გამოქვეყნებულია: 3 ივლისი, 2010 - 13:38
ევროკავშირმა არ დააკმაყოფილა წინადადება ორგანული ღვინოების ახალ, ცალკე კატეგორიად გამოყოფის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი დღეს ფრიად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. საქმე ეხება ღვინოებში სულფიტების და სხვა ნებადართული დანამატების შემცირების, ასევე ღვინის წარმოების ხუთი ტექნოლოგიის აკრძალვის და ორგანული ღვინის სტატუსის მინიჭების საკითხს. მართალია, ევროკავშირმა აღნიშნულ ინიციატივას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს მომავალში კვლავ დაუბრუნდებიან. დღესდღეობით ,,ორგანული ღვინის” კატეგორიის განსაზღვრა კანონით არ რეგულირდება, მეღვინეებს მხოლოდ ეტიკეტზე შეუძლიათ მიუთითონ, რომ მათი პროდუქტი ორგანულ ვენახში მოწეული ყურძნისგანაა დამზადებული.
ორგანიზაცია Copa-Cogeca-მ, რომელიც 11 მილიონ ევროპელ ფერმერსა და 40 ათას კოოპერატივს აერთიანებს, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პეკა პესონენმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ევროკავშირის ამ ნაბიჯის გამო. მისი თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა შეიმუშავოს ერთიანი წესები და იზრუნოს ორგანული ღვინის ბაზრის განვითარებაზე, მით უმეტეს ახლა, როცა ასეთ ღვინოებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი