია, ღვინის წარმოებაში რა საჭიროებები და მოვალეობები არსებობს.

“ღვინის ქარხანაში არის მექანიკოსი, ელექტრიკოსი, მუშა, მეღვინე, ლაბორანტი და სხვა... თვითოეული ამ რგოლისათვის დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ცალკეული სპეციალისტები მოვამზადოთ? ჩვენთან მეღვინეობა ხშირად ისწავლებოდა თეორიულად (როგორც მეცნიერება) და პრაქტიკა ბევრ კარგ ენოლოგსაც კი არ ჰქონია. ღვინის ქარხნების ტექნიკური პერსონალი საქართველოში ხშირ შემთხვევაში არის მოუმზადებელი და ნაკლებად პროფესიონალი. ჩვენ ამის გამო მსოფლიო სტატისტიკას ვაყენებთ თავდაყირა. მაგალითად: ტუმბოები, რომლებიც ევროპის ღვინის ქარხნებში 5–10–15 წელი მუშაობენ (დატვირთვის მიხედვით) საქართველოში ფუჭდება ექსპლუატაციაში შესვლიდან 2–3 თვეში. ასევე უნდა ითქვას წნეხებზე, კლერტგამცლელებზე და სხვა... რომ დააკვირდეთ, ნახავთ რამდენი თვითნაკეთი დანადგარია ქართულ ღვინის საწარმოებში. ეს ხდება იმიტომ, რომ ეს ტექნიკა პირვანდელი სახით ვერ მოყავთ სამუშაო მდგომარეობაში, “ზედმეტი“ ნაწილები ამოაცალეს და ამუშავებენ ასე, ყოვლად უცნაური ფორმით. ეს ყოველთვის ასე მოხდება, როდესაც 200 ლარიანი ხელფასის მქონე მუშას 20 ათას ევროს ღირებულების ტექნიკას ჩააბარებ“ – ამბობს დავით ჩიჩუა.

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორის აზრით, პრობლემების თავი და თავი ისაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ დაინერგა მევენახე–მეღვინის სახელობო განათლება. ამ მიმართულებით დიდი ხანია მუდმივად მსჯელობენ. ერთი შეხედვით შეიცვალა მიდგომებიც, მაგრამ სახელობო განათლების მოდელზეც კი ვერ შეჯერდნენ. ამ 6–7 წლის წინ საქართველოში მეღვინეობის გერმანული მოდელის დანერგვა დაიწყო, თუმცა სამი წლის წინ გადაწყდა, რომ ზოგადად ქართული განათლების სისტემისათვის გერმანული მოდელი შეუფერებელია (რადგან მთელი ღვინის განათლების სისტემა მხოლოდ მევენახე–მეღვინის ინტერესებზე იყო მორგებული) და ქვეყანა გადავიდა შოტლანდიურ სისტემაზე, სადაც მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით და მევენახე–მეღვინე საერთოდ მეორე ხარსხოვანი გახდა.

ახლა სრულიად ახალ სისტემაზე მიდის მუშაობა და დარგის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. თუმცა სანამ საქართველოში სასწავლო პროგრამას დავნერგავთ და კურსდამთავრებულები არსებულ მძიმე მდგომარეობას ცოტათი მაინც გამოასწორებენ, მანამდე ქარხნებში ყოველდღიურად ფუჭდება ძვირადღირებული ტექნიკა და უამრავი ინვესტიცია იფლანგება მავანთა არაპროფსიონალიზმისა და უცოდინრობის გამო.

დავით ჩიჩუა: “ერთხელ მასტერკლასს დავესწარი, რომელიც ერთმა კარგმა გერმანელმა სპეციალისტმა ჩაატარა. მან დაგვირიგა 2 ჭიქით ღვინო და  გვითხრა, რომ გაგვესინჯა ეს ღვინო და გამოგვეთქვა შეფასებები. ჩვენც გავსინჯეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ღვინო იყო ძალიან არომატული, სუფთა, ხილის ტონების მქონე, ხალასი მჟავიანობის, ჰარმონიული და ხანგრძლივი დაბლოების მქონე ძალიან ტიპიური გერმანული რისლინგი. მეორე ჭიქაში ესხა გამოფიტული, უშინაარსო, აბსოლუტურად ცარიელი არომატის მქონე, დუნე, დაბალმშავიანი, არატიპიური სიძველის ტონების მქონე, შედარებით დაუბალანსებელი თეთრი ღვინო. ანუ ერთი შეხედვით სათქმელი ბევრი არც არაფერი იყო – პირველი ღვინო თითქოს ბევრად სჯობდა მეორეს და ეს ცხადზე–ცხადი გვეჩვენა.

თუმცა ბოლოს, როგორც მასტერკლასის წამყვანმა გვითხრა, პირველი ნიმუში იყო სუპარმარკეტიდან აღებული 3 ევროიანი ორდინალური რისლინგი, რომელიც ბევრს არაფერს წარმოადგენდა და მისი “მყვირალა“ არომატი არავის უკვირდა. მეორე ნიმუში კი აღმოჩნდა სადღაც ეგეოსის ზღვაში მდებარე რომელიღაც კუნძულზე დაკრეფილი უცნაური და ავტოხთონური ჯიშიდან დაწურული ძვირადღირებული ღვინო. ეს ვენახები თურმე გაშენებულია ცხელ კლდოვან დამრეც ფერდობზე, და ა.შ... შემდეგ, როდესაც ორივე ღვინო თავიდან გავსინჯეთ, ჩვენც დავინახეთ მეორე ღვინის რეალური უპირატესობა და არც მისი განსაკუთრებულობა გამოგვპარვია. აქედან ჩანს ის, რომ თუკი ადამიანი ღვინოს განსაკუთრებული სახით წარმოადგენს, იგი ყველას დაარწმუნებს ამ ღვინის გამორჩეულობაში და დღეს სწორედ ასეთი ღვინის განსაკუთრებულად წარმდგენები სჭირდება ქართულ მეღვინეობას, რისი პრობლემაც სამწუხაროდ ძალიან აქტუალურია ჩვენთან“.

როდესაც მეღვინე ყიდულობს ე.წ. დამხმარე მასალებს, მას ასევე ხშირად არ აქვს ცოდნა ამ მასალების კონკრეტული საჭიროებების შესახებ და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ხშირად ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება. დავით ჩიჩუას აზრით, საქართველოში ღვინოსთან და მეღვინეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობას ისიც განაპირობებს, რომ ძალიან იშვიათად იმართება კონკრეტული ღვინის, საღვინე დანადგარების, ხელოვნური საფუარის თუ სხვა მნიშვნელოვანი მეღვინეობასთან დაკავშირებული ატრიბუტების პრეზენტაცია–წარდგენა. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში მეღვინეობაში მცირე სიახლეზეც კი პრეზენტაციები და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იმართება. ასევე პრობლემატურია მეღვინეობისათვის საჭირო დანადგარების შეკეთება–რემონტიც. როგორც დავით ჩიჩუა ამბობს, როცა საქართველოში ღვინის დიდ ქარხნებში რაიმე დანადგარი ფუჭდება, მისი შეკეთების მცოდნე ადამიანებს ვერ პოულობენ და იძულებული ხდებიან სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაფუჭებულის მაგივრად ახალი დანადგარი იყიდონ. ამის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ღვინის კომპანიის მფლობელები ერთბაშად რამდენიმე ერთნაირ დანადგარს ყიდულობენ, რათა გაფუჭებულის ჩანაცვლება ადვილად და სწრაფად მოახდინონ. ეს ზრდის საწარმოს ხარჯებს, რაც რა თქმა უნდა უკვე დიდი პრობლემაა.

დავით ჩიჩუა: “ქართულ მეღვინეობაში არსებული პრობლემები ცხადია ერთ დღეში და ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება. მთავარია ნება არსებობდეს, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ნებისმიერი მთავრობა მეღვინეობაში არსებული პრობლემების მოგვარებას უყურებს როგორც 15–20 წლიანი მუშაობის პროცესს (ეს ასეცაა), ამიტომ ხშირად ხელისუფლებები ასეთ გრძელვადიან პროექტებზე უარს ამბობენ. ეს სიტუაცია შეკრულ წრეს ჰგავს. თუკი მთელი რესურსები არ წარიმართება ღვინის განათლებისაკენ, მხოლოდ ღვინის მყვირალა რეკლამებით ქართული მეღვინეობა ვერ განვითარდება“.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული