Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

განვლილი 2014 წელი ქართულ მეღვინეობაში

გიორგი ბარისაშვილი

უკვე ტრადიციულად გთვაზობთ განვლილ წელს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მომხდარი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვას.

თავდაპირველად შევეხოთ მოსავლის წელს. 2014 წელს ვაზის კვირტმა უჩვეულოდ ადრე გაიღვიძა, რასაც ნაადრევი ყვავილობა მოჰყვა. ეს მოვლენები ასევე ნაადრევი რთველით დასრულდა, თუმცა კვირტობიდან რთვლამდე ქართული მევენახეობის სფერო ძირითად პრობლემას – მავნებელ-დაავადებების მოძალებას შეხვდა, რასაც გაზაფხულის სიცივეები, ზოგან კი წაყინვებიც დაერთო. ამის შემდეგ კი დაიწყო ძლიერი გვალვები, რამაც, მაგალითად ქიზიყის ზოგიერთ ადგილას ვენახები ძირიანად გაახმო. გვალვებისა, თუ მავნებელ-დაავადებების მოძალების გამო, განსაკუთრებით დასავლეთის რეგიონებში ყურძნის მოსავალი ჩვეულებრივზე გაცილებით მცირე იყო, რაც უპირატესად ვაზის თეთრყურძნიან ჯიშებს დაეტყო. სტიქიურ მოვლენებს წინ ვერავინ გადაეღობება, მაგრამ ზოგიერთი მოვლენის თავიდან აცილება, თუკი საქმეს ძირეული ცოდნით მივუდგებით, ნამდვილადაა შესაძლებელი. მეორე საკითხია, თუ სადაა ეს ძირეული ცოდნა? ამ მხრივ საქართველოში ნამდვილად სავალალო მდგომარეობაა და ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ გამოუცდელობასთან, რის დროსაც მევენახეს ერთმანეთში ვერ გაურჩევია ვაზის მავნებელი, თუ სოკოვანი დაავადება და სხვ. გარდა მხცოვანი, გამოცდილი მევენახეებისა, (რომლებიც საკმაოდ ცოტანი თუ არიან) მსგავსი დეტალები ძირითადი მოსახლეობისათვის, რომლებიც ასე თუ ისე უვლიან ვაზს - უცნობია. ამ მძიმე ვითარებას მევენახეობის თანამედროვე ლიტერატურის უქონლობაც ემატება...

 ვაზის ნერგის წარმოებასაც შევეხოთ ორი სიტყვით. აქაც არაერთი პრობლემაა. კერძო მენამყენეების უმეტესობას მეხსიერების კუნჭულშიღა თუ შემორჩა ის, რომ ვაზის კვირტი შესაბამის საძირეზე უნდა დაემყნოს, რის დროსაც გასათვალისწინებელია ვაზის ზრდის სიძლიერე და მისი მისადაგება საძირესთან, ადგილობრივი კლიმატი, ვაზის ჯიში, ნიადაგის ტიპი თუ სხვა. ამჟამად კი, უმეტეს შემთხვევაში კერძო მენამყენეებთან ნამყენის წარმოება არა წიგნიერად, არამედ ღობისძირებში აჭრილ მწარე ვაზზე მყნობით ხდება, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

 2014 წელი მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურის გამოცემებით წინა წელთან შედარებით გამორჩეული ნამდვილად იყო. აქედან გამომდინარე ამ წელს ხელთა გვაქვს რამდენიმე საინტერესო გამოცემა.

  • დავიწყოთ უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური გამოცემით – „ქართული ღვინის გზამკვლევი 2014“. გზამკვლევი უკვე მესამედ გამოიცა და ის დიდ სამსახურს უწევს ქართველებსა, თუ უცხოელებს, რომლებიც ინტერესდებიან ქართული ღვინითა და ასევე ღვინის ტურიზმით. ხსენებულ გზამკვლევში საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყოველი რეგიონია განხილული და აქვე თითქმის ყოველი ისეთი მარანიცაა შესული, რომლებიც ასე თუ ისე ჩართულები არიან ღვინის ტურიზმის საქმეში.
  • საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანებამ 2014 წელს ემილ პეინოს ნაშრომი ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და ამ თარგმანის საფუძველზე გამოსცა წიგნი – მეღვინეობა, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს ამ სფეროთი დაინერესებულ საზოგადოებას.
  • გასულსავე წელს შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაეყარა საინტერესო ჟურნალს –„ღვინო, როგორც კულტურა“. ამ ეტაპზე ჟურნალის მხოლოდ პირველი ნომერია გამოცემული, მაგრამ იგეგმება მისი კვარტალურად გამოცემა.
  • ღვინის მოყვარულთათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ახლახანს გამოცემული წიგნი - „ღვინის დაგემოვნება, პრაქტიკული კურსი“. ჩვენში აქამდე ამ მასშტაბის ნაშრომი არ გამოცემულა და მიუხედავად მისი სიახლისა, გამოცემა საკმაოდ პოპულარული გახდა დარგის სპეციალისტებშიც კი.
  • ვაზისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს გამოიცა ბროშურა „ქართული ღვინის კულტურა“.
  • ბ.მ.ა. „ელკანამ“ 2014 წელს გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო მეურნეთათვის -„ვაზის მწვანე ოპერაციები და მავნებელ-დაავადებები“.

რაც შეეხება ქართული ღვინის შესახებ უცხოურ გამოცემებს. გასულ - 2014 წელს ქართული მეღვინეობის სფეროს ერთბაშად ორი საინტერესო ნაშრომი შეემატა.

ელის ფეირინგის წიგნი “SKIN CONTACT”, რომელიც ქალბატონმა ელისმა შარშანწინ საქართველოში ვიზიტის დროს დაწერა. წიგნი ძირითადად ეძღვნება საქართველოში ნატურალური მეღვინეობის მიმართულებას. გარდა ამ წიგნისა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ავტორს თითქმის დასრულებული აქვს ახალი წიგნი ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ მომავალ წელს ვიხილავთ.

  • და მეორე გამოცემა, რომელიც დაწერეს საქართველოსა და ქართული ტრადიციული ღვინის მეგობრებმა – ტერი და კეიტ სალივანებმა: “Georgia, Sakartvelo: The Birthplace of Wine” (საქართველო – ღვინის სამშობლო).

რაც შეეხება საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ჩატარებულ ღონისძიებებს აქ, ალბათ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს 2014 წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარებული ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად მომავალ 2015 წელს ის ჩატარდება საფრანგეთში, შამპანის ოლქში და ა.შ. კონფერენციაში მონაწილეობა ქართული მხარისათვის მეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ წარვუდგენთ ამა თუ იმ ინფორმაციას დამსწრე საზოგადოებას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის მაშინდელი მმართველის გამოსვლას არასერიოზული ხასიათი ჰქონდა, რაც ერთხმად აღნიშნეს კონფერენციის, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა დამსწრეებმაც...

2014 წელი გამორჩეული იყო მეღვინეობის შიდა გამოფენა-დეგუსტაციებითაც.

  • ბათუმის ოჯახში დაყენებული ღვინის ფესტივალი, რომელიც უკვე მერვედ ჩატარდა.
  • საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ახალი ღვინის ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა ყოველი წლის გაზაფხულზე.
  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქართლის ღვინის ფესტივალები ამბროლაურსა და გორში, რომელიც ტარდება ქართული ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების ეგიდით.

ხოლო დედაქალაქსა, თუ სხვა ქალაქებში ჩატარებული ღვინის დეგუსტაციები იმდენჯერ ეწყობა, რომ მათი ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს...

არანაკლებ მნიშვნელოვანია უცხოეთში ჩატარებული მეღვინეობის კონფერენციები, შეხვედრები, დეგუსტაციები და სხვ. გასულ წელს ამგვარი ღონისძიებები არაერთხელ ჩატარდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ნამდვილად აღნიშვნის ღირსია გვიან შემოდგომით იაპონიასა და იტალიაში ჩატარებული ორი ფართომასშტაბიანი ღონისძიება. კონკრეტულად კი 2014 წლის ნოემბრის ბოლოს იაპონიაში ჩატარდა ნატურალური ღვინის გამოფენა, სადაც ქართველმა 8 მეწარმემ წარადგინა ქვევრში დაყენებული ბუნებრივი ღვინო. ამავე ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონფერენციაც, სადაც ქართულ მხარეს საშუალება ჰქონდა ფართო საზოგადოებისათვის მოეთხრო ქართული ნატურალური ღვინის ისტორია. ღონისძიება იგეგმება მომავალ წელსაც. და მეორე ღონისძიება, რომელიც იტალიაში, კერძოდ ტოსკანაში ჩატარდა და წარმოადგენდა თიხის ჭურჭელში დაყენებული ღვინოების კონფერენციასა და ასევე გამოფენას. ორივე ღონისძიებაში ქართული მხარის მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რასაც ნამდვილად მოჰყვა გამოხმაურებაცა და წარმატებაც. ამ მხრივ კი ჩვენი მთავარი წარმატება გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხალხს ქართულ ღვინოს მართებულად წარვუდგენთ და ამ უკანასკნელზე მათ სწორ ინფორმაციას ვაწვდით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა ესაა რეჟისორ ნანა ჯორჯაძის მიერ წამოწყებული ფილმის გადაღება ქართულ ღვინოზე. ზოგადად ქართული ღვინის შესახებ ფილმებს საქართველოს მოსახლეობა შეიძლება ითქვას, რომ მოკლებულია. სწორედ ამიტომ ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ელის ქალბატონი ნანას მიერ გადაღებულ ფილმს.

ასევე აღსანიშნავია ის წამოწყებაც, რომელიც აჭარის ტელევიზიამ 2014 წელს დაიწყო ყოველკვირეული გადაცემა „ქვევრისპირულის“ სახით. პროექტი ერთწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონების შემოვლასა და ღვინის დაყენებისა და ვაზის მოვლის ტრადიციების კინოფირზე აღბეჭდვას. 2014 წელს გადაცემა „ქვევრისპირულის“ 10-მდე სერია ეთერში უკვე გავიდა. წინ კიდევ არაერთი საინტერესო სერია გველის.

არ შეიძლება მოკლედ მაინც არ შევეხოთ საქართველოს კანონს ვაზისა და ღვინის შესახებ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კანონი გარკვეულ ცვლილებებს ნამდვილად საჭიროებს, თანაც სასწრაფოდ. სხვას რომ თავი დავანებოთ, თუშური გარმონივით გაწელილი მევენახეობის მიკროზონების საკითხი ითხოვს ყველაზე სწრაფად მიხედვასა და დარეგულირებას. იმედი ვიქონიოთ, რომ ამგვარი უხერხულობები 2015 წელს მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოგვარდება. ასევე შველას ითხოვს ჩვენი ტრადიციული და უნიკალური სასმელი – „ჭაჭაც“. ჯერ-ჯერობით მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ „ჭაჭის“ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში არ განვითარდეს. თუ ვის აძლევს ამგვარი გარემოება ხელს რთული მისახვედრი არ უნდა იყოს... გარდა ამისა დასარეგულიერებელია საკითხი, რომლის შემთხვევაშიც ქართული ღვინის ქარხნების მიერ წარმოებულ გაზავებულ ღვინის სპირტს ჩამოსხმული ბოთლის ეტიკეტზე აწერია „ჭაჭა“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „ჭაჭა“ და გაზავებული ღვინის სპირტი სხვადასხვა პროდუქტებია და ყველაფერს თვისი სახელი უნდა დაერქვას. აქვე უნდა ითქვას, რომ 2014 წელს უკვე მოეწყო ქართული „ჭაჭის“ საკითხის გარშემო პირველი შეხვედრა, დეგუსტაცია და დისკუსია ღვინის ბარ – „ღwino underground-ში“ (ტაბიძის 15).  

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრში დაყენებული ტრადიციული ღვინის ცნობადობა წინა წლებთან შედარებით გაცილებითაა გაზრდილი და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მავანის უკუღმართი მეცადინეობის მიუხედავად საერთო საქმე გაჭირვებით, მაგრამ მაინც წინ მიდის. წარმატებას ვუსურვებთ ქართულ ბუნებურ ღვინოსა და „ჭაჭას“, ასევე ამ დიდებული პროდუქტების „მეგობრებსაც“ და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი მოსავლის ღვინო წინა წლებთან შედარებით უკეთესი იქნება, რასაც ყველაზე ადრე გამოავლენს 2015 წლის „ახალი ღვინის ფესტივალი“.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული