Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მასობრივი უმუშევრობის ფონზე მევენახეები დამხმარე მუშახელის სიმცირეს უჩივიან

ლევან სეფისკვერაძე

უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და ეს განსაკუთრებით სოფლად იგრძნობა. საჯარო თუ კერძო საუბრებში სოფლად მცხოვრები ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ ისინი ხელისუფლებისა თუ ბიზნესისგან დასაქმების ხელშეწყობას ითხოვენ და მათი აზრით ,თუ იქნება დასაქმება, სოფლიდან ქალაქებისკენ ადამიანების მასობრივი მიგრაციაც შეჩერდება. ამის ფონზე კი უცნაურია, რომ როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მევენახეები ბოლო წლებში მუშახელის ნაკლებობას უჩივიან. არსებული პრობლემა განსაკუთრებით  მოზრდილი ვენახების მქონე მევენახე-მეღვინეებს აწუხებთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკუთარი და მათი ოჯახების შრომითი შესაძლებლობებით ფიზიკურად ვერ ახერხებენ ვაზის მოვლას და დახმარებას ბუნებრივად საჭიროებენ როგორც .. მწვანე ოპერაციებში, ასევე სხვლაში, რთველში თუ ღვინის დამზადებაში.

ქართველი მევენახეები ხშირად ამბობენ, რომ სამწუხაროდ საქართველოში კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც გაჭირვების მიუხედავად 20-25-30 ლარზე უარს ამბობენ მუშაობაზე, ეს ყველაფერი კი მათი აზრით, საბჭოთა წყობილების პერიოდში გარკვეულწილად ჩვენში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებიდანაც მოდის, რომ ყველა ადამიანი იღებდა იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნოდა და თუ შეიძლებოდა საქმის გულგრილად გაკეთება, ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდა და ანაზღაურებას მაინც იღებდა, შესაბამისად ეს ადამიანები დღესაც იგივე პრინციპით აგრძელებენ მუშაობას და ცხოვრებას, ხოლო გაწეული მომსახურების ხარისხი და მიღებული ანაზღაურების შესაბამისობა დღეის მდგომარეობით საკმაოდ რთულად მისაღწევია.

ამას გარდა, მევენახე-მეღვინეები ასევე მიუთითებენ იმაზეც, რომ სოფლად არის სხვა კატეგორიის ადამიანებიც, რომლებიც დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებაზე და ურჩევნიათ ეს დახმარება მიიღონ, ვიდრე დამატებით შეასრულონ სხვადასვა სამუშაოები და იყვნენ მუდმივად დასაქმებულები.

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე გიორგი ლაცაბიძე, რომელმაც ქართლში (გორის მუნიციპალიტეტი), ოკუპირებული სამაჩაბლოს მოსაზღვრედ სოფელ ხვითში უკვე ოთხ წელზე მეტია რაც ვენახი გააშენა, წლების მანძილზე უჩივის დამხმარე მუშახელის ნაკლებობას და მისი აზრით, მუშახელის კვალიფიკაციის დაბალი დონეც უმთავრესი პრობლემაა.

გიორგი ლაცაბიძე, ქართლელი მევენახე-მეღვინე: “კვალიფიციური მუშახელის შემცირება სოფლის მეურნებაში პირველ რიგში დამოკიდებულია შესაბამის განათლებაზე, რომელიც დღეისათვის ფაქტობრივად მოშლილია და ძირითადად ადამიანებს მხოლოდ გლეხური მეურნეობიდან აქვთ შესაბამისი ცოდნა მიღებული, რომელიც ახალ თანამედროვე ფერმერულ მეურნეობებში და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების მოყვანისათვის არ არის საკმარისი. სოფლის თემებში თითქმის აღარ არსებობს კვალიფიციური ვეტერინარი და აგრონომი რომლებიც ადგილზე გაგიწევს კონსულტაციას და მოგცემს რეალურ რჩევას, ეს ყველააფერი გამოწვეულია განათლების სისტემის გაუმართაობით, ახალგაზრდების სასწავლებლად გადინება სოფლებიდან ხდება ძირითადად მსხვილ ქალაქებში და არა პროფსასწავლებლებში, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციური მუშახელის და სპეციალისტების გამოშვებას ბაზარზე.

- თქვენი აზრით არის თუ არა გამოსავალი დამხმარე მუშახელისთვის ანაზღაურების გაზრდა?

- დამხმარე მუშახელისთვის ანაზღაურების გაზრდამ შესაძლოა გარკვეულწილად გამოიწვიოს მათი მოტივაციის ამაღლება, თუმცა თუ არ მოხდა მათი გადამზადება და შესაბამის დარგობრივ სპეციალისტებად ჩამოყალიბება, ფერმერისთვის, რომელიც ისედაც ძალიან მცირე მოგებაზე მუშაობს სოფლის მეურნეობაში, კიდევ უფრო გაუძვირდება პროდუქცია და შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს საქმიანობა.

აღნიშნულის გადასაწყვეტად აუცილებელია მოხდეს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ამ სფეროში დასაქმებული მუშახელის გადამზადება, რათა საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ როგორც ფასით, ასევე ხარისხით რეალური კონკურენცია გაუწიოს იპორტირებულ პროდუქტს, რომლითაც დღეისათვის თითქმის მთლიანად გაჯერებულია ბაზარი“.

როგორც უკვე ვთქვით, არავისთვისაა უცხო, რომ საქართველოში სამწუხაროდ სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არასასურვლია და მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკვე ათწლეულებია უმუშევრობას ასახელებენ. მაშ რატომ უჭირთ ქართველ მევენახეებს კარგი დამხმარე ხალხის მოძებნა? ამ პრობლემას ერთობ უცნაურად განმარტავს ფრონეს ხეობელი გლეხი, 34 წლის ხვიჩა კავთელაძე. იგი ამბობს, რომ ვენახებში შრომა დიდ ფიზიკურ ჯაფასთანაა დაავშირებული და ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ არ ღირს დღეში 25 და 30 ლარად ვინმეს ვენახში ჭაპანწყვეტა.

“ქალაქში მცხოვრები კაცისთვის სათქმელად ადვილია ვენახში მუშაობა. ხშირად საკუთარი ვენახებსაც კი ვერ ვუვლით ისე, როგორც გვინდა და 25 ლარად სხვის ვენახში რომ ჩაკვდე - ნამდვილად არაა კარგი პერსპექტივა. გარდა იმისა, რომ ანაზღაურება მცირეა, ასევე ბევრს უბრალოდ დრო არ გვაქვს, რომ სხვებს მივეხმაროთ. თბილისიდან ჩასულ ხალხს ვენახი და კარგი ღვინის ქონა უნდათ, მაგრამ როდესაც შრომაზეა საქმე მიმდგარი, სხვამ უნდა გაუკეთოს“ - გვეუბნება ხვიჩა კავთელაზე, რომელიც არ განმარტავს იმას, თუ რატომ არის არასწორი გარკვეული თანხის საფასურად დამხმარე მუშახელის დაქირავება.   

ქართველი მევენახეების აზრით, ამ პრობლემურ საკითხს ორი მთავარი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა ეპოქის შემდეგ გლეხების დიდ ნაწილს უბრალოდ დაავიწყდა (ანდა არც არასოდეს უსწავლიათ) ვაზის სწორად მოვლა, ანუ ვენახის მოვლა ისე, როგორც ამას მათი წინაპარი აკეთებდნენ. ვენახის სწორად მოვლის გარეშე კი ხარისხიანი ღვინის მიღება წარმოუდგენელია. ვენახის მფლობელები უბრალოდ არ და ვერ ანდობენ ამ საქმის არმცოდნე ხალხს მათ ვენახებს და ეს ბუნებრივია.

დავით ლომთაძე, რაჭველი მევენახე-მეღვინე: "მევენახეობა საკმაოდ რთული და შრომატევადი დარგია, რაც თავისთავად მოითხოვს კვალიფიციურ მუშახელს. თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოს ყველა რეგიონში არსებული სიტუაცია ამ კუთხით იდენტურია. ძირითადად დარგის ყველა სპეციალისტი ცდილობს თავის ცოდნა და შესაძლებლობა მეტად განვითარებულ რეგიონში გამოიყენოს და დასაქმდეს მაგალითად დიდ კომპანიებში, რომლებიც ძირითადად კახეთში საქმიანობენ. შესაბამისად, კვალიფიციური სპეციალისტები და მუშახელიც საკმაოდ რთულად მოსაძიებელია. აღნიშნული პრობლემა კი უფრო მეტად მცირე მიკროზონებში არის თავმოყრილი. მაგალითისთვის ასეთია რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონა, სადაც ფაქტობრივად მუშახელის მოძიება დიდი თავისტკივილია და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვცდილობთ იმერეთს ვუხმოთ დასახმარებლად.

- ბევრი ამბობს, რომ საქმე გვაქვს ელემენტარულ სიზარმაცესთან...

- რა თქმა უნდა, სიზარმაცესთან გვაქვს საქმე. წარმოუდგენელია ადამიანს არ შეეძლოს ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, შენ როგორც დამსაქმებელი სთავაზობდე სამუშაოს შესაბამისი გასამრჯელოს სანაცვლოდ (რაჭა-ლეჩხუმში გაცილებით ძვირია მუშახელი რომელიც შეადგენს მინიმუმ 30 ლარს ყველა სამუშაოზე) და პასუხს იღებდე, რომ მას არ სცალია. სამწუხაროდ ეს პრობლემა მასიურ ხასიათს ატარებს და არის კიდევ მეორე პრობლემა, რომელიც უხარისხოდ და უგულოდ გაკეთებულ საქმეს ეხება, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნული უფრო გულდასაწყვეტია კიდევ უფრო იმიტომ, რომ ეს უპასუხისმგებლობა უკვე ერთგვარ ხასიათად ჩამოყალიბდა.

ანაზღაურების გაზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს. გაზრდილი ანაზღაურების მოთხოვნა, დასაქმებულის მხრიდან  ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მას ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილება, აღებული საქმის ხარისხიანად და პასუხისმგებლობით შესრულება. მერწმუნეთ ასეთი მუშა ჯგუფი რომ არსებობდეს რაჭა-ლეჩხუმში, მოთხოვნაც იქნება მათზე და არც სამუშაო მოაკლდებათ".

აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სამწუხაროდ, უბრალოდ არ სურს ფიზიკური შრომა (რასაც ხვიჩა კავთელაძეც აღიარებს) და სოფლად მასობრივი უმუშევრობის მიუხედავად, მათთვის შრომის შესაბამისი ანაზღაურებაც ვერაა სათანადო მოტივაცია. ჩვენთან  საუბარში მევენახეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან - ქართლიდან, კახეთიდან, იმერეთდან თუ რაჭა-ლეჩხუმიდან სწუხან იმაზე, რომ ვენახში დასასაქმებელი მუშახელისათვის ანაზღაურება წლიდან-წლამდე იზრდება, თუმცა ამის  მიუხედავად კარგი დამხმარის მოძებნა თითქმის ყველგან ურთულესი საქმეა.

ბექა ნეშუმაშვილი, მევენახე-მეღვინე, მარანნაოტრებისწარმომადგენელი: “ჩემი აზრით არსებული მდგომარეობა განაპირობა ახალგაზრდების არასრულფასოვანმა ინტერესმა ვენახის სამუშაოებისადმი. სოფლების დაბერების პროცესმა (ვგულისხმობ ახალგაზრდა შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას სოფლებიდან თბილისში თუ  ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ) და ვენახების უსისტემოდ გაშენებამ გამოიწვევია კონკრეტული ოპერაციების შესრულებისას მუშახელის დეფიციტი და ეს რაც შემდგომში იწვევს ფასის მატებას სამუშაო ძალაზე. მოკლედ რომ ვთქვა, მოთხოვნა-მიწოდების საკითხია.

ამასთან, არ არსებობს შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტები ამპელოგრაფები, აგრონომები, ალბათ ბევრია დიპლომირებული აგრონომი, მაგრამ ვაზის სხვლის და ფორმირების რამდენი ფორმა არსებობს, ვერც კი გვეტყვის. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში რამდენ მუშაზე რამდენი კვალიფიციური აგრონომია საჭირო, ალბათ 30 -35 წელია არავის დაუანგარიშებია.

- სხვადასხვა კვლევებით საქართველოში მასობრივი უმუშევრობაა. თუმცა, ამის ფონზე, მევენახეებს მაინც ბევრი ადამიანი ეუბნება უარს მიხმარებაზე (ცხადია შესაბამის ანაზღურების პირობით). იქნებ მენტალურ პრობლემასთან გაქვს საქმე?

- ეს წმინდად მენტალური პრობლემაცაა და არ დაწყებულა გუშინ. დაიწყო ალბათ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ყველა მშობელს შვილი უნდა ჰყოლოდა დიპლომიანი და ყველას ”თეთრ” სამუშაოზე სურდა საკუთარი შვილი. ბოლოს მივიღეთ “დიპლომიანი ტაქსისტები“ და არა მევენახეები. 

რეგიონში არსებული ეს მახინჯი მენტალობა იმედია მალე შეიცვლება და ვენახში მუშაობა არ იქნება ”დაბალი სოციალური მდგომარეობის“ მაჩვენებელი. ამასთან აუცილებელია საათობრივი სამუშაოს ანაზღაურება, რადგანაც ბევრი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია სრული რვა საათი მუშაობა. თუ შემოვა საათობრივი ანაზღაურება, ეფექტიც მეტი ექნება და მოსახლეობაც უფრო ჩაერთვება. ზოგადად, ყოველგვარი ანაზღაურების ზრდა ეკონომიკური და სოციალური ანალიზის გარეშე მიუღებელია. ჩვენთან პრობლემაა მტკივნეული სიმართლის თქმა, რომ ქაოტური ქმედებები იწვევენ უკუქმედებას და რომ შემდეგ მისი შედეგები უფრო მტკივნეულია. ასე რომ, საბოლოოდ მაინც განათლებასთან მივდივართ“.

ქართველი მევენახეებთან საუბრებში გავარკვიეთ, რომ ვენახში ერთი დღე მოხმარებისათვის ადგილობრივ გლეხებს დაახლოებით ათი წლის წინ ქართლში და კახეთში 20 ლარს, იმერეთსა და გურიაში კი 15 ლარს უხდიდნენ. დღეს სიტუაცია ამ მხრივ გაუმჯობესებულია. ასე მაგალითად, გურჯაანის მიმდებარე სოფლებში, თუკი მევენახემ შეძლო და ბირჟებზე უქმად მჯდომი ახალგაზრდა ბიჭები მისახმარებლად წაიყვანა, 30-35 ლარზე ნაკლებად არავინ გაყვება, მაგრამ ესეც პრობლემაა. ხშირად რთველისათვის მომხმარე ქალების გადმოყვანა მევენახეებს კახეთში მდებარე ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებიდანაც კი უწევთ. ამ ქალებს მართალია ვაზის მოვლის ბევრი არაფერი გაეგებათ, მაგრამ ვენახების მეპატრონეები ამბობენ, რომ ბევრ მათ თანასოფლელებზე კარგი მოხმარება იციან და არც სიცხისა თუ სიცივის გამო იწუწუნებენ.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ მევენახეებს არ აწუხებთ და ზოგადად სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული მცირე მეწარმეების პრობლემაა. როგორც ირკვევა, მევენახეების მსგავს სიტუაციაში არიან გარკვეული ფართობების მქონე მეკარტოფილეები, მეხორბლეები თუ მებოსტნეები. აგრო-მეწარმეები ირწმუნებიან, რომ თუნდაც მაღალი ანაზღაურების პირობით ფიზიკური შრომა ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს აღარ სურთ. გარდა ამისა, პროფესიონალიზმის ნაკლებობაც თვალშისაცემია და ვიღებთ მეტად უცნაურ რეალობას - სოფლად ვენახში მუშაობა ბევრს არ სურს ქვეყანაში, რომლის ღვინოსადმი ინტერესი მთელს მსოფლიოში იზრდება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული