Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"იგეთ ყურძენს გამაიტანდა, თითქოს ბალღებიაო..."

[ალექსა აბრამიშვილი, 104 წ. სოფ გულგულა.]

უწინ არც წამლობა იყო, არც გოგირდი იყო, არც გაფურჩქვნა და ახვევა იყო, მაგრამ იგეთ ყურძენს გამაიტანდა, თითქოს ბალღებიაო.
თებერვლიდან დაუწყებდით ჭიგვის შადგმას - შასარვას, შავყელამდით სვით ან ლაფნით, დავბარამდით და მოგვდიოდა უკვდავი მოსავალი. ვენახი ორჯელ დაითოხნებოდა: ერთხელ ლობიოს არევაში და მეორეთ - ლობიოს გათოხნაში. ზოგი სამჯერაც გათოხნიდა. ბალახი მოდიოდა და გამოვთიბავდით ხოლმე, მოვაშორებდით და გამოსუფთავდებოდა.
მარტი როცა გავიდოდა, გავსხლავდით. შამადგომაზედაც შეიძლებოდა გასხვლა. მანამ სიცივე მაასწრობდა. ეხლა მაკრატლებია და მაშინ სავაზეებითა ვსხლამდით ხოლმე. 
ჩვენ მამა-პაპას ხერხი და სავაზე ეჭირა, სავაზით რქას აჭრიდნენ და ხერხით კიდე ბებერ ვაზს გადაჰხერხავდნენ.
ეხლა ვენახები გაქრა და ნამყენი ჩავყარეთ. წინდაწინ ნამყენის ჩაყრა არ იყო, არცა გვჭირდებოდა ნამყენის ჩაყრა, თუ ვაზი ამოხმებოდა. სხვა ვაზს გადავაწვენდით და შავავსებდით. რომელი ვაზიც თამამი იყო და გადასაწვენათ გვინდოდა, იმას რქას არ გავაცლიდით. ვაზის ძირიდან გავჭრიდით ორ ბარის პირზე და გადავაწვენდით. იმ სიგძეთ გადავაწვენდით, რო ერთ არშინზე ახლო არ დამდგარიყო. გადაწვენილ ვაზს წვერებს მაღლა ამოუშვერდით და ორ კვირტზე გაუშვებდით. მარტო ორი კვირტი უნდა შეგვერჩინა. თებერვლიდან დაწყობილი აპრილის ნახევრამდინ ვაზის გადაწვენის დრო იყო. აპრილის მემრე კი კვირტი სცვივა და გადაწვენა აღარ შეიძლება. თითო ვაზი თავნის გარეითათ სამ-ოთხ ვაზსა მატულობდა.
სად იყო ან ვაზის სატკივარი! ძვირათ იქნებოდა, რო ვაზს სატკივარი გასჩენოდა. ვაზს ახმობდა ყინვა, ჭირხლს რო მოჰკიდებდა თოვლი, მოწმენდილ ჰაერზე ვაზს შუაზე გაჰხეჩავდა ხოლმე. ყინვა აფუჭებდა და ხანდახან ნაცარიც უჩნდებოდა; ნაცრის გაჩენაც უსუფთაობამ იცოდა, თუ თავს მივანებებდით და არ შავსარამდით. წაქცეულ ვაზს ნაცარი ადვილათ უჩნდებოდა და ახმობდა კიდეც. თუ კარგათ მოუვლიდით, იშვიათათ გაუჩნდებოდა ნაცარი.
[გიორგი ფეიქრიშვილი, 106 წ. სოფ. რუისპირი.]
წინათ - [ამბობდა გიორგი ფეიქრიშვილი] - მარტო ნაცარი და სიცივე აფუჭებდა ვაზსა. 
თუ ვენახი შაყელილი იყო, თუ დაკავებული იყო ვაზი, სიცივე აფუჭებდა, თუ არ იყო შაყელილი, ვერაფერსაც ვერ დააკლებდა.
შაყელილ ვაზს ხელ-ფეხი აქვს შაკრული, ერთ ადგილას არის გაჩერებული და ჰყინავს, შაუყელავი ვაზი კი მიინძრევ-მაინძრევა და სიცივე ვერას უზამს.
ეხლა ძალიან დიდი მოვლა აქვს ვაზს, შასარვა და შაყელვა ეხლაც ვიცით, იანვარშიც შეიძლება შასარვა, მარტშიც, აპრილში შაიყელება,
ყლორტებს რო ამაიტანს, გაფურჩვნა უნდა, უყურძნო გემეეცლება და სამამულე და ყურძნიანი რქები დარჩება. მემრე აღარ შეიძლება გაფურჩვნა, გამაგრებული პწკალი რო მოსტეხო, რქა დაზიანდება. 
გაფურჩვნის შემდეგ ახვევა უნდა, ეს იქნება პირველი ახვევა. ყლორტი როცა დაუგძელდება, მაშინ მეორეთ უნდა ეეხვეს. მესამეთ თიბათვის პირველში ეეხვევა.
ხვევაში თან ნამკვრევებსაც ვაცლით ხოლმე, თუ კიდე ამაიტანს, კიდე გავაცლით, ნამკვრევი ვაზს აწუხებს. ნამკვრევი როცა აქვს, ვაზი კარგად ვეღარ აწუებს რქასა. დაბოლოვების დროს კენწერი უნდა გედეეჭრას, რქა რო კარგა შამოვა და ძირში რო დაწითლდება, მაშინ გედეეჭრება კენწერი.
გათოხნითაც ეხლა ხშირათ ითოხნება, სამჯერ-ოთხჯერ უნდა გაითოხნოს, მაგრამ თუ ყინვა არის, გათოხნა არ შეიძლება. სიცხეში გათოხნაც აფუჭებს, მიწა ცხელია და სწყენობს.
[ალექსი აბრამიშვილი, 104 წ. სოფ. გულგულა.]
[ალექსი აბრამიშვილის სიტყვით], ძველათ ვენახებს არც კი სთოხნიდნენ, თუ ბალახი მეერეოდა, გამოსთიბავდნენ და გაანებებდნენ თავსა. მოწამლითაც სამჯერ-ოთხჯერ იწამლება, მაგრამ დედამიწა ვეღარ იტანს და წინანდებური გამოსავალი არა აქვს. 
ვენახების მოწამლა რო დაიწყეს, ხალხი ვერა ჰსვამდა ნაწამლ ღვინოს მართალი რო ითქვას. ეხლანდელი ღვინო კაცს თუ არ აჰკუწამს, არ არგებს, წინანდელი ღვინო კი ზეთივით იყო.
ჩვენი მხრის ღვინო იყო გათქმული. ბევრნაირი ჯიშის ყურძნები გვქონდა, ღვინოს კარგადაც ვაყენებდით და სამაგალითო გამოდიოდა.
მოამბეთა გადმოცემით ყურძნის შემდეგი ჯიშები არსებულა: საფერავი, მწვანე, რქაწითელი, ბუდეშური, ჟღია, წობანური, კუმსი, შავკაპიტო, ბუა, თითა, ხარისთვალა, მცვივანი, ჯანაანურა, თავკვერი, მჭვარტლა ყურძენი, საკმლის ყურძენი.
[ჩამოთვლილ ჯიშთა ღირსების შესახებ ხსენებული მოამბენი სხვადასხვა აზრისანი არიან].
[გიგლო ბაბილაშვილი, 66 წ. სოფ. აწყური.]
ჯანაანურა ძაან ტკბილი ყურძენია, მწვანე და ჯანაანურა ყველაზე კარგ ღვინოს აყენებდა, მაგრამ ჯანაანურასთან ვერც ერთი ვერ მოვიდოდა [გიგლო ბიბილაშვილის ნაამბობიდან, გიორგი ფეიქრიშვილიც ეთანხმება].
[სვიმონ ლომიძე, 90 წ. სოფ. მარილისი (მატანი)]
ყურძენი ბევრნაირი იყო, მაგრამ ყველას მწვანე ყურძენი დეემჯობინა, ყურძნათაც და ღვინოთაც.
შავკაპიტოს ღვინოც კარგი იყო. ერთხელ ჩემგან შავკაპიტოს ღვინო წაიღეს ახმეტაში, ნელ-თბილი ნაცარში მიეშვათ და ცეცხლი ანთებულიყო [ლომიძე სვიმონას ნაამბობიდან. ლომიძე სვიმონას სიტყვით შავკაპიტო და ერთი სხვა ყურძენი (რომლის სახელი მას არ ახსოვს) საფერავი ყურძნის ჯიშებს წარმოადგენენ].
[სანდრო კირვალიძე, სოფ. ბუშეტი.]
კახეთში რაც ყურძნები გვაქვს, ყველას საფერავისა და მწვანეს ღვინო სჯობია.
საფერავი ყურძნების თავია. 
[ალექსი აბრამიშვილი, სოფ. გულგულა, 104 წლის]
რომელი ვაზი რა ყურძენია, რქით შეეტყობა და ფოთლითაც.
მწვანეს თეთრი რქა აქვს და ფოთოლიც უფრო მწვანე აქვს, ვიდრე რქაწითელს.
რქაწითელის რქა მოწითალოა და ფოთოლიც მოწაბლო აქვს.
საფერავს ფოთოლიც შავი აქვს და რქაც უფრო მუქი წითელი აქვს.
წობანური თეთრი ყურძენია და ღვინოც კარგი იცის. ფოთოლსვე შაატყობ რო წობანური ყურძენიაო, პტყელი და რგვალი ფოთოლი აქვს. წობანური მწვანის მაგვარი ყურძენია, მაგრამ ფერით გაირჩევა, თეთრი ყურძენია,
ჯანაანურას რქაცა და ფოთოლიც მონაცრისფეროა, დაკუწული ფოთოლი აქვს კუთხიანივით. ჯანაანურამ გძელი რქის გატანა იცის. აქ რო ჯანაანურა ვაზი დეგვეტოკებინა, იქით ღობეში სხვა ვაზი შაინძრეოდა. 
ნაცარიც ყველაზე წინ ჯანაანურას ააჩნდებოდა ხოლმე. ამისათვინ გავკაფავდით ხოლმე და იმის მაგივრათ რქაწითელსა, საფერავსა და სხვა ყურძნებს ვაწვენდით. 
შაბიამანი ძალიან მოუხდა ჯანაანურსა და მწვანეს.
[ბაბილაშვილი გიგლოს გადმოცემით, აწყურის ბოლოში არსებულა სოფ. ჯანაანი, სადაც შესანიშნავი ვენახები ჰქონიათ და ყურძნის ეს ჯიშიც - ჯაანაანური -იქიდან გავრცელებულა].
საკმლის ყურძენს მარცვალი რგვალი აქ და საკმლის სუნი ასდის. ადრეულა ყურძენია, ღვთისმშობლობას აქეთ უნდა დაიკრიფოს, თუ არადა დალპება.
[გიორგი ფეიქრიშვილი, 106 წ. სოფ. რუისპირი.]
ხარისთვალას საჭმელ ყურძნათა ხმარობენ, - [ამბობს ფეიქრიშვილი გიორგი] - ის არცკი გეერევა დასაწურ ყურძენში, იმისი ჭაჭა არ ვარგა. საფერავში რო მოჰყვეს, არა უშავს რა, მაგრამ თეთრში ერთი ფერფლიც რო მოჰყვეს, ფერს შაუცვლის და აამღვრევს.
არც ჟღიის ჭაჭა ჩაიყრება. ჟღიი წვენს თუ საფერავში მიუშვებ, უფრო ატკბობს, მაგრამ იმისი ჭაჭა არ ვარგა დედათ, ღვინოს ამღვრევს.
[ალექსი აბრამიშვილი, 104 წ. სოფ. გულგულა.]
მაშინ ეგეთი ადრე არ იკრიფებოდა ვენახი, როგორც ეხლა. რთველი რო მაატანდა, გავრეცხამდით ნავსა, ჩავაწყობდით გძელ ხეებს და მემრე ტუპკირებს გავალაგებდით, მოვჩადამდით ჩადუნით და ყურძენს ჩავყრიდით. [აბრამიშვილი ალექსა აღნიშნავს, რომ ნავში შალაფას უშლიდნენ, - ლომიძე სვიმონის სიტყვით კი ნავში გასაშლელათ უთხუარსა ხმარობდნენ].
ჩავიდოდით ქვევრებში და კრაზანითა ვრეცხამდით, პატარა ქოცოებს სარცხით ვრეცხამდით. [ლომიძე სვიმონი კრაზანას კრაზანის სახელწოდებით იხსენიებს. სარცხს კი სარცხელს უწოდებს].
დაულაგებდით გძელ ღარებს, შავდგებოდით ფეხით და ვწურამდით. გრიალი მიჰქონდა ტკბილს ქვევრში.
ჭაჭა ისევ ტკბილისთვინ უნდა დაგვეყარნა, დაიწყებდა დუღილსა და კარგა ხანი დუღილში იქნებოდა. რაწამს დედას ჩავაყრიდით, მაშინვე ჟინჟღილი უნდა დეგვეტანებინა. ჟინჟღილი თითის სიწრო წნელი იყო და სარქველის ქვეშ დავატანდით ხოლმე სულის საქცევათ. ვინც რიგიანი მოვლა არ იცოდა, ქვევრსაც გაჰხეთქამდა.
თუ გახურებული ყურძენია, ჩქარა დუღდება, რომელი ყურძენიც გრილათ დაიკრიფება, გვიან ადუღდება.
ერთ კვირაში დაიდუღებდა, მემრე დავხურამდით და იანვარში ან თებერვალში გადავიღებდით. თუ ქვევრი სავსე იყო, იანვარში გადავიღებდით, თუ ნაკლული იყო, დიდხანს არ დავარჩენდით და გიორგობისთვეში გადავიღებდით ხოლმე.
ერთ კვირამდინ მაჭარი კარგია, მემრე კი მწარდება და ღვინდება.
იმ დროს ჭაჭა არ იქაჯებოდა, ღვინო ბევრი იყო და ისევ არაყს გამოხდიდნენ ხოლმე.
ზოგი იგრე დაბერდებოდა, რო ქვევრის გარეცხვა არ იცოდა, ნავის გამართვა არ იცოდა. ამისთანა კაცი სხვას დაუძახებდა, ვინც მარნის წესები იცოდა. იმას ჩვენ მემარნეს ვეძახოდით. 

ჩაწერის ადგილი: საქართველო / კახეთი / თელავი / გულგულა
ენა / დიალექტი: ქართული / კახური / შიგნიკახური
ტექსტის ტიპი: თხრობა
ტექსტის სახე:
ხელნაწერი ტექსტი               

თემატური და ქრონოლოგიური მახასიათებლები:
მე-20 საუკუნე, 30-იანი წლები, შინამრეწველობა
მთქმელები:
გიორგი ფეიქრიშვილი
სვიმონ ლომიძე
გიგლო ბაბილაშვილი
სანდრო კირვალიძე
ალექსი აბრამიშვილი           

გამოცემა: შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) (შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)
ჩაწერის წელი: 1936
ტექსტის ჩამწერი:
ლუბა ბოჭორიშვილი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული