Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაიცანით ლაშა გურული - ახალთერჯოლელი ახალგაზრდა მეღვინე „ღვინის სოფლიდან“

ლევან სეფისკვერაძე

პროექტ ღვინის სოფელშიჩართული, სოფელ ახალთერჯოლაში მდებარე ლაშა გურულის საოჯახო მარნის "ენკენის" საქმიანობა ღვინის წარმოების სფეროში 2015 წელს უკავშირდება. მეღვინეობა ამ ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა, რაც მემკვიდრეობით გრძელდება, თუმცა ღვინის წარმოებამ საწარმოო სახე 7 წელია რაც მიიღო. ვენახის მოვლა ტრადიციული მეთოდების და შესაწამლი საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს. ღვინოენკენი, როგორც წესი, ევროპული  წესით მზადდება. დაღვინება და შენახვა მინის დიდ ჭურჭელში ხდება. ამ მარნის ბოლო მოსავლის ღვინოები კი ტრადიციულ ქვევრებშია დამზადებული. საოჯახო მარნის მეურნეობას ვიტალი გურული უძღვება, რომელიც შვილებთან, ლაშა და ზაალ გურულებთან ერთად მეურნეობისა და მარნის გაზრდაზე ზრუნავს.

ლაშა გურული, მარანენკენისერთ-ერთი მფლობელი: "ბოთლში ღვინის წარმოება 2016 წელს დავიწყეთ. პირველად 2015 წლის მოსავლის ციცქა-ცოლიკოურის ღვინო ჩამოვასხით ბოთლებში, სულ 200 ბოთლი. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობა იყო, მაგრამ ღვინის ბოთლში ჩამოსხმის და ამგვარი ფორმით შენახვისა და რეალიზაციის ინსპირატორი 2016 წლის „ახალი ღვინის ფესტივალი გახდა“, როცა ჩვენი ღვინო საოჯახო მარნების ასეულში მოხვდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი მეტად დაინტერესება ამ სფეროთი, ამ სფეროში ჩართულ ადამიანებთან კონტაქტების გაბმა და საკუთარი საოჯახო მეღვინეობისთვის საწარმოო სახის მიცემა.

- რატომ ჩაერთეთ და რას მოელით პროექტღვინის სოფელი“-სგან?

- პროექტ „ღვინის სოფელში“ ჩართვისთვის მივიღე შემოთავაზება, რაზეც მაშინვე დავთანხმდი. მცირე მარნისთვის ზედმეტი არასდროს არ არის დამატებითი მოტივაცია. როცა გრძნობ, რომ საქმიანობაში უკვე მხარში გიდგას „ღვინის კლუბი“ და გიორგი ბარისაშვილი. ეს დამატებითი სტიმულია. ბევრ რამეს, რასაც მევენახეობა-მეღვინეობაში ვაკეთებდით, უკვე ამ ჯგუფთან კონსულტაციით გავაკეთებთ, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შეცდომების რისკს. ბუნებრივ მეღვინეობაში კი შეცდომა მარცხის ტოლფასია. მოკლედ რომ ვთქვათ, გვაქვს უკეთესი ღვინის და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზრდის მოლოდინი.

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. მევენახეობა და მეღვინეობა თქვენი ოჯახის ტრადიციაა?

– მევენახეობას ჩვენს ოჯახში ძირითადად მამა, ვიტალი გურული უძღვება. ასევე ჩართული ვართ როგორც მევენახეობაში, ასევე მეღვინეობაში ოჯახის სხვა წევრებიც: დედა, მე და ჩემი ძმა, რომელიც ამავდროულად მეფუტკრეობას მისდევს სოფლად. თუმცა კვლავ აღვნიშნავ, რომ დიდი წვლილი მარნის გაძღოლის საქმეში მამას მიუძღვის, რადგან მეც და ჩემი ძმაც ქუთაისში ვცხოვრობთ და პარალელურად სხვა საქმიანობითაც ვართ დაკავებული. ჩვენი შვილები ჯერ პატარები არიან და ქალაქში იზრდებიან, თუმცა აქედანვე ვცდილობთ ვაზიაროთ სოფლის სიყვარულსაც.

–  რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინოები?

– დღესდღეობთ 3 სახის ღვინოს ვაწარმოებთ, ესენია: ციცქა, ძელშავი, ციცქა-ცოლიკოური. გვაქვს საკუთარი ვენახები თერჯოლის რაიონ, სოფელ ახალთერჯოლაში, მამაპაპისეულ მამულში. 2017 წელს კიდევ ერთი სახეობის ვენახი დავამატეთ, ესაა უიშვიათესი იმერული ჯიში კაბისტონი.

თქვენი სოფელი ახალთერჯოლა, რამდენად ხელსაყრელია მევენახეობა-მეღვინეობისთვის?

–  სოფელი ახალთერჯოლა ტრადიციულად მევენახეობისთვის ხელსაყრელ ზონად იყო მიჩნეული, აქ გავრცელებული ნიადაგისა და კლიმატის თავისებურების გათვალისწინებით. ამიტომ, თითქმის ყველა ოჯახს აქვს საკუთარი ვენახი. ძირითადად გავრცელებული ჯიშებია: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, ალექსანდრეული.

როგორც მრავალი ქართველი მცირე მეღვინე თქვენც ქვევრს და ქვევრის ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას. რატომ?

– ქვევრის გამორჩეულობის მიზეზი ჩვენს წარსულში უნდა ვეძიოთ. ჩვენს ოჯახში შემორჩენილი 6 ქვევრი (1200 ლიტრიდან 60 ლიტრამდე)  დაახლოებით 200 წელს ითვლის და დღემდე საუკეთესო ღვინოები დგება მათში. ამ ჭურჭელის უნიკალური თვისებები უკვე მრავალჯერ დაამტკიცა ჩვენმა წინაპრებმა. მხოლოდ ჩვენ, გასული საუკუნის პერიოდში უსამართლოდ მივივიწყეთ და მხოლოდ ახლა ვწვდებით ქვევრის ნამდვილ მნიშვნელობას, ქვევრის ღვინის გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს. უდიდესი მოვლენაა იუნესკოს მიერ ქვევრში ღვინის დაყენების წესის მსოფლიო არამატერიალურ კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში შეტანა, რამაც ამ ჭურჭელს გზა გაუხსნა მსოფლიო მასშტაბით. უკვე მკვიდრდება ტერმინიც ქარვისფერი ღვინო, რაც ქვევრში, ჭაჭასთან ერთად დაყენებული ღვინის ფერის დასახასიათებლად გამოიყენება. ასე რომ ვფიქრობ ქვევრს დიდი მომავალი გააჩნია არა მარტო ქართული, არამედ ევროპული და მსოფლიო მეღვინეობის სფეროში.

- რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში ბოლო წლების მანძილზე?

- ბოლო წლებში ჩვეული ტემპით ვაგრძელებთ საქმიანობას. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ხდება მარნის სივრცის კეთილმოწყობა. გადაიხურა ქვევრების განლაგების ადგილი, შეიქმნა მის გვერდით სივრცე ყურძნის გადასამუშავებლად და მომავალში ღვინის სადეგუსტაციოდ. ასევე გაკეთდა ღია სივრცეც, მომავალში ტურისტებზე გათვლილი. გავაშენეთ ახალი ვენახიც, თეთრი კაპისტონი, რომლის პირველ მოსავალსაც წელს მივიღებთ. აშენდა და კეთილმოეწყო სველი წერტილებიც.

- გვითხარით სამომავლო გეგმების შესახებ...

- ჯერ-ჯერობით გაყიდვები კვლავ შიდა ბაზარზე გვაქვს. თუმცა ჩვენი მიზანი ღვინის ექსპორტზე გატანაა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკელ იმპორტიორთან, რაც ვფიქრობთ რომ წარმატებით დასრულდება. ასევე გაზაფხულიდან ვფიქრობთ უკვე მარანში ტურისტების მიღებას, და ამისათვის მარანი და შესაბამისი სივრცეები ბოლომდე უნდა მოვაწესრიგოთ. ასევე გვაქვს გარკვეული ტერიტორია თავისუფალი მიწის, სადაც მომავალ წელს ვაზს გავაშენებთ, დაახლოებით 1500 ძირს.

დაბოლოს, რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ მეღვინეებს?

– დამწყებ, ახალბედა მეღვინეებს ვურჩევ, რომ მუდმივად იყვნენ განვითარებაზე ორიენტირებულნი ამ სფეროში. დასაწყისიდანვე მხოლოდ ბიზნესის თვალით ნუ დაისახავენ მიზნებს. დამწყებ მეღვინეს ღვინის და ვენახის სიყვარული უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე კომერციაზე ფიქრი. სიყვარულით და რუდუნებით დაწურული და ბოთლში კარგად შენახული ღვინო კი უკვე თავისთავად დიდი კაპიტალია და წლების მატებასთან ერთად მისი ფასიც მატულობს. ასე რომ მეტი სიყვარული დარგისადმი და მეტი თვითგანათლება და პროგრესირება მომავალი წარმატების საწინდარია ყველა დამწყები მეღვინისთვის“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული